ქართული სუმოს ქომაგთა "ფეისბუქ-გვერდი" იტყობინება, რომ შეიძლება ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღოს.
ჰაცუ ბაშოს მძიმე ტრავმით ვხვდებით...
"2019 წლის სუმოტორთა პირველი კლასიკური სუპერტურნირი კარს მოგვადგა. კვირას, 13 იანვარს, ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ჰაცუ ბაშო აიღებს სტარტს, თუმცა მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას ტოჩინოშინი, ჯერჯერობით უცნობია.
სამწუხაროდ, ბაშოს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ვარჯიშზე ლევანს მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაუწყდა და მისი მონაწილეობა იანვრის ტურნირზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. კარგი ისაა, რომ კუნთი სრულად არ არის გაწყვეტილი და ექიმთა ვარაუდით,
მის აღდგენას დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება.
მაგრამ შესაძლოა, როგორც ხშირად სჩვევია ქართველ ფალავანს, ტრავმა არად ჩააგდოს და მისი თანხლებით გავიდეს ტურნირზე საბრძოლველად. თუმცა, ლევანი ფეხს ძალას ვერ ატანს და ასეთ დროს ბრძოლისას ძალიან დიდია კუნთის ბოლომდე გაწყვეტის რისკი.
გადაწყვეტილება ბაშოზე მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე ჩვენმა ოძეკიმ უახლოეს ორ დღეში უნდა მიიღოს.
თუკი ლევანი ვერ მოახერხებს ჰაცუ ბაშოზე გამოსვლას, ამ შემთხვევაში მას მაკე-კოში დაუფიქსირდება და მომდევნო ბაშოზე უკვე საკუთარი წოდების დაცვაზე მოუწევს ზრუნვა.
ჩვენის მხრივ გვინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ქართველ ოძეკის და ვუთხრათ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში მის გვერდით ვიდგებით ბოლომდე!
გამაგრდი გოლიათო!!!", - წერს "ფეისბუქ-გვერდი".