ტოკიოში ღონისძიება "ქართული სუფრა" გაიმართა, რომლის თამადაც მწერალი ზურაბ ქარუმიძე იყო.
ღონისძიება პროექტის - "საქართველო - ღვინის სამშობლოს" ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. საგამოფენო სივრცე Warehause Terrada-ში მოწვეულ 120 სტუმარს შორის ღვინის ექსპერტები, იაპონის მთავრობის, ადგილობრივი მედიისა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე განმარტავს, ღონისძიების მიზანი იაპონელებისთვის ქართული სუფრის ტრადიციების გაცნობა იყო, რაც ღვინის ტრადიციის განუყრელი ნაწილია. სხვადასხვა დასახელების ღვინოსთან ერთად, სტუმრებისთვის ქართული კერძები სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩასულმა მზარეულებმა მოამზადეს.
"ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია ზურა ქარუმიძის ჩართულობა. ჩვენ გვერდით იყვნენ ქართველი სპორტსმენებიც, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან და "ქართულ სუფრაზეც" სრულიად მოულოდნელად მოვიდნენ. ზოგადად, მათი სახელი და ავტორიტეტი პროექტზე მუშაობისა და დაგეგმვის დროს არაერთხელ დაგვხვდა წინ პოზიტიურ კონტექსტში და ძალიან დაგვეხმარა", - განმარტავს დავით ტყემალაძე.
ტოკიოში, საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-ში გამოფენა "საქართველო - ღვინის სამშობლო" 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. მსგავსი პროექტი პირველად 2017 წელს საფრანგეთში ჩატარდა. პროექტის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია "ქართული ღვინო" არიან.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე განმარტავს, პროექტი ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის, Sony music communication-ის და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით.
Sony music communication-მა, რომელიც უდიდესი კორპორაციაა, მოგვცა რჩევები, თუ როგორ უნდა გვემუშავა და რა გზით წავსულიყავით, რომ იაპონელების დაინტერესება მოგვეხდინა. მათი რეკომენდაციით, გამოვიყენეთ ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებიც იაპონიაში კარგად აპრობირებულია ან სრულიად ახალია.
ერთ-ერთი ასეთია WARP ტექნოლოგიით შესრულებული პატარა ფილმი, რომელიც ყველას შეეძლო ენახა და ადამიანის ჩართულობასა და ინტერაქციაზე ამახვილებდა ყურადღებას. ზოგადად კი, ძალიან ძნელია გააოცო იაპონია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ბევრი კუთხით შეძლო საქართველომ იაპონიის გაოცება, მაგრამ ღვინის კულტურა, ფესვები და 8 000-წლიანი უწყვეტი ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავით ტყემალაძემ.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ახალი ბაზრების გახსნისა და გაფართოების პარალელურად, პროექტის შედეგად საქართველოში იაპონელი ტურისტების ნაკადის ზრდასაც ელიან.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გაიმართა ღონისძიება "საქართველოში - ღვინის გზა", რომლის ფარგლებშიც საქართველოს, როგორც ტურისტული მარშრუტის, პოპულარიზაცია ღვინოსთან კავშირში მოხდა.