ახალი ბანძუკე - რა ცვლილებები განიცადეს ქართველმა სუმოისტებმა რეიტინგში

AutoSharing Option
იაპონური სუმოს ასოციაციამ ნაცუ ბაშოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

ჩვენთვის სამწუხარო არის ის, რომ ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ოფიციალურად დაქვეითდა და მაისის ბაშოზე დასავლეთის სეკივაკეს სტატუსით იასპარეზებს.

როგორც ვიცით, ლევანს 10 ბრძოლის მოგება სჭირდება ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად. აქვე, ისტორიაში მხოლოდ 5 შემთხვევა იყო, როცა ოძეკის რანგის დაკარგვის შემდეგ რიკიშიმ მომდევნო ბაშოზე 10 გამარჯვება მოიპოვა. იმედია, ლევანი მე-6 გახდება.

რაც შეეხება ჩვენს მეორე ქართველს, გაგამარუს, ანუ თეიმურაზ ჯუღელს, ის ჯიუროს (რანგით მეორე დივიზიონი) მე-7 ნომერი იქნება და წინა ბაშოსთან შედარებით 1 ადგილით
დაწინაურდება.

უმაღლესი, მაკუუჩის დივიზიონის სათავეში მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო არის, რომელმაც წინა ბაშო 15:0-ზე დაასრულა. მეორე კი ასევე იოკოძუნა კაკურიუა, რომელსაც 10:5 ჰქონდა ბალანსი.

ოძეკის რანგში კი ნაცუ ბაშოზე დებიუტი ექნება 22 წლის იაპონელ ტაკაკეიშოს, რომელმაც ფაქტობრივად, წინა ტურნირის ბოლო ტურში უშუალო დაპირისპირებაში მოპოვებული გამარჯვებით გაუცვალა ადგილი ქართველ მებრძოლს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაისეის პერიოდში ტაკაკეიშო ბოლო იქნება, ვინც ოძეკის სტატუსი მოიპოვა. აღმოსავლეთის სეკივაკედ კი წინა ტურნირის ვიცე-ჩემპიონს, მონღოლ გოლიათ იჩინოჯოს ვიხილავთ, რომელმაც ოსაკაში ბრწყინვალე სუმო აჩვენა და ერთადერთი მარცხი ჰარუ ბაშოზე მხოლოდ ტოჩინოშინთან იწვნია.

4-წლიანი პაუზის შემდეგ სანიაკუში დაბრუნდა ლევანის თანაგუნდელი, ბულგარელი გოლიათი აოიამა, რომელიც აღმოსავლეთის კომუსუბად იქნა განთესილი. ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის კომუსუბის რანგზე გადაინაცვლა ბოლო ორი წლის სანიაკუს უცვლელმა ბინადარმა, იაპონელმა მიტაკეუმიმ.

სანიაკუდან დაქვეითდნენ ვეტერანი მონღოლი ტამავაში და იაპონელი ჰოკუტოფუჯი, რომლებიც განახლებულ ბანძუკეში ჯოი-ჯინში არიან და კვლავინდებურად ყველა უძლიერეს რიკიშისთან მოუწევთ დაპირისპირება.

მაკუუჩი დივიზიონში, მაკე-კოშის მიუხედავად, ადგილი შეინარჩუნა ჰირამაკუს ფსკერზე მყოფმა რამდენიმე მებრძოლმა. კერძოდ: იშიურამ, კოტოეკომ, დაიშოჰომ და ჩიოშომამ. სამაგიეროდ, ჯურიოში დაქვეითებას ვერ გადაურჩნენ იკიოი, ჩიონოკუნი, ტოიონოშიმა და იუტაკაიამა. მათ ნაცვლად უმაღლეს დივიზიონში ვიხილავთ ზედიზედ ბოლო ორი ბაშოს ჩემპიონს ჯურიოში - შიმანოუმის, ყველაზე მსუბუქწონოსან სეკიტორის, ჰაკუჰოს თანაგუნდელ ენჰოს და ასევე ორ გამოცდილ რიკიშის - ჩიომარუსა და ტოკუშორიუს. ენჰოს და შიმანოუმის დებიუტი ექნებათ მაკუუჩიში.

ერთი დებიუტანტია ჯურიოს დივიზიონშიც - 27 წლის იაპონელი იროდორი პირველად მოირგებს ტანზე კეშო-მავაშის და პირველად გამოვა სხვებთან ერთად დოჰიო-ირის რიტუალზე.

იროდორისთან ერთად ჯურიოს უბრუნდება მისი თანაგუნდელი შიკოროიამა ბეიადან, 30 წლის მონღოლი სეირო და გაგას თანაგუნდელი კისე ბეიადან, 25 წლის იაპონელი ჩურანოუმი, რომელიც წინა ბაშოზე მაკუშიტას ჩემპიონი გახდა.

სეკიტორის სტატუსი კი დაკარგეს იაპონელებმა: ვაკამოტოჰარუმ, ტაკანოფუჯიმ და გაგას კიდევ ერთმა თანაკლუბელმა დაისეიდომ.

დღეიდან რიკიშები უკვე ტოკიოში იმყოფებიან და ოფიციალურად იწყებენ ნაცუ ბაშოსთვის მოსამზადებელ სპარინგ-ვარჯიშებს. ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს, რომ ოპტიმალურ ფორმაში შეხვედროდნენ ზაფხულის სუპერტურნირს.

ნაცუ ბაშო 12 მაისს აიღებს სტარტს და 26 მაისამდე გაგრძელდება, რომელსაც ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლე უმასპინძლებს.

altnikkansports.com: ყველა მოელის იხილოს არა "ოძეკი ტოჩინოშინი," არამედ "ზებუნებრივად ძლიერი ტოჩინოშინი"

altტოჩინოშინი და გაგამარუ იაპონიაში ქართული სუფრისა და ღვინის პოპულარიზაციისთვის მიძღვნილ საღამოს დაესწრნენ


მომზადებულია Fb.com/GeorgianSumo/-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული