ალექსეი დოვბუშის მემორიალი: ქართველი მოჭიდავეების ექვსი მედალი უკრაინიდან

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით გამოვიდა უკრაინაში, სადაც ამ დღეებში ქალაქ კოლომიეცში ჩატარებულ ალექსეი დოვბუშის 50-ე მემორიალში იჭიდავა.

ქართველმა ფალავნებმა იქ 6 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

უკრაინული ტურნირის ჩემპიონები რამაზ თურმანიძე (55), შმაგი თოდუა (66) და ნიკა კენჭაძე (84) გახდნენ. მეორეზე ალეკო გოგობერიძე (50) და ბექა ჭელიძე (96) გავიდნენ, ბრინჯაოს კი დემურ მეგენეიშვილი (84) დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვება კიდევ რამდენიმე ჩვენებურს შეეძლო: თორნიკე ქათამაძეს (60), მამუკა ჩაჩუას (66), მირიან მაისურაძეს (84) და ბექა
ნადაშვილს
(96), თუმცა მათ გადამწყვეტი შეხვედრები დათმეს და მეხუთეზე დარჩნენ.

ყველაზე დიდი წარმატებით 84 კილოგრამში იჭიდავეს, სადაც ოთხი ათლეტი გვყავდა და ოთხივე ათეულში შევიდა, ორი კვარცხლბეკზეც დადგა, ერთი კი სულაც ჩემპიონი გახდა.

ალბათ, ლოგიკურია, რომ ჩვენი კვარტეტიდან ყველაზე უკეთ ყველაზე გამოცდილი კენჭაძე გამოვიდა - ამბროლაურელი ფალავანი ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ფინალისტია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის 74-ის ფალავანია, უკრაინაში კი ახალ წონაში იჭიდავა. შეიძლება ითქვას, გამარჯვება არც გასჭირვებია, თუმცა უცნაურია, რომ ოთხი ქართველიდან ძირითად ბადეში არც ერთი არ შეხვდა ერთმანეთს. ჩვენებურები მხოლოდ დამამშვიდებლის ფინალში დაეჭიდნენ ერთმანეთს.

კენჭაძემ პირველ წრეში წმინდად, 12:2 დაამარცხა მოლდოველი ანდრეი გროსი, შემდეგ კი მასპინძლები დაამწუხრა, როცა კოლომიელი ვასილ სოვა დაამარცხა. არადა, პირველი პერიოდი მასპინძელმა 4:2 მოიგო, მაგრამ კენჭაძემ მათ გახარება არ აცალა და მეორეში 8:2 იმარჯვა. ნახევარფინალში ჩვენებურმა ბელორუსი არკადი პოღოსიანი ასევე პირველივე პერიოდში წმინდად დაჯაბნა - 10:0 და რევანში აუღო თორნიკე კვინიკაძესთან გამარჯვებისთვის. ფინალი ჩვენებურმა "მშრალად" მოიგო ლვოველ ანდრეი გიკასთან: 4:0; 7:0, აი, აქ კი უკვე ორმაგი რევანში აიღო, ვინაიდან გიკა ბადის მეორე მხარეს რისხვად მოგვევლინა: მან ჯერ მეგენეიშვილი დაგვიმარცხა - 1:0; 6:0, ნახევარფინალში კი მაისურაძესაც მოუგო: 2:4; 4:0.

მაისურაძემ ტურნირი საკმაოდ კარგად დაიწყო და ნახევარფინალში ორი წმინდა მოგებით გავიდა: ოდესელ არტურ ლუკიანჩუკსაც და ჩერნოვცელ ანდრეი ზაბურიანისაც პირველივე პერიოდში ერთნაირი ანგარიშით მოუთავა ხელი, 10:0 სძლია. ნახევარფინალის მეორე პერიოდიც ისეთივე შემართებით რომ ჩაემთავრებინა, როგორითაც პირველი ჩაატარა, კოლომიეში ამბროლაურული (მაისურაძეც იქიდანაა) ფინალი გაიმართებოდა, მაგრამ დამამშვიდებლის ფინალში მოუხდა გადართვა, სადაც მეგენეიშვილთან დამარცხდა.

სამტრედიელმა ფალავანმა ძირითად ბადეშიც (6:4 მოლდოველ გეორგი პასკალოვთან) და სანუგეშოშიც (18:7 ლვოველ ნაზარ ვასილიშინთან) თითო შეხვედრა მოიგო, მაისურაძე კი მეორე პერიოდში "გატეხა", როცა 3:0 იმარჯვა, თორემ პირველი 0:1 დათმო.

ასპარეზობა თურმანიძემაც აღმავლობით დაიწყო, დასკვნითი ეტაპი კი ივანოვოფრანკოვოელთა ძლევით ჩაატარა. მან ჩემპიონობას თავდაპირველად საფუძველი მოლდოველ იონ ბუტარუსთან დამაჯერებელი მოგებით ჩაუყარა: 10:1. ხარკოველ ემელინ ფომბეია-სანჩესსაც 10 ქულა აართვა, ოღონდ - ორ პერიოდში და თან თვითონ ერთიც არ დაუკარგავს. ნახევარფინალში ივანოვოფრანკოელ ივან გუცულიაკს წმინდად, 12:2 მოუგო, ფინალში კი მის თანაქალაქელ ვალენტინ ბლიასეცკის 6:3; 8:0 აჯობა.

66 კილოგრამში ქართული ნახევარფინალი გაიმართა: სამტრედიელმა თოდუამ თბილისელი ჩაჩუა 1:0; 2:1 დაამარცხა. ამ წაგებამ ჩაჩუა იმდენად გატეხა, ვეღარც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იმარჯვა სომეხ არმან ანდრეასიანთან (4:5), თოდუამ კი ბოლომდე აღმავლობით იჭიდავა. მანამდე მან სწორედ ანდრეასიანი დაამარცხა - 2:0; 4:0, მეოთხედფინალი მოლდოველ ვიტალი ბუჩიჩს მოუგო დაძაბული პაექრობა: 2:2; 3:2, ფინალში კი უფრო იოლად იმარჯვა მეორე სომეხთან, გეგამ გალსტიანთან: 4:2; 2:0.

50 კილოგრამში სულ ოთხი მონაწილე გამოდიოდა, გოგობერიძემ კი მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო მოლდოველ მიხაილო ლაპთან და სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი: მოლდოველი ჩემპიონი გახდა, ჩვენებურმა კი სხვებს მოუგო და ვერცხლს დასჯერდა. ჭელიძემ ფინალამდე ორი შეხვედრა მოიგო, საჩემპიონო პაექრობა კი ბელორუს ოლექსეი რუდენოკთან დათმო.

კოლომიეში ჩვენგან თეიმურაზ ვანიშვილი (60 კგ, IX ადგილი), ზურაბ ჭილაია (66, XX), გოგა მამიაური (74; IX), ირაკლი გამყრელიძე (74, XIV) და ლევან ლომთაძეც (96; VII) გამოდიოდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული