საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა სომხეთში 11 მედალი მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელიც მომავალი სეზონისთვის ემზადება, ბოლო შაბათ-კვირას წარმატებით იასპარეზა სომხეთის საერთაშორისო ტურნირში.

ამ გუნდს საკმაოდ წარმატებული წლევანდელი სეზონის შემდეგ თაობათა ცვლა დიდად არ ემუქრება - მონაწილეთა უმრავლესობა გაისადაც დარჩება, მაგრამ შემოწმება, ახალი კადრების მოძიება, სატურნირო პრაქტიკა მაინც ჰაერივით სჭირდებათ, ამ მხრივ კი, მეზობელი ქვეყნების შეჯიბრებები მისწრებაა, რადგან იქ წასვლა იაფი უჯდებათ, წლის ბოლოს კი სპორტულ ფედერაციებს ბიუჯეტი, როგორც წესი, ათვისებული აქვთ და შეჯიბრებების დაფინანსება უჭირთ.

ერევანმა ამჯერად რუდოლფ და ეგიფ კარაპეტიანების სახელობის შეჯიბრებას უმასპინძლა, რომელშიც
მასპინძელთა გაფართოებული შემადგენლობის გარდა, ჩვენი, რუსეთისა და ირანის ამავე ასაკის გუნდებიც მონაწილეობდნენ. გია კვინიკაძის შეგირდებმა ერევანში 11 მედალი დაისაკუთრეს: 4 ოქრო, ამდენივე ბრინჯაო და 3 ვერცხლი. თან, ორ წონაში ქართული ფინალი გაიმართა: 51-ში ერთმანეთს ჭაბუკებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გიორგი გეგელაშვილი და ნიკა ბერუაშვილი შეხვდნენ, გამარჯვება კი უფრო გამოცდილმა გეგელაშვილმა მოიპოვა; 80 კილოგრამის ფინალში გიორგი ჩანქსელიანი და გიორგი ნებურიშვილი გავიდნენ, ოქროს მედალი კი ჩანქსელიანმა ირგუნა.

ჩემპიონები გახდნენ აგრეთვე დავით აბდალაძე (55) და სოლომონ მანაშვილი (100). ჩვენს გუნდს მესამე ვერცხლი ლუკა მარიამიძემ (71) მოუტანა, ბრინჯაოსპრიზიორები კი ლექსო მიქელაძე (48), გიორგი გელაშვილი (63), ბაგრატ გაგნიძე (71) და ნიკოლოზ ბარაბაძე (100) გახდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული