ახალგაზრდა ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
რომში დასრულებულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც წარმატებით გამოვიდა და მათაც 4 მედალი მოიპოვეს.

მათ შორის - ერთი ოქროსი, რომელსაც მცხეთელი ზურაბ ურთაშვილი (97) დაეუფლა, 3 კი - ბრინჯაო. მესამეპრიზიორები გორელი თეიმურაზ ვანიშვილი (57), ბათუმელი რამაზ თურმანიძე (61) და სამტრედიელი დემურ მეგენეიშვილი (86) გახდნენ.

ბელდუხ გავაშელიშვილის გუნდს რომში კიდევ სამი ბრინჯაოს მოპოვება შეეძლო, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრები დათმეს ამბროლაურელმა გიორგი ელბაქიძემ (65), სამტრედიელმა ივერიკო ჯულაყიძემ (70) და გურჯაანელმა ბექა ნადაშვილმა (92). სანუგეშო წრეში დამარცხდა ქუთაისელი ალექსი ჟორჟოლიანი
(125).

შეგახსენებთ, რომ რომში ჩვენმა "ბერძენ-რომაელებმაც" 4 მედალი მოიპოვეს, მაგრამ განსხვავება ხარისხშია - მათ თითო ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო ჰქონდათ.

თაობათა ცვლის შემდეგ წლეულს ურთაშვილი ამ გუნდში გამოკვეთილი ლიდერი იყო და იტალიაში სრულად გაამართლა იმედები: ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან სამი წმინდად მოიგო, თუმცა მეოთხეშიც დიდი ანგარიშით იმარჯვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი სტატისტიკა: მეტოქეებს 42 ქულა აართვა, თვითონ კი ერთადერთი დაკარგა და ისიც სულ ბოლოს, ფინალში.

ურთაშვილმა საკვალიფიკაციო წრეში იტალიელ ლუის მაკუს "გადაურბინა" - 13:0. შემდეგ ბელორუსი იარასლაუ სლავიკოუსკიც წმინდად დაამარცხა - 10:0, ნახევარფინალში კი ასეთივე ანგარიშით მორიგი წმინდა გამარჯვება უკვე უკრაინელ ოლექსანდრ ბიკანოვთან მიითვალა.

ფინალში მისი მეტოქე თურქი ფაიზულა აკთურქი იყო, ვისაც 9:1 მოუგო და სწორედ აქ დაკარგა ის ერთადერთი ქულაც.

  • ზურაბ ურთაშვილი - ფაიზულა აკთურქი

ვნახოთ, რას იზამს ის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც გაცილებით ძლიერი კონკურენტები ეყოლება. მათ შორის - ევროპიდანაც, რადგან, სავარაუდოდ, რუსები და იქნებ სხვებიც პირველ ნომრებს მსოფლიოსთვის შემოინახავენ, თუმცა ურთაშვილი იქაც რომ ფავორიტთა შორის იქნება, ცხადია. ახლა მთავარია, მან დასვენება და ენერგიის აღდგენა მოასწროს.

  • ზურაბ ურთაშვილის დაჯილდოების ცერემონია

ვანიშვილმა რომში თავიდან ორი შეხვედრა მოიგო: შესარჩევში 5:2 დაჯაბნა ბულგარელი მეჰმედ ჰასან მეჰმედი და წმინდად მოუგო იტალიელ ვირჯილიო გუარინოს - 10:0, მაგრამ მეოთხედფინალში წააგო უკრაინელ ანდრეი ჯელეპთან: 2:12. ბრინჯაოსთვის პაექრობაში მან რუს პეტრ კოპილოვს მოუგო.

  • თეიმურაზ ვანიშვილი - პეტრ კოპილოვი

თურმანიძე ძალიან ძლიერად ჩაერთო ტურნირში და ნახევარფინალში ისე გავიდა, ლამის ოფლიც არ მოუდენია. ორი შეხვედრა ვადამდე ლამის ცალი ხელით მოიგო: შვეიცარიელ დომინიკ ლარიტცთან 14:3 და ბერძენ პანაიოტის იოაკემიდისთან - 13:1. ის ნახევარფინალში დასანანად დამარცხდა აზერბაიჯანელ ინტიგამ ვალიზადასთან, რადგან შეხვედრა ფრედ დასრულდა, 6:6, მაგრამ ვალიზადა ფინალში დამატებითი მაჩვენებლებით გავიდა.

ჩვენებურმა ბრინჯაოსთვის პაექრობაში ისევ წმინდად და ვადამდე დაამარცხა მოლდოველი ლეონიდ კოლესინი - 10:0.

  • რამაზ თურმანიძე - ლეონიდ კოლესინი

ნახევარფინალში გავიდა მეგენეიშვილიც, სადაც თურქ არიფ ოზენთან მინიმალური სხვაობით, 6:7 დათმო პაექრობა. მანამდე მანაც შესაშურად იჭიდავა და ორი შეხვედრა მოიგო: ბერძენი თეოდოროს კირიაკიდისი ვადამდე დაჯაბნა, 10:0, ხოლო რუსი სლავიკ ნანიევი 17:9 გაანადგურა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხი მხერ მარკოსიანი 8:4 დაჯაბნა.

  • დემურ მეგენეიშვილი - მხერ მარკოსიანი

ნახევარფინალი იჭიდავა ელბაქიძემაც, მაგრამ საბოლოოდ მაინც უმედლოდ დარჩა. მან საკვალიფიკაციოში იოლად, წმინდად დაჯაბნა უნგრელი ზოლტან ვილჰელმი - 11:0, მერე კი დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა აზერბაიჯანელ ელმარ კაზიმოვს. მეოთხედფინალში ისევ წმინდად, 10:0 დაამარცხა იტალიელი ფრანჩესკო გადინი, ნახევარფინალში კი მოლდოველ ნიკოლაი გრამესთან 4:14 წააგო, რასაც სომეხ გეგამ გალსტიანთან წმინდა მარცხიც მიაყოლა: 0:10.

ჯულაყიძე რომში მენისკის ოპერაციის შემდეგ განვლილი სარეაბილიტაციო პერიოდის ფონზე გაემგზავრა, თუმცა საკონტროლო შეხვედრებამდე მისი წასვლა ლამის გამორიცხული იყო, რაც გავაშელიშვილმაც დაგვიდასტურა. თუმცა ფალავანმა სპარინგების შემდეგ გაინაღდა ჩემპიონატში გამოსვლა, მაგრამ წილისყრამაც არ გაუმართლა და საკვალიფიკაციო ეტაპზევე დამარცხდა აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად გაჯიევთან: 0:10. დამამშვიდებელში შვეიცარიელ ტობიას პორტმანს იოლად გაუმკლავდა - 10:2, მაგრამ ბრინჯაოსთვის პაექრობა დათმო უკრაინელ სტეფან ლილიკთან: 6:12.

ნადაშვილიც აზერბაიჯანელთან დამარცხდა - მეორე წრეში აშხაბ ჰამზათოვთან 2:8 წააგო, მანამდე კი ბელორუს ვასილ პაულიუჩენკას 16:4 მოუგო. ჩვენებურს დამამშვიდებელში იტალიელი გაბრიელა სტრიპოლი არ გამოუცხადდა, მერე კი გერმანელ ერტუგულ აგგასთან ესეც მინიმალური სხვაობით, 7:8 დამარცხდა.

ჟორჟოლიანი საკვალიფიკაციოში სომეხთა მომავალ ჩემპიონ ჰოვანეს მაგაკიანთან 3:7 დამარცხდა, მოგვიანებით კი სანუგეშოში აზერბაიჯანელ რაჰიდ ჰამიდლისთან 5:7 დათმო.

რომში ჩვენებიდან ნაადრევად მხოლოდ თბილისელი გოგა მამიაური (74) და ხაშურელი თორნიკე კვინიკაძე (74) დამარცხდნენ. თუმცა კვინიკაძემ ის პაექრობა 1:1-ზე დათმო აზერბაიჯანელ ორხან აბასოვთან საკვალიფიკაციოში. მამიაურმაც ასევე აზერბაიჯანელთან წააგო პირველივე პაექრობა - ისმაილ აბდულაევთან 6:8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული