როგორც იცით, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგეს.
გენო პეტრიაშვილი წერს:
"მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემს და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი
მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის...
მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს პეტრიაშვილი.
სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც.
"მოგესალმებით ყველას. დიდი გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ფოტოს.
აღნიშნული ფოტო გადაღებულია დაღესტანში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორგანიზატორებმა გვთხოვეს ჩემპიონატის მაისურის ჩაცმა, რომელზეც გამოსახული იყო ჯაბო თედეევი. ეს მაისურები არის სუვენირი, რომელიც ყველა დიდი საერთაშორისო ტურნირის ატრიბუტია.
მსგავსი მაისურები იყო თბილისში კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე და რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა წევრი დადიოდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მაისურით. ეს პოლიტიკასთან არ არის არანაირ კავშირში. ძამბოლატ თედეევი ჩვენი მეგობარია. ის ყოველთვის და ყველგან ცდილობს, გვიქომაგოს და თუკი რაიმე პრობლემა დგება, ყოველთვის ცდილობს, იყოს ჩვენი ბიჭების მხარდამჭერი.
მაგრამ სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ეს დაკავშირებულია პოლიტიკასთან. მით უმეტეს, ჩვენს მოუშუშებელ ტკივილთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან.
მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას - ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ, როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი.
თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო.
მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს იანტბელიძე.
აქვე გეტყვით, რომ ძამბოლატ თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.
რაც შეეხება ფოტოს, რუს მოჭიდავეებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი, მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და ყოფილი მოჭიდავე მამუკა არევაძე არიან გამოსახულნი.
ამ ბიჭების ქართველობასა და პატრიოტიზმში ეჭვის შეტანა სხვა თუ არა უნამუსობა და უვიცობაა. ამ ფოტოებით "აღშფოთებულ" ყველა ადამიანზე წინ დადგებიან ეს ბიჭები როცა ქვეყანას დასჭირდება თავისი სისხლისა და სიცოცხლის ფასად.