ევროპული თამაშების ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125 კგ) რუსეთის ჩეჩენ წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევთან კი დამარცხდა, მაგრამ კარგი ჭიდაობისთვის გულშემატკივართა სიმპათიები დაიმსახურა, ვინაიდან მასზე გაცილებით მძიმე და მაღალ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლა.
ფინალის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა.
"მადლობა მინდა გადავუხადო ნაკრების მწვრთნელებს, რომ ნდობა გამომიცხადეს და მძიმე წონაში დამაყენეს. მაქსიმალურად ვეცადე, მაგრამ მგონია, მეტი შემიძლია. თუ საშუალება მომეცემა, ამას შემდეგ ტურნირზე აუცილებლად გამოვასწორებ.
რამ გამოიწვია ჩემი წაგება? ალბათ, უფრო წონაში სხვაობამ. 102-103 კილოგრამი ვარ და ამდენი ბრძოლის მერე გამიჭირდა.
უფროსებში
პირველი მედალი მოვიპოვე. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ვგრძნობ, მეტი შემეძლო. გუშინდელი შეხვედრა მძიმე იყო და ცოტა დავიღალე, აღდგენა ვერ მოვასწარი. რაც უნდა იყოს, მძიმე წონაა და დიდი ენერგია დავხარჯე, - განუცხადა მაჭარაშვილმა "პირველ არხს".