სამი ტურიც და ეროვნული ლიგის გათამაშება დასრულდება
სამი ტურიც და ეროვნული ლიგის გათამაშება დასრულდება, თუმცა, მოახლოებული ფინიშის მიუხედავად, ჯერ არაფერია გარკვეული და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეს სატურნირო ინტრიგა ბოლო ტურამდე გაგრძელდეს. ეს ინტრიგა კი განვლილი ტურის შედეგებით შემოგვრჩა. არადა, სატურნირო ცხრილში არც ერთი გადაადგილება არ მომხდარა...

ეროვნულ ლიგაში ამჟამად ორკვირიანი შესვენებაა და მიმდინარე სეზონის ამ უკანასკნელ სანაკრებო პაუზას ჩვენი გუნდები, ალბათ, მაქსიმალურად გამოიყენებენ ფინიშისათვის მაქსიმალურად მოსამზადებლად. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორი საქმეა ჩემპიონატის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, 9 დღის განმავლობაში სამი ოფიციალური მატჩის ჩატარება?!.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ეროვნულ ლიგაში დღესდღეობით მხოლოდ ის გაირკვა, რომ "სამტრედია" ამიერიდან ექსჩემპიონად უნდა მოვიხსენიოთ. ამ გუნდს თეორიული შანსიც აღარ დარჩა, რომ თბილისის "დინამოს" დაეწიოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება...

თუმცა ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ჯერ კიდევ ცოცხალია. არ გარკვეულა არც პლეი-აუტში მოასპარეზე გუნდების და არც ყველაზე უიღბლო გუნდის ვინაობა...

უკრაინელები ფოთის გადასარჩენად!

ადრე თუ გვიან, ყველა სერიას (წარმატებულსა თუ წარუმატებელს) აქვს დასასრული, თუმცა "კოლხეთს" ისე ნამეტნავად გაუგრძელდა თავისი მართლაც კოშმარული სერია, ერთ-ერთი უძველესი ქართული გუნდი ბევრმა წინასწარ "გადაამისამართა" კიდეც ქვედა ლიგაში!

შეგახსენებთ, რომ ამ ტურამდე "კოლხეთს" 18-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ამის გამოც იყო, რომ ფოთელთა გუნდი უმძიმეს სატურნირო სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა სწორედ ახლა, ჩემპიონატის გადამწყვეტ მომენტში, "კოლხეთმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და ხუთთვენახევრიანი მოუგებელი სერიაც დაასრულა. აღსანიშნავია, რომ "კოლხეთმა" კიდევ ერთი ნავსი გატეხა ამ ტურში მოგებით: ფოთელთა გუნდი ხომ 13 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა "დილას" დამარცხებას...

ამ წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი კი "კოლხეთის" უკრაინული "დიასპორა" იყო: ფოთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალეკსანდრ შტელინმა პირველი თამაში მოიგო, გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი კი იგორ ბროვკოსა და ოლეკსანდრ დერებჩინსკის ჩინებულ კომბინაციას მოჰყვა.

თუმცა "კოლხეთის" სხვა ფეხბურთელებსაც არ უნდა დავუკარგოთ გარჯა: 31 წლის მეკარე კოკა სეფიაშვილმა თავისი დამაჯერებელი თამაშით ლომის წილი შეიტანა ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში, ისე, როგორც გუნდის ახალწვეულმა, 22 წლის ცენტრალურმა მცველმა სანდრო გურეშიძემ.

არამშვიდობიანი ფრე

არა და არ ეპუება აუტსაიდერის სტატუსს ბოლოადგილოსანი "შუქურა" და ამის დასტურად ციფრებსაც მოვიშველიებთ: გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ბოლო სამ მატჩში 5 ქულა მოიპოვა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ ყოფილა: უშუალო კონკურენტის ("კოლხეთის") ამ ტურში გამარჯვების შემდეგ "შუქურასაც" მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე უნდა ეფიქრა გასვლით მატჩში. თანაც, ქობულეთელთა შანსები სულაც არ მოჩანდა უტოპიურად: ჯერ ერთი, "შუქურამ" ხომ შეძლო და II წრის მატჩში სწორედ სტუმრად დაამარცხა "ლოკომოტივი". თანაც, იმ შეხვედრაში "ლოკომოტივი", ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით დღევანდელ სიტუაციაზე. ეგ კი არა, IV წრის დაწყებიდან მოყოლებული, გიორგი დევდარიანს, ფაქტობრივად, ყველა მატჩში ექსპერიმენტული შემადგენლობა გაჰყავს მოედანზე...

არადა, ასეთი სერიოზული საკადრო პრობლემების მიუხედავად, "ლოკომოტივი" კვლავაც აგრძელებს ბრძოლას IV ადგილისათვის და "შუქურასთან" მატჩიც ამის დადასტურება იყო: ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ისეთი ფრე (აშკარად "არამშვიდობიანი") დაფიქსირდა, ორივე გუნდისთვის... მიუღებელი რომ უნდა ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ "შუქურა" ორჯერ იგებდა თავისი ბრაზილიელი ლეგიონერების, 21 წლის მარსელინიოსა და 28 წლის ჟეფინიოს ზუსტი დარტყმების შემდეგ. მასპინძლებმა ორჯერვე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და ამით ის აშკარად უსაფუძვლო ეჭვებიც გაფანტეს...

პირველ შემთხვევაში თავი გამოიჩინა ამჟამინდელი "ლოკომოტივის" ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა, 29 წლის გიორგი რეხვიაშვილმა, რომელმაც "ახალგაზრდობა გაიხსენა" და ამ მატჩში მარცხენა მცველად მოგვევლინა (კარიერის დასაწყისში, რუსთავის "მეტალურგში" სწორედ ამ პოზიციაზე გამოდიოდა); მეორე გოლი კი "ლოკომოტივის" კიდევ ერთმა საკვანძო და... ჯანმრთელად შემორჩენილმა ფეხბურთელმა, 25 წლის გეგა დიასამიძემ გაიტანა.

ამ შემთხვევაში კი საგოლე პასის ავტორიც უნდა ვახსენოთ აუცილებლად: "შუქურას" მეორე გოლის შემდეგ გიორგი დევდარიანმა მოედანზე კიდევ ერთი დებიუტანტი, 18 წლის ლუკა სილაგაძე შეიყვანა. ჰოდა, დებიუტიც ასეთი უნდა: ამ სწრაფმა და საზრიანმა ბიჭმა სტუმართა მარცხენა ფლანგი პირწმინდად დაიპყრო და მის ერთ-ერთ გამჭოლ ფლანგურ პასს მოჰყვა კიდეც "ლოკომოტივის" მეორე გოლი.

საჩხერელთა საგარეო უცნაურობანი...

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც "უცნაური" გუნდი ჰყავს სოსო ფრუიძეს: ეროვნული ლიგის ყველაზე გამოცდილი მწვრთნელის შეგირდებმა ზედიზედ მესამე (თასის ჩათვლით - მეოთხე) საგარეო მატჩი მოიგეს. თანაც, მთელი ხიბლი ამ საგარეო გამარჯვებებში ის არის, რომ სამივე შემთხვევაში "ჩიხურას" ისეთ მეტოქეებთან უწევდა დაპირისპირება, რომლებთაც მართლაც ძლიერი სატურნირო მოტივაცია ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ, ოთხდღიან ინტერვალში, "ჩიხურამ" ჯერ "შუქურას" მოუგო სტუმრად, მერე კი იმავე სტადიონზე ბათუმის "დინამოც" დაამარცხა. მოგეხსენებათ, რომ ორივე აჭარული გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძვის, აი, "ჩიხურას" ბოლო მეტოქე ("საბურთალო") IV ადგილის დაკავების ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია და ბევრს მიაჩნდა, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილი გუნდი ამჯერად მაინც გატეხდა ნავსს და მიმდინარე სეზონში პირველად დაამარცხებდა ჩემპიონატში, ერთი შეხედვით, უმოტივაციო "ჩიხურას"...

თუმცა, ასე არ მოხდა და ამაში დიდი როლი ითამაშა საჩხერელთა გუნდის თავკაცის უკვე ტრადიციადქცეულმა როტაციამ ძირითად შემადგენლობაში: "ჩიხურას" ერთიმეორეზე გამოცდილმა ფეხბურთელებმაც კარგად აუღეს ალღო მთავარი მწვრთნელის მიერ სწორად შერჩეულ ტაქტიკას და... კიდევ ერთხელ ჩაერთვნენ IV ადგილისათვის ბრძოლაში.

ორი სხვადასხვა დინამო

ამ ტურის წინ ჩემპიონობისათვის მებრძოლი თბილისის "დინამო" 4 ქულით უსწრებდა უახლოეს კონკურენტ "ტორპედოს", ხოლო ეროვნულ ლიგაში დასარჩენად მებრძოლი ბათუმის "დინამო" ასევე 4 ქულით ჩამორჩებოდა გადამრჩენელ, VII ადგილზე მყოფ "დილას".

აი, ასეთი სატურნირო მდგომარეობა ჰქონდათ ძველ მეტოქეებს, თუმცა, ბრძოლა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, არც ყოფილა: კახა კაჭარავას დამოძღვრილმა თბილისის "დინამომ" (რომლის შემადგენლობაშიც 16-17 წლის ბიჭების გამოჩენა აღარავის უკვირს) პირწმინდად დაჯაბნა ერთ დროს მართლაც ღირსეული მოწინააღმდეგე, დღესდღეობით კი ერთობ სავალალო მდგომარეობაში მყოფი ბათუმის "დინამო".

აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა ამ სეზონში ოთხივე მატჩი მოუგეს ბათუმის "დინამოს" და აქედან ორჯერ - დიდი ანგარიშით (4:0). თანაც, ისე, როგორც ამ გუნდებს შორის ჩატარებულ I და II წრის მატჩებში, ამჯერადაც თავი გამოიჩინა თბილისელთა შემტევმა ბექა მიქელთაძემ.

ეგ კი არა, 19 წლის ფორვარდმა სულაც ჰეთ-თრიკი (კარიერაში - პირველად!) შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში, ისევე, როგორც მასპინძელთა მარჯვენაფლანგელებმა - 23 წლის მარჯვენა მცველმა ლევან გეგეჭკორმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა, 21 წლის მარჯვენა გარემარბმა აკაკი შულაიამ კი - ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ მოგების შემდეგ თბილისის "დინამოს" დარჩენილ სამ მატჩში 2 მოგებაც ჰყოფნის ტიტულის დასაბრუნებლად, ბათუმელთა ახალ მთავარ მწვრთნელ ასლან ბალაძეს კი უმძიმესი ფინიში ელოდება...

მძლავრი ფინიში

2017 წლის პირველ ოფიციალურ მატჩში, იმ დროისათვის საქართველოს ჩემპიონმა "სამტრედიამ" სუპერთასზე მოუგო "ტორპედოს" და ეს ტიტულიც პირველად მოიპოვა. თუმცა, იმის შემდეგ ამ იმერული დერბის მონაწილენი მიმდინარე სეზონში კიდევ ხუთჯერ შეხვდნენ და ქუთაისელებმა ისეთი რევანში აიღეს, მეტი რომ არ შეიძლება: კახა ჩხეტიანის დამოძღვრილმა და მართლაც მშვენიერ ფორმაში მყოფმა "ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში გამართული 4 მატჩიდან 3 მოუგო ამჯერად უკვე ექსჩემპიონ "სამტრედიას", ხოლო ერთი დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ამას გარდა, საქართველოს თასის მოქმედმა მფლობელმა "ტორპედომ" თასის მიმდინარე გათამაშების 1/8-ფინალშიც მოუგო "სამტრედიას"...

XXXI ტური იყო, "სამტრედიამ" გასვლით მატჩში ერთპიროვნული ლიდერი თბილისის "დინამო" რომ დაამარცხა და ბევრმა (მათ შორის - ჩვენც) ჩათვალა, რომ ახალი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედია" ამ სეზონშიც ჩაებმებოდა საჩემპიონო რბოლაში, თუმცა ამის შემდეგ "სამტრედიამ" ზედიზედ 2 მატჩი წააგო და შარშანდელი ტიტულის დათმობაც მოუწია.

აი, "ტორპედო" კი, როგორც აღვნიშნეთ, სეზონის ფინიშს მართლაც მშვენიერ ფორმაში ხვდება და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ქუთათურთა საყვარელმა გუნდმა ოთხდღიან ინტერვალში ერთიმეორეზე ურთულესი მატჩები მოიგო ერთიმეორეზე ძლიერ გუნდებთან: ჯერ თასზე, თბილისის "დინამოსთან", შემდეგ კი - ჩემპიონატში "სამტრედიასთან".

ისიც სათქმელია, სეზონის ფინიშს ასევე შესაშურ ფორმაში რომ ხვდებიან "ტორპედოს" ლიდერებიც: როინ კვასხვაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე, გიორგი კუხიანიძე, ლევან კუტალია, გუგა ფალავანდიშვილი და სხვები; აღარაფერს ვამბობთ 25 წლის თორნიკე კაპანაძეზე: ამ ვერცხლისწყალივით მოძრავმა ცენტრფორვარდმა იმერულ დერბიში უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა (სეზონში - მესამე "დუბლი") და თავის გუნდს საჩემპიონო შანსები შეუნარჩუნა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fantom
თქვენ როგორც ადგენთ სიმბოლურ ნაკრებს,მაგ კრიტერიუმებით ვეც ინიესტა,ბუსკეტცი,ხავი და ბევრი სხვა დიდი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა სიმბოლურ ნაკრებში და თუ მოხვდებოდა,სეზონში ალბად მხოლოდ ერთხელ.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
მუნდიალი 2018: მერვედფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი შეიყვანა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
L’Equipe-მა 2019 წლის სიმბოლურში "ლივერპულის" 5 ფეხბურთელი შეიყვანა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
უეფამ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის სიმბოლური გამოაქვეყნა
ნეიმარის გარეშე - უეფამ 2018 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა