სპორტის ისტორიაში 1985 წლის 29 მაისის ღამეზე უფრო შოკისმომგვრელი და შემზარავი სანახაობა ალბათ არ არსებობს. იმ საღამოს, ბრიუსელში, ჰეიზელის სტადიონის ტრიბუნებზე, ევროპის თასის ფინალის წინ განვითარებულ ძალადობას 39 იტალიელი ემსხვერპლა. ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, ლივერპულსა და იუვენტუსს შორის მატჩი დაწყებამდე დღესასწაულს ჰგავდა. იმ დროისთვის, ევროპული ფეხბურთის ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. მერსისაიდელები მოქმედი ჩემპიონები იყვნენ, ერთი წლით ადრე კი რომში, ადგილობრივი რომა ჰყავდა დამარცხებული, ახლა კი მეხუთე ევროპის თასისთვის ტურინელები უნდა დაემარცხებინათ. "წითლები" ალბათ ამაზე ძლიერები აღარასდროს ყოფილან, საპასუხოდ, "იუვენტუსი" ერთადერთ გუნდად გვევლინებოდა, რომელსაც მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო. ზბიგნიევ ბონიეკის, მარკო ტარდელისა და მიშელ პლატინის ფიზიკურად ძლიერი, შეუვალი დაცვითა და ბრძოლისუნარიანობით, მაგრამ ამავდროულად, ტექნიკითა და შემოქმედებითი ფეხბურთით იყო გამორჩეული. ლეგენდარულ ფრანგს, პლატინს, გულშემატკივრებისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ იმედგაცრუებულ სეზონს ისტორიული გამარჯვებით დაასრულებდა. ყველაფერი დიდი საფეხბურთო დაპირისპირებისთვის მზად იყო.

მაგრამ სანახაობის ნაცვლად, "ჰეიზელი" სასაკლაოდ იქცა. გვამები მოედნის კიდესთან და დირექტორთა ლოჟის ქვეშ ესვენა. მთელი მატჩის განმავლობაში ისინი ბევრი გულშემატკივრისთვის, მათ შორის ფეხბურთელთა ოჯახებისთვისაც მარტივად დასანახი იყო. თითქოს და ისე ჩანდა, რომ ეს არა თუ ფეხბურთის, არამედ, ომის სცენა იყო. წლების გასვლის შემდეგაც ამ სცენასა და გადმოყოლილ სურათებს შემზარავი ძალა არ დაუკარგავს. დამსწრე საზოგადოებამ მოგვიანებით ერთხმად განაცხადა, რომ ძალადობა მატჩის დაწყებამდე დაახლოებით საათნახევრით ადრე დაიწყო. სტადიონზე სიმღერები ისმოდა, გულშემატკივრები ერთმანეთს ადგილ-ადგილ უპირისპირდებოდნენ, თუმცა გამჭრიახე თვალი თავიდანვე შეამჩნევდა, რომ ფეხბურთის ფანებს შორის დიდი დაპირისპირება მწიფდებოდა.

ლივერპულელთა ზოგიერთი ქომაგი მოწინააღმდეგესტან განწყობილ მტრობას ერთი წლით ადრე, რომში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა. მერსისაიდელებმა იტალიის დედაქალაქელები პენალტების სერიაში დაამარცხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერსისაიდელებს ადგილობრივი ქომაგები ქვებსა და სხვა საგნებს ესროდნენ. ლოგიკურია, რომ "ბიანკონერის" ფანები ამ ინციდენტთან არაფერ შუაში იყვნენ, მაგრამ "სქაუზერები" იმ საღამოს აპენინელებთან დათმობაზე წასვლას არ არაფრის დიდებით არ გეგმავდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაძაბულობა ფეხბურთელებმაც შეამჩნიეს. ერთ-ერთი ალან ჰანსენი იყო, რომელსაც ევროპის დიდ საფეხბურთო ფორუმებზე თამაშის დიდი გამოცდილება ჰქონდა. შოტლანდიელი იხსენებს, რომ მოედანზე გასვლის მომენტში, იმდროინდელ მარცხენა მცველ, ალან კენედის გაკვირვებულმა უთხრა, რომ პირველად ხედავდა ფანებს, რომლებიც სტადიონზე აგურებით შედიოდნენ. მაშინ კენედიმ თანაგუნდელი დაამშვიდა, შინაარსი ასეთი იყო: "აგურებს არ ისვრიან, რადგან მოუწევთ ყველას გვესროლონ".

ევროპის თასის ფინალი მოძვენებულ, ფაქტობრივად, დანგრევის პირას მყოფ სტადიონზე იმართებოდა. მერსისაიდელთა გასახდელში დაძაბულობა ისედაც იგრძნობოდა. მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდის მწვრთნელმა, ჯო ფეგანმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებულ თანამდებობას დატოვებდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალი მისთვის ლივერპულის მთავარი მწვრთნელის რანგში, ბოლო მატჩი უნდა ყოფილიყო. ალან კენედი, იმ შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებდა, თუმცა გუნდს როგორც გასახდელში, ისე მოედანზე ედგა გვერდით. სინამდვილეში, მცველს კიდევ ერთი დავალება ჰქონდა, მოედანზე გასულიყო და სიტუაცია შეემოწმებინა. ყოველი დაბრუნების შემდეგ, კენედი შემოდიოდა და თანაგუნდელებს უფრო და უფრო მძიმე ამბებს უყვებოდა. ამბობდა, რომ გარეთ საშინელი დაპირისპირება მიმდინარეობდა. ვრცელდებოდა ცნობები მსხვერპლის შესახებაც. მოგვიანებით, ალან ჰანსენი იხსენებდა, რომ ფეგანი, რომლის მთელი ცხოვრებაც ფეხბურთთან იყო ასოცირებული, გატეხილ, დანგრეულ კაცს დაემსგავსა.

სტადიონის ყველაზე საშიში ადგილი მოთამაშეთა გვირაბიდან კარგად ჩანდა. Z სექტორში, მერსისაიდელი და ტურინელი ქომაგები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრით იყვნენ დაშორებული. მათ ერთმანეთისგან თხელი კედელი ყოფდათ, კედელი კი მავთულხლართით იყო გამაგრებული. ხსენებულ სექტორში ფანების გარდა ნეიტრალური ქომაგიც იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვებიც. მატჩის დაწყების მოახლოებასთან ერთად, ლივერპულის ქომაგებმა ლუდის ქილებს, ქვებისა და ხელში არსებული სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. როცა იტალიელებმა საპასუხოდ იგივე გაიმეორეს, ინგლისელბი ნეიტრალურ ზონაში შეიჭრნენ, ღობე ჩამოანგრიეს და იმით დაიწყეს შეტევა. შეშინებულ ბელგიელ და იტალიელ გულშემატკივრებს გაქცევის გზა არ ჰქონდათ. სასოწარკვეთილი ხალხი კედლისკენ გაიქცა, ისედაც დაზიანებულმა სტადიონმა მეტს ვერ გაუძლო და ის კედელი ჩამოიშალა... 39 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 600-ზე მეტი კი დაშავდა. მსოფლიო საფეხბურთო სამყარო უმძიმეს კადრებს ადევნებდა თვალს.

უცნაურია, მაგრამ სპეცრაზმმა მოედანზე შესვლა ძალიან დააგვიანა და როცა დააგვიანა, იმწამსვე მერსისაიდელ ქომაგებს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი გულშემატკივრები მოგვიანებით აღწერდნენ, რომ ვერასდროს გადმოსცემდნენ იმ გრძნობას, რასაც იმ მომენტში განიცდიდნენ.

BBC One-ზე მორიგ საფეხბურთო გადაცემას ელოდნენ, რათა სტანდარტულად მოესმინათ სხვადასხვა სპორტული ამბები. შეხვედრის დაწყებამდე ტელეწამყვანები, ტერი უოგანი და ბრიუს ფორსაიტი ხუმრობდნენ. უცებ ყველაფერი შეიცვალა, წამყვანებს სახე შეეცვალათ. ყოფილმა ფეხბურთელმა და შემდგომ ტელეწამყვანმა, ჯიმი ჰილმა მაყურებელს უმძიმესი და ქაოსური სურათი წარუდგინა. კადრებში მოჩანდა, რომ ლივერპულელი ქომაგები პოლიციას ბოთლებსა და ქილებს ესროდნენ. კომენტატორ ბარი დეივისს ხმა უკანკალებდა და ცდილობდა მიმდინარე მოვლენები დეტალურად აეხსნა. იმ მომენტში გავრცელდა ცნობები დაღუპულ ქომაგებთან დაკავშირებით.

BBC-ის ექსპერტები და ყოფილი ექსპერტები, გრემ სოუნესი და ტერი ვენეიბლსი სიტყვებს თავს ვერ უყრიდნენ. გვამებს აგროვებდნენ, მოპირდაპირე მხარეს კი ქომაგები სპეცრაზმს ებრძოდნენ.

ბრიტანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ენდრიუ ჰასმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

"მაყურებლის უმეტესობის მსგავსად, გამწარებული ვიყავი. დანაშაულის განცდა მქონდა. ლივერპულში ვცხოვრობდი, ამავე გუნდს ვქომაგობდი, მეგონა, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. იმ ღამეს "ჰეიზელზე" არ ვყოფილვარ, მაგრამ ვგეგმავდი ბრიუსელში ჩასვლას. საფრანგეთში ინგლისელ ფანების ჯგუფთან ერთად ვიყავი, ბელგიაში მიმავალ მატარებლის რეისზე დავიგვიანეთ. საბოლოოდ, ლიონის იმიგრანტულ უბან, ლა გილიოტერში წავედით. მთელი საღამო ერთ ბარში ვიყავით, რომელიც ლივერპულის ფანებმა ჩვენთვითონვე მოვრთეთ. როდესაც ტელევიზორში ეს ტრაგედია აჩვენეს, დავაკვირდით და ვცნობდით იმ ბიჭების სახეებს, რომლებიც არეულობაში მონაწილეობდნენ. ვერავინ ლაპარაკობდნენ, ყველანი ჩუმად ისხდნენ და გამწარებული სვავდნენ. ბარში მსხდომი არაბები ჩვენს წითელ მაისურებს, დროშებსა და ბანერებს უყურებდნენ, არაფერს ამბობდნენ, თუმცა ხანდახან სიჩუმეშიც იგებ რაღაც-რაღაცეებს. ყველაზე მეტად პატარა, ლურჯ სვიტრიანი გოგონა მახსოვს, რომელიც დაგროვებულ გვამებზე ცდილობდა გადაძრომას. სისხლიან, ჩამომტვრეულ ღობეზე ფეხი დაუცდა და დაეცა".

მომდევნო დღეებში ევროპული მედია მხოლოდ ინგლისელ მკვლელებზე, ასასინებსა და წითელ ცხოველებზე საუბრობდა. ეს უკანასკნელი ფრაზა იუვენტუსის გულშემატკივრებმა თავად გამოფინეს ჰეიზელის სტადიონზე. საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში, პასუხისმგებლობას ინგლისურ ძალადობრივ, კოლონიალიზმის მემკვიდრეობასა, მარგარეტ ტეტჩერის მთავრობის ქედმაღლობასა და უგუნურებას აკისრებდა. ბრიტანეთში კი ადგილობრივი ხელისუფლება, გუნდების ხელმძღვანელობა, პრესა და ტელევიზია შოკში იყვნენ. ქვეყნის პირველმა ქალმა პრემიერ მინისტრმა, მარგარეტმა ღიად და გულწრფელად განაცხადა, რომ უბრალოდ გაოგნებული იყო, ამაზე უარეს მდგომარეობაში კი არასდროს ყოფილა. ტაბლოიდების სათაურები იშვიათი სიზუსტით აღწერდა მომხდარს... ეს იყო დღე, როცა ფეხბურთი მოკვდა.

იტალიაში ბრიტანეთის საელჩოსა და სხვა ბრიტანულ ობიექტებს თავს დაესხნენ. მთელ ევროპასა და მსოფლიოში ინგლისელი მუშათა კლასის მამაკაცები, განსაკუთრებით კი მერსისაიდელები, უცოდინრობისა და სისასტიკის სიმბოლოდ იქნენ. ქვეყანაში პრემიერმა მთავრობის სხდომა გააუქმა და ხულიგნობის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა. რამდენიმე დღეში ლივერპულის დირექტორატის თავჯდომარემ, ჯონ სმიტმა განაცხადა, რომ კლუბი მომდევნო სეზონში უეფას თასზე მონაწილეობას არ მიიღებდა. მოგვიანებით, ტეტჩერის ზეწოლის ფონზე, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში ვერც ერთი ინგლისური გუნდი ევროპულ ტურნირებზე ვერ მიიღებდა მონაწილეობას.

მოგვიანებით, აღმასრულებელმა ორგანო, უეფამ, ინგლისურ გუნდებს თავდაპირველად განუსაზღვრელი, ხოლო საბოლოოდ, 5 წლით აუკრძალა საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა. ამას ლივერპულის გულშემატკივრების დაპატიმრება და ქვეყნიდან გაძევება მოჰყვა. მათი ვინაობა პრესისა და ტელევიზიის საშუალებით დადგინდა. ეს ბრიტანეთის სამართლის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და უცნაურ კრიმინალურ დეპორტაციად იქცა.

ლივერპულის გაზეთმა, Echo-მ ქალაქის სინდისის დამცველის როლი აიღო და 29 მაისს, ქალაქის ისტორიაში შავი დღე უწოდა. გაზეთის მკითხველთა წერილებში გულშემატკივრები ტრაგედიის შესახებ საკუთარ ისტორიებს ყვებოდნენ. ლოგიკურია მათ ნასაუბრებში იყო ზიზღი და საკუთარი თავის მიმართ სიძულვილი. ერთ-ერთმა ახალგაზრდა, გულშემატკივარმა არიარა, რომ Z სექტორში შეტევაში მონაწილეობდა, მაგრამ როდესაც დაინახა, თუ რა ჩაიდინა შეშინებულმა ტირილი დაიწყო.

მეორემ მხრივ, კი, მარტინდეილმა (ამ ადამიანმა მისწერა ზემოხსენებულ გაზეთს), განაცხადა, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი დაღუპულთა ჯიბეებს ქექავდა და გვამებს ფეხებს ურტყამდა. ზებრიუგედან ბრიტანეთში მიმავალ ბორანზე, სადაც ადამიანები შეძრწუნებულები და ტრავმირებულები ბრუნდებოდნენ, დაინახა მომღიმარი ხულიგანი, რომელიც ამაყად ამბობდა, ორმოცი მოვკალითო.

სინამდვილეში არავინ იცოდა რა მოხდა ქალაქში, ვერც იმას ხვდებოდნენ, თუ რა რეაგირება უნდა მოყოლოდა ამას. ერთ-ერთი მიზეზი კი ის იყო, რომ თავად მოვლენების ზუსტად და ქრონოლოგიურად აღდგენა ძალიან რთული აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც სტადიონზ ეიმყოფებოდნენ. გულშემატკივართა მონაყოლი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, ზოგი დამნაშავედ იუვენტუსის აგრესიულ ფანებს მიიჩნევდა, ზოგი მშიშარა ბელგიელ პოლიციას, ზოგი კი სტადიონის კატასტროფულ მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ ბევრმა ქომაგმა ტრაგედიის რეალური სიმძიმე, მომდევნო დღეს გაიგეს. ქალაქ ლივერპულის საბჭოში მომუშავე სტივ კნეილი, რომელიც იმ დროს ამავე გუნდის ქომაგი იყო, მოგვიანებით იხსენებდა, როგორ კითხულობდნენ ის და მისი მეგობრები სასტუმროში გაზეთებს, მაშინ, როდესაც მათ გარშემო მყოფი ფრანგები და ბელგიელები დუმდნენ და მათთან საუბარს ვერ ბედავნდნენ. ერთ-ერთმა უფროსმა გულშემატკივარმა ჩუმად უთხრა, ალბათ უბრალოდ სახლში უნდა დავბრუნდეთ, მალევე... ქუჩაში გასვლისას მოხუცი ქალი შეხვდათ, რომელმაც შეაფურთხა და ფლამანდიურად დაუწყო ყვირილი. გაზეთი Echo მოწმეების რაოდენობას არ უყურებდა, ყველას აძლევდა შესაძლებლობას, რომ თავისი სათქმელი ეთქვა. გავრცელდა ვერსიები, თითქოს და არეულობა ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ორგანიზაცია, ნაციონალურმა ფრონტმა, ჩელსისა და ლიდსის გულშემატკივრებმა მოაწყვეს, მეორე ვერსიით კი, მერსისაიდის მეორე გუნდ, ევერტონის ქომაგების ნამოქმედარს წააგავდა...

შეხვედრაზე დამწსრე ლიბერალმა პოლიტიკოსმა, პიტერ მილეამ გაზეთს განუცხადა, რომ ულტრამემარჯვენე და რასისტულ მოძრაობებთან დაახლოებულ დაჯგუფება სკინჰედები შეამჩნია, რომლებსაც Union Jack-ის მაისურები ეცვათ. ამ ზედას კი არცერთი სქაუზერი არ იცვავს. აშკარა იყო, რომ ისინი იქ პროვოკაციისთვის იყვნენ ჩასულები. ამ აზრს ჩვენს მიერ ნახსენები ჯონ სმიტიც აჰყვა და გამოთქვა ეჭვი, რომ არეულობაში სავარაუდოდ, ნაციონალური ფრონტის მხარდამჭერები იყვნენ. თუმცა მოგვიანებით ეს ისტორიები არ დადასტურდა.

ლესტერის უნივერსიტეტის საფეხბურთო კულტურის კვლევის ცენტრის სპეციალისტი, ჯონ უილიამსი, რომელიც თავადაც მთელი ცხოვრება ლივერპულის გულშემატკივარია, ჰეიზელის ოფიციალურ ვერსიებს მაშინაც და მოგვიანებითაც სკეპტიკურად უყურებდა. ნაციონალური ფრონტის მხარდამჭერების შესახებ არც ერთი ასეთი ჭორი არ დამტკიცებულა და ალბათ, ვერც დამტკიცდება, ამბობდა ის. თუმცა მაშინ, ყველასთვის, ვინც ლივერპულისა და მისი გულშემატკივრების კულტურას იცნობდა, მედიაში გავრცელებულ ამბებში რაღაც არ ჯდებოდა. ფაქტი ისაა, რომ ჰეიზელი ლივერპულის საფეხბურთო კულტურისთვის სრულიად უცხო იყო. უილიამსის აზრით, მერსისაიდელთა ტრიბუნების კულტურა განსხვავდებოდა იმ ხულიგნობისგან, რომელიც ინგლისურ ფეხბურთს 1970 იანი წლების შუა პერიოდიდან მოედო. მატჩებზე ჩხუბი ხდებოდა, მაგრამ ლივერპულის გულშემატკივრებს ძალადობა მიზნად არ ჰქონდათ. ისინი თავს იცავდნენ, როდესაც საჭირო იყო, თუმცა ძალადობა მათი იდენტობის ნაწილი არ ყოფილა.

სქაუზერების ყველაზე პოპულარულ გამომცემლობა (თავად გულშემატკივრების შექმნილი ჟურნალი) "The End" კი სრულიად განსხვავებული, ირონიული და პროვოკაციული, მაგრამ ნაკლებად ძალადობრივი კულტურა იყო ასახული. იქ წერდნენ ქურდობაზე, მოწევაზე, სექსზე და მუდმივად დასცინოდნენ მანჩესტერელებს, ლიდსელებსა და ყველაზე მეტად ლონდონელებს. ამ გამოცემას ჯონ პილი აქებდა. მისი ერთ ერთი რედაქტორი იყო პიტერ ჰუტონი, რომელიც მოგვიანებით ჯგუფ "The Farm"- ის წევრი გახდა. ეს იყო 1960 იანი წლების ლივერპულის იმ არაკონფორმისტული კულტურის გაგრძელება, რომელმაც "ბითლზი" და მთელი თაობის ხელოვანები, კომიკოსები და მწერლები წარმოშვა. მაგრამ 1985 წლისთვის დანარჩენი ინგლისი ლივერპულს ასე აღარ აღიქვამდა.

ქალაქი ინდუსტრიულ დაქვეითებას, უმუშევრობას, სოციალურ არეულობასა და რადიკალურ მემარცხენე პოლიტიკასთან იყო ასოცირებული. ტეტჩერის ეპოქის სწრაფად ცვალებად ბრიტანეთში ლივერპული თითქოს ცალკე, უცხო სამყაროდ გარდაიქმნა. პიტერ ჰუტონი ჰეიზელზე იმყოფებოდა. სწორედ მან გადაწყვიტა გულწრფელად ეღიარებინა ქომაგების საქციელი და ეთავა პასუხისმგებლობა დამსწრე ინგლისელ ქომაგთან ერთად:

"ვერ ვიტყვი, რომ ისინი ლივერპულის გულშემატკივრები არ იყვნენ, რადგან აშკარად სქაუზერები იყვნენ. არანაირი მითიური ორგანიზაციები ლონდონიდან და არც სხვა ადამიანები".

ჰუტონისთვის და მრავალი სხვისთვის ჰეიზელის ყველაზე მძიმე შედეგი ის იყო, რომ ტრაგედიამ გარესამყაროს წარმოდგენა დაადასტურა. თითქოს ლივერპულს მართლაც ჰქონდა ის ბნელი მხარე, რომლის დანახვაც თავად ქალაქის მცხოვრებლებს არ სურდათ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ჰეიზელი ლივერპულში დღემდე თითქმის ტაბუდადებულ თემად რჩება. მეორე მიზეზი 1989 წლის ჰილსბოროს ტრაგედიაა, როდესაც ლივერპულის 95 გულშემატკივარი დაიღუპა და კიდევ ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ორივე ტრაგედია გადაიტანა, განსხვავებას ასე აღწერდა:

"ეს განსხვავებაა გლოვასა და მკვლელობას შორის. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დღემდე შემარცხვენელი ფაქტი ისაა, რომ მატჩი საბოლოოდ მაინც გაიმართა. ხშირად ამბობენ, რომ თამაშის გაუქმების შემთხვევაში ქუჩებში კიდევ უფრო დიდი სისხლისღვრა მოხდებოდა. დღეს ვერავინ იტყვის, მართლა ასე იქნებოდა თუ არა. თუმცა, პოლიციის ცუდი მუშაობისა და სტადიონზე არსებული ქაოსის გათვალისწინებით, ეს სრულიად შესაძლებელი იყო. ასევე ხშირად ამბობენ, რომ მატჩის დაწყებისას ფეხბურთი ყველას დაავიწყდა. ეს მთლად ასეც არ ყოფილა. სტადიონზე ათასობით ადამიანი მატჩზე ფიქრობდა, მათ შორის მეც. საფრანგეთში, ბარში მყოფი ლივერპულის გულშემატკივრები ლივერპულის გამარჯვებას ვგულშემატკივრობდით. ხმამაღლა ვაპროტესტებდით მიშელ პლატინის მიერ შესრულებულ პენალტს, რომელმაც იუვენტუსს თასი მოუტანა. იუვენტუსმა მატჩი 1:0 მოიგო, ხოლო ერთადერთი გოლი პლატინიმ პენალტით გაიტანა. მატჩის დასრულებისას კაფის ფანჯარა ჩაიმსხვრა. გარეთ გავედით და ადგილობრივების მცირე ჯგუფს შევხვდით. ვიჩხუბეთ. ფსიქოპათები არ ვიყავით, არც ჩვეულებრივი ფეხბურთის ხულიგნები, მაგრამ იმ მომენტში მთელი ძალით ვიბრძოლეთ, ოცი წლის შემდეგაც მიჭირს ამის ახსნა".

როგორ შეიძლებოდა ვინმეს ტელევიზიით ნაჩვენები მასობრივი ტრაგედიის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ძალადობის გამართლება? მარტივი პასუხი ალბათ ისაა, რომ ჩვენ უარს ვამბობდით იმის აღიარებაზე, რა საქციელიც გამოგვივიდა. დანაშაულის განცდა დაუმორჩილებლობას შეერწყა, დაუმორჩილებლობამ კი ძალადობის ახალი კერა წარმოშვა. ამ ემოციების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა ბილ ბუფორდის 1991 წლის წიგნშია, "Amongst the Thugs", რომელიც სწორედ ჰეიზელის ტრაგედიის პასუხად დაიწერა. ბუფორდი განსაკუთრებით დამაჯერებლად აღწერს ტრიბუნების ძალადობისგან მიღებულ იმ ემოციასა და ენერგიას, რომელიც ბრბოში გავრცელდა და მასა მკვლელებად აქცია.

ბუფორდის აზრით, ხულიგნობის ნამდვილი მიმზიდველობა იმ უცნაურ ეიფორიაშია, რომელსაც ადამიანი მაშინ განიცდის, როდესაც საზოგადოებრივ ნორმებს არღვევს და ჩვეულებრივ საზღვრებს სცდება. ეს არის თითქმის დამათრობელი მდგომარეობა, როცა დრო თითქოს ნელდება, ყოველი მოძრაობა განსაკუთრებული სიცხადით აღიქმება და ძალადობის ქაოსი უცნაურად მომნუსხველ გამოცდილებად იქცევა. ყველაზე შემზარავი ის არის, რომ ბუფორდი, განათლებული, საშუალო კლასის ამერიკელია, რომლისთვისაც ფეხბურთის გულშემატკივართა კულტურა მანამდე სრულიად უცხო იყო, თავადაც ჩაითრია ამ სამყარომ. ის მხოლოდ დამკვირვებელი აღარ იყო. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ის აღტაცება, რომელსაც ბრბოს ძალადობრივი მუხტი იწვევს. ჰეიზელთან დაკავშირებული ჩემი ბოლო მოგონებებიც მხოლოდ სირცხვილსა და დანაშაულის განცდას არ უკავშირდება. მათში არის კიდევ ერთი, გაცილებით უხერხული და ძნელად ასახსნელი განცდა: ბრძოლის, დაპირისპირებისა და ბრბოს საერთო მღელვარებისგან მიღებული ბნელი აღტაცება. ამის აღიარება დღესაც რთულია, მაგრამ ამ გრძნობას ვერ გაექცევი. ფეხბურთის გულშემატკივართა აბსოლუტური უმეტესობა ამ გრძნობას კარგად იცნობს, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ამის რეალურად აღიარება.

ნიკ ჰორნბიმ ეს განცდა თავის წიგნში, "Fever Pitch" მარტივად, თუმცა საოცარი სიზუსტით ჩამოაყალიბა. ჰეიზელი შემთხვევით მომხდარი შეტაკება არ ყოფილა. ის იმ საფეხბურთო კულტურის ბუნებრივი და, გარკვეული თვალსაზრისით, გარდაუვალი შედეგი იყო, რომელშიც გულშემატკივართა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში მონაწილეობდა. ძალადობრივი შეძახილები, შეურაცხმყოფელი ჟესტები, მუქარის შემცველი ქცევა და მუდმივი აგრესია თითქოს უწყინარი თამაშის ნაწილად იყო ქცეული. ჰეიზელმა კი აჩვენა, რამდენად სწრაფად შეიძლებოდა ამ ყველაფერს რეალურ ტრაგედიამდე მიეყვანა. ჰეიზელის ტრაგედიას კულტურულ სამყაროში დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ლივერპულელი დრამატურგები, უილი რასელი და ალან ბლეიზდეილი, იმ პერიოდში თავიანთი შემოქმედების მწვერვალზე იყვნენ, თუმცა არც ერთ მათგანს ტრაგედიაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები არ შეუქმნია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული გამოხმაურება მაიკლ ნაიმანის "Memorial" იყო. ეს გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ელეგიური ნაწარმოებია, რომელიც ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, რუანში, საწყობში, მხოლოდ ერთხელ შესრულდა. მოგვიანებით ის პიტერ გრინუეის ფილმების "The Cook"-ის, "The Thief"-ის, "His Wife and Her Lover"-ის საუნდტრეკშიც მოხვდა.

ევროპაში ჰეიზელს გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმო. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფრანჩესკო კარემანის 2003 წელს გამოცემული წიგნი "Le verità sull Heysel", რომელიც ტრაგედიის არსისა და მის უკან მდგომი მიზეზებს იზიარებდა. კარემანი ჰეიზელს იმ ადამიანების თვალით უყურებს, რომლებიც თავდასხმისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. თუმცა ეს არ არის ლივერპულის ან ლივერპულის გულშემატკივრების წინააღმდეგ მიმართული წიგნი. როგორც თავად ავტორი ამბობს, ეს არის წიგნი ადამიანურ მოტივებსა და ტანჯვაზე.

ამ ამბავს ფრანგი მოაზროვნე, ჟან ბოდრიარიც შეეხო თავის წიგნ "The Transparency of Evil"- ში. ბოდრიარის აზრით, ჰეიზელმა ზღვარი მაყურებელსა და სანახაობას შორის წაშალა. გულშემატკივრები, რომლებიც ჩვეულებრივ მოედანზე მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან, თავად აღმოჩნდნენ მოქმედების ცენტრში. ისინი აღარ უყურებდნენ ძალადობას მხოლოდ გარედან, ისინი თავად იქცნენ ამ ძალადობის ნაწილად. სწორედ ამიტომ უწოდა ბოდრიარმა ჰეიზელს პრიმიტიული, მაგრამ დამანგრევლად ეფექტური ინტერაქტიული ტელევიზია (ტელევიზია პირდაპირი მნიშვნელობით არ უგულისხმია, ბოდრიარი როგორც მეტაფორას ისე იყენებს. ჩვეულებრივ, ტელევიზიით ფეხბურთის მატჩს უყურებ და მაყურებელი ხარ. მოედანზე სხვები მოქმედებენ, შენ კი ეკრანის მიღმა ზიხარ. ჰეიზელში კი მოხდა რაღაც განსხვავებული, მაყურებლები თავად გახდნენ მოქმედების მონაწილეები და შემდეგ მათი მოქმედება მთელი მსოფლიოსთვის სატელევიზიო სანახაობად იქცა).

ასევე ფრანგი მოაზროვნე ღიად ამბობს, რომ ეს მოვლენა მოულოდნელი არ ყოფილა არ ყოფილა. ძალადობა იმ კულტურულ და სოციალურ გარემოში დაგროვილი დაძაბულობის გამოხატულებად იქცა, სადაც მაყურებელი საბოლოოდ თავად გადაიქცა მოქმედ პირად. ძალადობის ფორმაც ამ გარემოს შეესაბამებოდა: უხეში, ტომობრივი და უაზრო, თუმცა ამავე დროს სასტიკად ეფექტური. იგი მარგარეტ ტეტჩერისა მთავრობის დაპირისპირებაზე მიუთითებდა, რომელიც მაღაროელთა პროფკავშირებთან იყო მიმართული და ამ პოლიტიკურ კონფლიქტს სახელმწიფო ძალადობის ფორმად აღიქვამდა. მისი აზრით, ასეთი დაძაბული საზოგადოებრივი გარემო ადრე თუ გვიან გამოსავალს სპორტის მსგავს მასობრივ სანახაობებში აუცილებლად იპოვიდა. ჰეიზელი, ბოდრიარის შეფასებით, შემთხვევით არ მომხდარა. ის მაყურებლის სურვილის შედეგი იყო, რამეთუ თავად ქცეულიყვნენ სანახაობის მონაწილენი. ძალადობის ბუნება კი, უხეში, ტომობრივი და უაზრო, გარემოებებისა და სოციალური გარემოს მიერ ჩამოყალიბებული კულტურული რეაქცია აღმოჩნდა. ბოდრიარის აზრით, ჰეიზელი ინტერაქტიული ტელევიზიის პრიმიტიული, მაგრამ დამანგრევლად ეფექტური ფორმა იყო. მაყურებელს აღარ სურდა მხოლოდ სანახაობისთვის ეყურებინა. მას თავად სურდა სანახაობის მონაწილე გამხდარიყო. ადვილია დღეს დაგვავიწყდეს, რამდენად ძალადობრივი და არასტაბილური იყო ბრიტანეთი 1980-იანი წლების დასაწყისში და რამდენად მძიმე პირობებში უწევდათ ფეხბურთის გულშემატკივრებს მატჩებზე სიარული. 1970-იანი წლების დასაწყისიდან ინგლისელი გულშემატკივრები ევროპულ მატჩებსა და საკუთარ ქვეყანაში გამართულ შეხვედრებზე არაერთ ძალადობრივ ინციდენტში მონაწილეობდნენ. ამ ყველაფერს კი მედია და ხელისუფლება ხშირად მხოლოდ ფორმალური განცხადებებით პასუხობდნენ.

სტადიონების მდგომარეობა სავალალო იყო, უსაფრთხოების ზომები არასაკმარისი, რასიზმი და სიძულვილის კულტურა კი ფეხბურთის გარემოში ფართოდ გავრცელებული. ყველამ, ვინც იმ პერიოდში ფეხბურთის მატჩებზე დადიოდა, იცოდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.

ჰეიზელმა ინგლისური ფეხბურთის კულტურა მთლიანად შეცვალა და, საბოლოო ჯამში, ბევრი თვალსაზრისით, ეს ცვლილება უკეთესობისკენ იყო მიმართული. ამ გარდაქმნის ერთგვარ საპირისპირო სიმბოლოდ შეიძლება 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატი მივიჩნიოთ. სწორედ მაშინ, "New Order" -ის მუსიკის ფონზე, ინგლისურმა ფეხბურთმა ხანგრძლივი აღორძინების ახალი ეტაპი დაიწყო.

დღეს არავინ ისურვებს იმ ძველ დროში დაბრუნებას, რომელიც ტეილორის ანგარიშამდე არსებობდა. ჰილსბროს ტრაგედიის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ ინგლისურ ფეხბურთში მასშტაბური რეფორმები გამოიწვია. მათ შორის იყო განსაზღვრულ ადგილიანი სტადიონების მოწყობა და პოლიციის მუშაობის ახალი, უფრო გონივრული მიდგომების დანერგვა. და მაინც, ლივერპულში, ინგლისსა და მთელ ევროპაში დღემდე არსებობს განცდა, რომ ჰეიზელის ისტორია ბოლომდე არ დასრულებულა. მისი დავიწყება ვერ მოხერხდა და ალბათ, ვერც ვერასოდეს მოხერხდება.

უეფას მიერ დაწესებულ მკაცრ სანქციებს ინგლისურ ფეხბურთზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც მაშინ დაკარგულ შესაძლებლობებსა და მთელ დაკარგულ თაობაზე საუბრობენ. მათ შორის იყო ჰოვარდ კენდალი, იმდროინდელი ევერტონის მწვრთნელი, რომლის გუნდმაც იმავე თვეში თასების მფლობელთა თასი მოიგო და მომდევნო სეზონში ევროპის ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლას იმსახურებდა. ზოგიერთი მათგანი ლივერპულის გულშემატკივრებს ადანაშაულებს ინგლისური კლუბების ევროპული დომინირების დასრულებაში და ფეხბურთის მთელი ეპოქის განადგურებაში. თუმცა სიმართლე გაცილებით მძიმედ მოსასმენია. ჰეიზელზე ჩამონგრეული კედელი იმ დამანგრეველი ძალების სიმბოლოდ იქცა, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და საბოლოოდ ინგლისური საფეხბურთო კულტურა დააჩოქა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჰეიზელი ინგლისურ ფეხბურთში ძალადობისა და უგულებელყოფის ხანგრძლივი პროცესის კულმინაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კლუბები ევროპაში წარმატებას აღწევდნენ, ქვეყნის საფეხბურთო კულტურა თანდათან თვითგანადგურებისკენ მიდიოდა. ჰეიზელის ნანგრევებიდან ინგლისური ფეხბურთი საბოლოოდ გამოვიდა. შეიცვალა სტადიონები, შეიცვალა უსაფრთხოება, შეიცვალა გულშემატკივრის კულტურა და, გარკვეული თვალსაზრისით, თავად ფეხბურთიც. მაგრამ ის, რაც 1985 წლის 29 მაისს დაინგრა, მხოლოდ ერთი სტადიონის კედელი არ ყოფილა. იმ ღამემ მთელი ეპოქის დასასრული მოიტანა.

[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
7 ფეხბურთელი, რომელმაც "რეალს" "ბარსელონა" არჩია
[VIDEO] ეგვიპტის მწვრთნელი ცოლებს აშველებდა და გონება დაკარგა
"ინტერმა" "ლივერპულის" ნახევარმცველი შეიძინა
"შახტარმა" საშინაო არენად "სტემფორდ ბრიჯი" შეარჩია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 დინამო (ბთ). დრო, რომელიც იწურება...
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
დისკვალიფიკაციამოხდილი მუდრიკის იჯარით აყვანა "ლიდსს" სურს
ითამაშებს "ქოჩო" "ატლეტიკთან"? - მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
WU19 | საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ორ ამხანაგურ მატჩში დაამარცხა
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი ქოჩორაშვილი "სევილიას" ფეხბურთელია
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
არადა, შარშან 4 გოლი გაიტანა - "ტოტენჰემი" სავინიოს 95 მილიონ ევროდ შეიძენს
"ატლეტიკოს" ალვარესის "არსენალში" გაყიდვა სურს, არგენტინელი უარზეა და მხოლოდ "ბარსელონას" ელოდება
კროოსი: "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს, მაგრამ...
BBC: "არსენალმა" ბართიშვილს ოფიციალური წინადადებით მიმართა
საზონოვის შეცვლაზე შესვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა - კაცნაკლულმა "ხეტაფემ" "პარტიზანს" სძლია
მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" სახლში "არარატ-არმენიას" ვერ მოუგო
[VIDEO] საეჭვო პენალტი ორმაგი შესრულებით, არჩათვლილი გოლი, ავტოგოლი - "იბერია 1999" "იაგელონიასთან" განადგურდა
ჟოაო კანსელო "ბარსელონაში" დაბრუნდა
"იაგელონიასთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
"შევიძენდი თუ არა იამალს?" - მოურინიოს უცნაური პასუხი