თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჩვენი ახალი ლიდერი ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე საუბრობს
ყაზბეგელი დავით მარსაგიშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ახალი ლიდერია. ის ახალგაზრდული ასაკიდანვე გამორჩეული იყო და უფროსებში გადმოსვლის შემდეგაც აგრძელებს სტაბილურ გამოსვლას.

რაც მთავარია, მის ჭიდაობაში ეტაპობრივად შეინიშნება საგრძნობი პროგრესი - წელს შარშანდელზე ბევრად უფრო გამართულად, სწორად და ძლიერად ჭიდაობს. შარშან ის მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი გახდა და ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა, მანამდე კი ევროპის ჩემპიონატის ფინალი რუს ანზორ ურიშევთან, პრაქტიკულად, წააგებინეს.

მარსაგიშვილმა დანაკლისი წლეულს ბელგრადში შეისრულა, სადაც პარასკევს ევროპის ჩემპიონი გახდა. ტურნირში რამდენიმე ძლიერი ევროპელი ფალავანი არ გამოდიოდა. ცხადია, არც სხვა კონტინენტების წარმომადგენლები იყვნენ. ანუ ეს შეჯიბრება სიძლიერით ოლიმპიადას ვერ შეედრება, მაგრამ ეს გამარჯვება მაინც მნიშვნელოვანია, ჩვენმა ფალავანმა იმდენად იოლად, ძალების დაუძაბავად და თავისუფლად მოიგო კონტინენტის პირველობა (იხილეთ ვიდეო).

ახლა მის წინაშე ლონდონის ოლიმპიადაა, სადაც ბევრად უფრო ძნელი ორთაბრძოლები ელოდება თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მის წინააღმდეგ ბევრად უფრო მონდომებით იჭიდავებენ.

აქამდე თუ მას პერსპექტიულ ახალგაზრდად მიიჩნევდნენ, ახლა უკვე წონის ლიდერთა შორის ჩადგა. ასეთებთან წარმატებით ჭიდაობა კი ნებისმიერისთვის ორმაგად სასურველია.

მარსაგიშვილი "ლელოს" სტუმარია და ევროპის ჩემპიონატსა თუ მომავალ ოლიმპიადაზე გვესაუბრება.

- ფინალში ჭიდაობა თქვენთვის უცხო არაა, თუმცა, ალბათ, ჩემპიონობას ვერ შეედრება...

- მართლაც ვერ შეედრება, ჩემპიონობა განსხვავებული რამეა. შარშან ფინალში გასვლა მეგონა დიდი საქმე, წლეულს კი ასე აღარ ვფიქრობდი, სულ სხვანაირად ვუყურებდი ამას. ფინალისტობა უკვე ჩვეულებრივ საქმედ მიმაჩნდა და ვფიქრობდი, რომ მთავარი მოგება იქნებოდა.

ჩემპიონობასა და მეორე პრიზიორობას შორის ძალიან დიდი სხვაობა ყოფილა. ამ გამარჯვებამ დიდი სტიმული და დიდი რწმენა მომცა. ალბათ, მომავალ ტურნირებზე მეტოქეებიც სხვაგვარად შემაფასებენ, როგორც ევროპის ჩემპიონს.

ბელგრადში ფავორიტად ვიყავი წასული, ანუ დიდი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული. ჩემთვის კარგი იყო, რომ წონის რამდენიმე ლიდერი არ ჭიდაობდა, მთავარ მეტოქედ კი რუსი ანზორ ურიშევი მიმაჩნდა, ვისთანაც შარშან ევროპის ჩემპიონატის ფინალი წავაგე. თან წილისყრამაც სხვადასხვა მხარეს მოგვახვედრა და ფინალამდე ერთმანეთს არ ვხვდებოდით.

ამიტომ იმთავითვე ფინალზე და ურიშევთან ორთაბრძოლაზე ვფიქრობდი და არა დანარჩენებზე, რადგან მათთან მოგებაში დარწმუნებული ვიყავი. ტურნირმაც დაადასტურა, რომ რაღაც ასპექტში მათზე მართლაც ძლიერი ვიყავი. მესამე წრეში კი გაირკვა, რომ ურიშევთან ფინალი არ მომიწევდა, რადგან ის ბულგარელ მსოფლიოს ჩემპიონ მიხაილ განევთან დამარცხდა.

არ ვიტყვი, რომ ეს მეწყინა. პირიქით, მესიამოვნა, რადგან მიმაჩნია, რომ რუსთან უფრო ძნელი ბრძოლა მექნებოდა. ხელწამოსაკრავი არც განევია, მაგრამ მასთან მოგება უფრო ადვილ საქმედ მიმაჩნდა და საბოლოოდ ასეც მოხდა.

მგონი, დამაჯერებლად მოვუგე ფინალი. ყოველ შემთხვევაში, არ გამჭირვებია. იქნებ იმიტომაც, რომ თავიდანვე უფრო მე წამივიდა ჭიდაობა, თუმცა ფაქტია, რომ მთელ შეხვედრაში ინიციატივას ვფლობდი.

მწვრთნელებს ფინალის წინ რამე კონკრეტული დავალება არ მოუციათ, გადაჭრით არაფერზე უთქვამთ, ის გაუკეთე ან იმან ეს არ გაგიკეთოსო.

უბრალოდ მითხრეს, რომ მთავარი იყო, ჩემი ჭიდაობა მეჩვენებინა და ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა. მეც დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში. იქნებ ზუსტად ვერ აგიხსნათ, რას ემყარებოდა ასეთი თავდაჯერებულობა, მაგრამ მჯეროდა, რომ მოვიგებდი.

- წელს თქვენს ჭიდაობაში საგრძნობი პროგრესია - იგრძნობა, რომ ყოველ შეხვედრას წინასწარ დასახული გეგმით ატარებთ და მეტოქის შეცდომებს არ ელოდებით. გეტყობათ, ბევრი გიშრომიათ მწვრთნელებთან - დავით ხურციასა და ზაზა თურმანიძესთან ერთად...

- განსაკუთრებულად არაფერი შეგვიცვლია, ძველებურად ვაგრძელებთ ვარჯიშს. უბრალოდ, შარშანდელთან შედარებით დატვირთვები ცოტა გავზარდეთ და ახლა ფიზიკურადაც უკეთ ვარ მომზადებული.

რაც შეეხება ასპარეზობისას წინასწარ დასახული გეგმის რეალიზებას, ეს უკვე გამოცდილებას მოაქვს - უფროსებში ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორი პირველობა ვიჭიდავე. ახალგაზრდებშიც გამოვედი იმავე შეჯიბრებებზე. იქ მიღებულ გამოცდილებას ვაანალიზებ და ამის საფუძველზე მოჭიდავედაც უფრო მეტად ჩამოვყალიბდი.

გამოცდილება ბევრს ნიშნავს და ჩემს თავსაც ვატყობ, რომ წელს უფრო დამაჯერებლად ვიასპარეზე, სხვანაირად ვიგრძენი ჭიდაობა. შარშან თუ ევროპის ჩემპიონატი დაუძლეველი მეგონა, წელს ასე აღარ ვფიქრობდი. საკუთარი თავისაც უფრო მეტად მჯეროდა და ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი ლიდერი, რადგან მანამდე კიევშიც იოლად გავიმარჯვე.

როცა დამაჯერებლად გამოდიხარ, რწმენა გემატება და ფსიქოლოგიური ბარიერიც გეხსნება. ამ ყველაფერთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს, შეჯიბრებას როგორი განწყობით შეხვდები. ამ დროს უმცირესი ნიუანსიც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და მარცხის მიზეზი გახდეს.

- მგონი, ბელგრადში განსაკუთრებულად არც ერთ შეხვედრაში არ გაგჭირვებიათ, ისე მოიგეთ ტურნირი...

- პირველ ორ შეხვედრაში მაკედონიელსა და ესპანელ მეტოქეებს იოლად მოვუგე. მესამე შეხვედრაში რუმინელ სტეფან გეორგიტას ვაჯობე, რომელიც ახლა მესამედ გახდა ევროპის მედალოსანი. ის შარშანაც დავამარცხე ევროპაზე. რუმინელი ფიზიკურად უფრო ძლიერია და მეტი შემართებით კი გავედი საჭიდაოდ, მაგრამ არც მასთან გამჭირვებია. ერთი ეგაა, რომ მთელ ტურნირზე ერთადერთი ქულა მასთან დავკარგე.

ნახევარფინალში თურქ სერდარ ბოკეს მოვუგე, რომელიც შარშან თბილისშიც დავამარცხე. ის დიდი შემართებით კი გამოვიდა საჭიდაოდ, მაგრამ საბოლოოდ უპრობლემოდ ავართვი ქულები.

ფინალში ურიშევთან შეხვედრაზე იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ წინასწარ დავგეგმე კიდეც, როგორ უნდა მეჭიდავა მასთან, რასაც არასოდეს ვაკეთებ. როცა განევი გავიდა ფინალში, მისი სტილი მხოლოდ მერე გავაანალიზე. მასთან შენახვედრი არც ვიყავი და კიდეც მაინტერესებდა ამ ტიპის მოჭიდავესთან პაექრობა. ინიციატივა თავიდანვე ავიღე ხელში და მასთანაც იოლად მოვიგე.

- პირველ პერიოდში მოძრაობაზე დაიჭირეთ და ისე აართვით ქულა. ასეთი ეშმაკური მანევრი ახალი იყო თქვენთვის. იმ მომენტში შეგნებულად გამოეცალეთ თუ ეს შემთხვევით მოხდა?

- არა, შემთხვევით მოხდა, სიტუაციიდან გამომდინარე. მაგ შეხვედრაში სხვაც იყო უჩვეულო - მარცხენა ფეხში თითქმის არასოდეს შევდივარ, მაგასთან კი სამჯერ შევედი. სამაგიეროდ, ჩემი საფირმო შესვლები არ გამიკეთებია. მეორე პერიოდში ქულის აღება ცოტა გამიგრძელდა და თითქოს დაღლის მომენტიც იყო - ქულის აღების შემდეგ რომ წამოვდექი, ხელებში ცოტა სიმძიმე ვიგრძენი, მაგრამ მაინც უპრობლემოდ მოვუგე.

- როგორ ფიქრობთ, შეხვედრა მესამე პერიოდში რომ გაგრძელებულიყო, გაუძლებდით? წინა წლებში ხომ დამატებითში დაღლილობისგან ძალიან გიჭირდათ ჭიდაობა...

- ვფიქრობ, გავუძლებდი, რადგან განევიც არანაკლებად იყო დაღლილი. ადრე მართლაც მეშინოდა დამატებითი დროის - ასე მეგონა, მხოლოდ მე ვიღლებოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მოწინააღმდეგეც ჩემს დღეში იყო. ახლა უფრო გახსნილად ვჭიდაობ, დაძაბული არ ვარ და კიდევ უფრო მეტად ვუძლებ. ამაში ისიც მეხმარება, რომ უკვე მე მიმყავს შეხვედრა, ინიციატივას ვფლობ და მეტოქეებს იქით ვუქმნი პრობლემებს.

მოწინააღმდეგე თუ გიტევს და მოძრაობს, მაშინ ორმაგად იღლები. შარშან ურიშევთან ჭიდაობისას თავს ვატყობდი, რომ ჩემს სტილში ვერ ვჭიდაობდი, მეტოქე არ მაძლევდა ამის საშუალებას. თუმცა მას შემდეგ ცოტა წინ წავიწიე და სხვანაირ მოჭიდავედ ჩამოვყალიბდი...

- მამამ, რომელიც თქვენი პირველი მწვრთნელიცაა, შარშან ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობის ფინალს ნერვიულობისგან თურმე ვერ გაუძლო. ამჯერად უყურა განევთან გადამწყვეტ ჭიდაობას?

- როგორც მითხრეს, ბოლომდე ვერც ამჯერად გაუძლო, პირადად კი არ მინახავს. ჯერ არ ვყოფილვარ ყაზბეგში ასული და, ალბათ, ვერც მოვიცლი წასასვლელად, რადგან უკვე ვარჯიში უნდა განვაახლო. ერთ კვირაში კი შეკრებაზე წავალ.

მამაჩემი ყოველ კვირას მირეკავს და მაკონტროლებს, როგორ ვივარჯიშე, რა სახის ვარჯიშები შევასრულე. ყველაფერი აინტერესებს ჩემი, რაც მომზადებას შეეხება.

- თავად როგორ მიგაჩნიათ, საოლიმპიადოდ რა ასპექტში გჭირდებათ მომატება? თუნდაც იმავე ფიზიკურ მომზადებაზე კი აღნიშნეთ, რომ უკეთეს ფორმაში ხართ, მაგრამ ამ კუთხითაც მეტი ხომ არაა საჭირო?

- ფიზიკურად წელს მართლაც უკეთ ვგრძნობ თავს. ცხადია, იმავე ჩოქბჯენიდან დატრიალებას ძალა სჭირდება, მაგრამ ტექნიკაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. უამრავი ნიუანსია, როგორ უნდა დაატრიალო - ფეხი სად უნდა ჩაუდგა, ხელი როგორ მოჰკიდო და სხვა... ესეც ვიღაცამ უნდა გასწავლოს, რასაც მერე ალღოს უღებ და ვარჯიშებზე ამუშავებ.

ბუნებრივია, ამ ნიუანსებზე ვმუშაობთ. ძალას კი რაც შეეხება, შეიძლება, ეს ასაკის გამოცაა. ყოველ შემთხვევაში, შარშანდელის შემდეგ ერთი წელიწადი მომემატა და ვგრძნობ, რომ ძალაც მეტია. რაც წლები გავა, კიდევ უფრო მომემატება. სხვათა შორის, თავდაჯერებაში ესეც მეხმარება - როცა გრძნობ, რომ ძლიერი ხარ, რწმენაც მეტია.

- შტანგებზე თუ ვარჯიშობთ და რა დროს უთმობთ ამას?

- შტანგებზე მიზანმიმართულად არ ვვარჯიშობ, მაინცდამაინც დიდ დროს არ ვუთმობ. ბავშვობიდანვე არ ვიყავი ძალისმიერი სტილის მოჭიდავე, რომ შტანგებზე მევარჯიშა. უფრო ტექნიკურ ჭიდაობას ვარჩევდი. შესაძლოა, მხრების, ხელების კუნთების გასავითარებლად ცუდი არ იყოს შტანგები, მაგრამ მაგ დროს ორგანიზმის გაუხეშების საშიშროებაცაა.

ალბათ, ნახეთ ევროპის ჩემპიონატზე რუსი აბდუსალამ გადისოვი ფიზიკურად როგორ იყო მომზადებული. მეეჭვება, მასეთ დონეს მხოლოდ შტანგების აწევით მიაღწიო. ვფიქრობ, მაგას ვიტამინები, სპეციალური პრეპარატებიც სჭირდება.

მხოლოდ შტანგა ამიტომ არ მგონია გამოსავალი და არ ვეტანები. თან ერთიცაა - იქნებ დიდი კუნთები ბევრს ჰქონდეს, მაგრამ ჭიდაობისას იმდენი ძალა არ ჰქონდეს. შეიძლება იმან 200-ჯერ ასწიოს შტანგა, შენ - მხოლოდ 100-ჯერ, მაგრამ ლეიბზე მაინც აჯობო. მე მაინც მგონია, რომ მთავარი ლეიბზე ვარჯიშია, რომელსაც შტანგა და კროსებზე სირბილი ვერ შეცვლის.

- საოლიმპიადოდ მთავარ კონკურენტებად ვინ მიგაჩნიათ და მათ წინააღმდეგ საგანგებოდ თუ ემზადებით?

- უმთავრეს კონკურენტებად აზერბაიჯანელ მსოფლიოს ჩემპიონ შარიფ შარიფოვს, უზბეკ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ზაურბეკ სოხიევსა და რუს ფალავანს მივიჩნევ, ვინც უნდა დააყენონ მათ - ურიშევი თუ ალბერტ სარიტოვი.

ამ სამეულს სხვებზე წინ დავაყენებ, თორემ უკრაინიდან იბრაგიმ ალდატოვი, ირანელი, ამერიკელი და კიდევ რამდენიმე მეტოქეც ანგარიშგასაწევია. უბრალოდ, სხვებს იმ სამეულის გვერდით ვერ დავაყენებ. თუმცა ვინც უნდა შეგხვდეს, ყველასთან უნდა იჭიდაო და მოიგო.

ცხადია, მწვრთნელებიც მეუბნებიან, ვინ რას აკეთებს, როგორ ჭიდაობს და მაფრთხილებენ მათგან მოსალოდნელ საფრთხეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

volnik
საღოლ ძმაო ეგრე გააგრძელე და ოლიმპიურ ოქროზეც შეიძლება ფიქრი
შორენა
დათო მეამაყება შენი გამარჯვება,მოხევეების წარმატებები მუდამ მახარებს.მუდამ წინ სვლას გისურვებ ცხოვრებაში.შორენა გოგბაიძე
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მესისა და კვარაცხელიას დაპირისპირების დიდი შანსი - რა გველის ივნისში
კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "ემპოლიმ" თამაში შემოატრიალა და სერია A-ში დარჩენის შანსი აქვს
[VIDEO] "ნაპოლიმ" და "ინტერმა" ფრედ ითამაშეს - ჩემპიონი 23 მაისს გაირკვევა
შენგელიას შვიდიანები | "ვირტუსმა" პლეი ოფი "ვენეციასთან" გამარჯვებით გახსნა
შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული ლეიდაში მოგებულ შეხვედრაში
[VIDEO] მამარდაშვილი "მესტალიას" დაემშვიდობა - "ვალენსიამ" ისევ წააგო
კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა და 24 მაისს ფინალის ტოლფასი მატჩი აქვს
აზაროვის საგოლე გადაცემა - "შახტარმა" ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა
ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
[VIDEO] დაბრუნება შედგა - ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"უკვე სახლშია, სრულიად ინტეგრირდა" - ლუის ენრიკემ დუბლის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა