"ძალიან რთული ოპერაცია გავიკეთე - მენჯის ძვალი ამომაჭრეს და ის ჩამისვეს ხელში, მაგრამ არა უშავს, უკეთესობა არის"
გურამ თუშიშვილი მეორედ გახდა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი, ოღონდ ამჯერად გამარჯვებას მძიმე წონაში მიაღწია. ეს წარმატება ორმაგად გამოდგა აღსანიშნავი - ხელის ოპერაციით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა დიდ სპორტს და თან ისე იჭიდავა, მრავლისმნახველმა ევროპელმა სპეციალისტებმა თვით დაუმარცხებელი ტედი რინერის ყველაზე სახიფათო კონკურენტად შერაცხეს.

ასეთი შეფასება ნებისმიერისთვის უდიდესი პატივია, ხოლო ახალგაზრდა ფალავნისთვის - მით უფრო.

თუშიშვილი ახალ თაობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, თუმცა მის ცხოვრებაშიც იყო "ეშმაკის ძახილი", რამაც ბევრიც დააკარგინა და ბევრსაც ნანობს.

მას დისკვალიფიკაციაც კი მისცეს, რადგან ერთხელ ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე... ნასვამი მივიდა. სამაგიეროდ, იმის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და დღეს შეკრებაზე ტელეფონსაც არ ატარებს, თავისი ნებით ჩააბარა მწვრთნელებს.

სხვა მხრივაც პროფესიონალად იქცა - დარბაზში ხომ თავდაუზოგავად ვარჯიშობს, ბოტანიკურში კლდეზეც კი დაცოცავს და სანიმუშო შეგირდად იქცა.

როგორ ემზადება ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობისთვის, რომელიც 23-27 ოქტომბერს აბუ დაბიში გაიმართება; რას ნანობს და რას მოუწოდებს მოზარდებს ან როგორ აფასებს ევროპირველობაზე გუნდურში წაგებას, ამაზე ახალგაზრდა ტალანტი თავად მოგვითხრობს.

- თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატზე ვისაუბროთ, სადაც ხელმეორე დაბრუნება შედგა სპორტში და მძიმე წონაში მოიპოვეთ ჩემპიონობა...

- ამ გამარჯვების იმედი მქონდა, რადგან მოსამზადებელ პერიოდში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. დიდ ყურადღებას და გვერდში დგომას ვგრძნობდი მწვრთნელებისგან - მინდია ბოდაველისგან, ლაშა გუჯეჯიანისგან, ირაკლი ცირეკიძისა და სხვებისგან.

მძიმე წონა ჩემთვის არაა უცხო - შარშანაც ვიჭიდავე და 100-კილოიანებს უფრო უადვილდებათ იქ ასპარეზობა, მაგრამ ამ ტურნირამდე მთელი 6 თვე გამიცდა ხელის ოპერაციის გამო. ამის მიუხედავად, წარმატების იმედი ნამდვილად მქონდა, რადგან, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მოგეხსენებათ, როგორი ტრავმა მაწუხებდა, მაგრამ ყველაფერს მოვერიე და ამდენი შრომის მერე წარმატების დროც იყო. თან რაკი სხვა წონაში გამოვდიოდი, პასუხისმგებლობა ნაკლები მქონდა, დაძაბულობა მოხსნილი იყო. მთავარი კარგი სტარტის აღება გახლდათ და, საბედნიეროდ, ტურნირისთვის კარგადაც განვეწყვე...

ყველაფერში დარწმუნებული ვერ იქნები, მაგრამ ამ განწყობით 100-შიც რომ მეჭიდავა, ალბათ, იქაც გავიმარჯვებდი.

- შეხვედრებს ძალიან თავისუფლად იგებდით, მაგრამ თუ იყო იმათგან ვინმე უხერხული მეტოქე?

- სიძლიერით ისევ რუსებს თუ გამოვარჩევ, მაგრამ არც ერთ შეხვედრაში არ გამჭირვებია. რუსებმა კარგად იცოდნენ, როგორ ვჭიდაობდი და უფრო ფსიქოლოგიური მომენტი იყო, ამათთან არ წავაგო-მეთქი, მაგრამ ისინი ორმაგად დაძაბულები იყვნენ. ორივე კავკასიელია და ურთიერთობაში ძალიან კარგი, მეგობრული ბიჭები არიან. ტატამის გარეთ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ტატამზე ძმა რომ ძმაა, იმასაც უნდა ეჭიდაო.

მეტოქეებს შიშის გრძნობას ვამჩნევდი, რაც მესიამოვნა კიდეც. როცა მეტოქეს ეშინია, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია. ეს რეაქციაზეც ეტყობათ, სახეზეც, მოქმედებაზეც, გამოხედვაზეც, სუნთქვაზეც... როცა ამას გრძნობ, სტიმული გემატება. თუმცა ახალგაზრდებში სხვა ჭიდაობაა, დიდებში კი უფო მეტი უნდა იმუშაო.

- მძიმე წონაში ასეთმა დაუძაბავმა ჭიდაობამ გააჩინა კითხვები თქვენს მომავალთან დაკავშირებით. პირადად თქვენ სად უფრო კარგად გრძნობთ თავს და სად ხედავთ საკუთარ მომავალს - მძიმე წონაში თუ 100-ში?

- შარშან დიდი ჩავარდნა მქონდა, თითქმის მთელი წელიწადი ტრავმით ვიჭიდავე და ამის გამო ვერ ვაჩვენე შედეგი. ამ ეტაპისთვის ჩემი წონა მაინც 100-ია და თუ ამას შევინარჩუნებ, კარგი იქნება. მე ვიბრძვი ოლიმპიური ლიცენზიისთვის და მისი მოპოვების დიდი ამბიცია მაქვს. ამჟამად 100 კილო ვარ და დროთა განმავლობაში აუცილებლად შევიცვლი წონას, მაგრამ უახლოესი წელიწად-ნახევარი-ორი წელიწადი მინდა 100 კილოს დაჭერა.

ძალიან მინდა ლიცენზიის მოპოვება, თუმცა მთავარია, განვითარების პროცესი წარიმართოს სწორად. მწვრთნელებიც სულ მეუბნებიან, არ იჩქაროო.

ამ ეტაპისთვის ნაოპერაციები ხელის რეაბილიტაცია ბოლომდე არაა დასრულებული. მსოფლიოსთვის კიდევ რომ დამეკლო, მერე სალიცენზიო შეჯიბრებებზე ისევ მომიწევდა იმავეს გაკეთება, ასე მალ-მალე ამდენის დაკლება კი სულ გამომფიტავდა. ეს არც ხელისთვის იქნებოდა კარგი და არც ჯანმრთელობისთვის. ამიტომ 100 კილოში კონკრეტული შეჯიბრებისთვის მოვემზადები, სადაც გამიშვებენ მწვრთნელები და რა შანსსაც მომცემენ.

- ანუ ხელი ჯერ კიდევ ბოლომდე მოუშუშებელია. კონკრეტულად რაში გაფერხებთ - ჩავლებებს ვერ იღებთ და ძალას ვერ ატანთ, მოძრაობაში გზღუდავთ თუ რაში?

- ჯერ ბოლომდე არაა მომაგრებული და მუდამ სახვევს ვატარებ, შიშის გრძნობა მაქვს. თუმცა არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება. პირადი მწვრთნელი იქნება თუ - ნაკრებისა, ექიმები თუ ყველა გვერდში მიდგანან. დიდი მადლობა ამისთვის თითოეულ მათგანს. ყველას ძალიან ეიმედება ჩემი და არ მინდა, მათ ეს იმედი გავუცრუო.

- ვიცი, რომ უკვე კლდეზეც დაცოცავთ, სრულად ვარჯიშობთ და არასაშეჯიბრებო დატვირთვისას, ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენად გაწუხებთ ხელი?

- როცა ვარჯიშობ და აზარტში შედიხარ, იმდენად ვეღარ გრძნობ, მაგრამ რაღაც დისკომფორტი მაინცაა. მაგალითად, ცოტა მეტი სიმძიმე თუ მომივა. ხელი დაახლოებით 70-80 პროცენტით იტვირთება. ექიმები თავიდანვე მეუბნებოდნენ, რომ დროთა განმავლობაში თავისით დალაგდებოდა ყველაფერი და ასეც ხდება. ძალიან რთული ოპერაცია გავიკეთე - მენჯის ძვალი ამომაჭრეს და ის ჩამისვეს ხელში, მაგრამ არა უშავს, უკეთესობა არის. ერთი თვის წინ სულ სხვა იყო ხელი, ახლა კი გაცილებით უკეთესი ვითარებაა.

- ისევ წონის სავარაუდო შეცვლას დავუბრუნდები. ფაქტია, რომ მძიმეწონოსნებთან გაცილებით გაგიიოლდათ ჭიდაობა, ხოლო 100 კილოგრამის წარმომადგენელთან გუნდურში დამარცხდით. რა იყო ნიაზ ილიასოვთან წაგების მიზეზი?

- მიზეზი იყო ემოცია, ძალიან თავდაჯერებული გავედი საჭიდაოდ. იოლ მოგებას ველოდით. ცოტათი ბექა ღვინიაშვილის ისეთმა საკამათო წაგებამაც იმოქმედა და ბევრი ავიღე ჩემს თავზე. პირადი პირველობა რომ ყოფილიყო და არა გუნდური, როცა პირველივე მისვლაზე იუკო ავუღე, იმის მერე დავდგებოდი და აღარაფერს აღარ გავაკეთებდი, არაფერს არ ვეცდებოდი, რადგან საფრთხის საშიშროება იყო. ახლა ფიზიკურადაც ვაჯობე, რაც ჩავლებისას ხელებში ვიგრძენი, თან იმდენად მონდომებული ვიყავი, ზედმეტი მოვინდომე და შევცდი, ცუდი შესვლა გამომივიდა. ჩემი აზრით, ეს იყო ამ მარცხის მიზეზი.

სამაგიეროდ, მომხდარი სამომავლოდ კარგი გაკვეთილია. ახლა, მსოფლიოსთვის მზადების პროცესში გუნდურისთვის უფრო ვემზადებით, რევანში გვინდა. ცხადია, პირადულზეც ვფიქრობთ, მაგრამ გუნდური ჩემპიონობა გვსურს. ევროპაზე ძალიან თავდაჯერებულები ვიყავით.

- მართალია, რომ ევროპაზე თურმე ლურჯი კიმონოები არც კი წაიღეთ სათადარიგოდ, რადგან წაგებას არც ელოდით?

- ბანალურია, მაგრამ ასეა. ძალიან იმედიანად ვიყავით, მაგრამ არა უშავს - ზოგჯერ ასეთი წაგება უფრო ჭკუის სასწავლებელია, ხოლო მეტოქე - უფრო მეტად დასაფასებელი და შესასწავლი.

რუსებიც მოჭიდავეები არიან, ჩვენზე მეტს თუ არა, ნაკლებსაც არ ვარჯიშობენ. თან შემადგენლობებსაც ცვლიან - გუნდურში სულ სხვა ხალხი გამოჰყავთ. ვინც წინა დღით პირადში იჭიდავებს, ისინი გადაღლილები არიან და მათ არ აყენებენ. მართალია, პირადში ილიასოვმაც იჭიდავა და ბრინჯაოც მოიპოვა, მაგრამ გუნდურში მხოლოდ ჩემთან შემოუშვეს, სხვებთან დაასვენეს.

- ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რუსთა მწვრთნელებს მთელი გუნდი კარგად ჰყავდით შესწავლილი, რაც ჯერ კიდევ ღვინიაშვილისა და მიხაილ იგოლნიკოვის შეხვედრაში გამოჩნდა...

- კი, მართლაც კარგად ვყავდი შესწავლილი. ეს მეც კარგად გავიაზრე მერე, როცა ჩანაწერს ვუყურებდი. მან ბოლო წამებზეც ჩამატრიალა, თვითონ არ შეტრიალებულა, მე მელოდებოდა, რომ კონტრზე მოვეყოლებინე. ეს ვიცოდი თუ არა, მე მაინც უფრო ზედმეტი მონდომების ბრალი მგონია, რადგან ჩემზე იყო ყველაფერი დამოკიდებული. სიძლიერეზე უფრო მეტად ჭკვიანური ჭიდაობით მომიგო, წაგება ჩემი გამოუცდელობის და დიდი ემოციების ბრალია. წინა დღეს დიდი ემოცია მივიღეთ, როცა ჩემპიონები გავხდით.

- ამ გამოსვლის შემდეგ თურმე უცხოელმა სპეციალისტებმა დაუმარცხებელი ტედი რინერის ყველაზე საშიშ მეტოქედ დაგასახელეს. სხვათა შორის, ეს მოსაზრება აქაურ ქომაგებშიც გაჩნდა...

- დაუმარცხებელი და წაუქცეველი არავინაა. რინერი ლეგენდაა, ასეთი სპორტსმენი იშვიათია, მე კი ვინც მინახავს, ასეთი არავინაა. მასთან ჯერ ვერ მივალ, მაგრამ მომავალში რატომაც არა. მისი დამარცხების ამბიცია გაჩნდება მაშინ, როცა მზად ვიქნები ამისთვის.

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის როგორ ემზადებით, როგორი განწყობა გაქვთ ამ წარმატების შემდეგ?

- მსოფლიოს პირველობა სულ სხვა ტურნირია, მაგრამ როცა ევროპის ჩემპიონად ჩადიხარ, რაღაც პლუსი მაინც გაქვს. მთავარია, მაქსიმალურად დაიხარჯო და მოსაგებად ყველაფერი გაიღო. ამ პირობებში თუ წააგებ, გული მაინც არ დაგწყდება, რაღაც ვერ გავაკეთეო. თუ კარგად მოემზადები და ბოლომდე ჭკვიანურად იჭიდავებ, შედეგი იქნება.

არადა, კარგად ვემზადებით, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ ლაშა გუჯეჯიანთან ერთად. ძალიან ბევრს ვსწავლობ მისგან, დიდ გამოცდილებას ვიღებ. ფაქტობრივად, ყოველდღე რაღაც ახალს მიზიარებს თავისი სპორტული წარსულიდან - თუნდაც რინერთან ჭიდაობიდან, თუნდაც კისრულზე საიდან წამოვა უფრო უკეთესად და საიდან უნდა ავიკიდო... ამ ყველაფერს მიზიარებს და ორმაგად მაძლიერებს, ძალიან სასიამოვნოა ეს მუშაობა. ჯერჯერობით მზადების ახლებური მოდელით კმაყოფილი ვარ. იმედია, ბოლომდე გაამართლებს...

- ჩახტომითი კისრული საფირმო ილეთად იქცა. ბავშვობიდან აკეთებდით ამას, ქართული ჭიდაობის გავლენაა თუ საიდან მოვიდა თქვენს არსენალში?

- მძიმეწონოსნებთან ეს ეფექტური ილეთია. ამ ფანდით ჩემი პირადი მწვრთნელი ბათო ჯიქური გამოირჩევა და ბავშვობიდან შემასწავლა. ძალიან მაგარი, ლამაზი და გამოსადეგი ილეთია მძიმე წონაში.

- კიდევ რა ილეთები გაქვთ, რომლებსაც ასე თავისუფლად შეასრულებთ, ან თუ მუშაობთ ტექნიკური არსენალის გამდიდრებაზე?

- ილეთს შენით ვერ შექმნი, მომენტი უნდა დაიჭირო. თითქმის ყველა ფანდი შემიძლია, რაც ძიუდოისტმა უნდა იცოდეს საჭირო მომენტში. მთავარია, საჭირო დროს გააკეთო. მაგალითად, მძიმე წონასთან არაა საჭირო ამოსმული, რადგან შეიძლება, სიმძიმით ვერ დაძლიო და ჩაგატრიალოს. ტაქტიკურად უნდა მიუდგე ყველაფერს.

- ფიზიკურად ასეთი ძლიერი, შებოჭვებზე თუ ჭიდაობთ?

- გერმანიის ტურნირზე თითქმის ყველა შევბოჭე. აქ სისწრაფის მომენტია, ძალა იმდენად არ მუშაობს - სწორად თუ დაიჭერ, რაც უნდა ძლიერი იყოს, ვერ გაგექცევა.

- მსოფლიოსთვის ამზადებთ რამე ახალს? ალბათ, უკვე ყველას გაშიფრული ეყოლებით და ეცდებიან, სიახლე დაგიპირისპირონ...

- მსოფლიოს ჩემპიონატზე მარტო ჩახტომითი კისრული არ იქნება. ყველაფერი ღმერთის ნებაა, მაგრამ იქ ძალიან დიდი შემართებით და დიდი ენთუზიაზმით მივდივარ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kote
წარმატებები უსურვოთ გურამს და ქართველ ძიუდოისტებს
ლევანი
თხოვნა იქნება, რომ მოამზადოთ სტატიები ლეგენდარულ ძიუდოისტებზე... ვფიქრობ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის და განსაკუთრებით, ახალდამწყებ ძიუდომანთათვის...
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
გურამ თუშიშვილი: დავამტკიცებ, რომ შემთხვევით არ მომიგია
სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]
თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]
ტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ..." - ინალ ტასოევი
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
ძიუდოისტთა ნაკრები: გუნდი ესპანურ კემპზე, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბაკურიანში
რინერის დამმარცხებელი - ინტერვიუ გურამ თუშიშვილთან [დასასრული]
რატომ უკრძალავს დავით ქევხიშვილი ახალგაზრდა ძუდოისტებს მანქანის ყიდვას
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
ტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ძიუდოისტები 2022 წლის პირველი გრან პრისთვის ემზადებიან
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
რამ გამოიწვია ძიუდოისტების არადამაკმაყოფილებელი შედეგი? - გუჯეჯიანი მტკივნეულ ცვლილებებთან...
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა და მსოფლიოზე იჭიდავებს
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
რინერი თბილისში ჩამოდის? - ლეგენდარული ფრანგი გრანდ სლემზე დარეგისტრირდა
ევროპის ჩემპიონატი: ოქრო გუნდი, მეცხრედ! [VIDEO]
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის