
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია წამსვლელებზე, პრიორიტეტებზე, განათხოვრებულებსა და ლეგიონერებზე...
თბილისის "დინამო" ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა. კლუბის ხელმძღვანელობას აქვს საშუალება, მშვიდად გააანალიზოს დაშვებული შეცდომები და აქედანვე ჩაყაროს წარმატების საფუძველი.
როგორი იქნება "დინამოს" სამომავლო ნაბიჯები, ამის თაობაზე სულ მალე შევიტყობთ, მანამდე კი ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მოვუყრით თავს...
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი საქართველოში პირველად "ზესტაფონში" გამოჩნდა. მან მალევე აუღო ალღო ჩვენს პირველობას და ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე მისი ნატურალიზების ალბათობასაც განიხილავდა...
ასევე საუბრობენ იმის თაობაზე, რომ გუნდიდან შეიძლება წავიდეს საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლადო დვალიშვილი. ითქვა იმის თაობაზეც, რომ არსებობს ინტერესი მათე ცინცაძესა და ჯაბა ჯიღაურთან დაკავშირებითაც...
ძალიან მნიშვნელოვანია ნუკრი რევიშვილის საკითხი. არ არის გამორიცხული, თბილისის "დინამო" ნაკრების მეკარემაც დატოვოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კარიერის გაგრძელების უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდება.
ასეთ შემთხვევაში, "დინამო" ალბათ უკრაინელ მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოს მოიყვანს. ის კარგი მეკარეა და "ზუგდიდის" შემადგენლობაში თავი მშვენივრადაც წარმოაჩინა, თუმცა ერთია თამაში უმაღლესი ლიგის აუტსაიდერში და მეორე - ქართული საკლუბო ფეხბურთის გრანდში.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბთან კონტრაქტის გაახანგრძლივა გიორგი პაპუნაშვილმა. თუმცა ამბობენ, რომ მან მაინც შეიძლება დატოვოს "დინამო". ამ შემთხვევაში, კლუბი ფინანსურ სარგებელს ნახავს და ეს ცუდი ნამდვილად არ არის, ოღონდ კარგ ფორმაში მყოფი პაპუნაშვილი საჭირო ფეხბურთელად მოჩანს თბილისის "დინამოსთვის".
ამ დროისთვის "დინამოს" ხელმძღვანელობის მთავარ პრიორიტეტად ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბება მოჩანს, რომელიც ღირსეულად დაიცავს კლუბის პრესტიჟს როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
რაც შეეხება მწვრთნელს, ევროსაგზურის გარეშე დარჩენის მიუხედავად, ვიაჩესლავ გროზნის ჯერ ვერ გავაკრიტიკებთ. ერთ თვეში გუნდს წარმატებას გროზნი კი არა, მასზე გაცილებით მაღალი დონის სპეციალისტიც ვერ მოუტანდა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი პრიორიტეტი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებაა, რომლებმაც ასაკობრივ გუნდში თავი კარგად წარმოაჩინეს.
მკითხველი დაგვეთანხმება, რომ მთავარ მწვრთნელად მოსვლის შემდეგ გროზნი დიდ ნდობას უცხადებს სწორედ ახალგაზრდებს. მაგალითისთვის გიორგი ზარიაც იკმარებს. ამ ბოლო დროს, ის "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერად და მეგოლედ გვევლინება.
რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდებთან ერთად, გუნდში იქნებიან გამოცდილი ფეხბურთელებიც.
ის, რომ "დინამო" მაქსიმალურად იაქტიურებს ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებთან მიმართებაში, უკვე გამოჩნდა - ჩვენი ინფორმაციით, არაფერი უდგას წინ იმას, რომ "ცხინვალის" ყოფილმა საყრდენმა ბაქარ ქარდავამ კარიერა "დინამოში" გააგრძელოს.
საჩხერის "ჩიხურამ" ვერცხლის მედლები მოიგო და ეს წარმატება პირდაპირ უკავშირდება საბა ლობჟანიძეს. ეს ფეხბურთელი კონტრაქტით "დინამოს" საკუთრებაა, თუმცა ამ დრომდე მას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შემადგენლობაში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლეოდა.
მართალია, ბოლნისის "სიონი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ ამ გუნდის შემადგენლობაში კარგი სეზონი ჰქონდა დავით ვოლკოვს. ასევე თბილისის "დინამოს" საკუთრებაა ბოლნისელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი, ფლანგელი ოთარ კობახიძე.
თურქულ შეკრებაზე გუნდის ახალწვეულები აუცილებლად მიიღებენ თავის გამოჩენის შანსს და, შეიძლება ითქვას, ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული.
ჩვენი ინფორმაციით, "დინამოში" უკრაინელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ლეგიონერების გამოჩენას სპონტანური სახე არ ექნება და ისინი გამოჩნდებიან მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც ადგილობრივი რესურსი საკმარისი არ იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"