მთავარი მწვრთნელი მარკ ვილმოტსი მორიდებულად ლაპარაკობს - ნახევარფინალიც დამაკმაყოფილებსო...
- ჟურნალისტები ბელგიას ევრო-2016-ის ერთ-ერთ ფავორიტად თვლიან. ეთანხმებით ასეთ მოსაზრებას?
- ევროპის ჩემპიონატზე 5-6 გუნდია, რომლებსაც თასის მოპოვება შეუძლიათ. მათ შორის ბელგიასაც ვთვლი, მაგრამ, როცა შეჯიბრებაში მონაწილეობენ ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და
- რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ?
- მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ ვამბობდი, რომ ევრო-2016-ზე მოხვედრა და ნახევარფინალში გასვლა დიდი მიღწევა იქნებოდა. ყოველთვის სასიხარულოა საუკეთესო კვარტეტში მოხვედრა. საერთოდ კი, ჩემპიონი ერთი გახდება, ყველა დანარჩენი შედეგით უკმაყოფილო დარჩება.
- ფავორიტებს როგორ დაახასიათებდით?
- თასის აღების ყველაზე მეტი შანსი ფრანგებს აქვთ. ერთი იმიტომ, რომ შინ თამაშობენ, მეორეც - დიდი არჩევანი აქვთ. 80 კანდიდატიდან აარჩიეს საუკეთესოები. ერთ პოზიციაზე სამი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ. ესპანელები მსოფლიოს ფეხბურთში ექვსი წელი დომინირებდნენ და 2014 წლის მუნდიალზე განცდილი ფიასკოს შემდეგ ეცდებიან, სიტუაცია გამოასწორონ. დელ ბოსკეს ეყოლება ფეხბურთელები "ბარსელონადან" და "რეალიდან", გუნდებიდან, რომლებიც მიჩვეულები არიან ტიტულების მოგებას. მაგალითად, ბუსკეტსსა და ინიესტას არ ესწავლებათ, როგორ გაიმარჯვონ დიდ შეჯიბრებაში.
გერმანიის ნაკრებში "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ფეხბურთელები უხვად არიან. მათთვისაც ნაცნობია დიდი მოგებების გემო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენ ხანს ელოდნენ ტიტულს გერმანელები. მათ 1996 წლის შემდეგ არაფერი ჰქონდათ მოგებული. მიზანს 2014 წელს ბრაზილიაში მიაღწიეს. თუმცა, ვფიქრობ, ფინალში გამარჯვებას მათზე მეტად არგენტინელები იმსახურებდნენ. ასე რომ, როდესაც ბელგიას ფავორიტთა რიცხვში ვათვლით, უამრავი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. დიდი საკლუბო შეჯიბრებების მომგები მხოლოდ ერთი-ორი ფეხბურთელი გვყავს.
ჩემს ქვეყანაში კი ზოგს რეალობის გრძნობა აქვს დაკარგული და ჩვენგან ზედმეტს ითხოვს. ვცდილობ, ღრუბლებში არ ვიფრინო, ხალხს შევახსენო, რომ ჩემი თავდამსხმელების საშუალო ასაკი 22 წელია. არ გეგონოთ, თავს ვიზღვევ, უბრალოდ, ვცდილობ, რეალობა წარმოგიდგინოთ. ბელგიის ნაკრებს მართლაც შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება, მაგრამ საამისოდ აუცილებელია კარგი მომზადება და კიდევ უამრავი ფაქტორის სასიკეთოდ დამთხვევა.
- პირველ მატჩს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ატარებთ...
- წინასწარ რთული განსასაზღვრია, კარგია თუ არა სადებიუტო მატჩის შეჯიბრების ფავორიტთან გამართვა. წარმოვიდგინოთ, რომ ბელგიამ იტალიასთან წააგო, ხოლო შვედეთმა ან ირლანდიამ გაიმარჯვა. ასეთ შემთხვევაში ბელგია კედელთან აღმოჩნდება - წაგების უფლება არ დაგვრჩება. ევრო-2016-ზე ყველაზე რთულად დასაძლევი ბარიერი სწორედ ჩვენი ჯგუფი იქნება. ანტონიო კონტე წილისყრის შედეგებით უკმაყოფილო დარჩა. მეც, თუმცა ახლა ჩივილის კი არა, მომზადების დროა.
ვარსკვლავი. რომელუ ლუკაკუ: ქუდს ვიხდი ზლატანის წინაშე
იტალიის ნაკრებზე
- ჩვენი პირველი მეტოქე იტალიაა, რომელიც ტაქტიკურად ძალიან ძლიერია. შეტევაზე სწრაფად გადასვლაც შეუძლია და მთელი თამაშის მაღალ ტემპში ჩატარებაც. დაცვაში "იუვენტუსის" შეთამაშებული ფეხბურთელები ჰყავს, რომლებმაც კარგად იციან კონტეს მოთხოვნები, ანტონიო ხომ რამდენიმე წელი ავარჯიშებდა "იუვეს". "სკუადრა აძურას" სათამაშო სტილი ტურინული გუნდისას მაგონებს. ამას ჰაერზე არ ვამბობ, იტალიის ჩემპიონატის უამრავი მატჩი მაქვს ნანახი. ჩემთვის იტალია ევრო-2016-ის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია.
ირლანდიაზე
- "ევერტონში" ირლანდიის ნაკრების არაერთი წევრი თამაშობს. მათთან ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენი გუნდების შანსებზე ბევრი მაქვს ნალაპარაკები. მემუქრებიან... მეც ვემუქრები. დარწმუნებული ვარ, ირლანდია იოლი ნადავლი არავისთვის იქნება.
იბრაჰიმოვიჩზე
- ზლატანი შესანიშნავი თავდამსხმელია. გადამწყვეტი მატჩები პირადად აქვს მოგებული. როცა უყურებ მის სტატისტიკას, მის თამაშს... დაუჯერებელია, მაგრამ წლიდან წლამდე უმჯობესდება! იტალიის ჩემპიონატში 25 გოლი გაჰქონდა, არადა, კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ რთულია იტალიაში გოლის გატანა. მაშინ 28-29 წლისა იყო. ახლა 34 წლისაა და ძველებურად შედეგიანია.
საკუთარ თამაშზე
- ვიცი, მაქვს საკმარისი გამოცდილება, რომ გუნდს სათანადოდ დავეხმარო. "ევერტონში" ხომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. სეზონი ჩემთვის კარგად აეწყო. კმაყოფილი ვარ. ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთი კარგი გამომივიდოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"