თვითონ მწვრთნელს თავისი მისია ჰქონდა - იმ ტაქტიკის გამოცდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე დაეყრდნობა. ჯერ კიდევ მატჩის წინ ანტონიო კონტემ ღიად განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი იარაღი სწორი ტაქტიკური მონახაზი იქნება, რომელსაც ფეხბურთელები ზედმიწევნით დაიცავენ და მწვრთნელის ყველა დავალებას შეასრულებენ...
ტაქტიკა და შემადგენლობა
როდესაც გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატს კლაუდიო მარკიზიო და მარკო ვერატი გამოტოვებენ, იტალიელმა ჟურნალისტებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ ანტონიო კონტე 4-4-2 ტაქტიკაზე უარს იტყოდა და ფსონს 3-5-2-ზე გააკეთებდა. თუ შოტლანდიასთან მატჩით ვიმსჯელებთ, ეს ასეც მოხდა. კონტემ სწორედ 3-5-2 სქემა აირჩია, აი, შემადგენლობაში კი გარკვეული სიახლეები იყო...სიახლეები უკანა ხაზს არ ეხება, რადგან კარში ჯანლუიჯი ბუფონი იდგა, დაცვის ხაზში კი - ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი. ეს არის ტრიო, რომლის იმედი მწვრთნელს ნამდვილად შეუძლია ჰქონდეს. მთელი მატჩის განმავლობაში ბრიტანელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და ამაში მცველებმა ლომის წილი დაიდეს.
ფლანგებზე ანტონიო კანდრევა და მატეო დარმიანი ვიხილეთ. პირველი უფრო შეტევაზე იყო ორიენტირებული, ხოლო მეორე უფრო დაცვით ფაზაში იყო ეფექტური. შუა ხაზი ალესანდრო ფლორენციმ, დანიელე დე როსიმ და ემანუელე ჯაკერინიმ გაამაგრეს.
დე როსი გასაგებია, აი, ჯაკერინი და ფლორენცი კი მაინც უფრო ფლანგის ფეხბურთელები არიან და მათი ცენტრში გამოჩენა ცოტა მოულოდნელი იყო. ემანუელემ ბევრი ირბინა, იაქტიურა და მინიმუმ, სამჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ თითქოს, აკლდა რაღაც და ეს რაღაც შესაძლოა, კლასი იყოს. რაც შეეხება ფლორენცის, უჩვეულო პოზიციაზე აშკარად გაუჭირდა შესაძლებლობების დემონსტრირება.
თავდასხმაში მარტინს ედერისა და გრაციანო პელეს ტანდემი ვიხილეთ. პირველი მთლიანად ჩაიკარგა და 60 წუთის განმავლობაში სახეირო არაფერი უქნია, პელემ კი ბევრი იბრძოლა, რაც გოლით დაუფასდა. თანაც, გრაციანომ ულამაზესი გოლი შეაგდო - საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი და მოჭრილი, უზუსტესი დარტყმით მეკარისაგან მარცხენა კუთხეში გაახვია...
კონტემ ცვლილებები საკმაოდ გვიან გააკეთა და შესაბამისად, შეცვლაზე შესული ფეხბურთელების შეფასება გაგვიჭირდება. ალბათ, ლორენცო ინსინიეს მოეთხოვებოდა მეტი, რომელმაც ნახევარი საათი ითამაშა და ამ პერიოდში, ბურთს ორჯერ თუ სამჯერ შეეხო. მოედანზე არ გამოჩენილან იტალიის ნაკრების დებიუტანტები: დავიდე ძაპაკოსტა, მარკო ბენასი და დანიელე რუგანი.
თამაში
თამაში იტალიელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს. ანტონიო კონტეს შეგირდებმა 17-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, მეტოქემ კი მხოლოდ ერთხელ სცადა ბედი და ის დარტყმაც არაზუსტი გამოდგა. მოკლედ, იტალიამ აჯობა შოტლანდიას და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება.იტალიელთა საუკეთესო რგოლი დაცვა გახლდათ, რომელმაც შოტლანდიელებს არაფერი გააბედინა. მცველებს დანიელე დე როსიც შეგვიძლია მივაკუთვნოთ, რომელიც საყრდენი იყო, შლიდა შეტევებს და დავალება იდეალურად შეასრულა.
იტალია ბევრს უტევდა, მომენტებსაც უხვად ქმნიდა, მაგრამ ამ იერიშების უმეტესობა სწორხაზოვანი და ადვილად პროგნოზირებადი იყო. აქცენტი ფლანგიდან შეტევებზე კეთდებოდა, ეს იერიშები კი, უმეტეს შემთხვევაში, ანტონიო კანდრევას უშედეგო ჩაწოდებით სრულდებოდა. აშკარაა, რომ იტალიას მეტი ფანტაზია და ნაკლები წუნი მართებს შეტევაში.
მთლიანობაში, ეს იყო იტალია, რომელიც არც ისეთი სუსტია, როგორც ბევრს ჰგონია და შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა, თუმცა ამისთვის გარკვეულ კომპონენტებზეა სამუშაო და შესაბამისად, ხარვეზებია აღმოსაფხვრელი.
მატჩის შემდეგ
ანტონიო კონტე: "მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მათთვის ეროვნული ნაკრები ძალიან ბევრს ნიშნავს. კარგი თამაში იყო, რომელშიც დადებით შედეგს მივაღწიეთ და ევროპის ჩემპიონატის კონტურებიც დავინახეთ. სამშაბათს 23-კაციანი განაცხადი უნდა გავაკეთო და უმძიმესი არჩევანის წინაშე ვარ. მინდა წინასწარ გადავუხადო მადლობა მათ, ვისი სახლში გაშვებაც მომიწევს. ნაკრების მთავარ ექიმ ენრიკო კასტელაჩის შევხვდები, ვინც თითოეული ფეხბურთელის ფიზიკური მომზადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მომაწვდის და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ".გრაციანო პელე: "მალტას ჩემთვის ბედნიერება მოაქვს, რადგან პირველი სანაკრებო გოლი სწორედ აქ გავიტანე. არ იყო ცუდი თამაში, მაგრამ თუ ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა გვსურს, სულ სხვა დონეზე უნდა გავისარჯოთ. ჩვენ არ ვართ ფავორიტები, მაგრამ შეგვიძლია, რომ ევროპა გავაოცოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".
მონტოლივო დაშავდა
შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრებმა ვარჯიში გამართა, რომელშიც რიკარდო მონტოლივომ მყესი დაიზიანა და წვრთნა ნაადრევად შეწყვიტა. ანალოგიური ტრავმის გამო 31 წლის ნახევარმცველმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა და შესაძლოა, ამჯერადაც იგივე გამეორდეს. თუმცა ჯერ ექიმებს საბოლოო დიაგნოზი არ დაუსვამთ და არც ისაა გამორიცხული, რომ, ტრავმა მსუბუქი გამოდგეს.იტალია-შოტლანდია 1:0
გოლი: 1:0 პელე (57)
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა (62. პაროლო), ფლორენცი, დე როსი (67. ჟორჟინიო), ჯაკერინი, დარმიანი (60. ბერნარდესკი) - ედერი (59. ინსინიე), პელე (67. ძაძა)
შოტლანდია (4-4-2): მარშალი - პატერსონი (46. ბერა), მარტინი, ჰანლი, მალგრიუ - ფილიფსი (71. ბურკი), დ. ფლეტჩერი, მაკარტური (83. ბრაისონი), ანია (71. ნეისმიტი) - რიტშე. მაკკორმაკი (46. ს. ფლეტჩერი)
მაყურებელი: 5 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"