"მამლების" ის შემადგენლობა, რომელიც დიდიე დეშამმა შეარჩია ევროპის პირველობისათვის, ძალიან ძლიერია. არანაკლებ შთამბეჭდავია იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო გამოტოვებენ ევროფორუმს. ჩვენი წერილი სწორედ მათზეა, თქვენ კი უნდა განსაჯოთ, რომელი საფრანგეთი ჯობია...
მეკარე
ალფონს არეოლა (ვილიარეალი)
გასაგებია, რომ საფრანგეთის ნაკრების პირველი ნომერი უგო ლორისია, მაგრამ მეკარის პოზიციაზე ვაკანსიები კიდევ არის და "ბვილიარეალის" მეკარე, ალბათ, მაინც იმსახურებდა ევროგანაცხადში მოხვედრას. მას ესპანურ კლუბში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.
მცველები
რაფაელ ვარანი (რეალი)
ჟერემი მატიო (ბარსელონა)
დიდიე დეშამის გემოვნებაში ვერ ჯდება. მართალია, შეცდომები ახასიათებს, მაგრამ ჩვენი აზრით, ზედმეტი არ იქნებოდა საფრანგეთის ნაკრების უკანა ხაზისათვის. მით უმეტეს, "ბარსაში" გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა.
კურტ ზუმა (ჩელსი)
რომ არა ტრავმა, "ჩელსის" ცენტრალური მცველი, ვისაც ჟოზე მოურინიომ უდიდესი მომავალი უწინასწარმეტყველა, ნაკრებში აუცილებლად მოხვდებოდა და ძირითად შემადგენლობაში თამაშზეც ექნებოდა პრეტენზია.
ბენუა ტრემულინა (სევილია)
დასრულებულ სეზონში "სევილიას" ერთ-ერთი ლიდერი იყო. ეროვნულ გუნდში დიდი კონკურენციის გამო ვერ მოხვდა.
მამადუ სახო (ლივერპული)
ცოტა ხნის წინ დოპინგ-სკანდალში გაეხვა. ბრალდება მოუხსნეს, მაგრამ დიდიე დეშამმა მაინც არ წაიყვანა ის ევროპის ჩემპიონატზე. დეშამის აზრი ასეთია: საფრანგეთის ნაკრების წევრის რეპუტაციას ჩრდილი ოდნავაც არ უნდა მიადგეს!
ნახევარმცველები
ლასანა დიარა (მარსელი)
მორგან შნეიდერლენმა უნდა თქვას ბედი მაქვსო, ის დეშამმა შინ დატოვა, მაგრამ განაცხადების მიღების ბოლო დღეს (31 მაისს) დაიმტვრა გამოცდილი დიარა და ევრო 2016-ზე მანჩესტერელი წავიდა. დიარაზე, რა ვთქვათ - მისი კლასი ეჭვქვეშ არასოდეს ყოფილა. "ჩელსის", "არსენალისა" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი გასულ სეზონში "მარსელის" ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.
ადრიან რაბიო (პსჟ)
ბევრი ელოდა, რომ "სენ ჟერმენის" ამომავალი ვარსკვლავი, ვინც საფრანგეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები მოიარა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებოდა,მაგრამ დეშამმა ასეთი არჩევანი გააკეთა. რაბიოს ყველაფერი წინ აქვს.
ჟოფრეი კონდოგბია (ინტერი)
"ინტერის" საყრდენი ნახევარმცველი ნაკრებში ვერ მოხვდა. ეს, ალბათ, არათანაბარი სეზონის ბრალია. არადა, ისიც საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი იყო.
ფრანკ რიბერი (ბაიერნი)
საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ჯერ წავიდა ეროვნული ნაკრებიდან, მერე კი დაბრუნება მოისურვა. ახლა უკვე დეშამს აღარ ჰქონდა დიდი სურვილი, რიბერის ხუშტურებზე გაეარა. ასეა თუ ისე, მსოფლიო ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
საფრანგეთის ნაკრებისათვის რიბერის არყოფნა დიდი დანაკლისი უნდა იყოს. ფრანკს ხომ ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. სწორედ ის უნდა ყოფილიყო საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ევროპის ჩემპიონატზე ახლა კი ამ ტვირთის ზიდვა პოლ პოგბას და ანტუან გრიზმანს მოუწევთ.
თავდამსხმელები
ალეკსანდრ ლაკაზეტი (ლიონი)
ქარიმ ბენზემას არყოფნის პირობებში ლაკაზეტს დიდი სარგებლობის მოტანა შეეძლო საფრანგეთის ნაკრებისათვის. დეშამმა ასე გადაწყვიტა - "ლიონის" ლიდერი შინ რჩება. ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის მიმართ.
ჰატემ ბენ არფა (ნიცა)
"ნიცაში" ბენ არფამ იფრინა. "ნიცამ" მასთან ერთად დიდებული სეზონი ჩაატარა. ჰატემის ადგილი საფრანგეთის ნაკრებში იყო, მაგრამ საქმეში ისევ დეშამი ჩაერია. საცოდაობაა, რომ ასეთ ფორმაში მყოფ ბენ არფას ვერ ვიხილავთ ევროფორუმზე.
კევინ გამეირო (სევილია)
"სევილიას" შეუცვლელი ფორვარდი. გამოირჩევა დიდებული საგოლე ალღოთი. ევროპის ჩემპიონატზე ვერც მას ვნახავთ. არადა, გამეიროს საგოლე ალღო საფრანგეთს აუცილებლად გამოადგებოდა.
ქარიმ ბენზემა (რეალი)
ყველამ ვიცით იმ სკანდალის თაობაზე, რომელშიც ქარიმი გაეხვა. დეშამმა ის ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა. თავად წარმოიდგინეთ, რამხელა დანაკლისი იქნება საფრანგეთის ნაკრებისათვის "რეალის" სუპერფორვარდის არყოფნა.
ქარიმი მზად იყო, ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, მაგრამ მწვრთნელი თავისზე ბოლომდე დადგა. დეშამი ერიდება სკანდალებს და ამაში არის ლოგიკა, თუმცა ქარიმს ბოლომდე დამტკიცებით ვერაფერი დაუმტკიცეს.
...დეშამმა დიდი ტვირთი აიღო საკუთარ თავზე. ვნახოთ, რა როგორ იქნება. ყველა კითხვას პასუხს ევროპის ჩემპიონატი გასცემს. საფრანგეთს, ცხადია, ჩემპიონობის ამბიცია აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"