ვისენტე დელ ბოსკე: ჩვენთვის კარგია, თუ მეტოქეები მხოლოდ დაცვაზე იფიქრებენ

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - მადრიდის "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონ ესპანეთს ესტუმრება. იქაური მედიის ცნობით, ვისენტე დელ ბოსკე საქართველოს ნაკრებთან იმ სასტარტო შემადგენლობას გამოიყვანს, რომელსაც ევრო 2016-ის პირველ მატჩში ჩეხეთთან დააყენებს.

ესპანეთი-საქართველოს წინ: დელ ბოსკე იმ შემადგენლობას დააყენებს, რომლის იმედიც ევრო 2016-ზე ექნება

ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი ევროპის ჩემპიონისთვის ბოლო რეპეტიციაა - საქართველოსთან მატჩის შემდეგ გუნდი საფრანგეთში მიფრინავს. მანამდე კი ვისენტე
დელ ბოსკეს
23-მა რჩეულმა ევრო 2016-ის ოფიციალური ფოტო გადაიღო, ხოლო მარკიზი "მარკას" გაესაუბრა:

Sportall.Ge

- ესპანეთის ნაკრებმა მოიგო ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატი. რა იქნება საფრანგეთში?
- ჩვენი მიზანი უმაღლესია - დავიცვათ ევროპის ჩემპიონის ტიტული, როგორც ეს ოთხი წლის წინათ გავაკეთეთ. თითქმის, იმავე სიტუაციაში ვართ, რაც ევრო 2012-ის დროს იყო, უბრალოდ, ახლა ზედიზედ მეორედ უნდა დავიცვათ ტიტული.

მაგრამ აუცილებელია, განვასხვავოთ, რომ ეს არის ჩვენი მიზანი და არა ამოცანა. ტიტულის მოგება ვერ იქნება აუცილებლად დასაგეგმი. პარიზში კენჭისყრაზე რომ მიმოვიხედე, ირგვლივ კიდევ 23 მწვრთნელი იყო, რომელთა მიზანიც ასევე გამარჯვებაა.

- იყო თუ არა ბრაზილიური წარუმატებლობა შოკი?
- არა, რადგან არასოდეს ესპანეთის ნაკრებში არავის უფიქრია, რომ ის საუკეთესო და დაუმარცხებელია. წარუმატებლობა არ იყო დაკავშირებული მენტალურ ფაქტორებთან, ეს იყო წმინდა სპორტული თვალსაზრისით გუნდის მარცხი უფრო მობილურ ნაკრებებთან. არასოდეს გვიძებნია სხვა მიზეზები.

ევროპის ჩემპიონატისთვის ყოველმხრივ მომზადებულნი ვართ. გაკვეთილი სერიოზული მივიღეთ ბრაზილიაში. წაგებებზე უკეთ სწავლობ.

- ესპანეთის ნაკრები ევრო 2016-ს ჩეხეთთან მატჩით იწყებს...
- ჩვენი სამივე მეტოქე კარგი გუნდია. ჩეხეთი პირველი სამიზნეა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ მატჩის მოგება სატურნირო თვალსაზრისით. ეს ჩვენ სიმშვიდეს შეგვმატებს ევროპის ჩემპიონატზე.

ჩეხეთი ცენტრალური ევროპის ყოჩაღი გუნდია, რომელშიც შესაძლოა, დიდი ვარსკვლავები არ თამაშობენ, მაგრამ ფაქტია - მათ ევროპის ჩემპიონატს მიღმა დატოვეს მსოფლიოს მესამე ნაკრები, ჰოლანდია. ეს კი ბევრ რამეს ნიშნავს.

- გავაგრძელოთ თურქეთით...
- თურქეთის ნაკრების ფეხბურთელები ეროვნულ გუნდში ძალიან მონდომებულად და ემოციურად თამაშობენ. ამ გუნდს სტაბილურობა აკლია, თუმცა ძალზე სახიფათოა.

- დაბოლოს... ხორვატია.
- ალბათ, არც ღირს შეხსენება, როგორი მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ ხორვატებს. ჩვენთან, ესპანეთში კარგად იცნობენ მოდრიჩს, რაკიტიჩს, კოვაჩიჩს, ჰალილოვიჩს...

თუმცა გუნდში ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელიცაა. ვიტყვი, რომ ხორვატია დიდებული ნაკრებია. კარგად გვახსოვს, როგორ გაგვიჭირდა მათთან ევრო 2012-ზე.

- როგორი იქნება ევრო 2016?
- ფეხბურთში კონტრასტები ნელ-ნელა იშლება, გლობალიზაცია მთელი ტემპით მუშაობს. ახლა გაცილებით უფრო რთულია ვინმეს გაოცება, რაიმე სიახლის მოგონება, როგორც ეს ჩვენი და ბელგიის შემთხვევაში იყო 1980 წელს.

ახლა უკვე ყველა ნაკრები პროფესიულად უდგება საქმეს, მეტს შრომობს, მეტი დისციპლინით თამაშობს. ამიტომაც რთული იქნება შედარებით სუსტ გუნდებთან თამაში.

- ევროპის ჩემპიონატზე უკვე 24 ნაკრები ითამაშებს. მოგწონთ ეს?
- დიდებულია - ახლა უკვე 24 ნაკრები თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, მეტი პატარა ქვეყანაა წარმოდგენილი, მაგალითად, ორივე ირლანდია. წარმომიდგენია, რამდენი ხალხი ჩამოვა ამ ქვეყნებიდან საფრანგეთში. ეს ყველაფერი კარგია ფეხბურთისთვის.

- ამაყობთ ესპანური ფეხბურთის წარმატებებით?
- როცა თამაშებს იგებ და ესპანეთის ნაკრებივით, ტიტულებს იხვეჭ, ეს გმატებს სახელს ფეხბურთში. ადრე თუ ესპანელ მწვრთნელებს იშვიათად იწვევდნენ საზღვარგარეთ, ახლა ესპანელ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ყველგან ნახავთ მთელ მსოფლიოში.

ისინი არიან, როგორც გერმანიასა და ინგლისში, ასევე აზერბაიჯანში, ბოლივიაში... ეს კი ჩვენ გვავალდებულებს, კიდევ უკეთ წარმოვჩინდეთ საფეხბურთო ფორუმებზე.

- ესპანეთის ნაკრებში ახალი სახეებია - ლუკას ვასკესი, ადურისი... მაგრამ არ არის კოშტა...
- ლუკას ვასკესი ძალიან სწრაფი და მონდომებული ფეხბურთელია. ადურისის გოლები თავისით საუბრობს მათ ავტორზე. დამიჯერეთ, თუ ვიპოვით ბალანსს ახალსა და ძველს შორის, ესპანეთის ნაკრების სტილი უფრო გამდიდრდება.

შესანიშნავი იქნება, თუ ნაკრები თამაშში სამ-სამი გოლის გატანას შეძლებს მოწინააღმდეგეთა კარში. ესპანეთის ნაკრებთან ყველა ისე თამაშობს, რომ შემტევებს ძალიან მცირე სივრცე რჩებათ. ასეთ შემთხვევაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რა ტაქტიკით თამაშობ, 4-4-2-ით თუ 4-3-3-ით.

- ელით, რომ ევროპის ჩემპიონატზეც ესპანეთის მეტოქეები "ჩაიკეტებიან"?
- ჩვენთვის კარგია, თუ მეტოქეები მხოლოდ დაცვაზე იფიქრებენ. ჩვენ ყოველთვის გვსურს, თამაშში ინიციატივა ჩვენ ხელთ იყოს. ასეთია ჩვენი თამაშის სტილი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე დაცვას უდიდეს ყურადღებას მივანიჭებთ, რადგან ჩვენი მომავალი მეტოქეები მხოლოდ თავდაცვით ნამდვილად არ დაკმაყოფილდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დელ ბოსკეს-ნამდვილად გაგიჭირდებათ
0
მოგმართავთ ფეხბურთის სპეციალისტებს-რას გულისხმობს დელ ბოსკე როცა 1980 წელს ახსენებს? რა სიახლეზე ლაპარაკობს?იქნებ გამაგებინოთ. ძალიან მაინტერესებს. მადლობა წინასწარ.
zaza
11:45 07-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული