წარმოგიდგენთ ევროს გრანდებს. იტალიის ნაკრებს გაგაცნობთ რამაზ მუმლაძე

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები ევროპის კარსმომდგარ ჩემპიონატს მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ხვდება. "სკუადრა აძურა" ქვეჯგუფში ბელგიასთან, ირლანდიასთან და შვედეთთან ერთად ითამაშებს. იტალიის ნაკრების წარდგენა ვთხოვეთ ცნობილ ქართველ მწვრთნელს, რამაზ მუმლაძეს.

მოლოდინი
სანამ კონკრეტულად ვიტყოდე იმაზე, თუ რას ველი იტალიის ნაკრებისგან, ვიტყვი, რომ კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატისგან ძალიან ბევრს ველი. ველი, როგორც ფეხბურთის განვითარების, ისე ტალანტების აღმოჩენის კუთხით. ფეხბურთი თავისი გზით მიდის და ელის ასეთ ვარსკვლავებს.

ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ნაკრებს. ჩემი აზრით, იტალია ახალი ვარსკვლავის მოლოდინშია და ევროპის ჩემპიონატი ამ ვარსკვლავის დაბადების საუკეთესო ასპარეზად მიმაჩნია.

დღეს ბევრი საუბრობს იტალიის ნაკრების კრიზისზე, თუმცა მე "სკუადრა აძურა" მაინც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიმაჩნია. ნუ დაგვავიწყდება, რომ იტალიელები ძალიან ხშირად სწორედ იმ დროს "გაისვრიან", როცა მათგან ამას არავინ ელის.

ლიდერი
მე ჯანლუიჯი ბუფონის უდიდესი თაყვანისმცელელი ვარ. იტალიის ნაკრების მეტოქეებს თუნდაც იმიტომ გაუჭირდებათ "სკუადრა აძურას" დამარცხება, რომ მის კარში ბუფონი დგას. უნდა ვთქვა ის, რაც ყველამ იცის: ბუფონი უდიდესი პროფესიონალია და ხშირად ისეთ ბურთს აიღებს, რომ გაგიკვირდება.

როცა ზურგს უკან ასეთი მეკარე გიდგას, ძალიან თავდაჯერებული ხდები. ამიტომ მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების კარის აღება ურთულესი საქმე იქნება, თუმცა ანტონიო კონტე სულაც არ არის დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი მწვრთნელი.

როგორც ვიცი, ბუფონი ამ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არ აპირებს აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულებას. მინდა, მას საფეხბურთო დღეგრძელობა ვუსურვო როგორც "იუვენტუსში", ისე იტალიის ნაკრებში.

სუსტი რგოლი
იტალიის ნაკრების თავდასხმასა და ნახევარდაცვაში არ არიან კაშკაშა ვარსკვლავები. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩავთვალოთ, მაგრამ მე მთლად ასეც ვერ ვიტყოდი.

იქ არიან ფეხბურთელები, მეტწილად ვგულისხმობ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებსაც შეუძლიათ საფეხბურთო სამყარო გააკვირვონ. მაგალითად, ავიღოთ ლორენცო ინსინიე. მე ის მიმაჩნია ძალიან ძლიერ ინდივიდუალისტად. მას აქვს მშვენიერი შანსი, ევროპის ჩემპიონატზე კარგად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.

თანაც, დიდ ტურნირებზე იტალიას ხშირად ისეთი ლიდერი გამოუჩნდება, რომელსაც არავინ ელის. მთლად შორს არ წავალ და, ასეთი არ იყო სალვატორე სკილაჩი 1990 წელს? მას კარგად მხოლოდ იტალიაში იცნობდნენ, შემოვიდა და მოიგო თამაშები...

ასე რომ, ჩემი აზრით, იტალიის ნაკრებში არ არის გამოკვეთილად სუსტი რგოლი, თუმცა იმაში კი გეთანხმებით, რომ ფურცელზე იმდენი ვარსკვლავი არ არის გუნდში, რამდენიც იყო ადრე.

დანაკლისი
ერთი მხრივ, დანაკლისად უნდა ჩავთვალოთ ანდრეა პირლოს არყოფნა. რა თქმა უნდა, ის უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ ფორმაშია ის მას შემდეგ, რაც სათამაშოდ ამერიკულ ლიგაში გადავიდა.

კონტემ ახალგაზრდა ფეხბურთელების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და ამის გაგება შეიძლება. თავდასხმაში ნებისმიერი ფორვარდისგან ველი გაბრწყინებას. დაცვა და მეკარე კი იტალიის ნაკრების ძლიერი სათამაშო რგოლებია.

მწვრთნელი
ახალგაზრდა მწვრთნელებს შორის დღევანდელ მსოფლიოში ანტონიო კონტე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია. ჩვენ გვახსოვს, რამხელა სამუშაო გასწია მან "იუვენტუსში" და დღეს ტურინული გუნდი კვლავ რომ ასეთი ანგარიშგასაწევი ძალაა საერთაშორისო ფეხბურთში, ამაში კონტეს წვლილი დიდია.

იტალიის ნაკრებში მან მიიტანა აგრესიული, შემტევი ფეხბურთი. ევროპის ამ ჩემპიონატზე მე "სკუადრა აძურას" მიმართ დიდი სიმპათია მაქვს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კონტეა.

მან მაგრად გარისკა, როცა ანდრეა პირლო არ წაიყვანა. ასეთ რისკს ბევრი მოერიდებოდა, მაგრამ კონტემ გაბედა. მე ის ძალიან მომწონს თუნდაც იმის გამო, რომ ბოლომდე ენდობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

ჯგუფი
იტალიის ნაკრებს არ შეხვდა იოლი ჯგუფი. აქეთ ზლატანი და შვედეთი, იქით ბელგიის ნაკრები, რომელიც მართლაც მაღალი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ამის მიუხედავად, იტალიის ნაკრები მე ამ ჯგუფის მთავარ ფავორიტად მიმაჩნია.

"სკუადრა აძურამ" იცის, როგორ გააკვირვოს გულშემატკივარი დიდ ტურნირებზე და ამას ნურც ახლა გამოვრიცხავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული