ევრო 2016. დარჩა 2 დღე: ვინ არ უნდა იყოს ევროპაზე?

AutoSharing Option
ქარიმ ბენზემა, არიენ რობენი, რობინ ვან პერსი, ფერნანდო ტორესი... კიდევ რამდენი ვარსკვლავის ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც ევროპის ჩემპიონატსა და ჩვენს თვალებს დააკლდება.

ეს მაშინ, როცა საფრანგეთში ბევრი ისეთი ფეხბურთელი მიდის, წესითა და რიგით, ევროპაზე რომ არაფერი ესაქმება. ჩამოგითვლით ტოპ-7 იღბლიანს.

ჯეკ უილშირი (ინგლისი)
უილშირმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, არც ერთი - ჩემპიონთა ლიგაზე. ამის მიუხედავად, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი როი ჰოჯსონი ჯეკს ბოლომდე ენდო და 23-კაციან განაცხადში შეიყვანა.
ალტერნატივა: დენი დრინკვოტერი.

სტეფანო სტურარო (იტალია)
მარკიზიო და ვერატი ტრავმირებულები არიან,
პირლო ნაკრებში არ არის, ასევე - მონტოლივოს ტრავმა... ნახევარდაცვაში გაჩენილმა დიდმა პრობლემებმა ნაკრებისკენ გზა სტეფანო სტურაროს გაუხსნა.
მას ნაკრებში ერთი მატჩიც არ აქვს ჩატარებული. ანტონიო კონტემ არც ბოლო საკონტროლოებში ათამაშა.
ალტერნატივა: ჟორჟინიო, ჯაკომო ბონავენტურა.

ლუკას პოდოლსკი (გერმანია)
- იმის თქმა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თილისმის სახით მივდივარ, ჩემდამი დიდი უპატივცემულობაა, - განაცხადა პოდოლსკიმ.
მან "გალათასარაის" მაისურით 31 მატჩში 26 გოლი გაიტანა, მაგრამ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მის ნაცვლად ლიოვს სხვა უნდა წაეყვანა.
ალტერნატივა: ქარიმ ბელარაბი, იულიან ბრანდტი.

ბრუნო სორიანო (ესპანეთი)
კარგი სეზონი ჰქონდა, დროულად შლიდა მეტოქეთა იერიშებს, მაგრამ ეს საკმარისია საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდე? საკმარისია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კონკურენტები არ გყავს. ესპანეთის ნაკრებში კი...
ალტერნატივა: საული

სამუელ უმტიტი, მუსა სისოკო, ანდრე-პიერ ჟინიაკი (საფრანგეთი)
სკანდალებისა და ტრავმების გარემოცვაში მოქცეულ საფრანგეთის ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, თავადაც რომ არ მოელოდა. მაგალითად, ჟინიაკო, რომელმაც გასული სეზონი მექსიკის ჩემპიონატში გაატარა.
ალტერნატივა: ალექსანდრ ლაკაზეტი.

მუსა სისოკოს ცუდი სეზონი არ ჰქონდა, თუ ერთ გარემოებას არ ჩავთვლით - მისი "ნიუკასლი" პრემიერლიგიდან გავარდა.
ალტერნატივა: ბენ-არფა.

შეიძლება ითქვას, რომ ტრავმებმა აიძულა მწვრთნელი დიდიე დეშამი, განაცხადში უმტიტი შეეყვანა, რომელსაც ნაკრებში ჯერ ერთი მატჩიც არა აქვს ჩატარებული. არადა, მამადუ სახო დოპინგ-სკანდალის შემდეგ რომ გაამართლეს, განაცხადი ჯერ არ იყო დასახელებული.
ალტერნატივა: მამადუ სახო.

ბრიტანელები გვირჩევენ: თვალი მიადევნეთ...
გამოცემა Sky Sports-მა გამოაქვეყნა მცირე სტატია, რომელშიც ჩამოთვლილია 10 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ზოგმა შეიძლება მოლოდინი გაამართლოს, ზოგი საერთოდ არც ათამაშონ, თუმცა ჩვენ მაინც მივყვეთ ბრიტანელების რჩევას.

ჩამოგითვლით 10 საინტერესო ახალგაზრდას: დელე ალი, მარკუს რაშფორდი (ორივე - ინგლისი), ანტონი მარსიალი, კინგსლი კომანი (ორივე - საფრანგეთი), ბრილ ემბოლო (შვეიცარია), დივოკ ორიგი (ბელგია), რენატუ სანჩესი (პორტუგალია), ლეროი სანე, იულიან ვაიგლი (ორივე - გერმანია).

ევროისტორია - მესხი, მეტრეველი და... თასი რუსეთს
საქართველო და რუსეთი სსრ კავშირში ხომ თანაბარი სტატუსის მქონე ქვეყნები იყვნენ? ოფიციალურად ნამდვილად იყვნენ, თუმცა რუსები დიდი სითამამით იწერენ ძველ მიღწევებს - გამოცემა "ჩემპიონატმა" ჩამოწერა რუსეთის ნაკრების საუკეთესო 10 მატჩი, რომელთა შორისაც 1960 წლის ფინალი პირველ ადგილზე გავიდა.

არადა, მაშინ ევროპა რუსეთმა კი არა, სსრ კავშირმა მოიგო. თუ საქართველოს რესპუბლიკაც მოძმე იყო და თანაბარი სტატუსით სარგებლობდა, ჩვენც თამამად შეგვიძლია ვთქვათ - საქართველო ევროპის ჩემპიონიაო. მით უმეტეს, რომ ქართველების გარეშე სსრ კავშირის ნაკრები ევროპის პირველ ჩემპიონატს, ალბათ, ვერ მოიგებდა.

აი, რა წერია საბჭოეთის №1 მატჩზე გამოცემა "ჩემპიონატში":

"სსრკ-იუგოსლავია 2:1 (დ.დ.)
პარკ დე პრენსი, პარიზი

ფინალები არ გამოირჩევა დიდი სანახაობრიობით, თუმცა მთავარი ეს არ არის, მთავარია, რომ იმ ფინალის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

პარიზში დიდი ავდარი იყო და მოედანი სველი გახლდათ. იუგოსლავიის ნაკრების ფეხბურთელები ხისტად თამაშობდნენ, ტაქტიკურ ფოლებს მიმართავდნენ, რომ საბჭოელთა სწრაფი იერიშები შეეჩერებინათ. მეკარე ლევ იაშინმა თავისი გუნდი რამდენიმეჯერ გადაარჩინა გოლისგან, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს მილან გალიჩისგან გოლი მაინც გაუშვა.

შესვენების შემდეგ სსრკ-ის ნაკრები მთლიანად შეიცვალა. მეორე ტაიმის დასაწყისში სლავა მეტრეველი სწორედ იმ ადგილას აღმოჩნდა, სადაც საჭირო იყო და მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა - 1:1. მიხეილ მესხმა და ვალენტინ ივანოვმა რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.

დამატებით დროში კი მესხის მიერ ფლანგიდან ჩაწოდებულს ვიქტორ პონედელნიკი დახვდა და სსრკ-მ ფინალი 2:1 მოიგო".

ვფიქრობთ, სსრ კავშირის დანარჩენი ტოპ-მატჩების ჩამოთვლა ნაკლებად საინტერესო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული