სტვენა, რეპეტიცია და გაცილება -კონტეს ნაკრების გენერალური რეპეტიციის შუქ-ჩრდილები

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გენერალური რეპეტიცია გაიარა და ვერონაში ფინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. რეპეტიცია წარმატებული გამოდგა და "სკუადრა აძურამ" მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ერთი ანტონიო კანდრევას ანგარიშზეა თერთმეტმეტრიანი დარტყმით, ხოლო მეორე დანიელე დე როსიმ შეაგდო თავით.

თამაში
თამაში მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს. იტალიელებს უპირატესობა ჰქონდათ ყველა კომპონენტში - დაწყებული ბურთის ფლობიდან, დამთავრებული კუთხურებით. თავად განსაჯეთ, სტუმრებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და ისიც არაზუსტად, იტალიელებმა კი 14-ჯერ სცადეს ბედი და რა გასაკვირია, რომ
გაცილებით მეტის გატანა შეეძლოთ.

მატჩის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად შეგვიძლია ანტონიო კანდრევა დავასახელოთ, რომელმაც ჯერ თერთმეტმეტრიანი აიკიდა და თვითონვე შეასრულა ზუსტად, შემდეგ კი საგოლე პასიც მიითვალა აქტივში, როდესაც ბურთი თავზე დანიელე დე როსის დაასვა. 3-5-2 ტაქტიკის პირობებში, კანდრევა ნახევარდაცვის ფლანგზე მოქმედებდა, თუმცა ტაქტიკაზე ქვემოთ...

ტაქტიკა და შემადგენლობა
ანტონიო კონტემ, კვლავ 3-5-2 ტაქტიკაზე შეაჩერა არჩევანი, შემადგენლობა კი გადაახალისა და იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებისაც აქამდე ნაკლები დრო ეძლეოდათ. მაგალითად, შეტევის წინა ხაზზე არა მარტინს ედერი და გრაციანო პელე, არამედ ჩირო იმობილე და სიმონე ძაძა ვიხილეთ.

ნახევარდაცვაში ტიაგო მოტა, მარკო პაროლო და სტეფან ელ შაარავი გამოჩნდნენ, კარში კი სალვატორე სირიგუ იდგა. როგორც ჩანს, კონტემ რეზერვისტების ნახვა მოისურვა საქმეში, რათა იცოდეს, თუ ვისი იმედი უნდა ჰქონდეს საჭირო მომენტში.

პლუსი
მატჩის მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ იტალიას კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა. ამ ფონზე, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ "სკუადრა აძურას" ძლიერი მხარე დაცვის რგოლია.

შოტლანდიასთან მატჩის მსგავსად, იტალიამ ამჯერადაც მშრალად შეინახა კარი და მეტოქეს, ფაქტობრივად, არაფერი გააბედინა. ბრიტანელებთან პაექრობისას, კარში ჯანლუიჯი ბუფონი იდგა და ბურთი, პრაქტიკულად, არ მიუღია - ამჯერად კი კარის დაცვა სირიგუს ანდეს, რომელიც ასევე უსაქმოდ გახლდათ მთელი მატჩის განმავლობაში.

ფაქტია, რომ ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებენ და როდესაც საყრდენად დანიელე დე როსი დგას, დაცვით ფაზაში ბრწყინვალე კვარტეტი იკვრება.

მინუსი
იტალიელები სწორხაზოვნად უტევენ და მათი იერიშების წაკითხვა ხშირად ძალიან მარტივია. "სკუადრა აძურას" შეტევების დიდი ნაწილი გრძელი გადაცემებით იწყება, რომელსაც მეტწილად ლეონარდო ბონუჩი ასრულებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ბონუჩისთვის პერსონალური მეურვის მიჩენის შემთხვევაში, "აძურას" შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდება. თავდამსხმელებს უჭირთ თამაშის თავის თავზე აღება, დრიბლინგების შესრულება და კაცის მოტყუება, რის გარეშეც რთული იქნება უფრო ძლიერ მეტოქესთან დაცვითი რუბიკონების გარღვევა.

იტალიელთა მთავარ მინუსად რომ შეტევა სახელდება, არაა გასაკვირი, რადგან ამ ფორმაციის "აძურაში" ყველაზე მეტი გოლი დანიელ დე როსის აქვს გატანილი. დიახ, რომაელმა ფინეთთან მე-6 სანაკრებო გოლი შეაგდო და ეს გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.

ვინ გაიბრწყინა?
გაიბრწყინა ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ სიმონე ძაძამ კარგი მატჩი ჩაატარა. ძალიან ბევრი ირბინა, თითოეული მონაკვეთისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა და მართალია, გოლი არ შეუგდია, მთლიანობაში კარგად წარმოჩინდა. დანიელე დე როსი უნდა შევაქოთ, რომელიც უშუალო მოვალეობას შესანიშნავად ასრულებდა და შეტევით ფაზაშიც ივარგა, როდესაც მეორე გოლი შეუგდო ფინელებს.

ანტონიო კანდრევა უკვე ვახსენეთ, რომელმაც გოლს პლუს საგოლე პასი მიითვალა აქტივში და მარჯვენა ფლანგს მთლიანად აკონტროლებდა. ეს სამი ფეხბურთელი, უდავოდ, გამოსარჩევია, თუმცა გვეეჭვება, რომ ბელგიასთან შეხვედრაში სამივე ძირითად შემადგენლობაში იყოს, რადგან ძაძა მაინც სათადარიგოებში მოიაზრება.

ვინ ჩავარდა?
მეტს ველოდით სტეფან ელ შაარავისგან, რომელიც მარცხენა ნახევარმცველად მოქმედებდა და ანტონიო კანდრევასგან განსხვავებით, სახეირო არაფერი უქნია. ინერტული იყო, თამაშს პრაქტიკულად ვერ ამწვავებდა და ტექნიკური წუნიც მაღალი ჰქონდა. ამ თამაშით, ელ შაარავიმ შეიმცირა იმის შანსი, რომ ბელგიის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.

ემანუელე ჯაკერინიმ ვერ ივარგა, რომელიც ხშირად კარგავდა ბურთს და თანაბრად ცუდი იყო როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. ანტონიო კონტე ჯაკერინის ძალიან ენდობა და პრაქტიკულად, არასდროს ცვლის, მაგრამ თუ ბოლო ამხანაგური მატჩით ვიმსჯელებთ, ემანუელე ოპტიმალურ ფორმაში არაა. ვერც ჩირო იმობილეს შევაქებთ, რომელიც მონდომებული კი იყო, მაგრამ იმის იქით არც არაფერი.

რატომ უსტვინეს მოტას ვერონაში?
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერონამ დიდი ზარზეიმით გააცილა, მაგრამ "სკუადრა აძურაში" იყო ერთი ფეხბურთელი, რომელსაც გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს. მიიღებდა თუ არა ბურთს ტიაგო მოტა, ტრიბუნებიდან სტვენის ხმა ისმოდა.

მიზეზი მარტივია: ამ ფორმით, იტალიელი გულშემატკივრები მოტასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემას აპროტესტებდნენ. ეს ნომერი აპენინელთათვის საკრარულია, რადგან ზურგს ისეთ ფეხბურთელებს უმშვენებდა, როგორებიც ჯანი რივერა, რობერტო ბაჯო და ალესანდრო დელ პიერო იყვნენ.

ჯერ კიდევ შოტლანდიასთან შეხვედრაში, 10-ნომრიანი მაისურა არც ერთ იტალიელ ფეხბურთელს არ ეცვა, რადგან ამ თემის ირგვლივ აპენინებზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი და კონტემ ვითარების გამწვავება არ ისურვა. თუმცა, მოვიდა შემადგენლობის დასახელების დრო და ბუნებრივია, რომ ფეხბურთელები დაინომრნენ. მოტა იტალიელთათვის არასასურველი 10-იანია და ამას ვერსად გავექცევით - ვერონაში ამას ვერც მოტა გაექცა...

***
ანტონიო კანდრევა: "დიდი ტურნირისთვის ვემზადებით, ამხანაგური მატჩები კი მოსამზადებელი ციკლის აუცილებელი ნაწილია. შესანიშნავი სპარინგი გამოვიდა, რომლიდანაც მწვრთნელები საჭირო დასკვნებს გამოიტანენ. იტალიის ნაკრებში შესანიშნავი ატმოსფეროა. ჩვენ მზად ვართ, რომ ვიბრძოლოთ ერთმანეთის მხარდამხარ და მივაღწიოთ დიდ წარმატებას".

სალვატორე სირიგუ: "წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ დამაყენა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ამ ფაქტმა რომ უზომოდ გამახარა, ეს ცხადია. ბევრი საქმე არ მქონია, მაგრამ დიდი ფორუმის წინ მოედანზე ყოფნა სასარგებლო პრაქტიკა იყო ჩემთვის. ძლიერი დაცვა გვყავს, რომლის ზურგს უკან დგომა ძალიან კომფორტულია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული