* საინტერესოა, რომ ბეილმა პირველი სანაკრებო გოლი ასევე სლოვაკეთს გაუტანა 2006 წლის ოქტომბერში.
* დუდამ გოლი მინდორზე შემოსვლიდან 52 წამში გაიტანა. ეს ევროპის ჩემპიონატზე შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელის მიერ გატანილი ყველაზე სწრაფი გოლია 2004 წლის შემდეგ. ესპანეთის ხუან კარლოს ვალერონმა რუსეთს მინდორზე გამოსვლიდან 39 წამში გაუტანა.
* უელსს ბოლო 5 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი აქვს გაშვებული (ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით). ეს ამ ნაკრების ყველაზე ცუდი სერიაა 2013 წლის მერე.
* აარონ რემზიმ ნაკრებში ჩატარებულ უკანასკნელ 3 მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 1 პასი).
* დებიუტანტი უელსი გახდა პირველი ბრიტანული გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე საწყისი მატჩის მოგება შეძლო.
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტებმა, უელსმა და სლოვაკეთმა, სპეციალისტებისა და ბუკმეკერების პროგნოზის საპირისპიროდ, უხვგოლიანი მატჩი შემოგვთავაზეს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მარეკ ჰამშიკმა შესანიშნავი სოლო-რეიდი შემოგვთავაზა და სულ ცოტათი არ გაუმართლა. რამდენიმე ფეხბურთელის მოტყუების მერე მან მეკარესაც აჯობა, მაგრამ "სონიკის" დარტყმა კარის ხაზიდან დევისმა გამოიტანა.
არადა, ამ თანაბარ წყვილში პირველი გოლის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საბოლოოდ, სწორედ იმან მოიგო, ვინც გაიტანა კიდეც პირველი ბურთი.
ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
კრის კოულმენს სამივე წამყვანი მოთამაშე მწყობრში ჰყავდა - დაცვაში კაპიტანი ეშლი უილიამსი, წინ კი აარონ რემზი და გარეთ ბეილი. უელსელები, თითქოს, უფრო შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობითა და ტაქტიკით იყვნენ მინდორზე. აქედან გამომდინარე, არც არის გასაკვირი, რომ თავიდან უელსელები უფრო აქტიურობდნენ.იან კოზაკმა კი თავიდან დიდი სიფრთხილე გამოიჩინა. იგი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გახლდათ კონცენტრირებული და პირველ ტაიმში მეტოქის დაზვერვაზე ფიქრობდა. გამოკვეთილი ფორვარდი მიხალ დიურიში თითქოს, დანარჩენი გუნდისგან მოწყვეტილი იყო. სლოვაკები ვლადიმირ ვაის-უმცროსის, რობერტ მაკისა და მარეკ ჰამშიკის იმედად იყვნენ, რომლებიც ნახევარდაცვაში ფუსფუსებდნენ და სიღრმიდან ცდილობდნენ გამწვავებას.
მთავარი კი ის იყო, რაც მეორე ტაიმში მოხდა ის ცვლილებები, რომლებიც მწვრთნელებმა გააკეთეს. კოზაკის ნაბიჯებმა შედეგი აშკარად გამოიღო და რაღაც მონაკვეთში სლოვაკები მშვენივრად ათამაშდნენ.
კოულმენს რამე უნდა ექნა და მან ჯერ ლედლი შეიყვანა, რომელმაც ერთი თვის წინათ ფეხი მოიტეხა, მერე კი რობსონ-კანუ გამოუშვა და ეს მძიმე შემტევი ისე მსუბუქად და სასარგებლოდ ჩაერთო თამაშში, რომ ბევრს შეიძლება ვერც წარმოედგინა.
სტუმართა რიგებში ცვლილებაზე გამოსულ კიდევ ერთ მოთამაშეს, ადამ ნემეცს ასევე შეეძლო გატანა და ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. აი, რეაქტიული მიროსლავ სტოხის შემოშვება კი კოზაკს ცოტა დაუგვიანდა. მომავალ მატჩს ის, სავარაუდოდ, ორი თავდამსხმელით დაიწყებს ან დიურიშის ნაცვლად ძირითადში სხვა იქნება, ანაც ორივე ერთად. უკან დასახევი გზა მაინც აღარ არის.
გოლები
1:0 - სიმბოლურია, რომ უელსის დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლით ამ ფორმაციის ნაკრების მთავარმა სუპერვარსკვლავმა გარეთ ბეილმა აღნიშნა. მე-10 წუთზე მადრიდის "რეალის" შემტევმა საჯარიმო დარტყმა თითქოს, ჩვეულებრივად შეასრულა, მაგრამ კოზაჩიკი შეცდა, რატომღაც თავისი კუთხე მიატოვა, ნაბიჯი არასწორი მიმართულებით გადადგა და მერე გვიანი იყო.1:1 - დუდა მინდორზე წუთის შესულიც არ იყო (61-ე წუთზე), როდესაც მაკი რამდენიმე ფეხბურთელში გაძვრა და მას უპასა. დუდამაც ძალიან ჭკვიანურად ითამაშა და გამოზომილი დარტყმით მოძრაობაზე დაიჭირა უელსელთა გოლკიპერი უორდი.
2:1 - 81-ე წუთზე რემზიმ საჯარიმოს მისადგომებთან კარგად იფაფხურა, თითქოს, შეტევის გაგრძელებას თავად აპირებდა, მაგრამ იქვე მყოფი რობსონ-კანუ დაინახა და ბურთი მას დაუთმო. ჩემპიონშიპის "რედინგის" თავდამსხმელმაც იღბლიანად დაარტყა და უელსს მოაგებინა.
მატჩის შემდეგ
კრის კოულმენი (უელსი): " შესანიშნავი გამოცდილებაა. ჩვენთვის ეს სიახლე გახლდათ - ჩვენი პირველი ტურნირი. ზუსტად არ ვიცოდით, რას დავლოდებოდით. საუცხოო ატმოსფეროში გვიწევდა თამაში, ორივე ნაკრების ფანებმა მოინდომეს. მშვენიერი, ფიზიკური ორთაბრძოლებით დატვირთული მატჩი გამოვიდა, ფანტასტიკური 3 ქულა მოვიპოვეთ. ზოგჯერ ცვლილებებს აკეთებ და ამას შედეგი მოაქვს, ზოგჯერ კი - არა. ბურთი უფრო წინ უნდა "აგვეტანა" და ჰალი (რობსონ-კანუ) ამისთვის შემოვიყვანე. ამის წყალობით, ჩვენმა მცველებმა დაახლოებით 15-20 მეტრით ამოწევა შეძლეს. გამარჯვების გოლიც გავიტანეთ და შესაძლოა, კიდევ ერთი ან ორი უნდა გაგვეტანა, მაგრამ მთლიანობაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ".იან კოზაკი (სლოვაკეთი): "წაგება ყოველთვის მტკივნეულია, მით უმეტეს, ევროპის ჩემპიონატზე. ვიცოდი, რომ ვინც პირველ გოლს გაიტანდა, იმ გუნდისთვის ეს დიდი უპირატესობა იქნებოდა. თანაც, უელსს ძალიან კარგად ორგანიზებული დაცვა ჰყავს და პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთ ავთამაშდით. ფლანგის მცველებსაც მითითება მივეცი, შეტევაში მეტად ეაქტიურათ. გათანაბრება შევძელით და ამის მერე ორივე გუნდი მოსაგებად თამაშობდა. მეტოქეს ცოტათი უფრო გაუმართლა. გოლების თავიდან არიდება თავისუფლად შეგვეძლო, მაგრამ ეს ფეხბურთია".
მატჩის გმირი
მსგავს თანაბარ მატჩებში თითოეულ პატარა დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს და ის, რაც "ტოტენჰემის" მცველმა ბენ დევისმა მატჩის დასაწყისში გააკეთა, როდესაც ჰამშიკის დარტყმის მერე ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. შესაძლოა, გარდამტეხი მომენტიც გახლდათ. დევისმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებელად და მშვიდად ითამაშა, რაც თითქმის, სრულყოფილ სურათს ქმნის. არც უეფას ვებგვერდის ვერსიით საუკეთესოდ დასახელებული ჯო ალენის საწინააღმდეგო გვაქვს რამე, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა და 11 კილომეტრზე მეტიც დაფარა. ნახევარდაცვაში მისი საიმედოობა მნიშვნელოვანი იყო.
მსაჯი
ნორვეგიელმა არბიტრმა სვეინ მოენმა საკმაოდ კარგად იმსაჯა და ამ კუთხით, ეს მატჩი ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა. სიმართლე ითქვას, მოენსა და მის დამხმარეებს რთულად სამსაჯო შეხვედრა არც მოუწიათ და როდესაც მათი ჩარევა გახლდათ საჭირო, ყველაფერს სწორად აკეთებდნენ.დასკვნა
შესაძლოა, საბოლოო შედეგი ფრე რომ ყოფილიყო, ეს უფრო ლოგიკურად და სამართლიანად ჩაგვეთვალა, მაგრამ უელსი მაინც ცოტათი უფრო უკეთესი იყო, უფრო სწორად კი - უფრო თამამი. დიახ, ის, რაც პირველ რიგში, სლოვაკებს აკლდათ, სითამამე გახლდათ. გუნდს აშკარად მეტი შეუძლია, შეტევაში მეტის პოტენციალი აქვს და კოზაკმა მომავალ შეხვედრებში თავისიანები უფრო უნდა მიუშვას. სლოვაკებმა საკუთარი თამაში უფრო უნდა დააბალანსონ და შეტევაში უფრო მრავალმხრივად ითამაშონ.ბეილმა გოლი გაიტანა, რემზიმ კი საგოლე პასი გააკეთა. მათ ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ უფრო უკეთ
მართებთ თამაში.
whoscored.com-ის ტოპ-5
გარეთ ბეილი უელ. 8,4ბენ დევისი უელ. 7,7
მარეკ ჰამშიკი სლო. 7,5
ჰალ რობსონ-კანუ უელ. 7,4
იურაი კუცკა სლო. 7,3
11 ივნისი. ბორდო. "მატმიუ ატლანტიკი"
უელსი-სლოვაკეთი 2:1
გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 დუდა (61. მაკი), 2:1 რობსონ-კანუ (81. რემზი)
უელსი (3-5-2): უორდი - ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი - განტერი, ალენი, ედვარდსი (69. ლედლი), რემზი (88. რიჩარდსი), ტეილორი - ჯ. უილიამსი (71. რობსონ-კანუ), ბეილი
სლოვაკეთი (4-5-1): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, შვენტო - ჰროშოვსკი (60. დუდა), კუცკა, ჰამშიკი, ვაისი (83. სტოხი), მაკი - დიურიში (59. ნემეცი)
გაფრთხილება: - ჰროშოვსკი, მაკი, ვაისი, კუცკა, შკრტელი
კარში დარტყმა: 11-13 (8-2) კუთხური: 2-3 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 17-16 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 37 831
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"