* ბელგია ევროპის პირველობას 16-წლიანი პაუზის მერე წაგებით იწყებს.
* მოედანზე გასული ყველა ბელგიელისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო ევროპის ჩემპიონატებზე.
* ემანუელე ჯაკერინიმ ნაკრების მაისურით მე-4 გოლი გაიტანა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი გოლი გამარჯვებისაა.
* 34 წელიწადია, იტალიას ბელგიასთან ოფიციალურ მატჩში არ წაუგია.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ ლიონში გაიმართა, სადაც ბელგია იტალიას დაუპირისპირდა.
საყოველთაო მოსაზრებით, ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ტურნირის ერთ-ერთი
ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
მარკ ვილმოტსმა 4-2-3-1 ტაქტიკა შეარჩია, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ბელგიამ შესარჩევი ეტაპი სწორედ ამ სქემით ჩაატარა. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ლუკაკუ იყო, სიღრმიდან კი მას ფელაინი, დე ბრუინი და აზარი ეხმარებოდნენ. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ცენტრში, გამთამაშებლის პოზიციაზე სწორედ ფელაინი თამაშობდა, რომლისთვისაც ეს როლი მთლად ორგანული არ უნდა იყოს და განვლილმა თამაშმა ეს ნათლად დაგვანახვა.ანტონიო კონტემ 3-5-2 ტაქტიკა შესთავაზა მეტოქეს, რომელიც დაცვით ფაზაში 5-3-2 სქემად გარდაიქმნება, ხოლო შეტევაში 3-3-4 ტაქტიკად. ეს არის ძალიან მობილური და მოქნილი სქემა, რომლის ზედმიწევნით დაცვა ურთულესი საქმეა და ამიტომ მწვრთნელები იშვიათად ეყრდნობიან. 3-5-2 ტაქტიკას ძირითადად იტალიური გუნდები იყენებენ და მათ არც ნაკრები ჩამორჩა.
კონტემ სათადარიგოთა სკამზე ალესანდრო ფლორენცი დატოვა, მისი ადგილი კი მარკო პაროლომ დაიკავა. ეს იყო ერთადერთი მოულოდნელობა "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში, სხვა მხრივ კი, მწვრთნელი ნაცად შემადგენლობას ენდო...
გოლები
0:1 - იტალიელთა ორივე გოლი ძალიან ლამაზი და ეფექტური გამოვიდა. მატჩის 32-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ლეონარდო ბონუჩიმ საოცარი, წარმოუდგენელი, ფანტასტიკური, შეუდარებელი პასი მისცა ემანუელე ჯაკერინის, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, ერთი შეხებით "მიიკრო" ბურთი ფეხზე და მეორე შეხებით ბადეში გაახვია. 0:2 - მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა, როდესაც ბელგია მთელი გუნდით წინ იყო წასული, იტალიელთა მრავალსვლიანი კომბინაცია კი ანტონიო კანდრევას ჩაწოდებით და გრაციანო პელეს შესანიშნავი დარტყმით დაგვირგვინდა.
მეორე გოლში ჩირო იმობილემაც ლომის წილი დაიდო, რადგან კონტრშეტევა სწორედ მან დაიწყო და რეიდის შემდეგ კანდრევა ჩინებული პასით მოძებნა.
მატჩის შემდეგ
ანტონიო კონტე (იტალია): "ეს იყო ძალიან კარგი მატჩი, რომელშიც უძლიერესი მეტოქე დავამარცხეთ. ჩემმა შეგირდებმა კარგად იცოდნენ, თუ რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე და დაიმსახურეს ეს მოგება. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ერთი მიზნის ქვეშაა გაერთიანებული და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
მე მყავს 23 ფეხბურთელი და თითოეული მათგანი თანაბრად მჭირდება. ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, უნდა ვიშრომოთ და კიდევ უფრო მოვუმატოთ.
როდის დავიშავე ტუჩი? - ყოველთვის მზად ვარ, რომ გუნდის ინტერესებს საკუთარი ჯანმრთელობა შევწირო".
მატჩის გმირ(ებ)ი
მატჩს ორი გმირი ჰყავდა: ლეონარდო ბონუჩი და ემანუელე ჯაკერინი - პირველი დაცვაში იყო შეუდარებელი და უშეცდომო, მისი საგოლე გადაცემა კი საფეხბურთო ენციკლოპედიაშია შესატანი. რაც შეეხება ჯაკერინის, უდიდესი სამუშაო შეასრულა და სრულად გაამართლა მწვრთნელის მხრიდან მასზე გაცემული ავანსები. ჯაკერინი იყო ყველგან, სადაც კი გუნდს სჭირდებოდა და შესანიშნავად გაისარჯა როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გახსნა ანგარიში და სათავე დაუდო იტალიელთა გამარჯვებას.
მსაჯი
მატჩს ინგლისელი რეფერი მარკ კლატენბურგი გაუძღვა და დაკისრებულ მოვალეობას თავი პირნათლად გაართვა. ძალიან დაძაბული თამაში იყო, ხისტი ორთაბრძოლებით და მსაჯის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩის სადავეები ბოლომდე ეპყრა ხელთ... ანალიზი
იტალიის ნაკრებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და კიდევ მინიმუმ სამჯერ ან იქნებ ოთხჯერაც შეეძლო შეგდება. გრაციანო პელეს სამი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა და რომ არა კურტუას კარგი თამაში, იტალიელთა ცენტრფორვარდი ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდებოდა. გატანა შეეძლო ჩირო იმობილესაც, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და კარგადაც წარმოჩინდა. რაც შეეხებათ ბელგიელებს, ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ და ორივეჯერ არაზუსტად დაარტყეს - ჯერ ლუკაკუ დარჩა მეკარესთან პირისპირ და ბურთი მეკარისაგან შორეულ ძელს ააცილა, შემდეგ კი ორიგიმ დაჰკრა თავური და მასაც უმტყუნა მიზანმა.
იტალია იყო უფრო მობილური, უფრო მოქნილი, უფრო ორგანიზებული, უფრო მობილიზებული და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. "სკუადრა აძურა" თითქმის უშეცდომო იყო დაცვაში და მწვავე - შეტევაში. ანტონიო კონტეს გუნდმა განაიარაღა ბელგია და ზედ ორი ტყვია დაახალა...
რა შეიძლება ითქვას ბელგიაზე? - მარკ ვილმოტსის გუნდში უამრავი ექსტრა-კლასის ფეხბურთელია, რომლებსაც არაფერი დაეწუნებათ, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და მწვერვალების დასაპყრობად მხოლოდ ინდივიდუალისტების ცალკეული გაბრწყინება არაა საკმარისი.
ჯერ კიდევ 2014 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვილმოტსი ვერ ახერხებს, ამ შესანიშნავი ფეხბურთელებით შეკრას მანქანა, რომელიც გზად ყველაფერს გადათელავს. ბელგია თითქოს, მძიმედ თამაშობს და აკლია ის აღმაფრენა, რის გარეშეც მართლა გრანდების დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
დასკვნა
საყოველთაო მოსაზრებით, ბელგიას გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა. მოიგო გუნდმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად არ მიიჩნევა. ან იქნებ არ მიიჩნეოდა?whoscored.com-ის ტოპ-5
გრაციანო პელე იტა. 8,1ლეონარდო ბონუჩი იტა. 8,0
ემანუელე ჯაკერინი იტა. 7,8
ანტონიო კანდრევა იტა. 7,8
ჯორჯო კიელინი იტა. 7,6
ევრო 2016. E ჯგუფი. I ტური
13 ივნისი. ლიონი. "სტად დე ლიონი"
ბელგია-იტალია 0:2
გოლები: 0:1 ჯაკერინი (32. ბონუჩი), 0:2 პელე (90. კანდრევა)
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - სიმანი (75. ფერეირა-კარასკო), ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი - ვიტსელი, ნაინგოლანი (62. მერტენსი) - დე ბრუინი, ფელაინი, აზარი - ლუკაკუ (73. ორიგი)
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა, პაროლო, დე როსი (78. მოტა), ჯაკერინი, დარმიანი (59. დე შილიო) - ედერი (75. იმობილე), პელე
გაფრთხილება: ვერტონგენი - ბონუჩი, კიელინი, ედერი, მოტა
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 18-11 (2-6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 55 408
II ტური
17ივნისი
იტალია-შვედეთი 17:00
18 ივნისი
ბელგია-ირლანდია 17:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვენაცვალე იმას ვინც სამი კუში დაუწერა იტალიას მოგებაზე,კარგად მომაგებინა:)