ევრო 2016. E ჯგუფი. ირლანდია-შვედეთი: ომი და მშვიდობა პარიზში [VIDEO]

AutoSharing Option
* კარში ზუსტად მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა დაარტყა - ჰენდრიკმა და ჰულაჰანმა. შვედებს კარში ზუსტად არ დაურტყამთ.
* კლარკის ავტოგოლი პირველი გოლია საკუთარ კარში ევრო 2016-ზე.
* ვეს ჰულაჰანმა ირლანდიის ნაკრების მაისურით მე-3 გოლი გაიტანა.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩს პირველ ცდაზე არ გამოუვიდა, გახდეს პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის 4 ჩემპიონატზე გაიტანს, მაგრამ მას სულ მცირე, ორი ცდა რჩება.
* ირლანდიას ოფიციალურ მატჩში არასოდეს დაუმარცხებია შვედეთი.

ჯგუფის შემადგენლობიდან გამომდინარე, ირლანდიისა და შვედეთის პარიზულ მატჩს იმთავითვე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯგუფში,
ამ ორი ნაკრების გარდა, იტალია და ბელგია არიან, ადვილად მივხვდებით, რომ წაგებული უმძიმეს მდგომარეობაში ვარდებოდა.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ირლანდიის ნაკრების დამრიგებელმა მარტინ ონილმა აქცენტი, ძირითადად, იმ შემადგენლობაზე გააკეთა, რომელსაც მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში ეყრდნობოდა. "სამყურათა" ძირითადში ვერ მოხვდნენ ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი რობი კინი და ირლანდიური ფეხბურთის მეორე ლეგენდა, მეკარე შეი გივენი.

რაც შეეხება პირობით მასპინძელთა ტაქტიკურ სქემას, 4 მცველის წინ სამი ნახევარმცველი დადგა. დისპეტჩერობა დაევალა ჰულაჰანს. თავდასხმაში კი ონილიმა ლონგისა და უოლტერსის დუეტი გაამწესა.

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა მისთვის საყვარელი და მრავალნაცადი 4-4-2 ტაქტიკური სქემა აირჩია. ყველაზე დიდი ინტრიგა ის იყო, ვინ შეუწყვილდებოდა თავდასხმაში შვედთა აღიარებულ ლიდერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს. ეს მისია ბერგს ერგო. პრინციპში, სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ამ პოზიციაზე ჰამრენი სწორედ ბერგს გაამწესებდა.

იმთავითვე ცხადი იყო, რომ შვედებიცა და ირლანდიელებიც ისე მოეკიდებოდნენ ამ შეხვედრას, როგორც სამკვდრო-სასიცოცხლო ჯახს.

გოლები
1:0 - ირლანდიელთა რიგებში ორმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა. სიმუს კოულმენმა დიდებული ფლანგური გადაცემა უბოძა ვეს ჰულაჰანს და ინგლისური "ნორვიჩის" შემტევმაც შესანიშნავი დარტყმით გაიტანა.

1:1 - შვედეთმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის დიდი ძალისხმევით გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა გუიდეტიმ ზლატანს გაატანა ბურთი ფლანგზე და "იბრას" ჩაწოდების შემდეგ კლარკმა თავით ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში. ირლანდიელთა მცველს ისეთი გოლი გამოუვიდა, რომ ბევრი თავდამსხმელი მოაწერდა ხელს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
მარტინ ონილი (ირლანდია): "მიუხედავად იმისა, რომ ქულა ავიღეთ, შეხვედრის საბოლოო შედეგით უკმაყოფილო ვარ. საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი პროცენტი გვქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამი ქულა დაგვრჩებოდა. დიდებული გოლი გავიტანეთ. კოულმენის პასი შესანიშნავი იყო და ჰულაჰანმაც არნახულად დაარტყა. ჩვენ ორი ურთულესი მატჩი გველის წინ, თუმცა იმედიანად ვართ. ჩვენი მოთამაშეები იზრდებიან საერთაშორისო ფეხბურთისათვის. ზლატანის წინააღმდეგ დიდებულად ვითამაშეთ".

ერიკ ჰამრენი (შვედეთი): "სამწუხაროდ, ლუსტიგის ტრავმამ მეორე ტაიმში შეცვლების თამამად კეთების საშუალება არ მომცა. კიდევ ვინმე რომ დამტვრეულიყო, შეცვლა აღარ მრჩებოდა".

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი): "დიახ, მე უბრალოდ ჩავაწოდე. მერე მცველმა გააკეთა ყველაფერი. მაგიაა თუ არა ეს? ჰკითხეთ მას".

მატჩის გმირი
ამ შემთხვევაში მთლიანად ვეთანხმებით უეფას - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "ნორვიჩის" შემტევი ვეს ჰულაჰანი იყო. საქმე მარტო გოლში როდია - ის მთელი შეხვედრის განმავლობაში არ ისვენებდა, სახიფათო მომენტებს ქმნიდა მოწინააღმდეგის კართან.

აქვე, მისი პატარა კომენტარიც: "ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია. მე ირლანდიის მაისურით გავიტანე და ამის გამო უზომოდ ბედნიერი ვარ. ეს დიდებული ქულაა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ახლა ბელგიასთან მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობთ".

ჰულაჰანმა თუ ასე გააგრძელა, მას აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას ინგლისური პრემიერლიგის გამორჩეული გუნდები. მისმა "ნორვიჩმა" ხომ გასული სეზონის შედეგების მიხედვით ინგლისური პრემიერლიგა დატოვა.

მსაჯი
43 წლის სერბმა მსაჯმა მილორად მაჟიჩმა შესანიშნავად ჩაატარა ეს შეხვედრა. უნდა ითქვას, რომ ორი ძალიან მებრძოლი გუნდის თამაში იოლად სამსაჯო ნამდვილად არ იყო. ბალკანელი არბიტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თითქმის ფრიადზე გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას.

მაჟიჩს საკმაოდ კონტაქტურ შეხვედრაში წამითაც არ გაჰქცევია ხელიდან თამაშის სადავეები. მინდორზე დიდი ომი იყო, საბოლოოდ კი ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ამაში წვლილი მაჟიჩსაც მიუძღვის.

ანალიზი
ისეთი თამაში იყო, ფრეს არალოგიკურს რომ ვერ უწოდებს კაცი, თუმცა ოდნავ უკეთესი მაინც ირლანდია იყო და რომ მოეგო, შვედეთი საფეხბურთო ფორტუნას ვერაფრით დაემდურებოდა.

ამ შეხვედრაში ბევრი ორი სწორხაზოვანი გუნდის დაპირისპირებას ელოდა, მაგრამ მოლოდინი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. შვედეთმა იოლად პროგნოზირებადი, ბრძოლისუნარიანობაზე და ზლატანის ნიჭზე დაფუძნებული ფეხბურთი ითამაშა, ირლანდია კი ირჯებოდა არაბრიტანულად, სხარტად და კომბინაციურად.

"სამყურებმა" მოწინააღმდეგეზე მეტი შანსი შექმნეს. რაზეა ლაპარაკი, როცა შვედეთმა ისე დაასრულა თამაში, რომ მოწინააღმდეგის კარში საერთოდ არ დაურტყამს. ირლანდიელთა რიგებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჰულაჰანი.

საერთოდ, ონილის გუნდი გამარჯვებაზე უფრო იყო ორიენტირებული. ეს გამოჩნდა მწვრთნელის მიერ განხორციელებულ შეცვლებში. ირლანდია, ალბათ, მოიგებდა, რომ არა შვედების კარის ძელები და მეკარე ისაკსონის დამაჯერებელი თამაში.

რაც შეეხება შვედეთს, ერთხელაც დამტკიცდა, რომ ეს არის "ერთი კაცის" გუნდი და თუ ის კაცი კარგად თამაშობს, მაშინ შვედეთიც კარგია. გუშინ "იმ კაცმა", ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის ნიჭთან შედარებით საშუალოდ ითამაშა და შვედეთიც საშუალო იყო. უნდა ითქვას, რომ მთელ რიგ შემთხვევებში პარტნიორები ვერ ახერხებდნენ ზლატანისთვის ხელის შეწყობას.

დასკვნა
"სიკვდილის ჯგუფში" ამ ფრემ კიდევ უფრო ჩახლართა სიტუაცია. ნამდვილი გულთმისანი უნდა იყო, ამ ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელი გუნდები რომ გამოიცნო. წინ ორი უაღრესად დაძაბული ტური გველის.

whoscored.com-ის ტოპ-5
ვეს ჰულაჰანი ირლ. 8,1
ჯეფ ჰენდრიკი ირლ. 7,6
მარტინ ოლსონი შვე. 7,4
სიმუს კოულმენი ირლ. 7,4
ანდრეას გრანკვისტი შვე. 7,1

ევრო 2016. E ჯგუფი. I ტური
13 ივნისი. პარიზი. "სტად დე ფრანსი"
ირლანდია - შვედეთი 1:1
გოლები: 1:0 ჰულაჰანი (48. კოულმენი), 1:1 კლარკი (ს. კ.) (71. იბრაჰიმოვიჩი)
ირლანდია (4-3-1-2): რენდოლფი - კოულმენი, ოში, ლარკი, ბრეიდი - მაკარტი (85. მაკგიდი), უილანი, ჰენდრიკი - ჰულაჰანი (78. კინი)- უოლტერსი (64. მაკლინი), ლონგი
შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ლუსტიგი (45. იოჰანსენი), ლინდელიოფი, გრანკვისტი, ოლსონი - ლარსონი, ლევიცკი (86. ეკდალი), კალსტრიომი, ფორსბერგი - ბერგი (59. გუიდეტი), იბრაჰიმოვიჩი
გაფრთხილება: მაკარტი, უილანი - ლინდელიოფი
კარში დარტყმა: 5 (4):4 (0) კუთხური: 5-5; თამაშგარე: 3-4; ჯარიმა:11-15 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 75 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული