ევრო 2016. F ჯგუფი. პორტუგალია-ისლანდია: ვისთვის ციხე და ვისთვის გალია... [VIDEO]

AutoSharing Option
* ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიის ნაკრების დებიუტი შედგა. ის გახდა ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა (330 ათასი მოსახლე), რომელიც ფინალურ ეტაპზე გავიდა.
* კრიშტიანო რონალდომ ლუიშ ფიგუს რეკორდი გაიმეორა - 127 თამაში ეროვნულ ნაკრებში.
* ნანის გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საიუბილეო, მე-600 გოლია.
* პორტუგალიამ კარისკენ 25-ჯერ დაარტყა. პირველ ტურში ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

მას შემდეგ, რაც უნგრეთის ნაკრებმა გვარიანი მოულოდნელობა შემოგვთავაზა, ამ ჯგუფში ნებისმიერ მატჩს ძალიან დიდი ფასი დაედო. ავსტრიის შემდეგ საქმეში მეორე ფავორიტი, პორტუგალია ჩაება. ციცქნა ისლანდიასთან შეხვედრაში ფერნანდუ სანტუშის გუნდისაგან ყველა
გამარჯვებას ელოდა.

ბოლო წამს ძირითადში ტრავმის გამო ვერ მოხვდა რიკარდო კვარეშმა. ლუზიტანელთა მთავარი იმედი, კრიშტიანო რონალდო მეორე ლეგენდას, ლუიშ ფიგუს გაუტოლდა. მან 127-ე მატჩი ჩაატარა ეროვნულ გუნდში.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობა
პორტუგალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა აქცენტი ნახევარდაცვის ხაზში უპირატესობის მოპოვებაზე გააკეთა. წინ კი პორტუგალია ნანისა და უპირველეს ყოვლისა, კრიშტიანო რონალდოს იმედად იყო.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პორტუგალიელთა ძირითადში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, რომლებსაც ჩვენ სასტარტოში ველოდით. მაგალითად, ბევრი ძირითადში ელოდა ვილიამ კარვალიოსა და რენატო სანჩესს. ორ გამორჩეულ საყრდენს, რომელთაგან ერთ-ერთი (სანჩესი) სულ ცოტა ხნის წინ "ბაიერნმა" გადაიბირა. ძალიან საწყენი იყო კვარეშმას ტრავმა, ვინც მართლაც რომ შესანიშნავ ფორმაში ხვდებოდა ევროფორუმს და ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა.

ირლანდიელთა შვედმა მწვრთნელმა ლარს ლაგერბაკმა 4-4-2 ტაქტიკური სქემა აირჩია.

ისლანდიელთა ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა რთული არ იყო. ერთი ის ვერ გავიგეთ, რატომ აღმოჩნდა სათადარიგოთა შორის იტალიური "ვერონას" ერთ-ერთი ლიდერი ემილ ჰალფრედსონი. როგორც ჩანს, ლაგერბაკმა მხედველობაში მიიღო ფეხბურთელის არცთუ წარმატებული სეზონი იტალიაში და ისიც, რომ ჰალფრედსონი გუნდის თამაშს, ცოტა არ იყოს, ანელებს.

გოლები
1:0 - პორტუგალიამ კარგი ფლანგური შეტევა გოლით დაასრულა. ვიეირინიამ ანდრე გომეშს გადააწოდა ბურთი, "ვალენსიის" ნახევარმცველმა კი გახსნილი ნანი მონახა.

1:1 - იოჰან გუდმუნდსონის პასის შემდეგ ანგარიში ბირკირ ბიარნასონმა გაათანაბრა. საკითხავია, რას აკეთებდნენ ამ დროს პორტუგალიელთა ცენტრალური მცველები. პეპე ერთ-ერთ ისლანდიელს გაჰყვა, რიკარდო კარვალიომ კი საერთოდ დაკარგა პოზიცია.

მატჩის შემდეგ
ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია): "პირველი მატჩი დიდ ტურნირზე ყოველთვის რთულია. ჩვენ შეგვიძლია მომატება და ამას გავაკეთებთ. როცა რძე დაიქცევა, მერე არ უნდა იტირო, რადგან ეს ვერაფერს შეცვლის. რაც შეეხება კვარეშმას, მე არ გამირისკავს. არ იყო მზად მთელი შეხვედრის სათამაშოდ და მაშინ შევიყვანე მინდორზე, როცა საჭიროდ ჩავთვალე".

ჰეიმირ ჰალგრიმსონი (ისლანდია, მეორე მწვრთნელი): "ფანტასტიკური ატმოსფერო იყო. ჩვენ გუნდური, სწორი მუშაობის ხარჯზე შევძელით კრიშტიანო რონალდოს შეჩერება. ისეთი სიტუაცია იყო სტადიონზე, რომ გვეგონა, შინ ვთამაშობდით. ასე უნდა გავაგრძელოთ".

მატჩის გმირი
უდავოა - რომ არა ისლანდიის ნაკრების 32 წლის მეკარის, ჰანეს ჰალდორსონის კარგი თამაში, ისლანდიას ქულის აღება ძალიან გაუჭირდებოდა. ახლავე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ნორვეგიული "ბოდო გლიმტის" კიპერი ახალ სეზონს უკეთეს გუნდში დაიწყებს. მან თითქოს, ჯადო გაუკეთა საკუთარ კარს. მეკარეს ვერც გაშვებულ გოლს დავაბრალებთ. იმ ეპიზოდში ჰალდორსონი ნანის დარტყმულს ვერ აიღებდა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო არ დაგვეთანხმა და შეხვედის საუკეთესო მოთამაშედ ნანი დაასახელა. ასე გვგონია: საუკეთესოობას იმ გუნდის წევრი იმსახურებს, რომელმაც მისთვის მისაღები შედეგი დააფიქსირა და ამ შედეგში ისლანდიელთა მეკარის წვლილი უდიდესია.

მსაჯი
39 წლის თურქმა ჯუნეით ჩაქირიმ მთლიანობაში ნორმალურად განსაჯა ეს შეხვედრა. იყო პატარა შეცდომები. ერთ-ორ ეპიზოდში მას შეეძლო, უფრო მკაცრი ყოფილიყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისლანდიელები ყველანაირად ცდილობდნენ კრიშტიანო რონალდოს შეჩერებას. საერთო ჯამში, მსაჯს თამაშის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ანალიზი
პირველი დიდი სენსაცია ევროპის ჩემპიონატზე. მაინც რამ გამოიწვია ის? პირველ რიგში, ისლანდიელთა დიდმა ბრძოლისუნარიანობამ და მერე პორტუგალიელთა უკბილო თამაშმა, რასაც თან დიდი უიღბლობაც დაერთო.

როცა ამდენ საგოლე მომენტს ვერ იყენებ, გამარჯვებაზე ფიქრი ძალიან ძნელია. ყოველივე ამას დაემატა ფერნანდუ სანტუშის მიერ შერჩეული არასწორი შემადგენლობა. თამაშმა აჩვენა, რომ პორტუგალიას სჭირდებოდა მეტი აგრესია და მან ეს აგრესია ვერ გამოავლინა.

საცოდაობაა, რენატო სანჩესის მსგავსი ტალანტი გყავდეს და ის ძირითად შემადგენლობაში არ დააყენო. მით უმეტეს მაშინ, როცა პორტუგალიელთა ცენტრალურმა ნახევარმცველებმა კარგად ვერ ითამაშეს.

საერთოდ, პორტუგალიის ნაკრების ყველა ლიდერმა სუსტად ითამაშა. კრიშტიანო რონალდომ ისეთი მომენტები გაატანა ქარს, რომელთაც ის სხვა დროს აუცილებლად გამოიყენებდა. პეპემ კი უსუსტესი მატჩი ჩაატარა და დიდწილად მისი დამსახურებაა, პორტუგალიამ რომ ვერ მოიგო.

ისლანდია ძალიან დალაგებულ გუნდად წარმოჩინდა. ფაქტია, სკანდინავიელებს მაგრად ეტყობათ გუნდის შვედი დამრიგებლის, ლარს ლაგერბაკის ხელი. ისლანდია ბევრ პრობლემას შეუქმნის როგორც ავსტრიას, ისე უნგრეთს. ამის ვარაუდი აქედანვე შეიძლება. ისინი თამაშობენ ისეთ ფეხბურთს, როგორიც იციან და მათ სადა გარჯაში ზედმეტი არაფერია. ვის მოსწონს და ვის არა ასეთი ფეხბურთი, ლაგერბაკს არ ადარდებს - მან შედეგს მიაღწია.

დასკვნა
პორტუგალიამ უნდა მოუმატოს. მას აქვს ამის რესურსი, ოღონდ მწვრთნელი გუნდს უნდა დაეხმაროს და არა პირიქით. რაც შეეხება ისლანდიას, ეს ნაკრები ყველა მეტოქისათვის "კერკეტი კაკალი" იქნება.

whoscored.com-ის ტოპ-5
ჰანეს ჰალდორსონი ისლ. 8,5
ანდრე გომეში პორ. 8,2
კოლბეინ სიგტორსონი ისლ. 7,9
არონ გუნარსონი ისლ. 7,7
ნანი პორ. 7,6

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

14 ივნისი. სენტ ეტიენი. "სტად ჟოფრუა გიშარი"
პორტუგალია - ისლანდია 1:1
გოლები: 1:0 ნანი (31. ანდრე გომეში), 1:1 ბ. ბიარნასონი (50. გუდმუნდსონი)
პორტუგალია (4-3-1-2): რუი პატრისიო - ვიეირინია, პეპე, რიკარდო კარვალიო, რაფაელ გერეირო - ჟოაო მარიო (76. კვარეშმა), დანილო პერეირა, ანდრე გომეში (84. ედერი) - ჟოაო მოუტინიო (71. რენატო სანჩესი) - ნანი, რონალდო
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - სავარსონი, ა. სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი - გუდმუნდსონი (90.ე. ბიარნასონი), გუნარსონი. გ. სიგურდსონი,ბ. ბიარნასონი - სიგტორსონი (81.ფინბოგასონი), ბოდვარსონი
გაფრთხილება: - ბიარნასონი, ფინბოგასონი
კარში დარტყმა: 7 (10)-0 (4); კუთხური: 11-2; თამაშგარე: 3-2; ჯარიმა: 9-17; ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 38 742

თ მ ფ წ ბ ქ
1. უნგრეთი 1 1 0 0 2-0 3
2. პორტუგალია 1 0 1 0 1-1 1
3. ისლანდია 1 0 1 0 1-1 1
4. ავსტრია 1 0 0 1 0-2 0

18 ივნისი
ისლანდია - უნგრეთი 20:00
პორტუგალია- ავსტრია 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული