ევრო 2016. B ჯგუფი. რუსეთი-სლოვაკეთი: თავს ზემოთ ჰამშიკი და ვაისია [VIDEO]

AutoSharing Option
* ვაისმა და ჰამშიკმა გოლები და პასები "გაცვალეს". აქამდე ასეთი რამ 2004 წელს იყო დაფიქსირებული, როდესაც ხორვატიასთან შეხვედრაში ინგლისის ნაკრების ლიდერებმა უეინ რუნიმ და პოლ სქოულზმა ერთმანეთს გაატანინეს.
* სლოვაკეთი გახდა პირველი გუნდი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელმაც პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანა, თანაც სულ ორი დარტყმით. ჯამში სლოვაკებმა ზუსტად 3-ჯერ დაარტყეს, რუსებმა სულ 2-ჯერ და ერთხელ გაიტანეს.
* რუსეთს ევროპის ჩემპიონატებზე უკვე 10 მატჩია, არ მოუგია, როდესაც პირველ გოლს უშვებს - 2 ფრე, 8 წაგება.
* რუსეთის ნაკრებს უკვე 5
მატჩია არ მოუგია (2 ფრე, 3 წაგება), მაგრამ 5-ივე შეხვედრაში გოლი აქვს გატანილი (ოთხჯერ 1 ბურთი, ერთხელ 2).

ინგლისთან პატარა გმირობით შეგულიანებულმა რუსებმა ომახიანად დაიწყეს და თავიდან უპირატესობას ფლობდნენ კიდეც, სლოვაკეთი კი არეული იყო. თუმცა ინდივიდუალურ ოსტატობას და ერთ ცალკეულ მომენტს ყველაფრის თავდაყირა დაყენება შეუძლია, ორ ასეთ მომენტს კი, მით უმეტეს.

ჰოდა, ჰამშიკი-ვაისის წყვილმა ორი კოხტა გოლი გამოაცხო და რუსები შესვენებაზე ცუდ ხასიათზე გაუშვა. სლუცკის გუნდმა ბოლომდე ნამდვილად იბრძოლა და რაღაც მომენტებიც შექმნა, თან სლოვაკები უკვე ზედმეტადაც კი ფიქრობდნენ კარის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ერთი გოლზე მეტი რუსებმა ვერ გაიტანეს. ისინი შეტევაში ძალიან მძიმედ გამოიყურებიან.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ლეონიდ სლუცკიმ სლოვაკეთთან ზუსტად ის თერთმეტეული გამოიყვანა მინდორზე, რომლითაც მან ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. როგორც ჩანს, რუსების მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ამ წუთას ეს ოპტიმალური შემადგენლობაა. შეცვლაზეც ზუსტად ის სამეული შემოვიდა, რომელიც ინგლისელებთან ჩაერთო თამაშში.

იმ სხვაობით, რომ ცვლილებების დაწყება სლუცკის შესვენებისთანავე მოუხდა, მას ამის გაკეთება ანგარიშმა აიძულა. სლუცკიმ ორივე საყრდენი - გოლოვინი და ნოიშტედტერი ჩახსნა და მამაევი-გლუშაკოვის წყვილი შემოუშვა იმისთვის, რომ შეტევა გაეაქტიურებინა და მოგვიანებით შიროკოვიც დაამატა. პრინციპში, გაააქტიურა კიდეც, მაგრამ არასაკმარისად.

რაც შეეხება იან კოზაკს, მან როგორც შემადგენლობის, ასევე ტაქტიკის კუთხით ცვლილებები შემოგვთავაზა. სლოვაკთა მწვრთნელმა მარეკ ჰამშიკი ფურცელზე ცოტა უფრო უკან დახია და სიღრმიდან თამაში დაავალა, მაგრამ რეალურად "ნაპოლის" ნახევარმცველს თავისუფლება ჰქონდა მიცემული.

თადარიგში დარჩნენ შვენტო და პირველ მატჩში პასიური დიურიში, რომლებიც მოგვიანებით გამოვიდნენ, ნემეცისა არ იყოს. აი, ჰროშოვსკის ამჯერად არ უთამაშია და აღარც სტოხს მისცემია შანსი. ეს უკვე ანგარიშიდან გამომდინარეობდა.

მატჩის შემდეგ
იან კოზაკი (სლოვაკეთი): "მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთები თითქოს, აღარ მთავრდებოდა და ძალიან გაიწელა, ჩვენ ეს შევძელით! ჩვენ დავამტკიცეთ რომ რუსეთის დამარცხება შეგვიძლია, რასაც ბევრი ეჭვქვეშ აყენებდა".

ლეონიდ სლუცკი (სლოვაკეთი): "გუნდის შიგნით გავერკვევით და ყველაფერს კარგად გადავხედავთ. შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამოვრიცხავ".

გოლები
0:1 - მარეკ ჰამშიკის დახვეწილი გრძელი პასის მერე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის ვაჟმა ვლადიმერ ვაის-უმცროსმა ბურთი მშვენივრად მიიღო, მერე ოსტატური პაუზა და ფინტიც გააკეთა, რითაც ორ რუს მცველს უთხრა, სხვის მიწაზე ხართ, რაც არ შეიძლებაო და სახლში გაუშვა, ბურთი გაისწორა, შორეულ კუთხეს გახედა და ზუსტად იქ ჩასვა, სადაც საჭირო იყო.

0:2 - ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ვაისმა და ჰამშიკმა როლები გაცვალეს. ჯუნიორმა "სონიკს" მიუგორა, მერე კი ჰამშიკმა ისეთი გააკეთა და ისეთი დაარტყა... მარეკმა მეტოქე ჩამოიშორა და თითქოს, მახვილი კუთხიდან, საიდანაც აკინფეევის ჯობნა ძნელი იქნებოდა, ისეთი სიძლიერის დარტყმით ჩაჭედა ბურთი შორეულ კუთხეში ძელის გავლით, რომ… ბევრჯერ უნდა ვნახოთ და დავტკბეთ. ესეც კიდევ ერთი სუპერგოლი ევრო 2016-ზე და ზოგადად, სლოვაკების ორივე გოლი ერთმანეთზე უკეთესი გახლდათ.

1:2 - სლოვაკებმა ბურთი ცუდ ადგილას დაკარგეს და რუსებმა შანსი ამის წყალობით მიიღეს, მაგრამ მერე სლუცკის "არმიამ" ყველაფერი მშვენივრად გააკეთა, კომბინაცია ტექნიკურად გაათამაშა და საბოლოოდ, შატოვის ჩაწოდებით შეცვლაზე შემოსულმა გლუშაკოვმა გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის გმირი
უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, მარეკ ჰამშიკი ძალიან მაგარი ფეხბურთელია. მას აქამდე ეს დიდ საფეხბურთო ტურნირზე არ დაემტკიცებინა და დრო იყო, თავისი სიტყვა ეთქვა და თქვა კიდეც, თუნდაც ერთ მატჩში. ის დასახელდა კიდეც მატჩის საუკეთესოდ და ჩვენი აზრიც ანალოგიურია. თუმცა ნაკლებად კარგი მატჩი არც ვაისს ჩაუტარებია, მაგრამ ჰამშიკი მაინც უფრო ეფექტური იყო.

მსაჯი
დამირ სკომინა ახალი თაობის მსაჯებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და საკმაოდ სტაბილურიც. მას ერთი-ორი სკანდალური მატჩი მაინც ჰქონდა, მაგრამ მას მერე ნორმალურად მსაჯობს და ბუკმეკერების აზრით, სლოვენიელი არბიტრი ფავორიტია ფინალის განსჯის კანდიდატთა შორის. სკომინას ბრიგადა ამ შეხვედრაშიც ნორმალურ შეფასებას იმსახურებს. ისე, მატჩში საკამათო მომენტები ნაკლები გახლდათ და სულ 1 ყვითელი ბარათი იყო.

დასკვნა
სლოვაკეთმა მოიგო და ეს ძალიან კარგია, მაგრამ გუნდს ბოლო ტურში ინგლისთან ელოდება თამაში და გარანტირებული, ცხადია, არაფერი აქვს. სლოვაკებს მაინც აქვთ ხარვეზები, როგორც დაცვაში, ასევე მთელი მატჩის ერთ დონეზე ჩატარების მხრივ. ეს პრობლემა არაერთ გუნდს შეენიშნება, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. მოკლედ, გუნდს პოტენციალი აქვს, მაგრამ ამას გამოყენება უნდა, ყოველთვის ჰამშიკისა და ვაისის გასროლით კოზაკი წყალს ვერ მოიტანს.

სლუცკი საკადრო პრობლემების გამო ამჟამად არჩევანში შეზღუდულია და თითქმის მაქსიმუმს აკეთებს. ბოლო ტურში რუსეთმა უნდა გარისკოს.

whoscored.com-ის ტოპ-5
მარეკ ჰამშიკი სლო. 8,5
ვლადიმირ ვაისი სლო. 8,2
დენის გლუშაკოვი რუს. 7,5
ოლეგ შატოვი რუს. 7,3
არტიომ ძიუბა რუს. 7,3

რუსეთი-სლოვაკეთი 1:2
გოლები: 0:1 ვაისი (32. ჰამშიკი), 0:2 ჰამშიკი (45. ვაისი), 1:2 გლუშაკოვი (80. შატოვი)
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - სმოლნიკოვი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენნიკოვი - გოლოვინი (46. მამაევი), ნოიშტედტერი (46. გლუშაკოვი) - კოკორინი (75. შიროკოვი), შატოვი, სმოლოვი - ძიუბა
სლოვაკეთი (4-3-2-1): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ჰუბოჩანი - პეჩოვსკი, კუცკა, ჰამშიკი - ვაისი (72. შვენტო), მაკი (80. დიურიში) - დუდა (67. ნემეცი)
გაფრთხილება: - დურიცა
კარში დარტყმა: 15-9 (2-3) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 0-5 ჯარიმა: 8-12 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 38 989

თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 1 1 0 0 2-1 3
2. სლოვაკეთი 2 1 0 1 3-3 3
3. ინგლისი 1 0 1 0 1-1 1
4. რუსეთი 2 0 1 1 2-3 1

16 ივნისი
ინგლისი-უელსი 17:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული