ევრო 2016. C ჯგუფი. გერმანია-პოლონეთი: მეზობლებმა ქულები გაცვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
* ევრო 2016-ზე პირველი შეხვედრა დასრულდა უგოლოდ.
* გერმანიის ნაკრებმა ბოლოს 0:0 ორი წლის წინათ, ამხანაგურ მატჩში ითამაშა, მაშინაც პოლონეთის წინააღმდეგ.
* ტონი კროოსის 108 პასიდან 100 ზუსტი იყო.
* პოლონეთის ნაკრებს კარში ზუსტად არ დაურტყამს.

გერმანიამ და პოლონეთმა ერთმანეთს თავი არ შეაკლეს - შეგვეძლო, რომ ამ მატჩის მიმოხილვისთვის აქვე დაგვესვა წერტილი, მაგრამ მოდით, მაინც უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ იმას, რაც გუშინ საღამოს "სტად დე ფრანსზე" მოხდა.

მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთში უგოლო ფრე დააფიქსირეს და ბოლოს ამით ყველა კმაყოფილი იყო - გარდა
იმ 75 000 ფანისა, რომლებიც მატჩს დაესწრნენ და მილიონობით მაყურებლისა, რომლებმაც ამ, მეორე ტურის ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ ჯახად შერაცხულ მატჩს თვალი ტელევიზორში მიადევნეს. პირველი ზუსტი დარტყმა მხოლოდ 47-ე წუთზე ვნახეთ!

სასტარტო შემადგენლობები
უკრაინასთან 2:0-ზე მოგებული მატჩისგან განსხვავებით, გერმანიის ნაკრების დამრიგებელმა იოახიმ ლიოვმა გუნდის ძირითადი შემადგენლობა მხოლოდ ერთ პოზიციაზე შეცვალა: ბუნდესგუნდის დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი გამოჯანმრთელდა და სასტარტოში თავისი ადგილი (შკოდრან მუსტაფის ნაცვლად) დაიკავა.

პოლონეთის თავკაცი ადამ ნავალკა კი იძულებული გახდა, მეკარე ვოიცეხ შჩესნიზე ეთქვა უარი, რადგან ეს უკანასკნელი ტრავმირებულია. მის ნაცვლად, პოლონეთის კარის დარაჯის რანგში ლუკაშ ფაბიანსკი ვიხილეთ. გარდა ამისა, თამაში კაპუსტკას ნაცვლად გროსიცკიმ დაიწყო.

მატჩის შემდეგ
იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი): "საბოლოო ჯამში, ფრე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია. დაცვაში კარგად ვითამაშეთ და კონტრშეტევები არ გამოგვეპარა. პრინციპში, ამ ფრით კმაყოფილი ვარ, ამ ქულით ყველანი უნდა დავკმაყოფილდეთ. ბოლო პასი არ გვივარგა და მეტოქის კართან საკმარისად ცივსისხლიანები არ ვართ - ამ დღეებში სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ".

ადამ ნავალკა (პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენ ვაკონტროლებდით იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. მართალია, ინიციატივას და ბურთს მეტწილად გერმანია ფლობდა, მაგრამ ჩვენი ტაქტიკაც ეს იყო. კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით და ჩვენი ტაქტიკური დისციპლინით, ჩემი შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში ფხიზლად იყვნენ. გერმანიასთან 0:0 შესანიშნავი შედეგია!"

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის გმირი
მატჩი ისეთი გამოვიდა, გმირის ამორჩევა ძალიან ძნელი, მეტიც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არამხოლოდ იმის გამო, რომ უგოლო ფრე დაფიქსირდა - უბრალოდ, ამ შეხვედრას ნამდვილად არ ჰყავდა გმირი. თუკი ვინმეზე შეიძლება იმის თქმა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას იმსახურებს, მაშინ ჟერომ ბოატენგზე, რომელმაც ევრო 2016-ზე კიდევ ერთი დასამახსოვრებლად კარგი თამაში ჩაატარა. ბოატენგმა ყველაზე მნიშვნელოვან სიტუაციებში გამოიჩინა თავი, განმუხტა სახიფათო სიტუაციები მანუელ ნოიერის კარის სიახლოვეს და იყო ყველგან, სადაც გერმანიის ნაკრების უკანა ხაზს სჭირდებოდა. განსაკუთრებით თვალსასეირო ის მომენტი გახლდათ, როცა მან 59-ე წუთზე პოლონელთა მთავარი დამრტყმელი ძალა, რობერტ ლევანდოვსკი განაიარაღა.

ბოატენგმა გუშინ ერთადერთი შეცდომა დაუშვა, როცა მილიკს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი და პოლონელთა თავდამსხმელმა მისი ამ შეცდომით ვერ ისარგებლა, თორემ ბოატენგზე ამდენს ნამდვილად არ დავწერდით.

ყველაზე სუსტ მოთამაშედ კი ამჯერად არკადიუშ მილიკი მოგვეჩვენა - ფეხბურთელი, რომელმაც პირველ ტურში თავი გამოიჩინა. შესაძლოა, ჩვენ ველოდით მისგან მეტს. ფაქტია, რომ მილიკს მეორე ტაიმში ორი რეალურზე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა და შეეძლო, შეხვედრის ნაღდი გმირი გამხდარიყო...

მსაჯი
ბიორნ კუიპერსმა სამი ხედირა ტაქტიკური ფოლის გამო, ცოტა არ იყოს, ნაადრევად დასაჯა გაფრთხილებით, მაგრამ ჰოლანდიელ არბიტრს ამის გამო ვერ გავაკრიტიკებთ - გადაწყვეტილება სწორი უფრო იყო, ვიდრე მცდარი. ზოგიერთ მომენტში კუიპერსს ეტყობოდა, რომ თითქოს ნერვიულობდა და გადაწყვეტილებების მიღებასაც აჭიანურებდა.

ანალიზი
მატჩის წინ ყველამ იცოდა, რომ პოლონეთის ნაკრები თამაშს კონტრშეტევებზე ააგებდა და დაცვიდან ითამაშებდა, მაგრამ ალბათ, მაინც არავინ ელოდა იმას, რომ პოლონელები ასე პასიურად დაიწყებდნენ თამაშს და პირველ წუთებში ასე ღრმად ჩაჯდებოდნენ დაცვაში. სხვათა შორის, პოლონელებმა გერმანელებთან საკვალიფიკაციო ეტაპზეც ასე ითამაშეს, ოღონდ ის შეხვედრა გერმანელთა სასარგებლოდ, 3:1 დასრულდა.

თუმცა გერმანიის ნაკრებმა ვერაფრით შეძლო ის, რომ ბურთი დაუსრულებლად პოლონელთა საჯარიმოს სიახლოვეს ყოფილიყო.

შესაბამისად, ლოგიკურია ეს რეალობაც: პირველ ტაიმში კარში ზუსტი დარტყმა არ გვინახავს!

გერმანელთა შეტევების დროს დრაქსლერი და მიულერი ხშირად იწევდნენ ცენტრისკენ და ამით გზას უთავისუფლებდნენ ბუნდესგუნდის ფლანგის მცველებს - ჰიოვედესსა და ჰექტორს, რომლებიც შეტევებში, უკრაინასთან მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად საკმაოდ ხშირად ერთვებოდნენ. თუმცა ჰექტორმა ეს მაინც ჰიოვედესზე გაცილებით ხშირად გააკეთა.

სამი ხედირა ტონი კროოსს ახლა გაცილებით უკეთ აზღვევდა, ვიდრე უკრაინასთან შეხვედრაში, მაგრამ ხედირას თამაშს სრულყოფილი ნამდვილად არ ეთქმის და დიდი შანსია, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ლიოვს მომდევნო შეხვედრისთვის უკვე ბასტიან შვაინშტაიგერის სასტარტო შემადგენლობაში გამწესებისკენ მოუწოდონ. ფაქტი ის არის, რომ პოლონელებს რამდენჯერმე სწორედ ხედირას არასწორი პოზიის ან შეცდომის გამო მიეცათ ბრწყინვალე საკონტრიერიშო შანსი.

მატს ჰუმელსის დაბრუნებამ გერმანიის ნაკრების დაცვის ხაზი სერიოზულად გაამაგრა. დავრწმუნდით, რომ ბუნდესგუნდი ჰუმელსთან ერთად და მის გარეშე ორი, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ცნებებია.

გერმანიის ნაკრების მთავარი გამთამაშებლები ისევ კროოსი და იოზილი იყვნენ, რომლებიც ნამდვილად კარგად ირჯებოდნენ, მაგრამ კარგი ბოლო პასის გაკეთება ვერც ერთმა შეძლო და ვერც მეორემ. თუმცა ეს იმის ბრალიცაა, რომ პოლონელები ძალიან ღრმად იდგნენ დაცვაში.

მარიო გიოტცე კი აშკარად ცუდ ფორმაშია. დიდად ვერ იხსნებოდა, "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე ისევ უნიათო იყო და რამდენჯერაც ერთი-ერთზე დრიბლინგი სცადა, იმდენჯერ "ჩაფლავდა". პრობლემები ჰქონდა მარჯვნივ გამწესებულ მიულერსაც, რომელიც უმეტესად თამაშიდან ამოვარდნილი იყო. შესვენების შემდეგ ლიოვმა გიოტცეს და მიულერს პოზიციები გააცვლევინა, რაც თავიდან კარგი გადაწყვეტილება კი ჩანდა, მაგრამ მარიო და თომასი თამაშში მაინც ვერ ჩაერთნენ უკეთესად და ტაბლოზე ანგარიშიც არ შეცვლილა.

დასკვნა
ორივე გუნდმა ფრთხილი ფეხბურთი ითამაშა და შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია. პოლონეთი ექსტრემალურად კომპაქტურად თამაშობდა და თავს დიდი მონდომებით იცავდა, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა კი პოლონელთა დაცვაში ხვრელი ვერაფრით იპოვეს და არც ზედმეტად გარისკეს.

whoscored.com-ის ტოპ-5
ლუკაშ პიშჩეკი პოლ. 7,8
გჟეგოჟ კრიხოვიაკი პოლ. 7,7
მიხალ პაზდანი პოლ. 7,6
ტონი კროოსი გერ. 7,5
მატს ჰუმელსი გერ. 7,5

16 ივნისი. სენ დენი. "სტად დე ფრანსი"
გერმანია-პოლონეთი 0:0
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ჰიოვედესი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი - ხედირა, კროოსი - მიულერი, იოზილი, დრაქსლერი (72. გომესი) - გიოტცე (66. შიურლე).
პოლონეთი (4-2-2-2): ფაბიანსკი - პიშჩეკი, გლიკი, პაზდამი, იედრეიჩიკი - კრიხოვიაკი, მაჩინსკი (76. იოდლოვიეცი) - ბლაშჩიკოვსკი (80. კაპუსტკა), გროსიცკი (88. პეშკო) - მილიკი, ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ხედირა, იოზილი, ბოატენგი - მაჩინსკი, გროსიცკი, პეშკო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 16(3)-7(0); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 75 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 2 1 1 0 2-0 4
2. პოლონეთი 2 1 1 0 1-0 4
3. ჩრდ. ირლანდია 2 1 0 1 2-1 3
4. უკრაინა 2 0 0 2 0-4 0

III ტური
21 ივნისი
ირლანდია-გერმანია 20:00
უკრაინა-პოლონეთი 20:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული