ევრო 2016: ვინ ვის ურტყამს საფრანგეთში - ბოლო დღეების ქრონიკა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატს თან გვარიანი ვნებათაღელვაც ახლავს. ფრანგულ პოლიციას საქმე არ აკლია.

საფეხბურთო ამბების გარდა, ჩვენს ყურადღებას არანაკლებ მღელვარე არასაფეხბურთო ამბებიც იქცევს. მაშ ასე, ვინ ვის ურტყამს და რა ხდება რეალურად საფრანგეთში? ამის თაობაზე ვერსია ბევრია. ჩვენ გვთავაზობთ ზოგად ქრონოლოგიას.

ჟუბერების რევანში
რუსი გულშემატკივრების დეპორტაციის გარდა, საფრანგეთის პოლიციამ სხვა ნაბიჯებიც გადადგა.

უელსისა და ინგლისის მატჩზე, რომელიც ლანსში გაიმართა, უსაფრთხოებას 2 500-ზე მეტი სამართალდამცველი უზრუნველყოფდა.

არ ვიკითხავთ, სად იყო ამდენი პოლიციელი მაშინ, როცა მარსელში ცნობილი მოვლენები ვითარდებოდა. ფაქტია, მათ შედარებით დააგვიანეს მოქმედება.

7 ივნისი
ამ დღეს მარსელში ინგლისის ნაკრების 30 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სამი დღით ადრე ფრანგებმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს ორი ათასზე მეტ ისეთ ქომაგს, რომლებიც სხვადასხვა დროს შემჩნეულნი იყვნენ მასობრივ არეულობებში მონაწილეობაში.

ევროპაში საზღვრები აღარ არსებობს და ტურნირის ორგანიზატორებმა ეს ძალიან კარგად იციან. ამიტომ მათ შეადგინეს დამატებითი სია, სადაც ორი ათასზე მეტი ძებნილი ქომაგი მოხვდა.

8 ივნისი. ინგლისელები ანაგვიანებენ და ბოთლებს ამსხვრევენ
მარსელში ჩამოსვლისთანავე ინგლისელები ადგილობრივ პაბებს შეესივნენ. მათ "აითვისეს" ძველი პორტის რაიონი, შარლ დე გოლის რაიონი და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ადგილი, მაზო.

ინგლისელები ჯერ არ ხულიგნობენ, მაგრამ ძველი ჩვეულება მაინც ვერ დათმეს. ისინი ლუდს მინის ბოთლებში ყიდულობენ, მერე კი მთელ ქალაქში ყრიან ამ ბოთლებს და ძალიან ხშირად ამსხვრევენ კიდეც.

9 ივნისი. ინგლისელები ურტყამენ ფრანგებს
მეორე დღეს ინგლისელთა მიერ ჭარბად მიღებული ალკოჰოლი უკვე მოქმედებას იწყებს. პოლიციამ მიიღო რამდენიმე შეტყობინება სექსუალური ძალადობის მცდელობის შესახებ. გარდა ამისა, მოხდა პირველი შეტაკება ინგლისელებსა და "მარსელის" გულშემატკივრებს შორის.

საფრანგეთის პოლიცია ხშირად აცხადებს, რომ მას შეუძლია, მხოლოდ ფან-ზონებში მისცეს ქომაგებს უსაფრთხოების გარანტია. უსაფრთხო ადგილთა ჩამონათვალში ასევე ხვდება სტადიონი.

ქალაქის ქუჩებში კი ფანებმა თავად უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები. მარსელელებს არ ურჩევენ ძველი პორტის რაიონში სეირნობას.

10 ივნისი. ფრანგები და ინგლისელები ერთმანეთს ურტყამენ. პოლიცია ურტყამს ყველას
უწესრიგობა ღამით დაიწყო. მთვრალმა ინგლისელებმა დაიწყეს ადგილობრივი ბარ-რესტორნების ვერანდების დალეწვა. ისინი მთელი ხმით ყვიროდნენ - "სად არის აქ ISIS?". მოგეხსენებათ, ISIS ტერორისტული ორგანიზაციაა.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ათეული პოლიციელი მივიდა, თუმცა მათ ვერ შეძლეს მასის დაწყნარება და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ძველი პორტის რაიონში, სადაც რამდენიმე ათეული ინგლისელი ფანია დაბანაკებული, მთელი დღის განმავლობაში ადგილი აქვს მასობრივ არეულობებს. საღამოს ინგლისელებს თავს დაესხა "მარსელის" ქომაგთა ჯგუფი. ძირითადად - აფრიკელები და არაბები.

- მარსელში შეტაკების შემდეგ ინგლისელი ფანი თავის ტვინის მძიმე ტრავმით საავადმყოფოში მოხვდა [VIDEO]

მოჩხუბართა დაშოშმინებას რამდენიმე საათი დასჭირდა. გამოიყენეს გაზი და ცრემლსადენი კაფსულები. პოლიციამ ცრემლსადენი საშუალებები, ძირითადად, იმ ინგლისელების წინააღმდეგ გამოიყენა, რომლებიც სამართალდამცველებს ბოთლებს ესროდნენ.

იმავე დღეს რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ინგლისი-რუსეთის მატჩის დღეს გასატარებელი საერთო ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს. ამავე დღეს ცნობილი გახდა იმ ნივთიერებათა თუ საგანთა ჩამონათვალი, რომელთა შეტანაც აკრძალული იყო სტადიონზე. მაგალითად, თუ ფანს ალკოჰოლს აღმოუჩენდნენ, ის 7500 ევროთი დაჯარიმდებოდა.

11 ივნისი. რუსები ურტყამენ ინგლისელებს
თამაშის წინ მარსელში სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩებოდა. ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში შესვლა ხუთ რუს გულშემატკივარს აუკრძალეს. ისინი იძულებულნი იყვნენ, მალე დაეტოვებინათ საფრანგეთის ტერიტორია.

ინგლისელმა ფანებმა ქვები დაუშინეს ავტობუსს, რომელიც რუსეთის დროშის ფერებით იყო შეღებილი. ამასობაში, რუსი ქომაგები თავს დაესხნენ ძველი პორტის რაიონში განთავსებულ ინგლისელ ფანებს.

პოლიციამ ცრემლსადენი საშუალებები გამოიყენა. სახანძრო სამსახური კი ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც ოცდაათამდე ინგლისელი დაშავდა. დაიჭირეს რამდენიმე ინგლისელი და ფრანგი ფანი. რუსების შეპყრობა ვერ მოხერხდა.

"ველოდრომზე" მორჩა ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების მატჩი. რუსი გულშემატკივრები არღვევენ პოლიციის კორდონს და თავს ესხმიან ინგლისელ ფანებს. ინგლისელები გარბიან. პოლიცია აგვიანებს. ხდება შეტაკება. დაპატიმრებულია ასზე მეტი ადამიანი. უეფა იწყებს დისციპლინარულ გამოძიებას რუსეთის წინააღმდეგ.

- რუსი და ინგლისელი ფანების შეტაკებები მატჩამდე და შემდეგ [VIDEO]

11 ივნისი. ნიცა. პოლონელების და ჩრდილოირლანდიელების ჩხუბი
ნიცაში პოლონელმა და ჩრდილოირლანდიელმა ფანებმა მაგრად იჩხუბეს. უწესრიგობაში ორივე მხრიდან ათეულობით ფანი მონაწილეობდა. საქმეში კვლავ ჩაერთო ბოთლები. პოლიციამ შეძლო მხარეების დაშორება ისე, რომ სერიოზულად არავინ დაშავებულა.

- ნიცაში პოლონელ და ჩრდილოირლანდიელ ფანებს შორის ჩხუბი მოხდა [VIDEO]

12 ივნისი. პარიზი. ფრანგები ურტყამენ ხორვატებს და თურქებს
თავდასხმა მოხდა თურქეთისა და ხორვატიის მატჩის დაწყებამდე. ზოგიერთი ფრანგი ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თავდასხმის ორგანიზატორები იყვნენ "პარი სენ-ჟერმენის" ფანთა ერთ-ერთი სექტორის წარმომადგენლები.

ფრანგები თავს დაესხნენ თურქებსაც და ხორვატებსაც. საინტერესოა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. თვითმხილველთა თქმით, ფრანგები მუშტებით ჩხუბობდნენ.

მორჩა თურქეთისა და ხორვატიის მატჩი. უეფამ გამოძიება თურქეთის ნაკრების გულშემატკივართა მიერ ჩადენილი საქციელის თაობაზე დაიწყო. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მათ ტრიბუნებზე პიროტექნიკა გამოიყენეს.

გამოძიების ინტერესთა სფეროში მოხვდა ხორვატიის ნაკრებიც. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთმა ხორვატმა მინდორზე შეჭრა სცადა და ეს გამოუვიდა კიდეც.

- მაგარი კაცი - ხორვატმა ფანმა გოლი ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე აღნიშნა [VIDEO]

ასევე აღიძრა საქმე ალბანეთის ნაკრებთან დაკავშირებითაც.

12 ივნისი. ლილი. გერმანელები ურტყამენ უკრაინელებს
გერმანიისა და უკრაინის ნაკრებების თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ლილის ერთ-ერთ მოედანზე 50-მდე გერმანელი ფანი თავს დაესხა უკრაინელ გულშემატკივრებს.

მოგვიანებით, გერმანული პოლიციის დახმარებით, მოხერხდა თავდასხმის ერთ-ერთი ინიციატორი გერმანელის ამოცნობა. ის დრეზდენის "დინამოს" ულტრასი აღმოჩნდა.

ჩხუბის დროს დაშავდა ორი უკრაინელი. დამნაშავეების დაკავება ვერ მოხერხდა. უკრაინელები სტადიონამდე პოლიციის გაძლიერებელმა კორდონმა მიაცილა.

- ლილში უკრაინის ნაკრების ორი ფანი დაჭრეს

14-15 ივნისი. ლილი. ინგლისელები და უელსელები ერთმანეთს სცემენ, შემდეგ რუსებს ერთად ებრძვიან
ნორის დეპარტამენტის პოლიციამ განაცხადა, რომ ინგლისელმა და უელსელმა ფანებმა ერთმანეთში იჩხუბეს კალედან ლილისკენ მიმავალ მატარებელში. რამდენიმე დაკავებულია.

ლილში კი ინგლისელი და უელსელი ფანები ხშირად გაერთიანებული ძალებით იგერიებდნენ რუს "ულტრასებს". ორი დღის განმავლობაში ლილში დაახლოებით 50 ხულიგანი დააკავეს, ნაწილი კი საფრანგეთიდან გააძევეს.

- ლილში რუს და ბრიტანელ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა [VIDEO]
- ლილში ბრიტანელ და რუს ფანებს შორის ჩხუბი გუშინ ღამეც მოხდა [VIDEO]

რა მოხდება ლანსში?
ამ სტრიქონებს რომ წაიკითხავთ, ლანსში უკვე ჩათამაშებული იქნება ბრიტანული დერბი ინგლისსა და უელსს შორის. ეს არის უდიდესი რისკის მატჩი. საინტერესოა, როგორ გაართმევენ თავს საკუთარ მოვალეობას ფრანგი პოლიციელები. აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ მათ სამუშაო არ მოაკლდებათ.

- რუსმა ჟურნალისტმა გადაცემაში მოულოდნელად სიმართლე თქვა [VIDEO]
- როგორ ემზადებოდნენ რუსი ხულიგნები ევრო 2016-ისთვის [VIDEO]
- ინგლისელი ფანების სამარცხვინო საქციელი [VIDEO]
- რუსი ფანი: მატჩის დღეს მარსელში 150 უძლიერესი რუსი ხულიგანი ჩამოვიდა
- ევრო 2016-ის პირველი მსხვერპლი: ნიცაში ბრიტანელი გულშემატკივარი დაიღუპა
- სასტიკი კადრები: რუსი და ინგლისელი ფანების დაუნდობელი ჩხუბი მარსელში [VIDEO]
- ინგლისელი ფანები: პუტინ ხუილო! ჩვენ გვძულს რუსეთი! [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული