მიხაილო ფომენკოს გუნდმა ყველაზე პირველმა დაკარგა ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსი. ეს ძალზე მოულოდნელად მოხდა, გერმანიასთან ღირსეული წაგების მერე. უკრაინელებმა გამართული ტაქტიკით მოთამაშე ჩრდილოირლანდიელებს ვერაფერი მოუხერხეს, 0:2 წააგეს და ბოლო ტურს "აბარგებულნი" ხვდებიან.
მეტოქე პოლონეთია, რომელსაც ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი მესამე ადგილზე გასვლა ელის. შესაძლოა, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ამ
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და პოლონეთმა 2012 წელს ერთობლივად უმასპინძლეს ევროპის წინა პირველობას. ნავალკას გუნდს უმოტივაციო უკრაინასთან ფრეც ჰყოფნის პლეი ოფში გასასვლელად, მაგრამ შესაძლოა, წაგებაც ეყოს.
მეზობლებთან ბრძოლა ბოლო დროს პოლონელებს არაფრით გამოსდით - ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან პოლონეთის ნაკრებმა ერთიც კი ვერ მოიგო. მეტიც, უკრაინის ნაკრებმა პოლონეთი 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფში ორივეჯერ დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელთა ლიდერი იევჰენ კონოპლიანკა და პოლონეთის ნაკრების შუახაზის ბურჯი გჟეგოჟ კრიხოვიაკი თანაგუნდელები არიან "სევილიაში". მათ ახლახან ერთად გაიმარჯვეს ევროპალიგაზე.
უკრაინასთან ვერ ითამაშებს კუნთდაზიანებული ვოიცეხ შჩესნი. "რომას" 26 წლის მეკარის ნაცვლად კარს ისევ "სუონსის" 31 წლის მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი დაიცავს, კიდევ უფრო გამოცდილი ბორუცი კი თადარიგში იქნება.
მიხაილ ფომენკო (უკრაინა): "ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ ასეთ დიდ ტურნირზე მხოლოდ ერთი მატჩიღა უნდა ჩაატარონ. მათ უნდა გამოასწორონ წინა შეხვედრებში დაშვებული შეცდომები. ისინი შეეცდებიან, ისე ითამაშონ, როგორც მათგან ფანები ითხოვენ. საწუწუნო არაფერი მაქვს, ბიჭები კარგად არიან მომზადებულნი მატჩისთვის.
ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებას კი ტურნირის მერე მივიღებ. ბოდიშს ვუხდით ქვეყნის ნაკრების ფანებს და ამ თამაშით შევეცდებით, ნაწილობრივ მაინც "გამოვსწორდეთ". არასოდეს არის კარგი შემადგენლობის ძირფესვიანად შეცვლა, თუმცა ცვლილებები წინა მატჩებთან შედარებით აუცილებლად იქნება".
ადამ ნავალკა (პოლონეთი): "ახლა ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. ასე ვუდგებით ჩვენ საქმეს. უკრაინის ნაკრები კარგია, გუნდში არიან ნიჭიერი ფეხბურთელები. მათი დიდი ნაწილი სტაბილურად თამაშობს კლუბებში ევროთასებზე. ამიტომაც ჩვენ აუცილებლად გვესაჭიროება კარგი მზადყოფნა თამაშისთვის, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სპორტული კუთხით.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა მზადაა და მე მათი იმედი მაქვს. საბოლოო შემადგენლობას კი ყოველთვის მატჩისწინა ბოლო ვარჯიშის მერე ვასახელებ ხოლმე. ასე იქნება უკრაინასთან მატჩისთვისაც. არ მინდა იმაზე ლაპარაკი, თუ რომელ ადგილზე "გვაწყობს" ჯგუფის დასრულება, ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა უკრაინასთან დაპირისპირებაში".
* * *
მეორე ტურში არცთუ უკანასკნელი როლი ითამაშა წვიმიანმა ამინდმა, რომელიც ჩრდილოირლანდიელთა თამაშის სტილს უფრო მიესადაგება. ბრიტანელებს უმართლებთ ამ მხრივ - პარიზში გადაუღებლად წვიმს და არც ამინდის პროგნოზია სხვაგვარი. ასე რომ, დიდი ალბათობით, გერმანიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთა მატჩი წვიმის აკომპანემენტით ჩაივლის.
ამ ნაკრებთა ბოლო 14 დაპირისპირებაში გერმანელთა უპირატესობა დიდია, თუმცა ჩრდილოირლანდიელებმა ორჯერ მაინც მოახერხეს მრისხანე მეტოქის დამარცხება. 4 მატჩი ფრედ დასრულდა, 8-ში კი გერმანელებმა იმარჯვეს. დებიუტანტ ნაკრებს გამარჯვება პლეი ოფში გაიყვანს, თუმცა მათ უკვე დაიბევეს მესამე ადგილი და რჩებათ შანსი საუკეთესო 4 მესამეადგილოსან გუნდში მოხვედრის.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა იოახიმ ლიოვი, რომელიც გაციებულია. მის ნაცვლად მედიას ასისტენტი თომას შნაიდერი ესაუბრა.
თომას შნაიდერი (გერმანია, ასისტენტი): "საკმაოდ დიდია ალბათობა იმის, რომ შემადგენლობაში ერთი-ორი ცვლილება მოხდეს. მეტ დეტალს ახლა ნუ მომთხოვთ. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ამ ტურნირზე სხვადასხვა ფეხბურთელს დავეყრდნობით. დღეს ძნელია იმაზე ლაპარაკი, რაც ხვალ უნდა გადავწყვიტოთ. ის, რომ გერმანიის ნაკრებმა თითქმის გაინაღდა პლეი ოფში გასვლა, არანაირად არ იმოქმედებს შემადგენლობაზე. ყოველთვის ვამბობდით, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა გვსურს".
მაიკლ ონილი (ჩრდილოეთი ირლანდია): "ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად მომწონს საერთაშორისო ფეხბურთში, ისაა, რომ აქ გეძლევა შანსი, მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებებს ეთამაშო, დუელი გაუმართო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებს. იოახიმ ლიოვი სწორედ ასეთ მწვრთნელთა კატეგორიაშია. ადრეც გამიყვანია გუნდები დიდი მწვრთნელების წინააღმდეგ, როგორებიც კლაუდიო რანიერი და ფაბიო კაპელო არიან, ხვალ კი კიდევ ერთი ასეთი შანსი მომეცემა.
ძალიან მძიმე მატჩი გველის. ჩვენი მიზანი ცხადია - შემდეგ ეტაპზე გასვლა, რომელიც, მოდი, ვიყოთ გულახდილები, ბევრის აზრით, ჩვენთვის მიუღწეველი ოცნება უნდა ყოფილიყო. ბიჭები მომართულები არიან, მათ კარგად დაისვენეს და ერთი სული აქვთ, ნაკრებს მიზნის მიღწევაში დაეხმარონ".
- მუშა, მწყემსი, ფერმერი - ვინ იყვნენ წარსულში ჩრდ.ირლანდიის ფეხბურთელები?
21 ივნისი. მარსელი. "ველოდრომი"
უკრაინა-პოლონეთი 20:00
ტრავმა: შჩესნი (პოლონეთი)
უკრაინა (სავარაუდო): ბოიკო - ბუტკო, ხაჩერიდი, კუჩერი, შევჩუკი - რიბალკა, როტანი, გარმაში - იარმოლენკო, კონოპლიანკა - ზოზულია
პოლონეთი (სავარაუდო): ფაბიანსკი - ციონეკი, გლიკი, პაზდანი, ენჯეიჩიკი - ბლაშჩიკოვსკი, კრიხოვიაკი, ზიელინსკი, კაპუსტკა - მილიკი, ლევანდოვსკი
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)
21 ივნისი. პარიზი. "პარკ დე პრენსი"
ჩრდ. ირლანდია-გერმანია 20:00
ჩრდ. ირლანდია (სავარაუდო): მაკგოვერნი - ჰიუზი, მაკოლი, კეტკარტი, ჯ. ევანსი - უორდი, კ. ევანსი, დევისი, ნორვუდი, დალასი - ვაშინგტონი
გერმანია (სავარაუდო): ნოიერი - ჰიოვედესი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰეკტორი - კროოსი, ხედირა, იოზილი, გიოტცე, შიურლე - მიულერი
მსაჯი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 2 1 1 0 2-0 4
2. პოლონეთი 2 1 1 0 1-0 4
3. ჩრდ. ირლანდია 2 1 0 1 2-1 3
4. უკრაინა 2 0 0 2 0-4 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"