ევრო 2016. 1/8-ფინალი. საფრანგეთი-ირლანდია: "მამლებმა" მეორე ტაიმში იფრინეს [VIDEO]

AutoSharing Option
* რობი ბრეიდის გოლი ყველაზე სწრაფი გოლია ამ ჩემპიონატზე.
* ირლანდიამ კვლავ ვერ შეძლო ერთ დიდ ტურნირზე ორი გამარჯვების მოპოვება.
* საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალში დისკვალიფიკაციის გამო ნგოლო კანტეს და ადილ რამის გარეშე ითამაშებს.

თუ მერვედფინალური ეტაპის პირველი დღე მოსაწყენი გამოდგა, მეორე დღის პირველმა შეხვედრამ აშკარად გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. ირლანდიის ნაკრებმა დიდი ბრძოლა გაუმართა მეტოქეს, რაც შეეძლო, გააკეთა და გვარიანად ანერვიულა ტურნირის მასპინძელი.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ირლანდიის ნაკრების თავკაცმა მარტინ ონილმა ზუსტად ის შემადგენლობა დააყენა, რომელსაც იტალიასთან შეხვედრაში დაეყრდნო. სამაგიეროდ, ტაქტიკა
შეცვალა და ამჯერად, 4-3-3 დაუპირისპირა მეტოქეს.

თუმცა, ეს 4-3-3 უფრო ხშირად 4-5-1 იყო, რადგან გარემარბები მეტწილად უკან იყვნენ და ნახევარდაცვის ფლანგებს იკავებდნენ. ბუნებრივია, რომ ირლანდიელებმა ფრთხილი სტრატეგია აირჩიეს, მეორე ნახევარში კი ძალიან დაიხიეს უკან და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. თუმცა, შესაძლოა, ფრანგებმა დაახევინეს მეტოქეს, თავს ზემოთ კი ძალა, უბრალოდ, არ იყო.

რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, დიდიე დეშამს ახალი ველოსიპედი არ გამოუგონებია და მეტოქეს 4-3-3 ტაქტიკა დაუხვედრა - შეტევის წინა ხაზზე ოლივიე ჟირუ, ფლანგებზე კი დიმიტრი პაიესა და ანტუან გრიზმანის ტანდემი ვიხილეთ. ნახევარდაცვა პოგბამ, კანტემ და მატუიდიმ გაამაგრეს. მოკლედ, ნაცადი შემადგენლობა და ახალი არაფერი.

გოლები
0:1 - მატჩი სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც საფრანგეთის ნაკრების საჯარიმოში პოლ პოგბამ თამაშის წესი დაარღვია და მატჩის არბიტრმა ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. ბურთთან რობი ბრეიდი მივიდა და ზუსტად დაარტყა.

1:1 - მეორე ტაიმის დაწყებიდან 12 წუთი იყო გასული, როდესაც ფრანგებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს, ბაკარი სანიას შესანიშნავ ჩაწოდებას კი ანტუან გრიზმანის ზუსტი თავური მოჰყვა.

2:1 - ფრანგებმა დიდხანს აღარ გადადეს გამარჯვების გოლი და 61-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაამწუხრეს ირლანდიელები. დუბლი გრიზმანმა შეასრულა და ამჯერად, ფეხით იხეირა. გოლში ოლივიე ჟირუმ დაიდო ლომის წილი, როდესაც ბრძოლაში აჯობა მცველს და თავით დაუგდო ბურთი ანტუანს ხელსაყრელ პოზიციაზე.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "ძალიან რთული მატჩი იყო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. ვაკონტროლებდით თამაშს, მეორე ნახევარში კი დაწოლა გავაძლიერეთ და გავტეხეთ მეტოქე. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ეს მხოლოდ ირლანდიაა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე იოლი თამაში არ არსებობს. ყველას ეგონა, რომ ხორვატია ნახევარფინალში ან ფინალში გავიდოდა, მაგრამ ხომ ნახეთ, რაც მოხდა. დისციპლინა არ უნდა დავარღვიოთ, მაგრამ ამავდროულად, საშიშები ვართ, როდესაც ვრისკავთ და როდესაც ჩვენს თამაშში სიგიჟის ელემენტებია".

მარტინ ონილი (ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი): "ძალიან გულდაწყვეტილნი ვართ და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. მით უმეტეს, ვიგებდით და ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. კიდევ 6-7 წუთი რომ გაგვეძლო, ფრანგები ანერვიულდებოდნენ და შეცდომებს უმატებდნენ, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი ტურნირი ჩავატარეთ და შეგირდებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს".

მატჩის გმირი
ანტუან გრიზმანმა დუბლი შეასრულა და ამით ყველაფერია ნათქვამი. მადრიდის "ატლეტიკოს" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის ორივე გოლი შესანიშნავი გამოვიდა და ბუნებრივია, რომ სწორედ ის არის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასზე იუხეშა შეინ დაფიმ, რომელსაც მსაჯმა წითელი ბარათი აუფრიალა და სწორედ იქ მოიპოვა საფრანგეთმა გადამწყვეტი უპირატესობა. მოკლედ, გრიზმანმა გააწამა და გაამწარა ირლანდია...

ანალიზი
მატჩის დასაწყისი მართლაც შოკისმომგვრელი გამოდგა და ზოგადად, პირველ ტაიმში ირლანდიელებმა აჯობეს მეტოქეს. სტუმრები არ იდგნენ ყრუ დაცვაში, აქტიურად გადადიოდნენ შეტევაში და ბურთიც კარგად ეჭირათ. მარტინ ონილის შეგირდთა თამაშში ცოტა იყო ტექნიკური წუნი და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ასეთ ირლანდიას მართლა შეეძლო დიდი სენსაციის მოხდენა და საფრანგეთის ნაკრების დამარცხება. თუმცა, მეორე ნახევარში სულ სხვა საფრანგეთი გავიდა მოედანზე და შესაბამისად, სულ სხვა თამაში გაჩაღდა...

საფრანგეთის ნაკრები იყო უფრო სწრაფი, უფრო მობილური, უფრო კრეატიული და უფრო მიზანმიმართული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდიე დეშამის შეგირდებმა საუკეთესო ტაიმი ჩაატარეს მიმდინარე ტურნირზე და დამსახურებულად მოიგეს ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. გარდა გოლებისა, ფრანგებს კიდევ არაერთის გატანა და შესაბამისად, გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვება შეეძლოთ.

აქვე ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ფრანგები უკეთესად მეორე ტაიმებს ატარებენ, ირლანდიელები კი პირიქით, მეორე ნახევარში უფრო მოისუსტებდნენ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც - ფრანგებმა სწორედ ანტრაქტის შემდეგ გატეხეს სტუმრები და გააღწიეს მეოთხედფინალურ ეტაპზე. და ერთიც, ყვითელი ბარათების გამო ადილ რამი და ნგოლო კანტე მეოთხედფინალურ მატჩებს გამოტოვებენ.

მსაჯი
მატჩს იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი სჯიდა და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მძიმე მისია ერგო. ბევრი იყო ბრძოლა, ხისტი თამაში და შესაბამისად, საკამათო ეპიზოდები. რიცოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. რეფერი აბსოლუტურად სწორი იყო, როდესაც ფრანგების კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ასევე მართალი იყო, როდესაც ირლანდიელებს ფეხბურთელი გაუძევა.

დასკვნა
საფრანგეთის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ან შესაძლოა, სულაც მთავარი ფავორიტია. მართალია, დეშამის გუნდს უჭირს მთელი 90 წუთის განმავლობაში თანაბრად კარგად თამაში, მაგრამ მთლიანობაში, საფრანგეთი მაინც კარგია, პერიოდულად კი ისეთი აფეთქებები აქვს, რომ ნებისმიერი მეტოქის გადაჯეგვა შეუძლია. ან იქნებ ეს ილუზიაა, ფრანგებს ხომ ტოლ-სწორი მეტოქე ჯერ არ ჰყოლიათ? - ვნახოთ...

whoscored.com-ის ტოპ-5
ანტუან გრიზმანი საფ. 9,2
დიმიტრი პაიე საფ. 8,0
პოლ პოგბა საფ. 7,8
ბლეზ მატუიდი საფ. 7,7
კინგსლი კომანი საფ. 7,2

26 ივნისი. ლიონი. "პარკ ოლიმპიკი"
საფრანგეთი-ირლანდია 2:1
გოლები: 0:1 ბრეიდი (2-პენ.), 1:1 გრიზმანი (57. სანია), 2:1 გრიზმანი (61. ჟირუ)
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - სანია, რამი, კოსიელნი, ევრა - მატუიდი, კანტე (46. კომანი (90. სისოკო)), პოგბა - გრიზმანი, პაიე, ჟირუ (74. ჟინიაკი)
ირლანდია (4-3-3): რენდოლფი - კოულმენი, დაფი, კეო, უორდი - ჰენდრიკი, მაკარტი (72. ჰულაჰანი), ბრეიდი - მაკლინი (69. ოში), მერფი (65. უოლტერსი), ლონგი
გაფრთხილება: რამი, კანტე - კოულმენი, ჰენდრიკი, ლონგი
გაძევება: დაფი (66)
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 18-4 (10-2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 56 279

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული