ევრო 2016. ინგლისის ნაკრები: როი ჰოჯსონს გარეთ საუთგეიტი შეცვლის?

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, გარეთ საუთგეიტი გახდეს. 45 წლის სპეციალისტი ამჟამად ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს უდგას სათავეში. მანამდე ის "მიდლსბროს" მოძღვრავდა და ამ პოსტზე 4 წლის განმავლობაში იმუშავა.

საუთგეიტი მოქმედი ფეხბურთელობის ჟამს ინგლისის ნაკრების წევრი იყო და ეროვნულ გუნდში 57 მატჩი ჩაატარა (2 გოლი). ასევე განიხილება არსენ ვენგერის, ედი ჰოუის, იურგენ კლინსმანის, სემ ელერდაისის, შონ დაიჩისა და ალან პარდიუს კანდიდატურები.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელთა ყოფილი დამრიგებელი როი ჰოჯსონი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ინგლისი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში სენსაციურად დამარცხდა ისლანდიასთან.

-
ევრო 2016. 1/8-ფინალი. ინგლისი-ისლანდია: ფეხბურთი თავდაყირა დადგა! [VIDEO]


ინგლისი საშინელი იყო!
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების მიერ ისლანდიასთან განცდილი სენსაციური მარცხის თაობაზე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში (1:2).

"ინგლისის ნაკრების ასეთი საშინელი თამაში მე არასოდეს მინახავს. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმს ეხება. გასაგებია, რომ პირველ ტაიმში იქნა დაშვებული შეცდომები, რომლებმაც გაშვებულ გოლებამდე მიიყვანა გუნდი, მაგრამ მეორე ტაიმში საერთოდ არ იყო იდეები. ინგლისის ნაკრებმა ვერ შექმნა საკმარისი რაოდენობის მომენტები, იყო პანიკა და შიში. ბურთი უწყინარ სიტუაციაში იკარგებოდა", - თქვა კარაგერმა.

სიმბოლურია, რომ "თაიმსმა" ინგლისის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს ისლანდიასთან მატჩში ნული ბალი დაუწერა შეფასება.

ჰარტი: ბოდიშს ვიხდი!
ინგლისის ნაკრების მეკარემ, ჯო ჰარტმა ბოდიში მოიხადა ისლანდიასთან მატჩში გაშვებული მეორე გოლისათვის. მისი თქმით, ეს ძალიან უხეში შეცდომა იყო. "მეორე გოლი არამც და არამც არ უნდა გამეშვა. ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რომელიც არ უნდა დამეშვა. გუნდი ჩემი მიზეზით გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს.

საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ ეს ჩემპიონატი ჩემს შესაძლებლობებზე სუსტად ჩავატარე. მადლობა გულშემატკივარს და მათ ვპირდები, რომ მომავალში აღარ დავაღალატებ", - თქვა ჰარტმა.

ბოიკოტი სტერლინგს?
ინგლისურ მედიაში, ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ამ ცნობის თანახმად, ინგლისის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ბოლო დღეებში გუნდის თავკაცს, როი ჰოჯსონს აუმხედრდა.

საქმე ისაა, რომ მათ რაჰიმ სტერლინგის მინდორზე გამოჩენა არ სურდათ ისლანდიასთან შეხვედრაში. საბოლოო ჯამში, სტერლინგმა ინგლისელთათვის ფატალურ მატჩში 60 წუთი ითამაშა და თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა.

განტერი ვიდეორგოლის წინააღმდეგ
უელსის ნაკრების მცველმა კრის განტერმა კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეორგოლის თაობაზე, რომელშიც უელსელი გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატიდან ინგლისის ნაკრების გამოთიშვას ზეიმობენ.

"ჩვენ ვამაყობთ იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ბრიტანული გუნდი ვართ, მაგრამ ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ჩვენ ინგლისის წარუმატებლობა უნდა ვიზეიმოთ. ეს ფეხბურთია და ემოციების კონტროლი ზოგჯერ ჭირს", - თქვა განტერმა.

ჰოჯსონის ბოლო სიტყვა
ნაკრების აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ერთხელაც შეხვდა ჟურნალისტებს. ბოლო პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა შემდეგი განაცხადა:

"წარმოდგენა არ მაქვს, აქ რას ვაკეთებ. გუშინდელ პრესკონფერენციაზე უკვე საკმარისად ვისაუბრე. მე მითხრეს, რომ ინგლისის ნაკრებით უკმაყოფილო გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისათვის ჩემი აქ მოსვლა აუცილებელი იყო და აი, აქ ვარ. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ შედეგი და ეს ცუდია. უზომოდ ვარ იმედგაცრუებული. ვიღებ თქვენს კრიტიკას და ძალიან გთხოვთ, ფეხბურთელები არ გააკრიტიკოთ.

ახლა ამბობენ, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ჩემით უკმაყოფილონი ყოფილან. მე ამის არ მჯერა. თუ მართლა ასეა, მაშინ ისინი ისე მალავდნენ ამას, როგორც კარგი მსახიობები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული