ევრო 2016. 1/4 ფინალი: პორტუგალია ნახევარფინალში გაბობღდა [VIDEO]

AutoSharing Option
* პორტუგალიის ნაკრებმა ხუთივე თამაში (ძირითად დროებში) ფრედ დაასრულა.
* მოედანზე შეჭრილი ფანი კრიშტიანო რონალდომდე სტიუარდებმა არ მიუშვეს.
* რენატო სანჩესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც გოლი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის სტადიაზე გაიტანა. სანჩესი 18 წლისა და 361 დღისაა.
* რობერტ ლევანდოვსკის გოლი მეორე ყველაზე სწრაფი გოლია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში - პოლონელმა 1 წუთისა და 40 წამის შემდეგ გაიტანა.

იყო ვარაუდი და გნებავთ შიში, რომ პორტუგალია და პოლონეთი ფრთხილ ფეხბურთს ითამაშებდნენ და შესაბამისად, მოსაწყენი მატჩი გამოვიდოდა, რაც სამწუხაოდ, გამართლდა.

ასეთი
თამაშით, როგორც ამ კონკრეტულ შეხვედრაში, ისე მთლიანად ტურნირზე, არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა ნახევარფინალში გასვლას, თუმცა პლეი ოფის ბადე ისე დალაგდა, რომ არაფრით გამორჩეულ პორტუგალიას გზა საუკეთესო ოთხეულისკენ გაუხსნა.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
თუ წინა შეხვედრებში პოლონეთი 4-4-2 ტაქტიკით თამაშობდა, ამჯერად, ადამ ნავალკამ უფრო ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და მეტოქეს 4-4-1-1 სქემა დაუპირისპირა. არკადიუშ მილიკი უკან იყო დახეული და ნახევარმცველებს ეხმარებოდა, ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი კი რობერტ ლევანდოვსკი გახლდა.

შუა ხაზი კრიხოვიაკმა და მონჩინსკიმ გაამაგრეს, ფლანგებზე კი ბლაშჩიკოვსკი და გროსიცკი მოქმედებდნენ. და, რაც მთავარია, დაცვის ცენტრში გლიკის და პაზდნანის ტანდემი მოქმედებდა - მთავარი კი იმიტომ არის, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე, პოლონეთის ნაკრებში სწორედ დაცვის ხაზი იყო ყველაზე გამორჩეული.

ნაცად ტაქტიკას არ უღალატა ფერნანდო სანტუშმა და პოლონეთს 4-4-2 სქემა დაუპირისპირა. შეტევის წინა ხაზზე ისევ ნანი და კრიშტიანო რონალდო ვიხილეთ. სიახლე იყო ძირითად შემადგენლობაში რენატო სანჩესის გამოჩენა, თუმცა არ გაგვკვირვებია, რადგან 18 წლის ნახევარმცველმა მერვედფინალში ძალიან კარგად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ შეცვლაზე შევიდა და შესაბამისად, სხვებზე ნაკლები დრო ჰქონდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გოლები
1:0 - მატჩი სულ რაღაც 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც პოლონელებმა შეტევა მარცხენა ფრთიდან წამოიწყეს, გროსიცკის შესანიშნავ პასს კი ლევანდოვსკის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

1:1 - პირველი ტაიმის შუაწელს, პოლონელთა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი რენატო სანჩესმა მიიღო, კარგად გაერკვა ვითარებაში, ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარცხენა კუთხეში მოათავსა. აღსანიშნავია, რომ სანჩესს მცირე რეკოშეტი დაეხმარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის გმირი
რთულია ასეთ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება, მაგრამ ყველასგან მაინც რენატო სანჩესი უნდა გამოვარჩიოთ.

პორტუგალიელთა 18 წლის ნახევარმცველი ძალიან კარგი იყო პირველ ტაიმში და გოლიც შესანიშნავი გაიტანა. მართალია, დარჩენილ სამ ტაიმშო განსაკუთრებული არაფერი უქნია, მაგრამ სხვებს მაინც აღენატებოდა და თანაც, თერთმეტმეტრიანების სერიაში ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა. აშკარაა, რომ სანჩესის სახით, მსოფლიო ფეხბურთს ახალი ვარსკვლავი ეზრდება.

უნდა შევაქოთ პეპეც, რომელიც დაცვის ცენტრში შესანიშნავად იდგა, არაერთხელ ჩაშალა პოლონელთა იერიში და პრაქტიკულად გაუვალი იყო.

მსაჯი
მატჩს გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი ემსახურებოდა, რომლის რამდენიმე გადაწყვეტილება საკამათო იყო, ერთხელ კი აშკარად შეცდა, როდესაც პორტუგალიის ნაკრების სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა - პირველ ტაიმში, კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ აშკარად დაირღვა თამაშის წესი, მაგრამ არბიტრმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ არ გაიშვირა.

ანალიზი
სამწუხაროა, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე კიდევ ერთი უსახური მატჩი ვიხილეთ. მართალია, ჯგუფურ ეტაპზე, პორტუგალიელებმა ერთი კარგი მატჩიც შემოგვთავაზეს უნგრელებთან, მაგრამ მთლიანობაში, ეს გუნდი მაინც უსახურ შთაბეჭილებას ტოვებს.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ პოლონეთის ნაკრებზეც, რომლის დაცვას ნამდვილად არაფერი დაეწუნება, მაგრამ ფეხბურთი რომ მხოლოდ დაცვა არაა, ამას ვერსად გავექცევით. მოკლედ, გუნდებმა აშკარად გაგვაწბილეს და კიდევ ერთხელ გვაყურებინეს ყოვლად უშინაარსო, უსახურ და მოსაწყენ პაექრობას.

არადა, თამაში პოლონელთა უსწრაფესი გოლით დაიწყო და ზოგადად, სტარტს არაფერი უშავდა - გოლის გარდა, რამდენიმე მწვავე მომენტი შეიქმნა და გაჩნდა განცდა, რომ შემტევ და ლაღ ფეხბურთს ვიხილავდით.

თუმცა, დროთა განმავლობაში, გუნდებმა თამაშის ტემპი დააგდეს და მათი შეტევებუც უფრო და უფრო მონოტონური, ერთფეროვანი და იოლად წასაკითხი ხდებოიდა - რენატო სანჩესის შესანიშნავმა გოლმა ცოტათი გამოაცოცხლა გულშემატკივარი, თუმცა თამაში მალევე დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს და დარჩენილ დროში საინტერესო პრაქტიკულად არაფერი მომხდარა.

შეგვიძლია ერთი ეპიზოდი გამოვრჩიოთ, როდესაც მოედანზე გულშემატკივარი შევარდა, კარგა ხანს სდიეს და ბოლოს, გაიყვანეს მოედნიდან. ეს იყო და ეს...

რაც შეეხებათ გუნდების მთავარ ვარსკვლავებს, სათქმელი აქაც ბევრი არაფერია. რობერტ ლევანდოვსკიმ გოლი შეაგდო და ამით გაამართლა მოედანზე ყოფნა, თუმცა იმის იქით, სახეირო არაფერი უქნია. კრიშტიანო რონალდო ჩრდილში იყო მოქცეული და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა არა მარტო ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე არამედ კარიერაში.

პორტუგალიელთა მთავარ იმედს უამრავი წუნი ჰქონდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა ბურთს და ერთხელაც არ დამუქრებია მეტოქის კარს. ერთი ეგაა, რომ თერთმეტმეტრიანების სერიაში შეაგდო და საფირმო ხტომიც გააკეთა.

დასკვნა
კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია არაფრით გამორჩეული გუნდია და შესაძლოა, არც იმსახურებს საუკეთესო ოთხეულში ყოფნას. მით უმეტეს, ძირითად დროში პირენეელებს არც ერთი შეხვედრა არ მოუგიათ. მაგრამ, პოლონეთიც რომ ვერ ბრწყინავდა, ესეც ხომ ცხადზე უცხადესია? - მოკლედ, ყველაფერში დამნაშავე პლეი ოფების უცნაური ბადეა...

whoscored.com-ის ტოპ-5
რენატო სანჩესი პორ. 8,7
პეპე პორ. 8,1
რობერტ ლევანდოვსკი პოლ. 8,0
კამილ გლიკი პოლ. 7,8
ნანი პორ. 7,7

პოლონეთი-პორტუგალია 1:1 (პენ-3:5)
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (2. გროსიცკი), 1:1 სანჩესი (33. ნანი)
პოლონეთი (4-4-1-1): ფაბიანსკი - პიშჩეკი, გლიკი, პაზდნანი, იენჯეიჩიკი - ბლაშჩიკოვსკი, კრიხოვიაკი, მონჩინსკი (98. იადლოვეცი), გროსიცკი (82. კაპუსტკა) - მილიკი - ლევანდოვსკი
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - სედრიკ სოარეში, პეპე, ფონტე, ელიზეუ - ჟოაო მარიო (80. კუარეჟმა), ვ. კარვალიო (96. პერეირა), სანჩესი, სილვა (74. მოუტინიო) - ნანი, რონალდო
გაფრთხილება: იენჯეიჩიკი, გლიკი, კაპუსტკა - სილვა, კარვალიო
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10-11 (5-6); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 62 940

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
პორტუგალიის ამ ეტაპამდე ასე მისვლა სხვა არაფერია თუ არა "გაბობღება".
ეს რონალდოს ფანები კიდე ტყუილად ეჯიბრებიან მესის, რონალდო სულ რო გაუთანაბრდეს ოქროს ბურთებით მესის, მანამდე არაფერი გეტკინოთ რო მესის დონეზე დადგეს როდესმე! მაგრად მკიდია არგენტინაც, ბარსაც და მესიც, მარა რეალობა ასეთია, მესი სხვა მოვლენაა. მარა რონალდოს დიდ ფეხბურთელობას, პროფესიონალიზმს და შრომისმოყვარეობასაც ძალიან ვაფასებ.
giorgi1988
01 ივლისი 2016 11:22
0
ავტორს არ ვიცი რა ახრჩობს და არც ის ვიცი ვისი ფანია მაგრამ ის კი დღესავით ნათელია რომ რონალდუ არსად არავისი გამყვანი არ არის. ზედიზედ მერამდენე თამაშია ბურთს ფეხს აცილებს და უაზროდ დარბის აქეთ იქით ხელების ქნევით. ასე გელაშვილიც დარბოდა ერთ დროს საქართველოს ნაკრებში. პორტუგალიას მხოლოდ ფორტუნა თუ გაიყვანს ფინალში თორემ რონალდუ ამ თამაშით ნაკლებად!
fraternity
01 ივლისი 2016 11:10
0
რონალდო მესის ნახევარია როგორც ფეხბურთელი და  როგორც კაცი:)):))
tazo
01 ივლისი 2016 11:05
0
ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ვწერდი რომ პორტუგალია ერთერთი მთავარი ფავორიტია და არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფეხბურთით მიიწევს წინ. მე როგორც ვხედავ მათთან არც ერთ გუნდს სათამაშო უპირატესობა არ ჰქონია, ხოლო ტაქტიკას მწვრთნელი ადგენს, თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ რომ პორტუგალიელები რომელიმე ნაკრების ფეხბურთელებზე ნაკლებ ტექნიკურები არიან. რონალდუს ისედაც ეტყობა რომ ჩემპიონატის მოგებაზეა დაინტერესებული და აღარ დაგიდევთ სილამაზეს.
.........
01 ივლისი 2016 10:58
0
ასეთი პორტუგალია,რა თქმა უნდა, ვერაფერს იხამს,მაგრამ ამ გუნდს აქვს მომატების პოტენციალი.
გაგა
01 ივლისი 2016 10:43
0
ბოღმამ არ დაგახჩოს ავტორო!!! ისე კია ღირსი პორტუგალიამ მოიგოს ევროპის ჩემპიონატი მესის გულშემატკივრების გასახარად :)
ავტორო
01 ივლისი 2016 10:23
0
ნეტა ჩვენი გუნდებიც ეგრე გაბობღდნენ პლეი ოფებში და ვისაც რა უნდა ის თქვას
თორნიკე
01 ივლისი 2016 10:00
0
ეს ავტორი ეტყობა თავგადაკლული მესის ფანია. გული უსკდება ემანდ ღმერთი არ გაწყრეს და რონალდომ პორტუგალია ფინალშია არ გაიყვანოსო, მოგეხსენებათ ფინალში კი ყველაფერი ხდება ვინძლო თასიც მოიგოს.
თან ამ შიშს და შფოთვას ისიც აძლიერებს რომ მესიმ საერთოდ დაანება თავი სანაკრებო კარიერას და დარჩა ტიტულის გარეშე :)
lashamax
01 ივლისი 2016 08:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული