ევრო 2016-ის ამბები: ხედირასათვის ევროფორუმი თითქმის დასრულებულია

AutoSharing Option
"კიკერის" ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველისთვის, სამი ხედირასათვის ევროპის ჩემპიონატი თითქმის დასრულებელია. ხედირამ ტრავმა მიიღო ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, რომელშიც გერმანიამ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა იტალიის ნაკრები.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მარიო გომესის თამაში. გომესმა იტალიასთან შეხვედრაში კუნთების ტკივილი იგრძნო და ისიც შესაცვლელი გახდა.

რონალდოს მიერ გადაგდებული მიკროფონი იპოვეს
პორტუგალიელი ჟურნალისტის მიკროფონი, რომელიც კრიშტიანო რონალდომ ტბაში გადააგდო, იპოვეს. "სანის" ინფორმაციით, რომ არა მყვინთავის ყოჩაღობა, ეს შეუძლებელი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე რონალდომ ვეტო დაადო ამ გამოცემას, რადგან მისი ჟურნალისტები ხშირად
აქვეყნებდნენ მასალებს რონალდოს პირადი ცხოვრების თაობაზე.

ლამპარდი: ინგლისს ახალგაზრდა მწვრთნელი სჭირდება
ინგლისური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებში ახალგაზრდა მწვრთნელს ისურვებდა.

"მინდა, ახალგაზრდა მწვრთნელი ვნახო ეროვნული გუნდის სათავეში. ისეთი, რომელიც ტაქტიკურად განსწავლული იქნება და ეცოდინება თავისი გუნდის ზუსტი შესაძლებლობები.

ვინ უნდა იყოს ახალი მწვრთნელი? ამის თაობაზე მე ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. რატომ გამოვვარდით ისლანდიასთან? ეს იმის შედეგი იყო, რომ როცა ანგარიში 1:2 გახდა, ჩვენი ფეხბურთელები შეშინდნენ", - თქვა ლამპარდმა.

აზარი: მჯერა, ვილმოტსი დარჩება
ბელგიის ნაკრების ლიდერმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის დამრიგებელი მარკ ვილმოტსი თანამდებობაზე უნდა დარჩეს.

"ვილმოტსმა დრო ითხოვა, რომ ეროვნულ ნაკრებში თავისი მომავალი მოიფიქროს? ის უნდა დარჩეს. მწვრთნელის მიმართ ძალიან ბევრი კრიტიკა იყო. ჩვენ მას ბოლომდე ვუჭერთ მხარს. ვფიქრობ, ბელგიის ნაკრების ოცდასამივე ფეხბურთელი ვილმოტსისკენაა. ჩვენ მისი ხელმძღვანელობით გვქონდა კარგი და ცუდი პერიოდები, მაგრამ ფაქტია, რომ ბელგიის ნაკრები განვითარდა. თუ მარკი გადაწყვეტს წასვლას, ჩვენ მის არჩევანს პატივს ვცემთ, მაგრამ იმედი მაქვს, ასე არ მოხდება", - თქვა აზარმა.

დელ ბოსკეს შერიგების იმედი აქვს
ვისენტე დელ ბოსკემ, ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მას იკერ კასილიასთან შერიგების იმედი აქვს. იკერი განაწყენებულია, რაკი ევროპის ჩემპიონატზე თამაში არ ეღირსა.

"იკერი ნაწყენია. შეიძლება ძალიანაც კი. ის ფიქრობს, რომ ჩვენ მის მიმართ კარგად ვერ მოვიქეცით. ეს მისი აზრია. ჩეხეთთან შეხვედრის შემდეგ მე მას ველაპარაკე და ვუთხარი, რომ მშვიდად ყოფილიყო. მან მითხრა, რომ მშვიდად იყო. როგორ უნდა ავუხსნა, რატომ არ გამოვიდა იგი მინდორზე? ეს ხომ ფეხბურთელებს არასოდეს ესმით. მე მჯერა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დალაგდება", - თქვა დელ ბოსკემ.

ინგლისის ნაკრებს უცხოელი უნდა
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ გლენი კონსულტაციებს მართავს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებთან ეროვნული გუნდის მომავალი მწვრთნელის თაობაზე.

"გარდიანის" ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები უცხოელი სპეციალისტის მომხრენი არიან. უეინ რუნიმ, ჯო ჰარტმა, ჯეიმს მილნერმა, გარი კეჰილმა და სხვა გამოცდილმა ფეხბურთელებმა ინგლისელი მწვრთნელებისგან: სემ ელერდაისისგან, ალან პარდიუსგან, ედი ჰოუსა და სტივ ბრიუსისგან თავი შორს დაიჭირეს.

უცხოელი მწვრთნელებიდან ინგლისის ნაკრები შეიძლება ჩაიბარონ სლავენ ბილიჩმა, ლორან ბლანმა და იურგენ კლინსმანმა. ინგლისელთა გაწვრთნის სურვილი თავად გამოთქვა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული