ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. B ჯგუფი: ჰეთ თრიკი და ორი დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურის წინ ერთ-ერთმა გამოცემამ დაწერა, სამი კაცი იქნება ყურადღების ცენტრში: ჰარი კეინი (რომელმაც დებიუტი გოლით აღნიშნა), იოახიმ ლიოვი და გარეთ ბეილიო. საქმე ისაა, რომ უელსური ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავს "რეალში" თამაშს უწუნებენ. აი, ნაკრებში კი მას ყველაფერი რიგზე აქვს - თავი დუბლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

უელსის ნაკრები კი, 1958 წლის მერე პირველად, დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე თამაშთან ახლოსაა.

ჯგუფში წყვილები ისე გადანაწილდა, აშკარა ფავორიტები აუტსაიდერებს ხვდებოდნენ, გარდა ერთი დუელისა - ისრაელში თანაბარ ბრძოლას ელოდნენ, მაგრამ ეს მოლოდინი გარეთ ბეილმა და
აარონ რემზიმ გააქარწყლეს.

რემზიმ გოლი ასე გაიტანა - მეკარე ჰენესიმ ბურთი თამაშში შეიყვანა, რომელიც საჯარიმოში ბეილს მიუვიდა, "რეალის" ვარსკვლავმა თავით დაუგდო თანაგუნდელს და "არსენალის" ვარსკვლავმაც თავურით გაიტანა.

მეორე ტაიმში ბეილმა ბრწყინვალედ გაიტანა საჯარიმო, შემდეგ კი რემზიმ მას "ვალი დაუბრუნა" და დუბლი შეასრულებინა. ამ ორ გოლს შორის კი ებრაელი მცველის, ეიტან ტიბის გაძევება იყო, რამაც კიდევ უფრო გაუიოლა კელტებს მიზნის მიღწევა - 0:3.

კრის კოულმენი (უელსი): "გარეთი დღეს ბრწყინვალე იყო. ნაკრების ყოველი წევრისთვის ის უდიდესი მოტივატორია. ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც არასოდეს დაგაღალატებს".

ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებმა ანდორაში გაილაღა, უფრო ზუსტად კი, გაილაღა მათი შეტევების ლიდერმა ედინ ჯეკომ და ეს გუნდიც ჩაერთო ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში. "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა ჰეთ თრიკი შეასრულა - 0:3.

აღსანიშნავია, რომ ჯეკოს სამივე გოლში ასისტენტობა სენად ლულიჩმა ითავა. აი, ასეთი წარმატებული გამოვიდა მეჰმედ ბაჟდარიჩის დებიუტი ბოსნიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. სხვას არც ველოდით - ანდორამ ზედიზედ 49-ე ოფიციალური მატჩი (ამხანაგურები არ ითვლება) წააგო!

ბელგიის ნაკრებმა კი ბრიუსელში კვიპროსის გუნდს ბართლომეს ღამე მოუწყო - 5:0 აჯობა. მარუან ფელაინიმ დუბლი შეასრულა, ხოლო კრისტიან ბენტეკემ, ედენ აზარმა და დებიუტანტმა მიში ბაჩუაიმ თითო გოლი გაიტანეს.

ბოლო დღეებამდე კონგოელებს ჰქონდათ იმედი, რომ მიში ამ ქვეყანას აირჩევდა, რადგან მშობლები კონგოელები ჰყავს, მაგრამ ბრიუსელში დაბადებულმა "მარსელის" ფორვარდმა არჩევანი ბელგიის სასარგებლოდ გააკეთა და დებიუტიდან სამ წუთში პირველი გოლიც გაიტანა.

მარკ ვილმოტსი (ბელგია): "ბიჭებმა თამაშით სიამოვნება მიიღეს. ორი შეხებით ვთამაშობდით, სწრაფები ვიყავით, ბევრი მომენტი შევქმენით და გოლებიც ბლომად გავიტანეთ, მაგრამ დასვენებისთვის დრო არ გვაქვს - თვითმფრინავი და ისრაელი გველის".

ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. B ჯგუფი
ისრაელი-უელსი 0:3
გოლები: 0:1 რემზი (45), 0:2 ბეილი (50), 0:3 ბეილი (77)
ისრაელი (4-3-3): მარსიანო - დგანი, ტიბი, ბენ ჰაიმი, ბენ ჰარუში - ნათხო, იეინი, ზეჰავი (70. შაჰარი) - რაფაელოვი, დამარი (43. ჰემედი), ბენ ჰაიმი II (60. ბიტონი)
უელსი (5-3-2): ჰენესი - განტერი, კოლინსი, დევისი, უილიამსი, ტეილორი - ალენი, ლედლი (47. ვოენი), რემზი (85. მაკდონალდი) - ბეილი, რობსონ-კანუ (69. ვოუკსი)
გაფრთხილება: რაფაელოვი, ტიბი -
გაძევება: ტიბი (51)
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 5-18 (2-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 30 200

ანდორა-ბოსნია 0:3
გოლები: 0:1 ჯეკო (13), 0:2 ჯეკო (49), 0:3 ჯეკო (62)
ანდორა (4-2-3-1): პოლი - სან ნიკოლასი, ვალესი, ლიმა, მ. გარსია - სონეხეე, ვიეირა - კლემენტე (54. მარტინესი), როდრიგესი, ლორენსო (85. რუბიო) - გომესი (59. რიერა)
ბოსნია (4-4-2): ბეგოვიჩი - მუიძა, სპაჰიჩი, ვრანიეში (73. კოკალიჩი), ჟუკანოვიჩი - ვისკა, ბეშიჩი, პიანიჩი, ლულიჩი (77. მედუნიანინი) - იბიშევიჩი (67. ჯურიჩი) - ჯეკო
გაფრთხილება: ვიეირა, კლემენტე - ვრანიეში
კუთხური: 0-6; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 3-20 (0-4); ბურთის ფლობა: 24%-76%.
მაყურებელი: 2 500

ბელგია-კვიპროსი 5:0
გოლები: 1:0 ფელაინი (21), 2:0 ბენტეკე (35), 3:0 ფელაინი (66), 4:0 აზარი (67), 5:0 ბაჩუაი (80)
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - ალდერვეირელდი, კომპანი, ლომბერტსი, ვერტონგენი - ნაინგოლანი, ვიტსელი - დე ბრუინი, ფელაინი (69. ფერეირა), აზარი (70. მერტენსი) - ბენტეკე (77. ბაჩუაი)
კვიპროსი (4-2-3-1): კისასი - კირიაკუ, მერკისი, ლაიფისი, ანტონიადესი - ნიკოლაუ, ლაბანი (57. ეკონომიდესი) - მაკრისი (71. ელეფთერიუ), მაკრიდესი (84. კასტანოსი), სოტერიუ - მიტიდისი
გაფრთხილება: -
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 20-2 (11-0); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 45 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 5 3 2 0 7-2 11
2. ისრაელი 4 3 0 1 9-5 9
3. ბელგია 4 2 2 0 12-1 8
4. კვიპროსი 5 2 0 3 9-10 6
5. ბოსნია 5 1 2 2 5-6 5
6. ანდორა 5 0 0 5 2-20 0

მომდევნო ტური
31 მარტი:
ისრაელი-ბელგია.

12 ივნისი:
ანდორა-კვიპროსი
ბოსნია-ისრაელი
უელსი-ბელგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული