ვიტოლო (ესპანეთი)
"სევილიას" გარემარბი ვიტოლო კარგ სეზონს ატარებს და ზოგადად, ბოლო წლებში არაფერი დაეწუნება. 26 წლის ასაკში მან ესპანეთის ნაკრების თავკაცის ყურადღება მიიქცია. ვიტოლოს ამ სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი, 6 ჩემპიონატში, ხოლო
ხუანმი (ესპანეთი)
ესპანეთის ნაკრებში მოხვედრა სახუმარო საქმე არ არის და ხუანმის შეუძლია იამაყოს, რომ 21 წლის ასაკში უკვე შეაღო "ფურია როხას" კარი. "მალაგას" თავდამსხმელს ამაში დიეგო კოშტას ტრავმაც დაეხმარა. საინტერესოა, რომ ხუანმი თავის კლუბში ამ სეზონში გახდა ძირითადის შემტევი, მაგრამ თავის გამოჩენა უკვე მოახერხა - ბოლოს და ბოლოს, "კამპ ნოუზე" "ბარსელონასთან" მოაგებინა ანდალუსიელებს.
სერხიო ასენხო (ესპანეთი)
ესპანეთის ნაკრების სიახლეებზე საუბარი სერხიო ასენხოთი უნდა დავასრულოთ. 25 წლის მეკარემ ტრავმები დაამარცხა და კონკურენტებსაც აჯობა. იგი "ვილიარეალის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად დამკვიდრდა და მიმდინარე ლა ლიგაში 12-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა, რაც კლაუდიო ბრავოს შემდეგ საუკეთესო შედეგია. მას 69 "სეივი" აქვს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია "ესპანიოლის" კიკო კასილიასთან ერთად.
ჰარი კეინი (ინგლისი)
ჰარი კეინზე მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს და ეს აჟიოტაჟი უსაფუძვლო რომ არ გახლდათ, დამტკიცდა კიდეც. "ტოტენჰემის" თავდამსხმელი მინდორზე წუთ-ნახევრის შემოსულიც არ გახლდათ, რომ სანაკრებო დებიუტი ლიტვის კარში გატანილი გოლით აღნიშნა. საკლუბო მატჩებს თუ ავიღებთ, მას მიმდინარე სეზონში უკვე 29 გოლი აქვს, 43 მატჩში. იგი უკვე იქცა ინგლისის ნაკრების ფანების ერთ-ერთ მთავარ იმედად.
რაიან მეისონი (ინგლისი)
რაიან მეისონი ჯერ "ტოტენჰემის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ახლა უკვე ნაკრების წევრია. მართალია, "დეზების" 23 წლის ნახევარმცველი როი ჰოჯსონმა მას მერე გამოიძახა, რაც იქამდე მიწვეულმა რამდენიმე მოთამაშემ ტრავმა მიიღო, მაგრამ ეს მეისონის კარგ თამაშს არ აკნინებს და მისი პროგრესი უდავოა. მაურისიო პოჩეტინო ამ ფეხბურთელს ენდობა და რიგით რაიანს, ძირითადად, ძირითადში ვხედავთ ხოლმე.
ბას დოსტი (ჰოლანდია)
ჰოლანდიის ნაკრები მოულოდნელად სირთულეებს გადააწყდა და ახალი სახეების ძიებაში მყოფი "ნარინჯისფერები" ვერ უგულებელყოფდნენ შესანიშნავად ათამაშებულ ბას დოსტს. ამ სეზონში დოსტს, ყველა ტურნირის ჩათვლით, 16 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ აქედან 13 მან 2015 წელს გაიტანა. ჰოლანდიელი "ვოლფსბურგის" მომაკვდინებელ სნაიპერად იქცა და "მგლებმა" მისი გოლების წყალობით ევროპის ლიგაზეც და ბუნდესლიგაშიც გაილაღეს და აი, 25 წლის ასაკში დოსტმა ნაკრებში მიწვევა დაიმსახურა.
მირკო ვალდიფიორი (იტალია)
ანტონიო კონტემ იტალიის ნაკრებში მირკო ვალდიფიორის უხმო. 28 წლის ნახევარმცველი ძალიან საინტერესო პიროვნებაა და ფანების სიმპათიას ან სულ მინიმუმ, პატივისცემასა და ინტერესს იმსახურებს. მასზე ჩვენ ცალკე აუცილებლად ვისაუბრებთ, ხოლო იქამდე აღვნიშნოთ, რომ მას "ემპოლიში" საკმაოდ კარგი სეზონი აქვს და კონტემაც შანსი მისცა "პროვინციელ პირლოდ" წოდებულ ფეხბურთელს.
ფრანკო ვასკესი (იტალია)
სიცილიური "პალერმოს" შემტევი ნახევარმცველი ფრანკო ვასკესი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალწვეულია. ვასკესი "როზანეროს" რიგებში ბრწყინავს და შესაძლოა, ხანდახან პაულო დიბალას ჩრდილში ექცევა, მაგრამ ეს მხოლოდ პიარის გამო, თორემ იგი არანაკლებ პროდუქტიულია, რაზეც მისი 7 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მეტყველებს.
ვასკესი სანახევროდ იტალიელია, მაგრამ კარიერისა და ცხოვრების დიდი ნაწილი არგენტინაში აქვს გატარებული. გახსოვთ, რომ "სკუადრა აძურაში" იმავე დიბალასა და მაურო იკარდისაც იწვევდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. სამაგიეროდ, 26 წლის ვასკესმა სიამოვნებით მიიღო წინადადება.
მარტინს ედერი (იტალია)
კონტეს ყველაზე უცნაური და მოულოდნელი არჩევანი თითქოს, ედერია. მართალია, წლებია იტალიაში თამაშობს, მაგრამ ვასკესისგან განსხვავებით, არც "ორიუნდია" და არც იტალიაში დაბადებული, ედერი ბრაზილიელი გახლავთ. 28 წლის ფორვარდი მოყოჩაღებული "სამპდორიას" ლიდერად იქცა და იმდენად კარგად თამაშობს, რომ კონტემ ესპანეთს მიბაძა და გადაწყვიტა, რომ ედერი "ლა ნაციონალეს" დიეგო კოშტად უნდა იქცეს.
დასაწყისი შესანიშნავი გამოვიდა - იტალია ბულგარეთთან 1:2-ს აგებდა და შეცვლაზე შემოსულმა ედერმა 84-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, რითაც "სკუადრა აძურა" მარცხისგან იხსნა.
უგო ვენტურა (პორტუგალია)
პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში უკვე გამოირჩა იმით, რომ ბევრ ახალ სახეს მისცა თამაშის საშუალება ანდაც რამდენიმე მივიწყებული ფეხბურთელი დააბრუნა შემადგენლობაში. ამჯერად დებიუტანტი ნაკრებში უგო ვენტურაა, 27 წლის მეკარე. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ამ სეზონის დასაწყისში ვენტურა თავის კლუბში, "ბელენენსეშშიც" კი ვერ ხვდებოდა ძირითადში, მაგრამ მოულოდნელად, მეტ ჯონსის ნაცვლად დადგა კარში და მას მერე ინგლისელი მეკარე, რომელიც იქამდე შეუცვლელი ჩანდა და ცუდად არ გამოიყურებოდა, სასტარტოში აღარც გამოჩენილა. ვენტურას კი ძალიან იღბლიანი, წარმატებული და სასიხარულო პერიოდი აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"