ევრო 2016. საკვალიფიკაციო. VI ტურის წინ: ლიდერთა ჯახების ტური

AutoSharing Option
ფოტოზე: ედენ აზარი გარეთ ბეილის წინააღმდეგ
დღეს, 12 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის VI ტური, რომელიც სამ დღეზეა გაწერილი, A, B და H ჯგუფების შეხვედრებით გაიხსნება. 13 ივნისს მატჩები D, F და I ჯგუფებში გაიმართება,  14-ში კი - C, E და G ჯგუფებში.

* * *
ხორვატია იტალიისთვის ძალიან უხერხული მეტოქეა, ალბათ ყველაზე უხერხული, გაგიგიათ "სკუადრა აძურა" ვინმეს ვერაფრით უგებდეს? 1994-2014 წლებში ეს ნაკრებები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ (აქედან ორჯერ ამხანაგურად) და იტალიელებს არცერთხელ არ მოუგიათ - 3 წაგება, 4
ფრე.

არადა, ახლა ანტონიო კონტეს გუნდს მოგება არ აწყენდა, რადგან ნიკო კოვაჩის ბიჭები 2 ქულით წინ არიან, ხოლო ნორვეგია შინ ატარებს მატჩს აზერბაიჯანთან და თუ აპენინელებს ფეხი დაუცდებათ... პლუს ბულგარეთს წესით მალტას დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს და ბრძოლაში ისიც დაბრუნდება.

ანალოგიური სიტუაციაა B ჯგუფში, სადაც თანალიდერები ბელგია და უელსი კარდიფში გაარკვევენ ურთიერთობას. უელსს ბელგია 1993 წლის მერე, 5 მატჩია, აღარ დაუმარცხებია - 3 წაგება, 2 ფრე. გარეთ ბეილისა და აარონ რემზის თაოსნობით, კრის კოულმენის ბიჭები ნავსისგატეხვას შეეცდებიან.

მასპინძლებისთვის კარგი ამბავია ის, რომ მარკ ვილმოტსი მარუან ფელაინისა და ვენსან კომპანის ვერ დაიხმარს ტრავმების გამო, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს დიდი შვება მაინც ვერ არის, რადგან სხვა ყველა ბელგიელებს მწყობრში ჰყავთ, ხოლო თუ ვინ არიან ეს "სხვა ყველა" მშვენივრად მოგეხსენებათ.

არანაკლებ საინტერესოა ამ ქვეჯგუფის მატჩი, რომელიც ზენიცაში უნდა გაიმართოს.

ბოსნიამ სასტარტო მატჩები საშინლად ჩაატარა და ახლა ბრძოლაში დაბრუნების ბოლო შანსი აქვს, მეჰმედ ბაჟდარევიჩის ნაკრებმა "ბილინო პოლიეზე" აუცილებლად უნდა მოიგოს. თუმცა თავისი გეგმები ექნება ელი გუტმანს, რომლის ისრაელმაც ლიდერების ურთიერთშეხვედრით უნდა ისარგებლოს.

ამასობაში, კვიპროსელები ანდორას ძლევით შეეცდებიან სამეულზე ოცნება ცოტათი რეალური გახადონ.

ესპანეთი, რომელიც მოულოდნელად ვერ ლიდერობს, ბელარუსს სტუმრობს და ცხადია, 3 ქულას გეგმავს, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, თანაც უკრაინაც იქვეა.

მიხაილ ფომენკოს ბიჭებმა საქართველოსთან ამხანაგურის მოგებით შეიქმნეს ხასიათი, თან ისეთი გოლი გაგვიტანეს, სიცილი არ მოკლებიათ და მართლაც კარგ გუნებაზე ხვდებიან ლუქსემბურგს, რომელსაც აუცილებლად მოუგებენ და მესამე საფეხურზე პოზიციებს გაიმყარებენ.

ლიდერი და 5-დან 5-ის მომგები სლოვაკეთი კი მაკედონიას მასპინძლობს და გაჩერებას არ აპირებს.

კიდევ ერთი გრანდი, რომელიც პირველზე ვერ არის, ჰოლანდიაა. ეს კი არა, ნარინჯისფერები მეორეზეც ვერ არიან, ისლანდიასთან 5, ხოლო ჩეხეთთან 6 ქულას აგებენ. ასე რომ, სანამ ისლანდიელები და ჩეხები რეიკიავიკში გაარკვევენ ურთიერთობას, მრავალნაკრიტიკებმა გუუს ჰიდინკმა ლატვიაში აუცილებლად უნდა მოიგოს.

ისე ბოლომდე ნურც თურქებს ჩამოვწერთ, ფათიჰ თერიმმა იცის, რომ ყაზახეთში უცილობლად უნდა მოიგოს და თუ "იმპერატორი" ამას შეძლებს, რაღაც მცირე შანსი კიდევ დარჩება.

G ჯგუფში დიდი ჩახლართულობაა, ავსტრია ყველას წინ გაექცა და ახლა ფაბიო კაპელოს რუსეთს სტუმრობს. შვედეთი კი ჩერნოგორიას მასპინძლობს და ეს ტური ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

შედარებით სუსტმა შემადგენლობამ მოიყარა თავი F ქვეჯგუფში. რუმინეთი და ჩრდილოეთ ირლანდია წინ გაიქცნენ და ისინიც ერთმანეთს ხვდებიან, ერთი სიტყვით, ლიდერთა ურთიერთშეხვედრების ტურია.

ხოლო უნგრეთი ფინეთში ითამაშებს და გამარჯვება ორეულთან სხვაობის შემცირებაში დაეხმარება, მაგრამ ახლა ფინელებს ვკითხოთ... ეს ჯგუფიდან გასვლისთვის გაბრძოლების ბოლო შანსია მათთვის.

რადგან ბოლო შანსი ვახსენეთ, საუკეთესოდ ეს სერბებს მიესადაგებათ, რომლებიც დანიას სტუმრობენ და მოგების შემთხვევაშიც რთულ მდგომარეობაში რჩებიან, მაგრამ ვერმოგება ფაქტობრივად, უშანსოდ ტოვებთ.

ამ ჯგუფის ლიდერი პორტუგალია კი თბილისში გატარებული დღეებისა და მომზადების მერე, მეზობლად სომხეთში გადაბარგდა და იქ გამარჯვებით სურს უფრო წინ გაქცევა.

სლოვაკეთთან ერთად ასპროცენტიანი შედეგით თავმომწონე ინგლისი სლოვენიას სტუმრობს. ველოდებით უეინ რუნის, მას ორი ბურთი აკლია იქამდე, რომ სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი გაიმეორეს და ნაკრებში 49 გოლი დაუგროვდეს, მერე კი გააუმჯობესოს ეს შედეგი.

პარალელურად შვეიცარია ლიტვაში ეცდება მოგებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას, თორემ ამ წუთას მესამეზეა.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი. IV ტური
A ჯგუფი
12 ივნისი
ყაზახეთი-თურქეთი 20:00
ისლანდია-ჩეხეთი 22:45
ლატვია-ჰოლანდია 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩეხეთი 5 4 1 0 11-6 13
2. ისლანდია 5 4 0 1 12-2 12
3. ჰოლანდია 5 2 1 2 11-6 7
4. თურქეთი 5 1 2 2 6-8 5
5. ლატვია 5 0 3 2 2-11 3
6. ყაზახეთი 5 0 1 4 4-13 1

B ჯგუფი
12 ივნისი
ანდორა-კვიპროსი 22:45
ბოსნია-ისრაელი 22:45
უელსი-ბელგია 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 5 3 2 0 13-1 11
2. უელსი 5 3 2 0 7-2 11
3. ისრაელი 5 3 0 2 9-6 9
4. კვიპროსი 5 2 0 3 9-10 6
5. ბოსნია 5 1 2 2 5-6 5
6. ანდორა 5 0 0 5 2-20 0

C ჯგუფი
14 ივნისი
უკრაინა-ლუქსემბურგი 20:00
ბელარუსი-ესპანეთი 22:45
სლოვაკეთი-მაკედონია 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვაკეთი 5 5 0 0 11-2 15
2. ესპანეთი 5 4 0 1 14-3 12
3. უკრაინა 5 3 0 2 6-2 9
4. ბელარუსი 5 1 1 3 4-10 4
5. მაკედონია 5 1 0 4 5-12 3
6. ლუქსემბურგი 5 0 1 4 3-14 1

D ჯგუფი
13 ივნისი
პოლონეთი-საქართველო 20:00
ირლანდია-შოტლანდია 20:00
გიბრალტარი-გერმანია 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 5 3 2 0 16-3 11
2. გერმანია 5 3 1 1 9-4 10
3. შოტლანდია 5 3 1 1 11-5 10
4. ირლანდია 5 2 2 1 11-4 8
5. საქართველო 5 1 0 4 4-9 3
6. გიბრალტარი 5 0 0 5 1-27 0

E ჯგუფი
14 ივნისი
ესტონეთი-სან მარინო 20:00
სლოვენია-ინგლისი 20:00
ლიტვა-შვეიცარია 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 5 5 0 0 15-1 15
2. სლოვენია 5 3 0 2 10-4 9
3. შვეიცარია 5 3 0 2 11-3 9
4. ლიტვა 5 2 0 3 3-10 6
5. ესტონეთი 5 1 1 3 1-5 4
6. სან მარინო 5 0 1 4 0-17 1

F ჯგუფი
13 ივნისი
ფინეთი-უნგრეთი 20:00
ფარერები-საბერძნეთი 22:45
ჩრ. ირლანდია-რუმინეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუმინეთი 5 4 1 0 7-1 13
2. ჩრ. ირლანდია 5 4 0 1 8-4 12
3. უნგრეთი 5 2 2 1 4-3 8
4. ფინეთი 5 1 1 3 5-7 4
5. ფარერები 5 1 0 4 2-7 3
6. საბერძნეთი 5 0 2 3 1-5 2

G ჯგუფი
14 ივნისი
ლიხტენშტეინი-მოლდოვა 20:00
რუსეთი-ავსტრია 20:00
შვედეთი-ჩერნოგორია 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 5 4 1 0 10-2 13
2. შვედეთი 5 2 3 0 7-3 9
3. რუსეთი 5 2 2 1 9-3 8
4. ჩერნოგორია 5 1 2 2 3-5 5
5. ლიხტენშტეინი 5 1 1 3 1-11 4
6. მოლდოვა 5 0 1 4 2-8 1

H ჯგუფი
12 ივნისი
ხორვატია-იტალია 22:45
მალტა-ბულგარეთი 22:45
ნორვეგია-აზერბაიჯანი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 5 4 1 0 15-2 13
2. იტალია 5 3 2 0 8-4 11
3. ნორვეგია 5 3 0 2 7-8 9
4. ბულგარეთი 5 1 2 2 6-7 5
5. აზერბაიჯანი 5 1 0 4 4-11 3
6. მალტა 5 0 1 4 1-9 1

I ჯგუფი
13 ივნისი
სომხეთი-პორტუგალია 20:00
დანია-სერბეთი 22:45


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 4 3 0 1 4-2 9
2. დანია 4 2 1 1 6-4 7
3. ალბანეთი 4 2 1 1 4-5 7
4. სერბეთი 4 1 1 2 6-6 1
5. სომხეთი 4 0 1 3 3-6 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული