ევრო 2016: ხუთი ცნობილი და ევრომაძიებლები

AutoSharing Option
* ევროპის ჩემპიონატი 2016 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე საფრანგეთში გაიმართება.

* ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს: საფრანგეთმა (მასპინძელი), ინგლისმა, ჩეხეთმა, ისლანდიამ და ავსტრიამ.

* საგზურის მოპოვებამდე ქულა აშორებთ უელსის და გერმანიის ნაკრებებს.

* საქართველოს ნაკრებმა თეორიული შანსი ირლანდიასთან 0:1 წაგებით დაკარგა.

მაშ ასე, საფრანგეთი 2016-ის შესარჩევი ციკლი ფინიშის სწორზე გავიდა - ოქტომბერში, ექვსი დღის განმავლობაში ჯგუფები ბოლო ორ ტურსაც მოილევენ და თითქმის ყველა საგზურის (პლეი ოფის გარდა) მფლობელიც გაირკვევა.

სექტემბრის მატჩებამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ საფრანგეთი, როგორც მასპინძელი,
ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს. თეორიული შანსიც ყველას ჰქონდა შერჩენილი, სერბეთის გარდა, რომელსაც უეფას სანქციების გამო ნული ქულაც არ ჰქონდა მარაგში...

ოთხი ტრიუმფატორი
შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინათ დაწყებულმა საკვალიფიკაციო ტურნირმა უნდა გაარკვიოს ევროპის ჩემპიონატის 23 მონაწილე, რომელთაც მასპინძელი საფრანგეთი შეუერთდება. ევროპის ჩემპიონატი გაფართოვდა და იქ მოხვედრა უფრო ადვილი გახდა, ამიტომაც საფრანგეთში ახალ სახეებს აუცილებლად ვიხილავთ.

როგორც უკვე გითხარით, მე-7 და მე-8 ტურებამდე არავის ჰქონდა მოპოვებული ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური და უშანსოდ, სერბეთის გარდა, არავინ იყო. მეშვიდე ტურმა მხოლოდ ერთი ფინალისტი გაარკვია - 5 სექტემბერს ინგლისის ნაკრები სან მარინოს ესტუმრა, 6:0 მოუგო და, როგორც ფეხბურთის სამშობლოს შეშვენის, 53 ნაკრებიდან პირველი გახდა, რომელმაც საფრანგეთში თამაში დაიბევა.

ეს ინგლისელთა მე-7 გამარჯვება იყო ამდენივე შეხვედრაში. მეშვიდეს მერვეც მოჰყვა და ახლა როი ჰოჯსონის გუნდს E ჯგუფში 8 თამაშიდან 24 ქულა გააჩნია ბურთების ფანტასტიკური შეფარდებით - 26:3. ინგლისის ნაკრები ერთადერთი უდანაკარგო გუნდია. მეტიც, შვეიცარიასთან მატჩში გატანილი გოლი უეინ რუნისთვის საიუბილეო, 50-ე გახდა ინგლისის ნაკრებში.

ამით მან სერ ბობი ჩარლტონს გადაუსწრო და ინგლისის ისტორიაში ყველა დროის გოლეადორი გახდა.

ინგლისის ნაკრები მეცხრედ იასპარეზებს ევროპის პირველობაზე (1968, 1980, 1988, 1992, 1996, 2000, 2004 და 2012).

6 სექტემბერს მერვე ტურის მატჩები დაიწყო და A ჯგუფის ორი გამარჯვებულის ვინაობა გავიგეთ - "სკონტოს" სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ლატვია, ხოლო რეიკიავიკში ისლანდია 0:0 დაუზავდა ყაზახეთს. 8 ტურის მერე 19-19 ქულით ისლანდია და ჩეხეთი მეტოქეთათვის მიუღწეველნი გახდნენ და ეს მოხდა ჯგუფში, სადაც ჰოლანდიის და თურქეთის ნაკრებები არიან! ახლა ამ ორიდან ერთ-ერთი ან ორივე ევროპის პირველობას დააკლდება.

ჩეხეთი (როგორც ჩეხოსლოვაკიის მემკვიდრე), ინგლისის დარად, მეცხრედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე (1960, 1976, 1980, 1996, 2000, 2004, 2008 და 2012). გუნდი ზედიზედ მე-6 ევროპულ პირველობაზე ითამაშებს. აი, ისლანდიამ კი, შვედი ლარს ლაგერბაკის ხელმძღვანელობით, არცთუ პატარა სასწაული მოახდინა და 320-ათასიანი ქვეყანა ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

8 სექტემბერს შესარჩევი ციკლიდან მე-4 საგზურის მფლობელიც გაირკვა - სოლნაში ავსტრიის ნაკრებმა 4:1 გაანადგურა შვედეთი თავის იბრაჰიმოვიჩიანად, 8 ტურში 22 ქულა დააგროვა და არათუ საგზური, ჯგუფში პირველი ადგილიც უკვე გაინაღდა. 8-დან 7 მოგებული თამაში და მხოლოდ ერთი ფრე, ბურთების შეფარდება 16:3 - აი, ასეთი საშიშია მარსელ კოლერის ნაკრები. ამ გუნდზე კი ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ ის საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეა 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში.

მიზანთან ახლოს
პირდაპირ საგზურის მოპოვება კიდევ 25 ნაკრებს შეუძლია. აქედან 13-მა, სულ მცირე, პლეი ოფი მაინც გაინაღდა. ასეთები არიან: უელსი, ბელგია, ესპანეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, გერმანია, ჩრდილოეთი ირლანდია, იტალია, ნორვეგია, ხორვატია, პორტუგალია, დანია და ალბანეთი. ალბათ, მოულოდნელია ამ სიაში ჩრდილოირლანდიელთა და ალბანელთა მოხვედრა.

12 ნაკრები, რომელთაც შეუძლიათ, როგორც საგზურის მოპოვება, ისე მშრალზე დარჩენა: ისრაელი, პოლონეთი, ირლანდია, შვეიცარია, სლოვენია, ესტონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ფინეთი, რუსეთი, შვედეთი და ჩერნოგორია. კიდევ ექვს ნაკრებს უფრო რთულად აქვს საქმე, მათი მაქსიმუმი პლეი ოფის საგზურია: თურქეთი, ჰოლანდია, ბოსნია, კვიპროსი, შოტლანდია და ლიტვა. მოკლედ, ბრძოლაში 31 გუნდი რჩება.

ამათგან საქმე ძალზე იოლად აქვს რამდენიმე გუნდს, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ ცალი ფეხით საფრანგეთში არიან - მაგალითად, უელსის ნაკრებს ბოლო ორ ტურში ქულაც ჰყოფნის მიზნის მისაღწევად და ეს შეიძლება უკვე მე-9 ტურში მოხდეს სტუმრად ბოსნიასთან და თუ არა, ბოლო ტურში გარეთ ბეილი და კომპანია ანდორას მასპინძლობს. მართალია, ბელგიას მოგება ესაჭიროება, მაგრამ მარკ ვილმოტსის ამოცანა უფრო იოლი მოჩანს - მათ ანდორას უნდა მოუგონ. მოკლედ, უელსი და ბელგია 99%-ით საფრანგეთში არიან.

მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიამ არ უნდა წააგოს დუბლინში და ისიც საფრანგეთშია. თითო მოგება აშორებთ მიზნამდე ესპანეთს (შინ ლუქსემბურგთან), სლოვაკეთს (შინ ბელორუსთან), სლოვენიას (შინ ლიტვასთან), ჩრდილოეთ ირლანდიას (შინ საბერძნეთთან). ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებს, ალბათ, ვეღარაფერი შეუშლის ხელს მიზნის მიღწევამდე.

გავარდნილები
18 ნაკრები უკვე დაემშვიდობა ევროპის ჩემპიონატზე ოცნებას და სამწუხაროდ, მათ შორის საქართველოა, რომელსაც სექტემბრის მატჩებში ურიგოდ არ უთამაშია. ჩვენებმა დუბლინში წაგებით ის თეორიული შანსიც დაკარგეს, რაც პლეი ოფში მოსახვედრად ჰქონდათ.

ყველაზე მეტად ხელმოცარულთა შორის საბერძნეთის, ბულგარეთისა და სერბეთის მოხვედრაა საკვირველი. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში 7 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა (ევროპაში ასეთი სულ 11-ია) და სავსებით შესაძლებელია, ევროპის ჩემპიონატზე ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაც ვერ გავიდეს. საუკეთესო შანსი მაინც რუსეთს აქვს, რომელსაც მომდევნო ტურში მოგება და კონკურენტის ქულების დაკარგვა ჰყოფნის.

მე-9 ტურის მატჩები 8-10 ოქტომბერს გაიმართება, ბოლო ტური კი 11-13 ოქტომბერს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გადის, რომელთაც ემატებათ ყველა ჯგუფში საუკეთესო მესამეადგილოსანი (საკვალიფიკაციო ეტაპი ახლა რომ სრულდებოდეს, ასეთი უკრაინაა), დარჩენილი 8 მესამეადგილოსანი კი 4 საგზურს ნოემბერში ორრაუნდიან დაპირისპირებებში გაითამაშებს.

გოლეადორები
საკვალიფიკაციო ტურნირს ბომბარდირთა დავაში პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი უდგას 10 გოლით. მეორე ადგილზე გერმანელი თომას მიულერია 8 გოლით. აღსანიშნავია, რომ ორივემ შეძლო ჩვენი კარის დალაშქვრა - ლევანდოვსკიმ სამი გაგვიტანა, მიულერმა - 1. 7-7 გოლი გაიტანეს ედინ ჯეკომ (ბოსნია), უეინ რუნიმ (ინგლისი), კაილ ლაფერტიმ (ჩრ. ირლანდია) და არტიომ ძიუბამ (რუსეთი).

6 გოლი: დენი უელბეკი (ინგლისი), არკადიუშ მილიკი (პოლონეთი), მილოვოიე ნოვაკოვიჩი (სლოვენია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), გარეთ ბეილი (უელსი). 5 გოლი: გილფი სიგურდსონი (ისლანდია), ომერ დამარი (ისრაელი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) და რობი კინი (ირლანდია). ქართველებში ორი გოლით თორნიკე ოქრიაშვილი ლიდერობს, თითო გოლი ნიკოლოზ გელაშვილმა, ჯაბა კანკავამ და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს. სულ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ 5 გოლია, თან აქედან სამი გიბრალტარის კარში.

საინტერესო ციფრები
* ყველაზე მეტი პენალტი უეინ რუნიმ გაიტანა - 4.

* ყველაზე მეტჯერ კარში ზუსტად უეინ რუნიმ დაარტყა - 23.

* ყველაზე მეტჯერ კარს უეინ რუნიმ ააცილა - 16.

* ყველაზე მეტი ფრე უნგრელებმა შემოგვთავაზეს - 4.

* ყველაზე მეტი საგოლე პასი არკადიუშ მილიკის (პოლონეთი) ანგარიშზეა - 5.

* ყველაზე მეტი "სეივი" ფარერელთა მეკარე ნილსენმა შემოგვთავაზა - 42.

* საუკეთესო დაცვის ხაზი რუმინეთს აქვს - 1 გაშვებული ბურთი.

* საუკეთესო შეტევა პოლონეთს - 29 გოლი.

* შესარჩევ ეტაპზე 524 გოლი გავიდა.

* მატჩებს სულ 2,9 მილიონი ადამიანი დაესწრო, საშუალოდ 14 ათასი თამაშში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული