ჩრდილოირლანდიური ფეხბურთი, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევთან, ჯორჯ ბესტთან ასოცირდება. ბესტი დიდებული იყო და იქნებ მეტისთვისაც მიეღწია, მთელი თავისი ნიჭი ფეხბურთისათვის რომ მიეძღვნა, თუმცა მაშინ ის... ბესტი აღარ იქნებოდა.
ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი მეკარე პატ ჯენინგსს აქვს ჩატარებული. მან ოლსტერელთა ღირსება 119 შეხვედრაში დაიცვა. სანაკრებო რეკორდსმენთა
საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზეა ამჟამინდელი გუნდის ფორვარდი კაილ ლაფერტი (45 მატჩი, 16 გოლი). ეროვნული გუნდის ბომბარდირებს კი 95 შეხვედრაში გატანილი 36 გოლით დევიდ ჰილი ლიდერობს, ვინც ეროვნულ გუნდში ბოლოს 2013 წელს ითამაშა.
გუნდის ამჟამინდელი წარმატების მთავარი შემოქმედი 46 წლის მწვრთნელი მაიკლ ონილია. ის ოლსტერის უპირველეს გუნდს 2011 წლიდან ავარჯიშებს. მწვრთნელმა შეძლო და გამოცდილი ფეხბურთელებისგან ბრძოლისუნარიანი, შედეგზე ორიენტირებული კოლექტივი გამოძერწა.
ონილს დიდი ფეხბურთი არ უთამაშია. სამწვრთნელო კარიერა 1994 წელს დაიწყო და ჩრდილოეთ ირლანდიის ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა. ამის შემდეგ წვრთნიდა 23-წლამდელთა ნაკრებს და ჩრდილოეთ ირლანდიის "ბ" გუნდს.
მისი საფეხბურთო ფილოსოფია აგრესიულ, ტიპურ ბრიტანულ ფეხბურთს ეფუძნება. მეტწილად ონილი 4-4-2 ტაქტიკურ სქემას იყენებს. ევროშესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს თუ არ ჩავთვლით, ჩრდილოირლანდიელებმა მეტოქეთა კარში 15 გოლი გაიტანეს.
"ჩვენი გუნდის წარმატება არ არის ერთი რომელიმე ფეხბურთელის ან მწვრთნელის დამსახურება. ჩვენი მთავარი კოზირი არის გუნდურობა და სანამ მე ვარ ეროვნული გუნდის სათავეში, ეს ყოველთვის ასე იქნება.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვყავს უმაღლესი დონის ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი საკეთებელი და მინდორზე ყოველთვის უზომოდ მოტივირებულნი გავდივართ. სწორედ ესაა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარი პლუსი.
ჯერ იქამდე შორია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სტატისტები არც ევროპის ჩემპიონატზე ვიქნებით. მთავარია, ჩვენი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იყოს, რადგან ჩვენი რესურსი ამოუწურავი არ არის და დაშავებულების შეცვლა ჭირს", - ამბობს ონილი.
როგორც ყველა გუნდს, ლიდერები ჩრდილოეთ ირლანდიის ამ ფორმაციის ნაკრებსაც ჰყავს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვარჩიოთ გუნდის კაპიტანი, ინგლისური "საუთჰემპტონის" ნახევარმცველი სტივენ დევისი. მან საბერძნეთთან მოგებულ გადამწყვეტ მატჩში დუბლი შეასრულა და მნიშვნელოვნად განაპირობა თავისი გუნდის გამარჯვება (3:1).
"მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის და სათამაშოდ რწმენით სავსე გახვიდე. გასაგებია, რომ ჩვენ არ გვყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც, ვთქვათ, ესპანეთსა და საფრანგეთს, მაგრამ ჩვენ მინდორზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავდივართ".
"წინა შესარჩევი ციკლის შემდეგ ჩვენი ნაკრების შემადგენლობა დიდად არ შეცვლილა. ფეხბურთელებმა მიიღეს ის აუცილებელი გამოცდილება, რომელიც შედეგის მისაღწევადაა საჭირო. ამას დაემატა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი", ასეთია გუნდის კაპიტნის აზრი.
მაინც რამ განაპირობა ჩრდილოირლანდიელთა ასეთი მოულოდნელი წარმატება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში? კაპიტანი ჭკვიანურად მსჯელობს:
"ნაკრები მინდორსა თუ მინდვრის გარეთ ერთი ოჯახივით ცხოვრობს. ამას დაემატა გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაიკლ ონილის გამოცდილება, განსწავლულობა. ჩვენ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ბარიერის დაძლევისთვისაც კი ვიბრძოლოთ, ოღონდ საამისოდ 200 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ", - ამბობს დევისი.
ასეთია ეს გუნდი, საუკეთესო ჯორჯ ბესტის ნაკრების შემდეგ.
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები
მეტსახელი: "მწვანე და თეთრი არმია"
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ონილი
კაპიტანი: სტივენ დევისი
ყველაზე მეტი მატჩი: პატ ჯენინგსი (119)
საუკეთესო ბომბარდირი: დევიდ ჰილი (36 გოლი)
სტადიონი: "უინძორ პარკი" (20 000 მაყურებელი)
ადგილი ფიფას რეიტინგში: (35)
პირველი საერთაშორისო მატჩი: ჩრდილოეთი ირლანდია - შოტლანდია 1:3. 1953 წლის 3 ოქტომბერი.
საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე: მეოთხედფინალი (1958, 1982)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"