ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი: ვისი დამსახურებაა ალბანეთის ნაკრების პროგრესი

AutoSharing Option
იყო დრო, როდესაც საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ გუნდს ჯგუფში ორიდან ორ თამაშს უგებდა. მოგვიანებით, ძალები უფრო გათანაბრდა, დღეს კი ალბანელები გაცილებით წინ არიან და ამის დასტური მათი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა.

დიახ, ალბანეთის ეროვნული ნაკრები საფრანგეთში დაგეგმილ კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებს, რადგან ამ გუნდმა შესარჩევ ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზა და ისეთი ძლიერი ნაკრებები მოიტოვა უკან, როგორებიც დანიელებს და სერბებს ჰყავთ.

თითოეული გუნდის თუ ნაკრების წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ბუნებრივია, რომ ალბანელთა აღმასვლის საფუძველებსაც უფრო ჩაღრმავება და კომპლექსური გაანალიზება სჭირდება, მაგრამ ერთი ფაქტია
- ამ პროგრესის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იგლი ტარეა, კაცი, რომელსაც დღეს არავითარი შეხება არ აქვს ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან და საერთოდ, იტალიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

იგლი ტარემ საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში გაატარა. თამაშობდა "ბრეშაში", "ბოლონიაში", "კალიარიში" და ბოლოს "ლაციოში", სადაც დარჩა კიდეც და დღეს კლუბის სპორტული დირექტორის პოსტი უკავია. მოკლედ, ტარე იტალიურ საფეხბურთო სამყაროს მოერგო, რამაც ალბანური ფეხბურთის განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.

სულ მალე სერია A-სა და B-ში ნიჭიერი ალბანელი ფეხბურთელები გამოჩნდნენ და ამ ყველაფრის უკან სწორედ იგლი ტარე იდგა. ყოფილმა ფეხბურთელმა "ლაციოს" ვიცე-პრეზიდენტობას აგენტის ფუნქციები შეუთავსა და არაერთ თანამემამულეს გაუხსნა გზა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგისკენ.

ასე მოხვდა ეტრიტ ბერიშა "ლაციოში", რომელიც დღეს ალბანეთის ნაკრების ძირითადი მეკარეა და შესარჩევ ეტაპზე ბრწყინვალედ იასაპარეზა.

ასე მოხვდა ლორიკ ცანა იმავე "ლაციოში" და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მცველად იქცა; ასე მოხვდა ელსეიდ ჰიუსაი "ემპოლიში", დღეს კი "ნაპოლის" რიგებშია და მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს; ასე მოხვდა ანდი ლილა "პარმაში" და მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი სერია A-დან გავარდა, თვითონ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო; ასე მოხვდა მიგენ ბაშა "ტორინოში" და იქ ოთხი კარგი სეზონი გაატარა; ასე მოხვდა ლედიან მემუშა "პაგანეზეში", შემდეგ "კარპის", "ლეჩეს" და "კიევოს" მაისური მოირგო, დღეს კი "პესკარაში" ასპარეზობს.

ამ ფეხბურთელებს მიეცათ შანსი, რომ უფრო მაღალ დონეზე ეასპარეზათ - ეს შანსი გამოიყენეს და შემდეგ ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგნენ.

სწორედ ამიტომ თვითონ ალბანელები მათი ნაკრების ტრიუმფის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად მიიჩნევენ კაცს, რომელიც დღეს იტალიაში ცხოვრობს და ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან შორიდან თანამშრომლობს.

კინაღამ გამოგვრჩა - ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ დღეს ალბანეთის ნაკრებს იტალიელი მწვრთნელი ჯანი დე ბიაზი წვრთნის. სწორედ ტარემ გაუწია დე ბიაზის რეკომენდაცია და თუ რა შედეგი მოუტანა სენიორ ჯანიმ ალბანეთს, ყველა კარგად ვხედავთ.

ამ მაგალითით კარგად ჩანს, თუ რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ერთ ადამიანს - იგლი ტარემ იტალიაში ფანჯარა გაჭრა, რითაც ალბანური ფეხბურთის არნახულ წარმატებაში ლომის წილი დაიდო.

ტარემ იტალიურ სპორტულ ჟურნალისტებს ამ თემაზე მოკლე კომენტარი მისცა და ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"პირადად მე, გამიმართლა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი და სერია A-ში ვითამაშე. არაერთი ალბანელი ფეხბურთელი მახსოვს, რომლებსაც ჩემზე უკეთ შეეძლოთ თამაში, მაგრამ კარიერა უსახელოდ დაასრულეს.

ამიტომ, როდესაც საშუალება მომეცა, ნიჭიერ ალბანელ ფეხბურთელებს გვერდში დავუდექი და ამით იტალიურმა კლუბებმაც იხეირეს. ბედნიერი ვარ, რომ ამან ალბანური ფეხბურთის განვითარებას ხელი შეუწყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
იქაური ჯუღელია ოღონდ კარგ საქმეებს აკეთებს...))
walkabout
13:06 15-10-2015
0
არველაძეებს გავს
arvel
13:42 15-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული