ევრო 2016. პლეი ოფი: უნგრეთი დებიუტანტის გოლით დაწინაურდა

AutoSharing Option
წუხელ ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის პლეი ოფის მატჩები დაიწყო. პირველები ნორვეგიელები და უნგრელები გამოვიდნენ და ოსლოში მეტად დაძაბული მატჩი ვიხილეთ.

დღეს ბოსნიაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები ირლანდიას მასპინძლობს, ნაკრებს, რომელიც შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად თამაშობდა. შაბათს კი ბოლო ორი წყვილი ჩაერთვება საქმეში.

წუხელ უნგრელებმა პირველ ტაიმში ლასლო კლაინჰაისლერის მიერ გატანილი ბურთის წყალობით 1:0 იმარჯვეს და კვირას უკვე ფავორიტის რანგში დაუხვდებიან. არადა, კლაინჰაისლერი უნგრეთის ნაკრების დებიუტანტია!

ბოლოს ნორვეგიელებმა მწვავედ შეუტიეს, ორჯერ ხარიხაც შეაწუხეს, მაგრამ მარცხს ვერ გადაურჩნენ.

* * *
ირლანდიელთა თავკაცს პლეი
ოფმა ცუდ დროს მოუსწრო. აკი წუხს კიდევაც მარტინ ო'ნილი, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ ამ ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების გამოო.

ტრავმირებულთა შორისაა ვეტერანი გოლკიპერი შეი გივენიც, რომელიც ასევე ვერ დაეხმარება ზენიცაში ირლანდიის ნაკრებს. სტუმართა დანაკლისის მიუხედავად, მეჰმედ ბაჟდარევიჩი თავისი გუნდის თამაშის სქემას არ გამოცვლის. ბოსნიელებიც ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე არიან - ამ ქვეყნის გუნდი არასოდეს გასულა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ბაჟდარევიჩის ხელში ბოსნიამ 6 ოფიციალური თამაშიდან ხუთი მოიგო.

მეჰმედ ბაჟდარევიჩი (ბოსნია): "არა, ამის გამო ჩვენ გეგმას არ შევცვლით. ჩვენთვის მათი პრობლემები მეორეხარისხოვანია. ირლანდიას რამდენიმე მართლაც კარგი ფეხბურთელი კი აკლია, მაგრამ მეტოქეს სხვა ბევრი კარგი მოთამაშეც ჰყავს. ასე რომ, ტრავმირებულებს და დისკვალიფიცირებულებს ისინი ადვილად შეცვლიან. ბოლო ვარჯიშებზე ვცდით, ტრადიციული 4-3-3-ით ვითამაშებთ თუ 4-4-2-ით.

მარტინ ო'ნილი (ირლანდია): "ბოლო კვირაა, ყველა ჩვენს დანაკლისზე საუბრობს. დიახ, დღეს ეს სალაპარაკო თემაა, მაგრამ გაივლის მცირე დრო და აღარავის ემახსოვრება ჩვენი დანაკლისის შესახებ და ეს აღარ იქნება გასამართლებელი საბუთი. ბიჭებმა კარგად იციან, რომ ხვალ დიდი მატჩია და ყველაფერს გაიღებენ მოსაგებად".

სხვათა შორის, ამ გუნდების ამხანაგურ თამაშში, 2012 წელს შეინ ლონგმა 1:0 მოაგებინა ირლანდიას. ეს ბოსნიისა და ირლანდიის ერთადერთი დაპირისპირება იყო ისტორიაში. ლონგი ახლაც ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელია, მაგრამ, "მწვანეების" საუბედუროდ, მას კოჭის ტრავმა აწუხებს და ვერ ითამაშებს.

* * *
კიდევ უფრო საინტერესო დაპირისპირება გველის შაბათს, როცა ერთმანეთს შვედეთის და დანიის ნაკრებები შეხვდებიან. სოლნაში ბევრი რამ მასპინძელთა ლიდერ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე იქნება დამოკიდებული.

სხვათა შორის, შვედეთის ნაკრებს შინ არასოდეს დაუმარცხებია დანია ოფიციალურ დაპირისპირებაში. ეს მორტენ ოლსენის ბიჭებისთვის კარგი ფსიქოლოგიური უპირატესობაა. ეს გუნდები ერთმანეთს 104-ჯერ (!) დაუპირისპირდნენ. შვედებმა 46 მატჩი მოიგეს, დანიელებმა - 40. ბოლოს ისინი ევრო 2004-ზე შეხვდნენ პორტოში, მატჩი 2:2 დასრულდა.

სხვათა შორის, ზლატანმა თან თავი არ უნდა დაზოგოს და თან უნდა იფრთხილოს კიდევაც - ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, საპასუხო მატჩის გამოტოვება მოუწევს.

* * *
ლვოვში, უკრაინის ნაკრები ფავორიტია სლოვენიასთან თამაშში. უკრაინელებმა შური უნდა იძიონ 2000 წლის პლეი ოფში მარცხისთვის, მაშინ სლოვენიას სრეჩკო კატანეცი წვრთნიდა.

უკრაინას არ ეყოლება დისკვალიფიცირებული ოლექსანდრ კუჩერი და ტარას სტეპანენკო.

12 ნოემბერი
ნორვეგია-უნგრეთი 0:1
გოლი: 0:1 კლაინჰაისლერი (26)
ნორვეგია (4-4-2): ნილანდი - ელაბდელაუი, ჰოვლანდი, ფორენი, ჰიოგლი - სკიელბრედი (86. ჰელანდი), ტეტეი, იოჰანსენი, ბერგეტი (74. ელიუნუსი) - ჰენრიკსენი, სოდერლუნდი (61. მ. პედერსენი)
უნგრეთი (4-4-2): კირაი - ფიოლა, გუზმიჩსი, ლანგი, კადარი - კლაინჰაისლერი (72. ნადი), გერა, ელეკი, ჯუჯაკი (76. ლოვრენშიჩსი) - ნემეტი, სალაი (92. პრისკინი)
გაფრთხილება: ტეტეი, ელაბდელაუი - გერა, კადარი, გუზმიჩსი
კუთხური: 16-0; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 22-6 (6-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 27 400

საპასუხო მატჩი - 15 ნოემბერს.

პარასკევი. 13 ნოემბერი
ბოსნია-ირლანდია 23:45
ზენიცა. "ბილინო პოლიე"
დისკვალიფიკაცია: ბეშიჩი - ო'ში, უოლტერსი
ტრავმა: ზეკი (?), ანიჩიჩი (?) - გივენი, ლონგი, მეილერი, ვესვუდი, არტერი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ბოსნია (4-4-2): ბეგოვიჩი - მუჯა, ვრანიეში, შუნიჩი, სპაჰიჩი - ზუკანოვიჩი, მედუნიანინი, პიანიჩი, ლულიჩი - იბიშევიჩი, ჯეკო
ირლანდია (4-5-1): რენდოლფი - კოულმენი, კიოგი, კლარკი, უარდი - მაკლინი, უელანი, მაკარტი, ჰენდრიკი, ბრეიდი - მერფი

შაბათი. 14 ნოემბერი
უკრაინა-სლოვენია 21:00
შვედეთი-დანია 23:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული