ფეხბურთელები, რომლებიც ევრო 2016-ს უკვე დააკლდნენ

AutoSharing Option
დიდი საფეხბურთო ფორუმის წინ განსაკუთრებულად დასანანია, როდესაც მოთამაშე მძიმე ტრავმას იღებს და შესაბამისად, ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება უწევს.

წინ ევრო 2016-ია და უკვე გამოჩნდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც დააკლდებიან საფეხბურთო დღესასწაულს.

კლაუდიო მარკიზიოს ტრავმამ მთელი საფეხბურთო იტალია დააღონა, რადგან "სკუადრა აძურას" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ლიდერი დააკლდა.

30 წლის ნახევარმცველმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და 6-თვიანი სარეაბილიტაციო კურსი აქვს გასავლელი, ევროპის ჩემპიონატი კი ორ თვეში იწყება და ბუნებრივია, რომ იქამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

იტალიის ნაკრებს მატია პერინიც დააკლდა,
რომელიც ჯანლუიჯი ბუფონის დუბლიორად უნდა წასულიყო საფრანგეთში, თუმცა მანაც უმძიმესი ტრავმა მიიღო და მასაც 6 თვე მოუწევს მკურნალობა. "აძურაში" მეორე მეკარე, ალბათ, სალვატორე სირიგუ იქნება, 23 წლის პერინი კი შესაძლოა, 17 წლის ჯანლუიჯი დონარუმამ ჩაანაცვლოს.

აპრილში მძიმე ტრავმა მიიღო ფაბიო კოენტრაომ და ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებს ვერ დაეხმარება. მართალია, კოენტრაოს დიდი ხანია ჩავარდნა აქვს, რის გამოც "რეალიდან" "მონაკოში" გაუშვეს, მაგრამ პორტუგალიის ნაკრებისთვის მაინც დიდი ძალაა.

პორტუგალიის დანაკლისი ამით არ მთავრდება - პირენეელებს ევროფორუმზე არც დანის იმედი ექნებათ, რომელიც "ზენიტის" ერთ-ერთი ლიდერია, "სპარტაკთან" შეხვედრაში კი მუხლის ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე მოუწევს უქმობა. იმავე პრობლემის გამო დანიმ ევრო 2012 გამოტოვა და ვერც მოახლოებულ ტურნირზე ითამაშებს.

ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მატიო ვალბუენას ჟანტაჟისა და შესაბამისად, სკანდალში გახვევის გამო მოკვეთეს ეროვნული ნაკრებიდან.

მოკლედ, ბენზემას არც მუხლი აწუხებს და არც მყესი გაუწყვეტია, მაგრამ თავში აქვს პრობლემები და ამიტომ ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.

საფრანგეთს ვერც კურტ ზუმას იმედი ექნება, ახალგაზრდა მცველის, რომელმაც "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და ყველა პროგნოზით, საფრანგეთის ნაკრების განაცხადში უნდა მოხვედრილიყო, თუმცა მუხლის მძიმე ტრავმამ ამის შანსი მოუსპო.

ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება ირლანდიელი მეკარე რობ ელიოტი, რომელიც ტრავმის მიღებამდე "ნიუკასლის" ძირითად შემადგენლობაში შესანიშნავად ირჯებოდა და ბოლო პროგნოზით, სწორედ ის უნდა ყოფილიყო ნაკრების ძირითადი მეკარე და არა 40 წლის შეი გივენი. თუმცა ელიოტი დაშავდა და გეგმებიც შეიცვალა.

კიდევ ერთი მეკარე, რომელიც ევროფორუმზე ვერ გაემგზავრება, ჯეკ ბატლენდია, რომელიც ინგლისის ნაკრებში ჯო ჰარტის მთავარი დუბლიორი უნდა ყოფილიყო. 23 წლის უნიჭიერეს მეკარეს "სტოკში" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ჰარტთან ერთად, როი ჰოჯსონი სწორედ მასზე ამყარებდა იმედებს, თუმცა ტრავმამ ბატლენდი ევროპის ჩემპიონატის გარეშე დატოვა.

ცუდი ამბავი შეემთხვა კრის ბრანტს, 31 წლის მცველს, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და შესაძლოა, ეს მისი ბოლო შანსი იყო, რომ დიდ საფეხბურთო ფორუმზე ეთამაშა. "ვესტ ბრომვიჩის" მარცხენა მცველი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და შესარჩევ ეტაპზეც ბევრი იბრძოლა, თუმცა მუხლის მძიმე ტრავმა მისთვის ფატალური გამოდგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
L.g benzrmam iseti arakacoba gaaketa gundidan kiara qveynidanaa gasagdebi.
Zura
15:04 20-04-2016
0
მოკლედ ამ საიტზე რეალზე და რეალის ფეხბურთელებზე კარგს ვერაფერს წაიკითხავს კაცი. თავში თქვენ გაქვთ პრობლემა ბენზემას კი არა...
L.G.
14:39 20-04-2016
0

სიახლეები პოპულარული