U17. საქართველო-ისრაელი 4:1 - ბანიკოვის თასი ისევ ქართველებისაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბორისპოლის "კოლოსის" სტადიონზე 17 წლამდე ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირის, ვიქტორ ბანიკოვის სახელობის მემორიალის ფინალში ქართველმა ჭაბუკებმა ისრაელს 4:1 სძლიეს და ზედიზედ მეორედ გახდნენ ტურნირის გამარჯვებულები.

საქართველოს ნაკრები პირველივე ტაიმში დიდი ანგარიშით დაწინაურდა - გიორგი ნემსაძის გუნდი ტაიმის ბოლოსთვის უკვე 3:0-ს იგებდა. მე-4 წუთზე ჩვენები გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა ზუკა დავითაშვილმა დააწინაურა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და უშეცდომოდ ითამაშა - 1:0.

ორ წუთში, მანვე მარცხენა ფლანგიდან ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგურ გადაცემას ფეხი დაუხვედრა და დუბლი გაიფორმა - 2:0.

თამაშს ინტრიგა საბოლოოდ გიორგი შალიკაშვილმა
მოუკლა, რომელმაც პირველი ტაიმის შუაწელში საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად გაისროლა და ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური გახადა - 3:0.

გატანა გიორგი გულიაშვილსაც შეეძლო, რომელიც რამდენიმე მცველს ეფექტურად გასცდა, მაგრამ ებრაელთა მეკარემ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმში ომრი რამმა პრესტიჟის გოლი გაიტანა, მაგრამ 65-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ კარში გააგზავნა, სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საქართველომ დიდი ანგარიშით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ამავე ტურნირის ფინალში ქართველმა 17-წლამდელებმა ისრაელს პენალტების სერიაში მოუგეს.

"ამჯერად, თანაბარი ბრძოლა არ გამოვიდა, რადგან ქართველთა უპირატესობა აშკარა იყო. გიორგი ნემსაძის გუნდმა პირველივე წუთებიდან დაამტკიცა, რომ ტურნირის უდავოდ საუკეთესო ნაკრებია. საქართველომ ბანიკოვის ტიტულის გამარჯვებულის სახელი ღირსეულად დაიცვა", - წერს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ნემსაძის გუნდმა ჯგუფური ტურნირი 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულა - მოუგო ბელორუსს (4:0), უკრაინასთან (3:2) და ესტონეთთან (2:1). შედეგიანობა გასაოცარია - საშუალოდ 3,25 გოლი მატჩში.

ორგანიზატორების მიერ საუკეთესოებისთვის დაწესებული 4 პრიზიდან 2 ჩვენებმა მოიპოვეს: საუკეთესო მეკარე ლუკა ხარშილაძე გახდა, ხოლო ბომბარდირი - ზუკა დავითაშვილი, რომელმაც 5 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

U17. ვიქტორ ბანიკოვის მემორიალი. ფინალი
საქართველო-ისრაელი 4:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (4), 2:0 დავითაშვილი (6. კვარაცხელიას პასით), 3:0 შალიკაშვილი (25), 3:1 რამი (42), 4:1 კვარაცხელია (65)
საქართველო: ხარშილაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი (77. ლორთქიფანიძე), აზაროვი, კაპანაძე, დავითაშვილი (80. ჯანგველაძე), გულიაშვილი (64. ჩარკვიანი), კვარაცხელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან ცუდი ხალხი ვართ,თორემ ისეთი თაობა მოდის ყოველთვის,რომ მსოფლოის საუკეთესო გუნდები თუ ნაკრები გვეყოლებოდა,სწორი მიმარტულებით,რომ მუშაობდნენ ვისაც ეს ევალებათ,როგორც აზერები მუშაობენ თავისი ქვეყნისთვის იმის ნახევარიც.რომ იმუშაონ ძალიან დიდ შედეგს მივაღწევდით
saqme
12:17 21-08-2017
0
გილოცავთ, მაგრები ხართ. ფეხბურთში კაი ხანია არ გაგვიხარია. ყოჩაღ გიორგის, ეს რა ბიჭები შეურჩევია და კარგადაც მოუმზადებია.
guri
10:49 21-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული