გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ორივე კართან შეიქმნა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში თითქოს აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 58-ე წუთზე გოლი აქეთ მიიღეს. კუთხურის შემდეგ არბიტრმა, საკმაოდ საკამათო ეპიზოდში, გიორგი ბერიძეზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც დავიდ კოვნაცკიმ გოლად აქცია - 0:1.
საქართველოს ნაკრებს მესამე გოლი 71-ე წუთზე ბარტოჟ კაპუსტკამ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.
82-ე წუთზე ბერიძეს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი პოლონელთა კარში ვერ გადაგზავნა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ღირებული არაფერი შეუქმნია, სამაგიეროდ, კუპატაძეს მოუხდა ბოლო წუთებზე კარის გადარჩენა...
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. მომდევნო შეხვედრას გეგუჩაძის ნაკრები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის თანატოლებთან ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ლაზარე კუპატაძე, აკაკი შულაია (68, გიორგი კოხრეიძე), გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი კუცია (46, ცოტნე ნადარაია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლადო მოხევიშვილი (76, დავით კობოური), გიორგი ხარაიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ბერიძე.