U19. საბურთალო VS ბურსასფორი - ამ ბიჭებს ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ

AutoSharing Option
დღეს, 18 ოქტომბერს, "საბურთალოს" 19-წლამდელები თურქულ "ბურსასფორს" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლებენ.

პირველ მატჩში თურქეთში ცოტნე კაპანაძის გოლით "საბურთალომ" 1:0 გაიმარჯვა. დღეს მატჩი "დავით პეტრიაშვილი არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

თურქები გუშინ 50 ფანთან ერთად ჩამოფრინდნენ. "ბურსა" სასტუმრო "გოლდენ პალასში" დაბინავდა, ხოლო საღამოს გუნდმა ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშა.

განმეორებით შეხვედრამდე ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და "საბურთალო" შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.

გუშინ "საბურთალომ" "დავით პეტრიაშვილზე" მსუბუქად ივარჯიშა.

"საბურთალოს" 19-წლამლდეთა გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე:

- რევაზ გოცირიძე: განწყობა საბრძოლოა, რომ დავამარცხოთ
"ბურსასფორი"


გიორგი კოხრეიძე: მეტოქე სათანადოდ უნდა დავაფასოთ
"საბურთალოს" 19-წლამდელთა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე სამი მოთამაშის დამატების უფლება ჰქონდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადში პირველი გუნდის წევრები, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკა მალი და გიორგი კოხრეიძე დაიმატა, რომელიც ამ გუნდისთვის საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები არიან.

"საბურთალოს" თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ ამ ტურნირში გამოცდილება ბევრს ნიშნავს:

- არის შანსი, ქართულმა კლუბმა ლიგაზე პირველი ეტაპი გადალახოს...
- პირველი შეხვედრის მოგების მიუხედავად, მე არ მინდა, რომ დავმშვიდდეთ და ვიფიქროთ, რომ საქმე გაკეთებულია. საერთოდ, თამაში ზუსტად ისე აგეწყობა, მეტოქეს როგორც შეაფასებ და დააფასებ. თუ ასე არ იზამ, აუცილებლად დაისჯები.

- ხვალინდელ შეხვედრაში შანსებს როგორ შეაფასებ?
- შანსები ჩვენზეა დამოკიდებული, მოედანზე უნდა გავიდეთ და ისეთივე მონდომებითა და მობილიზებით ვითამაშოთ, როგორც პირველ შეხვედრაში - უკეთესადაც კი. ბურსაში მეტოქე ვნახეთ და ყველამ დავინახეთ, რომ ურთულესი მეტოქე გვყავს. მართალია, გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ გოლის გატანა მეტოქესაც შეეძლო. თუმცა ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ თბილისში ვთამაშობთ და რთულ შეხვედრას ველით. ჩემი აზრით, თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ და შევეცდებით, ხვალაც მოვიგოთ.

- დიდების დონეზე ჩვენი ნაკრებებისა და გუნდების ერთ-ერთი მთავარი მინუსი ფიზიკური მომზადება, მოძრაობა და გამძლეობაა. 19-წლამდელების დონეზე როგორ არის?
- ამ კუთხით უცხოელებს ბევრით ნამდვილად არ ჩამოვრჩებით. ალბათ, იმიტომ, რომ 18-19 წლამდე ქართველებს ვარჯიში და მონდომება არ გვაკლია. პრობლემები მერე იწყება, როდესაც პროფესიულ დონეზე უნდა გადავიდეთ და ბევრი ერთ ადგილს ტკეპნის. თორემ უცხოეთში განვითარებას ამის შემდეგ უფრო იწყებენ.

- წლეულს სხვადასხვა დონეზე ბევრი თამაში ჩაატარე - ჯერ "საბურთალოს" 19-წლამდელებში, მერე მთავარ გუნდში, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშე და ახალგაზრდულ ნაკრებშიც. დიდი დატვირთვა ხომ არ არის?
- პირიქით, მიხარია, ბევრს რომ ვთამაშობ და გამოცდილებას ვიღებ. ამ ბიჭებზე მეტი გამოცდილება მაქვს და ვგრძნობ, ეს რამდენს ნიშნავს.

- თანაგუნდელებზე რას იტყვი?
- ბიჭები კარგ ჯანზე არიან, თამაში არ უჭირთ და კარგადაც ეხერხებათ. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ ყველა ერთად დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ.

ლუკა ლაკვეხელიანი თამაშის მნიშვნელობა კარგად გვესმის
ლუკა ლაკვეხელიანი ქართველმა გულშემატკივარმა, საქართველოში ჩატარებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაიცნო. სწრაფი, შრომისმოყარე და ეფექტური მარცხენა მცველი. ის "ბურსასთან" საპასუხო შეხვედრას იმედით ელოდება:

- დაძაბული თამაშის მოლოდინში ვართ. მაგრამ ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგად ვითამაშოთ, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

- თურქებმა კარგად გაიგეს, რა მეტოქე ჰყავთ და ალბათ, ხვალ გაცილებით მონდომებულები იქნებიან.
- დაძინებას ჩვენც არ ვაპირებთ, რადგან ლიგაზე გამარჯვება, თუნდაც ეს ახალგაზრდული ლიგა იყოს, მაინც დიდი პრესტიჟია და თითოეული ჩვენგანის, გუნდის და ქვეყნის სახელია. ეს მართლა კარგად გვესმის და ახლა უფრო მობილიზებულები ვართ, ვიდრე თურქეთის შეხვედრამდე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავალებები შევასრულოთ და "ბურსა" ისევ დავამარცხოთ.

დაბოლოს - ფეხბურთი დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნისა და მისი ღირსების გამოჩენის ერთ-ერთი საშუალებაა. 2013/14 წლების ევროსეზონში საჩხერის "ჩიხურამ" სენსაცია მოახდინა, ევროპალიგიდან ბევრად უფრო მდიდარი "ბურსასფორი" გააგდო და ამით საკუთარი ისტორიაც გაილამაზა და ქართული ფეხბურთისაც.

დღეს ამ გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობა საკუთარი კლუბისა და ქვეყნის სახელისთვის გამწარებული რომ იომებს, ამაზე ორი აზრი არ არის. ამ ბრძოლაში კი "საბურთალოს" მართლაც სჭირდება ხალხის თანადგომა.

- გავავსოთ "დავით პეტრიაშვილის არენა" - "საბურთალოს" ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

"საბურთალოსა" და "ბურსას" მატჩს მოლდოველი განსჯის
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრას "საბურთალოსა" და თურქულ "ბურსასფორს" შორის მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა განსჯის: უეფამ მთავარი არბიტრის ფუნქცია დუმიტრუ მუნტეანს მიანდო, რომელსაც ლაინსმენები სერგიუ ბესლი და ვიაჩესლავ სივაჩოვი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯად ქართველი ირაკლი კვირიკაშვილი დანიშნეს.

ბენდერელი დუმიტრუ მუნტეანი 32 წლისაა. პროფესიულ დონეზე ფეხბურთი არ უთამაშია. მოლდოვის ნაციონალურ დივიზიაში მსაჯობის შემდეგ ფიფას არბიტრი 2013 წელს გახდა.

სადებიუტო შეხვედრა 2013 წელს ევროპის ლიგაზე ჰქონდა, სადაც ესტონური "ლევადიასა" და უელსური "ბალა თაუნის" შეხვედრა განსაჯა. უმსაჯია ეროვნული ნაკრებების დონეზეც.

მუნტეანის სტატისტიკა მოლდოვეთის ჩემპიონატში მას დაუნდობელ არბიტრად წარმოაჩენს: 66 შეხვედრაში 305 ყვითელი ბარათი და 9 წითელი აჩვენა, ანუ, საშუალოდ, შეხვედრაში ყვითელს 4,6-ჯერ აფრიალებს. ევროპის ლიგაზე კი 5 შეხვედრაში ბარათი 27-ჯერ ამოიღო (საშუალოდ, 5,4). უფრო თავშეკავებული ახალგაზრდულ იუნიორთა ლიგაზეა, სადაც 2016 წლიდან მუშაობს - მოლდოველმა 5 შეხვედრაში 21 ყვითელი ბარათი აჩვენა, ერთი მათგანი ფეხბურთელისთვის მეორე გამოდგა და მოედნიდან გააძევა, ერთხელ კი პირდაპირ წითელი ააფრიალა.

ამ სტატისტიკიდან უნდა დავასკვნათ, რომ მუნტეანი მკაცრი არბიტრია. ეს "საბურთალოს" ფეხბურთელებმა უნდა გაითვალისწინონ, რადგან მოლდოველი არბიტრები მდიდარი კლუბის წინააღმდეგ მათ არაფერს აპატიებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა პონტია ტელევიზიით რომ არ გადაიცემა.... როგორ შეიძლება ყურება იცით ვინმემ?
gela
20:51 18-10-2017
0
ტრანსლაცია არ არის?
Emzar
20:22 18-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული