"სრულიად ჯანმრთელი ვარ. აღარაფერი მაწუხებს, მზად ვარ სათამაშოდ და ძალიან მიხარია" - გიორგი კოხრეიძე

AutoSharing Option
ბოლო დროს გიორგი კოხრეიძე ჩვენი თვალთახედვიდან გაქრა. ვიცით, რომ კონტრაქტით ის ფრანგული "გრენობლის" ფეხბურთელია, მაგრამ ის კარგა ხანია არ ჩანს ამ გუნდის შემადგენლობაში. რა დასამალია, ბევრმა სკეპტიკურადაც კი დაუწყო ყურება კოხრეიძის საფეხბურთო მომავალს. თავის დროზე მას ტრავმები აწუხებდა. მის შესახებ არც თავად "გრენობლი" აქვეყნებდა ინფორმაციებს... არადა, კოხრეიძე 24 წლისაა და ასაკიდან გამომდინარე, მას ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია. რაც შეეხება მის საფეხბურთო უნარებს, ვფიქრობთ, თავის თაობაში ის ერთ-ერთი გამორჩეულია. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი; იყო "საბურთალოს" ლიდერი, რომელმაც დიდი წვლილი
შეიტანა გუნდის ჩემპიონობაში.  ამის შემდეგ კარგად ითამაშა ევროთასებზე. "საბურთალომ", გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგაზე მოლდოვური "შერიფი" რომ დაამარცხა, იმ თამაშებში კოხრეიძე გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელი იყო. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მას მალე საქართველოს ნაკრებშიც უნდა ეთამაშა, მაგრამ მერე იყო ტრანსფერი "გრენობლში", რის შემდეგაც ამ ნიჭიერი მოთამაშის პროგრესი შეჩერდა...

"ლელომ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა გიორგი კოხრეიძესთან. ვფიქრობთ, ჩვენს მკითხველს დააინტერესებს შეხვედრა ფეხბურთელთან, რომელიც კარგა ხანია, ქართულ სპორტულ მედიაში არ გამოჩენილა...

- გიორგი, თავდაპირველად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვითხარით...
- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ახლა უკვე სრულიად ჯანმრთელი ვარ. აღარაფერი მაწუხებს, მზად ვარ სათამაშოდ და ძალიან მიხარია.

- ფაქტია, "გრენობლში" ვერ აეწყო თქვენი კარიერა...
- მეც არ ვიცი ზუსტად, რა იქნება მომავალში. კლუბთან ჯერ ისევ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი მაკავშირებს, მაგრამ... მე ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით..

- კლუბის დატოვება გსურთ?
- კი, ნამდვილად მინდა წასვლა, მაგრამ, როგორც გითხარით, კონტრაქტი მაქვს. საფრანგეთში ჩავალ და ადგილზე გავარკვევ ვითარებას.

- ბოლო პერიოდში ტრავმებმა ძალიან შეგაწუხათ. "გრენობლში" ყოფნისას მთავარი ეს პრობლემა იყო?
- თავიდან ტრავმაც იყო მიზეზი, მერე მწვრთნელი მენდობოდა, მათამაშებდა და მეც არ გამოვიყურებოდი ცუდად, მაგრამ შემდეგ გუნდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და მან საერთოდ აღარ მომცა შანსი.

- მაინც რა იყო უთამაშებლობის მიზეზი?
- ახსნა იყო ის, რომ მე არ ვთამაშობდი ხისტ ფეხბურთს. საფრანგეთის მეორე ლიგაში უპირატესობა სწორედ ასეთ ფეხბურთს ენიჭება. მეტი ჯარიმა უნდა ამეღო, სულ ჯარიმის ზღვარზე უნდა მეთამაშა... ასეთი ფეხბურთი, პირდაპირ უნდა გითხრათ, არ არის ჩემი ფეხბურთი. ვინც იცის ჩემი პლუსები, დამეთანხმება, რომ მე უფრო ტექნიკურ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას.

- ანუ საფრანგეთის რანგით მეორე ლიგა არ გხიბლავთ?
- არა, ამას არ ვგულისხმობ, აქ უფრო სტილზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სულ სხვა ფეხბურთია, გაცილებით ტექნიკური. მეორე ლიგაში კი სხვანარი ფეხბურთია, უფრო ფიზიკურ მომზადებაზეა ბევრი რამ დაფუძნებული.

- ხომ არ არის კარიერის გაგრძელების რაიმე ვარიანტი?
- მე ჯერ არაფერი ვიცი. მართლა არ ვმალავ. ამ დროისთვის ასეა. ჯერ "გრენობლთან" ურთიერთობაა დასალაგებელი. მერე გამოჩნდება, სად შეიძლება გავაგრძელო კარიერა. დიდი იმედი მაქვს, უგუნდოდ არ დავრჩები.

- საქართველოში თამაშს გამორიცხავთ?
- კარგად იცით, საქართველოს ჩემპიონატში ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი. ფაქტი ესაა, მაგრამ ამ დროისთვის ჩემთვის პრიორიტეტს კარიერის უცხოეთში გაგრძელება წარმოადგენს. ახალგაზრდა ვარ და მინდა, უცხოეთში ვცადო ძალა. რაც შეეხება საქართველოში შესაძლო დაბრუნებას, ამაზე იმ შემთხვევაში ვიფიქრებ, თუ სხვა ვარიანტები არ გამოვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სანამ შენ აღარაფერი გაწუხებს, ყველას გადაავიწყდი, თორემ წარმატებებს კი გისურვებ!
ლაშა
17:48 16-12-2022
0
სამწუხაროდ, მოძველებულ ფეხბურთს თამაშობს. სწორედ მის უაზრო ფაფხურს მოყვა მეორე გოლი არარატ-არმენიათან.
ეგრეა
16:08 16-12-2022
2

სიახლეები პოპულარული