ვინ შეცვლის გია გეგუჩაძეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა, ცოტა ხნის წინ ის გია გეგუჩაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

მიზეზს თავად სპეციალისტი არ ამხელს, მაგრამ ნათელია, რომ ეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში წარუმატებელმა გამოსვლამ განაპირობა, საქართველომ ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთი თამაშის მოგება შეძლო.

ვინ შეიძლება განვიხილოთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად? და რა რესურსი გვაქვს? ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

ვასილ მაისურაძე - ის ამჟამად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, თუმცა ნამდვილად შეიძლება მისთვის ახალგაზრდული ნაკრების ჩაბარება. თუ ბოლო პერიოდში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლას მივადევნებთ თვალს, მაისურაძე
ყველაზე წარმატებული და შედეგიანი მწვრთნელია.

თუნდაც გავიხსენოთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები. მან შეძლო, რომ ამ გუნდს ევროპის ფინალური ეტაპის ნახევარფინალში ეთამაშა და ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ. რაც მთავარია, მაისურაძეს აქვს ხედვა, თუ როგორ აღზარდოს ბავშვები და რა ტაქტიკა მოარგოს ამა თუ იმ ნიჭით გამორჩეულ თაობას.

გია ცეცაძე - "სამტრედიის" ყოფილი დამრიგებელი ამჟამად უკლუბოდაა და შეთავაზებას ელის. მას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უმუშავია და საკმარისი გამოცდილება აქვს ახალგაზრდებთან ურთიერთობაში. თუნდაც საკლუბო ფეხბურთი რომ ავიღოთ, ის მუდმივად აძლევდა შანსს ახალგაზრდებს, რომლებსაც მერე საქართველოს პირველობაზე თავი გამოუჩენიათ.

ცეცაძემ 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, თუმცა შემდეგ გუნდმა ამ ბარიერის დაძლევა ვეღარ შეძლო. 43 წლის სპეციალისტი ნიჭიერი და გამორჩეული მწვრთნელია.

გიორგი დევდარიანი - სულ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა "ლოკომოტივმა" და 45 წლის მწვრთნელი თავისუფალია. დევდარიანსაც რამდენჯერმე გაუწვრთნია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები. ის, როგორც 17-წლამდელებს უძღვებოდა, ასევე 19-წლამდელებს.

დევდარიანს წარმატებულ კარიერასთან ერთად, ჩავარდნებიც ხშირად ჰქონია, თუმცა ის ყოველთვის ცდილობს თავის გუნდებში განსხვავებული ტაქტიკის დანერგვას და ახალგაზრდებთან ურთიერთობაც კარგად გამოსდის. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მან ეს შეთავაზება უკვე მიიღო და უარი თქვა, რადგან ის "ლოკომოტივიდან" გათავისუფლების შემდეგ ამბობდა, რომ კლუბის გამო მნიშვნელოვან შეთავაზებაზე მოუწია უარის თქმა.

ზაურ სვანაძე - ამ დროისთვის თავისუფალია ბაქოს "ინტერის" ყოფილი მწვრთნელი, რომელსაც აზერბაიჯანულ კლუბში დიდი გამოცდილება დაუგროვდა, როგორც კახაბერ ცხადაძის ასისტენტად, ასევე კლუბის მთავარ მწვრთნელად - იგი 88 მატჩში გაუძღვა კლუბს.

იმის მიუხედავად, რომ მეტოქეებისგან განსხვავებით, დიდი  ფინანსური შესაძლებლობები "ინტერს" არასდროს არ ჰქონია, ის ყოველთვის ახერხებდა ადგილობრივი კონტინგენტით საპრიზო ადგილის მოპოვებას. ისეთ გუნდებს უწევდა კონკურენციას, როგორებიცაა: "ყარაბაღი", "გაბალა" და "ნეფთჩი", რომლებთანაც ბოლო წლებში ქართული გუნდები ძირითადად კრახს განიცდიდნენ.

ამიტომ 59 წლის მწვრთნელი ერთ-ერთი საინტერესო ვარიანტია ახალგაზრდულ ნაკრებში სამუშაოდ და წესით, თავისი კვალის დატოვებასაც შეძლებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩემი სრული მხარდაჭერა ვასილ მაისურაძეს.თუ გინდათ,რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა თანამედროვე ფეხბურთი ითამაშონ და შედეგსაც მიაღწიონ-გუნდი ჩააბარეთ ბ-ნ ვასილ მაისურაძეს;თავის დროზე არასწორად მოიქცა ფედერაცია,როცა მის ევროპის პრიზიორ 17 წლიანების გუნდს ვასილ მაისურაძე არ გააყოლეს შემდგომ ასაკობრივ ნაკრებებში.დღეს იმ ფეხბურთელების უმეტესობა არ დაიქსაქსებოდა,მათი სპორტული ბედიც სხვაგვარი იქნებოდა,ბევრი მათგანი პირველ ნაკრებშიც ითამაშებდა და შედეგიც გვექნებოდა.ახლა მაინც გამოყენეთ შანსი.
გიორგი ჯანიკაშვილი
13 დეკემბერი 2017 13:49
0
ალბათ ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნება თუკი სოსიაშვილს წაიყვანენ 21 წლამდელთა მწვრთნელად,ხოლო გეგუჩაძეს სამტრედიაში გააგზავნიან მინიმუმ 3 წლიანი გეგმით.
Guadua
13 დეკემბერი 2017 13:36
7
ესენი ყველა არის საკლუბო მწვრთნელები,სანაკრებო მწვრთნელები საქართველოს არა ჰყავს.
ასე რომ,ვერცერთი ამათთაგანის ნაკრებში მოყვანა სიტუაციას კარდინალურად ვერ შეცვლის.
Guadua
13 დეკემბერი 2017 13:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული