სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ

AutoSharing Option
24 ოქტომბერს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჯგუფის მასპინძელ დანიასთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მატჩი დარჩა, რუსეთთან და ესტონეთთან. ამიტომ ჯგუფიდან გასვლის შანსი კიდევ რჩება. ამ ტურნირმა ერთგვარი ნოსტალგიის გრძნობა გაგვიჩინა და გადავწყვიტეთ, გაგახსენოთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებმაც თავის დროზე ინგლისის ნაკრები დაამარცხეს, გერმანიას, საფრანგეთს და ესპანეთს ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ.

2012 წელს 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი სლოვენიაში გაიმართა. ელიტრაუნდი 7 ჯგუფად გაიმართა და ყველა
ჯგუფის მატჩი სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა.

საქართველო მე-3 ჯგუფში იმყოფებოდა და ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველომ უმასპინძლა.

ჩვენს ნაკრებს ჯგუფში ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა ჰყავდა, საიდანაც მხოლოდ ერთი გუნდი გადიოდა. ჩვენმა გუნდმა ინგლისი და უკრაინა დაამარცხა, ესპანეთთან კი ფრედ - 1:1 ითამაშა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვასილ მაისურაძის შეგირდებთან გერმანია, საფრანგეთი და ისლანდია იყვნენ, სადაც ჩვენმა გუნდმა 4 ქულას მოუყარა თავი და საბოლოოდ, ნახევარფინალში ჰოლანდიის ნაკრებთან დამარცხდა.

გადავხედოთ, რა გზა გაიარეს ამ ფეხბურთელებმა და სად არიან დღეს.

მეკარეები

ალექსანდრე ადამია მაშინ რუსთავის "მეტალურგის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა,  ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი "გაგრაში" გადავიდა. ირიცხებოდა "სასკოს", "მაჭახელას", "რაჭის" რიგებში, ბოლოს კი, 2015-16 წლების სეზონში "მეშახტეში" თამაშობდა. ალექსანდრე ადამიას საქართველოს უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ ერთი მატჩი ქუთაისის "ტორპედოს" რიგებში აქვს ჩატარებული.

ნიკა შერმადინი "ჩიხურას" ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს "სასკოს", "გაგრას", "ტექნიკური უნივერსიტეტის", "მეტალურგის", "ჩიხურას" და "ჭიათურის" რიგებში ირიცხებოდა. გასულ სეზონში ფოთის "კოლხეთის" რიგებში ეროვნულ ლიგაში სამ მატჩი ჩაატარა, 2018 წლის სეზონში კი ისევ "ჭიათურის" რიგებშია.

მცველები

ნიკა ჭანტურია
საქართველოს ნაკრების კაპიტანი და დაცვის ლიდერი იყო. ის თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შემდეგ ლონდონის "არსენალში" სინჯებზეც იმყოფებოდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ სამშობლოში დააბრუნეს. შემდეგ იყო ტრავმა და ნიკას ბევრი დრო გაუცდა. თამაშობდა თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოში", დღეს კი ისევ თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია და სათამაშო პრაქტიკაც გააჩნია.

Sportall.Ge

გიგა სამხარაძე
თბილისის "დინამოს" მეორე გუნდში თამაშობდა, თუმცა ძირითად გუნდში არასდროს უთამაშია. შემდეგ გორის "დილაში" გადავიდა, რომლის რიგებშიც ეროვნულ ლიგაში თამაშობდა. გასულ სეზონში "რუსთავის" რიგებში ასპარეზობდა, მიმდინარე წელს კი მეორე ლიგის "გაგრაშია".

ლაშა დვალი 2012 წელს რუსთავის "მეტალურგის" ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შემდეგ რიგის "სკონტომ" შეიძინა, საიდანაც ინგლისის ჩემპიონშიფში, "რედინგის" რიგებში აღმოჩნდა. ინგლისში მას არ ენდობოდნენ. ამიტომ ჯერ უკან, "სკონტოში" გაანათხოვრეს, შემდეგ კი თურქეთის სუპერლიგის "ქასიმფაშაში". თურქეთიდან გერმანიაში წავიდა, სადაც მეორე ბუნდესლიგის "დუისბურგის" ღირსებას იცავდა. საბოლოოდ გერმანული კლუბი ჩემპიონატიდან გავარდა და ლაშაც პოლონეთში წავიდა. იქ "შლიონსკის" ღირსებას იცავდა, განათხოვრებული იყო ყაზახურ "ირტიშში", დღეს კი პოლონურ "პოგონში" თამაშობს და საკმაოდ წარმატებით. იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.

გიორგი გაბაძე ნაკრების წევრი იყო, თუმცა ნაკრებში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. იგი საქართველოს მეორე ლიგაში "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. დღესაც თბილისური კლუბის ფეხბურთელია და ეროვნულ ლიგაში შეუცვლელად ასპარეზობს. 2013-14 წლების სეზონი გაბაძემ ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა.

ოთარ კაკაბაძე ამ ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია და 2012 წელს ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. შემდეგ ძირითად გუნდში დაწინაურდა, საიდანაც ლა ლიგა 2-ის "ხიმნასტიკს" შეუერთდა. არადამაჯერებელი სეზონის შემდეგ დანიურ "ესბერგში" გაანათხოვრეს. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ გუნდის ლიდერი და უცვლელი ფეხბურთელი გახდა, წარმატებული სეზონის შემდეგ კი მოულოდნელად შვეიცარიულ "ლუცერნს" შეუერთდა. არადა, იწერებოდა, რომ მისით "ხეტაფე" იყო დაინტერესებული. ოთარ კაკაბაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრია.

Sportall.Ge

ნახევარმცველები

ჭიაბერ ჭეჭელაშვილი თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მან ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გოლის გატანაც მოახერხა, როცა "საფრანგეთის" ნაკრებს თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაუტანა და ჩვენს გუნდს ქულა მოუტანა. ფრანგებისგან თავი აწ უკვე "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა ტომას ლემარმა გამოიჩინა. ჭიაბერ ჩეჩელაშვილი ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელია და ეროვნულ ლიგაში თამაშობს.

მათე ცინცაძე თბილისის "ლოკომოტივის" რიგებში მეორე ლიგაში თამაშობდა. "ლოკომოტივიდან" ქუთაისის "ტორპედოს" მიაშურა, საიდანაც თბილისის "დინამოში" გადაბარგდა. თბილისურ კლუბში წარმატებული თამაშის შემდეგ პოლონურმა "პოგონმა" 100 ათას ევროდ შეიძინა, თუმცა ქართველმა გაცემული ავანსი ვერ გაამართლა და "რუსთავში" დაბრუნდა. დღესდღეობით მათე ცინცაძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავს.

ნიკა ახვლედიანი ზუგდიდის "ბაიას" რიგებში თამაშობდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არნემის "ვიტესში" მიიწვიეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა და  ქუთაისის "ტორპედოს" რიგებში იასპარეზა, ბოლოს კი მეორე ლიგის "სქურში" იყო. 2017 წლის ზაფხულის შემდეგ არცერთ გუნდში აღარ ირიცხება.

არჩილ მესხი თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. შემდეგ იყო "სიონში", "ბორჯომში", "საპოვნელაში", "ცხინვალში", დღესდღეობით კი მესამელიგელ "გორში" ირიცხება.

გიორგი გოროზია თბილისის "ლოკომოტივის" რიგებში ასპარეზობდა. თბილისური კლუბიდან ქუთაისის "ტორპედოში" გადაბარგდა, შემდეგ კი რამდენიმე უცხოურ კლუბში იასპარეზა. სხვადასხვა დროს იყო ნორვეგიული "სტაბეკის", აზერბაიჯანული "ზირას" და მალტური "ჰიბერნიანსის" ფეხბურთელია, დღესდღეობით კი ფინური როპს-ის რიგებშია.

გიორგი აბურჯანია, ლაშა დვალის მსგავსად, რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა. შემდეგ იყო "დილა" და თბილისის "ლოკომოტივი", საიდანაც "ანორთოსისში" გადაბარგდა. კვიპროსული კარიერის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის "ხიმნასტიკში" გადავიდა, სადაც წარმატებული ნახევარი სეზონის შემდეგ "სევილიამ" 1 800 000 ევროდ შეიძინა და ახალგაზრდულ გუნდში გაამწესა, თუმცა აბურჯანიას სევილიური კარიერა არ აეწყო, მისი გუნდი ესპანეთის მესამე დივიზიონში გავარდა და  გიორგი ლა ლიგა 2-ის "ლუგოში" გადავიდა. 23 წლის აბურჯანია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.

Sportall.Ge

გიორგი პაპუნაშვილი 17-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის მაშინ თბილისის "დინამოში" თამაშობდა. 2015 წელს იჯარით ბრემენის "ვერდერში" გადაბარგდა, სადაც ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, თუმცა გიორგის გერმანული კარიერა არ აეწყო და ბრემენელებმა ის არ გამოისყიდეს. "დინამოში" დაბრუნების შემდეგ პაპუნაშვილმა ფორმა აღიდგინა და "სარაგოსაში" გადაბარგდა. გასულ სეზონში მან 8 გოლის გატანა მოახერხა და გუნდს ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლების მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა მისი გუნდი "ნუმანსიასთან" დამარცხდა და მეორე დივიზიონში დარჩა. გიორგი პაპუნაშვილი 17-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. "სარაგოსას" ნახევარმცველი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.

Sportall.Ge

თავდამსხმელები

ალეკო მზევაშვილი, როგორც ბევრი სხვა, თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილია. თბილისური კლუბის გარდა, ქუთაისის "ტორპედოსა" და "იმერეთში" იასპარეზა, შემდეგ "ჭიათურაში" თამაშობდა, დღესდღეობით კი უგუნდოდაა.

ვანო წილოსანი თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს ითამაშა ქუთაისის "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიაში". ერთი სეზონი თურქეთის დაბალი დივიზიონის "ბელედიესპორში" ითამაშა, დღესდღეობით კი ისევ მესამელიგელ "გურიაში" ასპარეზობს.

დავით დარციმელია "ლოკომოტივის" აღზრდილია. 2014 წელს თბილისური კლუბი დატოვა და უკრაინულ "სევასტოპოლში" გადაბარგდა, საიდანაც უნგრულ "სპარტაკუსში" აღმოჩნდა. უნგრეთიდან ისევ მშობლიურ "ლოკომოტივში" დაბრუნდა, 2017 წლიდან კი შვედურ "ჰარნოსანდსში" ასპარეზობდა. დღესდღეობით დარციმელიაც უგუნდოდაა.

დავით ჯიქია 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. დავითს პრესაში "ქართველ მესიდ" მოიხსენიებდნენ, თუმცა მისი კარიერა ლეგენდარული არგენტინელისას ვერ დაემსგავსა. 23 წლის დავითს მთელი კარიერა საქართველოს ჩემპიონატში აქვს გატარებული. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე კვირა "ფრაიბურგში" გაატარა. სხვადასხვა დროს "ლოკომოტივის", "ტორპედოს", თბილისის "დინამოს", "საბურთალოს" და "სამტრედიას" ღირსებაც იცავდა, დღეს კი მშობლიურ "ლოკომოტივში" თამაშობს.

Sportall.Ge
დავით ჯიქია ნიკლას ზულეს წინააღმდეგ

ოთარ კაკაბაძე და გიორგი გოროზია იმ დროს ჩემპიონატის საუკეთესო 22 ფეხბურთელს შორის დაასახელეს ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიცაა ლეონ გორეცკა, მაქს მეიერი, ჯულიან ბრანდტი და სხვები.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მიზეზი არის მენტალიტეტი და საქმისადმი ზერელე მიდგომა. სპორტსმენად გაზრდა ძალიან ძნელია და ბევრ შრომსდ მოითხოვს. დისიპლინას და რეჟიმს. რაც ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძნელად ასატანია. გართობა მოსაწევი და დროს ტარება ურჩევნიათ. ამიტომაც იკარგება თაობები
feola
15:08 26-10-2018
2
მადლობა ავტორს ასეთი ინფორმაციისთვის. აქ კარგად ჩანს რა დღეშია ქართული ფეხბურთი დღეს. ეს პირველი თაობა არ არის რომელიც ქრება! კარგად ჩანს რაზე აქვს სამუშაო ფედერაციას! ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ასე წყალში ვყაროთ ტალანტები არცერთ სფეროში და მათ შორის ფეხბურთში!
ფეხბურთი
18:49 26-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული