ხვიჩა, "მამარდა"... ვის შეუძლია U21 ევროპირველობაზე თამაში და რა უშლის ხელს? - ყველაფერი მეტოქეებზე

AutoSharing Option
2023 წლის ზაფხულის მიმართ დიდი მოლოდინია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქმა (რუმინეთთან ერთად) ხომ 21-წლამდელთა (U21) ევროპის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. მოწინააღმდეგეები უკვე გარკვეულია და ტურნირის ყველა დეტალიც ცნობილია.

ევროპის ვიცე-ჩემპიონთან

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ამხანაგურ შეხევდრაში ინგლისელი თანატოლების (3:2) დამარცხება რომ მოახერხა, ამით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს კარგი თამაში და ბრძოლა ყველასთან შეუძლიათ. მით უმეტეს, საშინაო ფაქტორი გამოსაყენებელია. თუმცა, თუკი წილისყრაში გარკვეული გამართლების შანსი არსებობდა, არ გამოვიდა.

ჯგუფის ლიდერი პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებია, რომელმაც რუი ჟორჟეს ხელმძღვანელობით, 2021 წელს ევროფორუმის ფინალში
იასპარეზა და გერმანელებთან (0:1) წააგო. ცოტა ხნის წინ პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრნენ. "დინამოელი" გიორგი მოისწრაფიშვილის გოლის მიუხედავად, დიდი ანგარიშით (1:4) დავმარცხდით.

Sportall.Ge

ევროპის გასულ ჩემპიონატზე ნიდერლანდელი ახალგაზრდების გამოსვლაც გერმანელებმა (ნახევარფინალში) დაასრულეს. როცა ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ, ჯასტინ კლუივერტმა გერმანელების კარი აიღო, თუმცა ახლა უკვე გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" შემტევმა, მთლიანობაში, ავანსები ვერ გაამართლა.

ბელგიის ნაკრები ასეთი მაღალი შედეგებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მუდამ საინტერესო ახალგაზრდები ჰყავთ. ამჟამად ესპანური "ალმერიას" ფორვარდი ლარჯი რამაზანი გამოირჩევა.

Sportall.Ge

კარგი სერია და ბოლო ორი მარცხი

რამაზ სვანაძის გუნდის პორტუგალიასთან წაგების შესახებ უკვე გითხარით და ქართველი ახალგაზრდები თურქ თანატოლებთანაც (0:1) დამარცხდნენ. არადა, მანამდე ჩვენმა გუნდმა ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა (მათ შორის, ინგლისთან) და საშინაო ევროპირველობისთვის საკმაოდ ნაყოფიერად ემზადებოდა.

"აუცილებლად მოხდება გადახედვა რიგი პოზიციების და შესაბამისად, უკვე დასკვნები შემდეგ იქნება გამოტანილი. ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ უკეთ შეგვიძლია თამაში, რაც ბევრჯერ დავამტკიცეთ" - ეს მთავარი მწვრთნელის სიტყვებია.


საკადრო რესურსი

ახალგაზრდული ნაკრები მოსკოვის "დინამოს" მცველით, საბა საზანოვით გაძლიერდა. ის ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია და ჩვენი უკანახაზელების თამაში უფრო საიმედო უნდა გახადოს.

Sportall.Ge

სვანაძის გუნდის გამორჩეული წევრი "საბურთალოს" მარჯვენაფლანგელი გიორგი გოჩოლეიშვილია, რომელმაც გულშემატკივრებს თავი ინგლისელ თანატოლებთან შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა. გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს საზანოვის თანაგუნდელი, ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე. ჩვენი გუნდის წინა ხაზშია ესპანეთში ("რეალ უნიონი") მოთამაშე გიორგი გაგუა, რომელსაც თანამედროვე შემტევისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს, აქვეა ეროვნული ლიგის წარმომადგენელი გიორგი კვერნაძე. მას ლამაზი გოლების გატანა ეხერხება.

ცალკეულ გვარებზე რამდენიც უნდა ვისაუბროთ, მთავარი მაინც გუნდური მექანიზმია, რომელიც უკანასკნელ ორ შეხვედრაში ნაკლებად გამოდიოდა და იმედია, ჩემპიონატის დაწყებამდე ყველაფერი დალაგდება.

ეროვნული ნაკრების მოთამაშეები

Sportall.ge-მ 21-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელთან ვრცელი ინტერვიუ შემოგთავაზათ, სადაც ის საკითხიც განვიხილეთ, რამდენად ითამაშებენ ამ გუნდში ეროვნული ნაკრების ის მოთამაშეები, რომელთაც ამის უფლება აქვთ. საუბარია 2000 წელს და შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებზე. ამ ამბავს თავისი უარყოფითი მხარე აქვს, რადგან გამოკვეთილ ბირთვსა და შეთამაშებულ გუნდში ახალი წევრების ბოლო ეტაპზე დამატებამ შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შექმნას.

Sportall.Ge

არადა, რომელ ფეხბურთელებზეა საუბარი - გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, გიორგი წიტაიშვილი (უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი. თუმცა აქ ახლა კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა წარმოიშვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი ეროვნული ნაკრები ივნისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 2 შეხვედრას (კვიპროსთან და შოტლანდიასთან) ჩაატარებს, რასაც მალევე (სულ რაღაც ერთ დღეში) 21-წლამდელთა ნაკრების მატჩი მოჰყვება. შესაბამისად, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ეროვნულში დაიტვირთებიან, მაშინვე ამ ტურნირზე გადართვა ფიზიკურადაც გაუჭირდებათ და აქ საქმეში საკლუბო ინტერესებიც ჩაერთვება. მათთვის ამდენი ხნით მოთამაშის გუნდიდან გაშვება პრობლემური იქნება.

დაველოდოთ, რა გადაწყდება მომავალ ზაფხულს, თუმცა ნებისმიერი შემადგენლობისა და მეტოქეები პირობებშიც, ჩვენი ნაკრებიდან მოედანზე მაქსიმუმის გაღებას ველით. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე ჩატარდება. ტურნირი ბუქარესტში გაიხსნება, ფინალურ მატჩს კი ბათუმი უმასპინძლებს. ორი ჯგუფის მატჩები საქართველოში გაიმართება, ასევე - ორი მეოთხედფინალი და ერთი ნახევარფინალი.

altინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

altU21. ჯგუფში ტურნირის ვიცე-ჩემპიონთან - ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

altU21. მოისწრაფიშვილის გოლი, საზონოვის დებიუტი და მარცხი პორტუგალიასთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
რატო ტყუილი მოლოდინები სანაკრებო მატჩებია და რატომ არ უნდა გაუშვან გუნდებმა თავის ნაკრებებში მერე რა რომ ახალგაზრდულია თვითონაც ახალგაზრდები რომ არიან იმიტომ.იწვევენ. ამ ფეხბირთელებიდან ნახევარმაც რომ ითამაშოს ნაკრებში ვფიქრობ შორს წავალთ.
Ucxo
19 ოქტომბერი 2022 16:54
3
ურთულესი ჯგუფი შეგვხვდა... გადაწყვეტილება რთული მისაღებია.
tngh
19 ოქტომბერი 2022 15:24
4
სიმართლეს გავუსწოროთ თვალი! ვერც მამარდა და მითუმეტეს კვარა ვერ ითამაშებს,ეგ გამორიცხულია.კალენდარიც ცხადჰყობს ამას და მეორეც ქრც კლუბები დათანხმდეიან და ეგ არის არა რეალისტური!!! ტყუილ მოლოდინებს ნუ შევიქმნით.
Joko
19 ოქტომბერი 2022 13:41
4
თუ კვარაცხელია და სხვები არ დაემატნენ, შანსი ნულია.
ტაბუ
19 ოქტომბერი 2022 13:39
6
ამ შემადგენლობით არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება მეტოქე, ამ ბიჭებს ვინ უნდა მოუგოს: მამარდაშვილით დაწყებული, კვარათი დამთავრებული.......
19 ოქტომბერი 2022 13:38
4
ზოგადად მე არ მომწონს ეს ასაკობრივი ნაკრებების არსებობა. რის მაქნისია.
ვითომ ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდია, მაგრამ რა? უმეტესობა მათი ნაკრებში მაინც ვერ ხვდება. ახალგაზრდულში რომ კარგი ხარ არ ნიშნავსორ ომ საბოლოო ჯამში მაღალ შედეგზე გახვალ. ზოგი გივან იხსნება და მათ ჯობნის.
ნუ ეროვნული ნაკრების წევრების ახალგაზრდულში გადმოსროლა ხო საერთოდ სრული მარაზმია. იმედია არ გამოიძახებენ კვარას, და დანარჩენებსაც :)
las
19 ოქტომბერი 2022 13:24
13
გამართლებაზე ზედმეტი რატოა, როცა თუნდაც, ბელგია ყველაზე ძლიერი იყო მე-3 კალათაში. 8 გუნდი არაა, 16-ია და თანაც, უკრაინა 20-წლამდელებში გახდა ჩემპიონი წიტაიშვილთან ერთად, ეს სხვა ტურნირია. წარმატებები ბიჭებს!
G.LA-ს
19 ოქტომბერი 2022 13:08
1
ჯგუფის გამართლება არ გამართლებაზე ლაპარაკი ზედმეტი მგონია. სულ 8 გუნდია, იმ გუნდში მასპინძელი რუმინეთია, მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი უკრაინა, ყოველთვის ძლიერი ესპანეთი და ხორვატიაა. ევროპაზე 8 გუნდიან ჩემპიონატზე მალტა და ფარერები ჯგუფში ვერ იქნება.
G.LA
19 ოქტომბერი 2022 13:02
6
მანდედან ყველა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და არცერთს არ გაუშვებს სანიოლი
გოგა
19 ოქტომბერი 2022 12:40
3
აჰა, გავიგე დალაგებულად ყველაფერი. სანიოლი ვინმეს დაუთმობს, ხვიჩას და მამარდას ნამდვილად არა
მამარდას ფანი
19 ოქტომბერი 2022 11:29
3

სიახლეები პოპულარული