ახალგაზრდული ნაკრების თავკაც რამაზ სვანაძესთან ინტერვიუ საინტერესო უნდა იყოს.
- არსებული პანდემიური ვითარებისა და შეზღუდვების ფონზე, ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის მზადებით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმა სამ ეტაპად გვაქვს დაყოფილი. პირველი ეტაპი მთლიანად 2021 წელს მოიცავდა. განვლილი
- ტურნირის მასპინძლობას ერთი ნაკლი აქვს - გუნდს ოფიციალური თამაშების დინამიკა აკლია. როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი რამდენად პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს?
- ამ შემთხვევაში, ნეგატივზე მეტი პოზიტივია. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. ამას ემატება მასპინძლის სტატუსი, ხოლო იმ დინამიკას, რომელზეც თქვენ საუბრობთ და რომელიც აუცილებელია, ისეთ თამაშებში მივაღწევთ, როგორიც ინგლისთან გვქონდა. ამიტომ, აუცილებელია ვითამაშოთ ბევრი თამაში ტოპ-ნაკრებებთან. საერთოდ, სანაკრებო დონეზე ამხანაგური თამაში არ არსებობს - ჩვენი მიდგომა ასეთია.
- ინგლისის ნაკრებთან გამარჯვებამ გარკვეული ეიფორია ხომ არ გამოიწვია, რამაც შესაძლოა, ერთგვარი უარყოფითი ფონი შექმნას და როგორ ებრძვით ამას?
- ინგლისის ნაკრებთან გამარჯვებამ დადებითი ემოციები დაგვიტოვა ყველას, პირველ რიგში, გულშემატკივარს. ამაღლდა რწმენა ჩვენ მიმართ და გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ ნაკრებს შეუძლია გაახაროს მთელი ქვეყანა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, პირადად ჩემი, ასევე სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების... ამ მოლოდინებს, ჩვენზე გაცემულ ავანსებს მოფრთხილება და გამართლება უნდა. ეიფორიის და თვითკმაყოფილების დრო ჩვენ არა გვაქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, მთავარი ჯერ კიდევ წინაა...
- სანაკრებო სპეციფიკიდან გამომდინარე, ფეხბურთელებთან ცოტა დროის გატარება გიწევთ. ახალგაზრდულ ასაკში შეკრებიდან შეკრებამდე მათში მნიშვნელოვან ცვლილებებს, - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით - თუ აწყდებით?
- სამი წელია ერთად ვართ. როდესაც პირველი შეხვედრა შედგა, ამ ბიჭების უმრავლესობა 17-18 წლის იყო. ასაკის მატებასთან ერთად ცვლილებები შესამჩნევია და ეს ბუნებრივი პროცესია. დღეს ჩვენ უკვე პროფესიონალ ფეხბურთელებთან გვიწევს ურთიერთობა. მათ იციან, რას ნიშნავს ქვეყნის სახელით თამაში. ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთის პატივისცემაზეა დამყარებული. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პოზიტივზე გავაკეთოთ აქცენტი და ნეგატიური ასპექტები, რაც თითოეულ ადამიანშია, უკანა პლანზე გადავწიოთ.
- თქვენს ხელთ არსებულ ძირითად ბირთვზე რომ ვისაუბროთ - რა მიმართულებით გაქვთ უფრო მეტი სამუშაო მათთან, რათა კარგი შედეგები დაგეგმოთ?
- სუფთა საფეხბურთო კომპონენტებთან ერთად, სტრესთან გამკლავება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება (ყველას თავისი წილი), მენტალური მდგრადობა, დამარცხების შიშის კონტროლი და გუნდურობა - ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ბევრს ვმუშაობთ და მომავალში კიდე მეტის გაკეთებას ვაპირებთ.
- ევროპის ჩემპიონატზე თქვენ შეგიძლიათ არაერთ იმ მოთამაშეს დაეყრდნოთ, რომლებიც ახლა ეროვნული ნაკრების წამყვანი წევრები არიან - ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი... სავარაუდოდ, ასეთ ფეხბურთელებს მხოლოდ ტურნირის დაწყებამდე, უკანასკნელ შეკრებაზე თუ გამოიძახებთ. რამდენად შეიძლება, ამან შეთამაშების მხრივ, გარკვეული სირთულეები შექმნას?
- გეთანხმებით, რაც უნდა მაღალი დონის იყოს ფეხბურთელი, მას შეთამაშებისთვის და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება. ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატს და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი თვალხედვის არეში მოხვდება, გუნდთან შეთამაშებული და შერწყმული იყოს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ინდივიდები, რომლებიც გუნდს მოერგებიან და არა გუნდი, რომელიც ინდივიდს მოერგება - ეს არის ის ფორმულა, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებაზე ვიფიქროთ.
- კიდევ ერთი საკითხია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც თქვენი ხელმძღვანელობით ახლა ხშირად თამაშობენ და ძირითადი შემადგენლობის წევრებადაც მოიაზრებიან, "უფროსი ჯვაროსნების“ შემოერთების შემდეგ, შესაძლოა, განაცხადის მიღმაც კი დარჩნენ. ეს რამდენად აქტუალური თემაა?
- ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ დაგვჭირდება ყველა იმ მომენტისათვის ძლიერი ფეხბურთელი. ეს არის საქართველოს ნაკრები და თითოეულ მათგანს ეძლევა ისტორიული შანსი, რომ საშინაო ევროზე წარმოაჩინოს ქვეყანა. ასევე, საკუთარი თავი. ყველა, ვინც იქნება ღირსეული და ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, მოხვდება სანაკრებო სიაში.
- აქვე ერთი შეკითხვაც - მოტივაციის საკითხი. თქვენ ეროვნული ნაკრებიც გაგიწვრთნიათ. მოთამაშეები, რომლებიც იქ თამაშობენ, რამდენად შეძლებენ ახაგაზრდულ ნაკრებზე, თუნდაც დიდ ტურნირზე, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად გადართვას?
- ასეთი პრობლემის წინაშე ჩვენ არ აღმოვჩნდებით. ძალიან კარგად ვიცნობ თითოეულ მათგანს, ვიცი მათი პიროვნული თვისებები და სწორედ ეს მაძლევს ამის თქმის საფუძველს.
- დაახლოებით რამდენი ფეხბურთელი შეიძლება გამოიცადოს, სანამ განაცხადი გამოქვეყნდება?
- სელექციას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ეს მუდმივი პროცესია. სისტემატურად ხდება გაფართოებული სიის განახლება. ზუსტი რაოდენობის დასახელება გამიჭირდება, ევრომდე დიდი დროა. მოხარული ვიქნები, თუ სია გაფართოვდება და უფრო მეტი ფეხბურთელი დაიმსახურებს ნაკრებში მოხვედრას.
- ზოგიერთი მოთამაშის მიმართ გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღებაა. მაგალითად, წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია ამ ტურნირზე თავი გამოიჩინოს და ყველაზე შესამჩნევი მოთამაშე გახდეს. სამომავლოდ, საკლუბო განვითარების კუთხით, ჩვენი ფეხბურთელების ევროფორუმზე წარმატებით გამოსვლას რა ძალა შეიძლება ჰქონდეს?
- ევროფორუმზე წარმატებით გამოსვლა სერიოზულ გავლენას მოახდენს თითოეულ ფეხბურთელზე, მათ კარიერაზე. ასევე ძალიან კარგად ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი გულშემატკივრისთვის ამ ყველაფერს. ყველაფერი კეთდება და გაკეთდება იმისთვის, რომ ერთად მივაღწიოთ სასურველ მიზანს.
- მაინც რა იქნება ჩვენი პროგრამა-მინიმუმი და მაქსიმუმი ევროპის ჩემპიონატზე?
- ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლაა. თუ რა ზომის და წონის იქნება ეს წარმატება, ამაზე ევროს წინ გაკეთდება განცხადებები, მაშინ, როცა რეალური სურათი გვექნება.
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
ესპანელები მამარდაშვილსა და ქართველ ახალგაზრდებზე წერენ