წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

AutoSharing Option
ევრო 2023 მოახლოვდა - 21 ივნისიდან ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატში მასპინძლის სტატუსით რომ ჩავერთვებით, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ფორუმზე მონაწილეობის უფლება არაერთ უკვე ცნობილ ფეხბურთელს ჰქონდა, თუმცა ყველგან უპირატესობა ეროვნულ გუნდებს მიენიჭათ, რომლებიც საკუთარ მატჩებს ამავე პერიოდში მართავენ. ქართველი ახალგაზრდების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე დიდი დილემის წინაშე იყო და ამაზე საკმაო ხანია, რაც ვუთითებდით. ნებისმიერი გადაწყვეტილება სამსჯელო იქნებოდა. საბოლოოდ, ის მოთამაშეები, რომლებიც 2000 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ არიან დაბადებული და ახლა ვილი სანიოლის განკარგულებაში იმყოფებიან, ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის წინ
შეუერთდებიან. ამ გადაწყვეტილებას თავისი უარყოფითი მხარე აქვს. პირველ ტურში დაფიქსირებული შედეგისა და თამაშის ხარისხის მიუხედავად, შემდეგ ამხელა ცვლილება და საკმაოდ გადაღლილი ფეხბურთელების გამოყენება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ გვარები, რომლებიც 21-წლამდელებს ეროვნულიდან უნდა შეუერთდნენ: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი.

Sportall.Ge

სასტარტო მატჩში პორტუგალიელ თანატოლებს (21-ში 20:00 საათზე) ვეთამაშებით (ჯგუფში ბელგია და ნიდერლანდებიცაა). მართალია, ჯერ საბოლოო განაცხადი ცნობილი არაა, მაგრამ არსებულ კონტინგენტზე და მათზე, ვინც პირველ ტურში შესაძლოა ითამაშონ, საუბარი შეგვიძლია. მანამდე ამხანაგური მატჩიც დაიგეგმა - დღეს, 15 ივნისს, კვიპროსელ თანატოლებთან.

მეკარე

ახალგაზრდული ნაკრების კარს ამხანაგურ მატჩებში ლუკა კუტალაძე იცავდა. ის გასულ წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. თბილისურ კლუბს ტრავმის შემდეგ რაც დავით კერესელიძე (მას 21-წლამდელებში თამაშის უფლება არ აქვს) დაუბრუნდა, კუტალაძემ ძირითად გუნდში სათამაშო პრაქტიკა დაკარგა.

სიაში მეკარისთვის კიდევ ერთი ადგილია (ერთი მამარდაშვილი იქნება. ის გუნდს მოგვიანებით შეუერთდება და სასტარტოში ადგილს დაიკავებს) - ნოდარ ყალიჩავა. ის ახლა მართლაც კარგ ფორმაშია. "სამგურალის" კიპერმა სასტარტო შემადგენლობაში ცოტა ხნის წინ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ლევან შოვნაძის ადგილი დაიკავა.

Sportall.Ge

მცველები

საბა საზონოვი ახალგაზრდულ ნაკრებშია და ცენტრალურ მცველს ძირითად შემადგენლობაში ველით. ის მარჯვენა ფეხით მოთამაშეა, მის მეწყვილედ კი თბილისის "დინამოელი" ალექსანდრე კალანდაძე უნდა განვიხილოთ. კიდევ ერთი მისი თანაგუნდელი საბა ხვადაგიანია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია, უფრო მარჯვენა ცენტრალური მცველია და კონკურენციაში საზონოვთან იქნება. სასტარტოში თამაშის პრეტენზია ასევე "საბურთალოელ" ივა გელაშვილს აქვს. ის პრაღის "სპარტაში" თამაშობდა. დიდია შანსი, სამცველიანი ტაქტიკა ვიხილოთ და ამ შემთხვევაში გელაშვილიც სასტარტოში იქნება. ეს ის ამპლუაა, სადაც ეროვნული ნაკრებიდან გუნდს არავინ ემატება.

გიორგი გოჩოლეიშვილი ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მას თამაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია, თუმცა იმ კონტინგენტიდან გამომდინარე, რომელიც სვანაძის გუნდს უნდა შეუერთდეს, ის მარჯვენივ (ნებისმიერ ტაქტიკაში) წარმოგვიდგენია, სადაც პირველ ტურში "საბურთალოელ" ცოტნე კაპანაძეს ველით. მან ეროვნული ლიგის ბოლო ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. მარცხნივ მისი თანაგუნდელი ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა იქნება. "საბურთალოს", ომარ თეთრაძის თავკაცობით, წარმატებული სეზონი აქვს, ჯინჯოლავა კი, რომელსაც "კადისშიც" უთამაშია, გასულ ევროტურნირებზე კარგი თამაშითაც გვახსოვს. ჯემალს კონკურენციის გაწევა აზაროვისთვისაც შეუძლია.

Sportall.Ge

ნახევარმცველები

თბილისის "დინამო" ახლა ცუდ ფორმაშია, ანზორ მექვაბიშვილსაც ბევრი გაუცდა, თუმცა ის 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ღერძია, რომლის თამაშზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. კაპიტანი ამჟამად ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. გიორგი ხარაიშვილის გუნდში მისვლის შემდეგ გიორგი მოისწრაფიშვილი თბილისის "დინამოში" ცოტას თამაშობს. ბოლო დროს ნოდარ ლომინაძის თამაშით ყველა აღფრთოვანებულია. 21 წლის საყრდენს თანამედროვე ნახევარმცველის ყველა უნარი აქვს - ართმევა, ხედვა, შექმნა, გატანა. ისიც თბილისის "დინამოს" აღზრდილია, შემდეგ "გაგრაში" თამაშობდა და ახლა წყალტუბოელთა წარმატების ერთ-ერთი შემოქმედია.

თუ სვანაძე სამი ნახევარმცველით თამაშს გადაწყვეტს, აქ ნიკა გაგნიძის ადგილი აუცილებლად უნდა იყოს, რომელიც გორის "დილაში" ძალიან შედეგიანი და პროდუქტიულია (4 გოლი, 2 საგოლე პასი). მას თურქული კარიერა არ აეწყო და მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. უკვე მეორე ტურისთვის აქ მეორე გაგნიძეც იქნება, მოსკოვის "დინამოელი" ლუკა. გუნდში ბევრი საინტერესო ნახევარმცველია - ოთარ მამაგეიშვილები, ნიკა ხორხელი, ასევე, სანიოლის მიერ გორეცკასთან შედარებული გაბრიელ სიგუა.

Sportall.Ge

შეტევა

ჩვენი მთავარი გაძლიერება შეტევის ხაზში აღარ მოხდება (კვარაცხელია, მიქაუტაძე). ახალგაზრდულ ნაკრებშია გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც პირველ მატჩში მაინც წინა ხაზზე უნდა ითამაშოს და აქვს თვისებები, ულიდეროს კიდეც. გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია (ფინალში გაიტანა), ახლა კარგი საკლუბო პერიოდი არ უდგას და მისთვის მომავალი ტურნირი კარგი სამოტივაციო უნდა იყოს. "სარაევოში" მოთამაშე გიორგი გულიაშვილმა ბოლოს 21-წლამდელების ამხანაგურ მატჩში გაიტანა.

ფორვარდის პოზიციაზე გიორგი გაგუაა, რომელსაც ესპანეთის ქვედა ლიგაში გააქვს, ისე კი, თანამედროვე ფეხბურთს ალღოს კარგად უღებს - ზონების გათავისუფლება, მოძრაობა, პასი.

სავარაუდო შემადგენლობა პორტუგალიასთან: ყალიჩავა - საზონოვი, კალანდაძე, გელაშვილი - კაპანაძე, მექვაბიშვილი(C), ნ.გაგნიძე, ჯინჯოლავა - წიტაიშვილი, მოისწრაფიშვილი - გულიაშვილი.

დაველოდოთ, მთავარი მწვრთნელი რას გადაწყვეტს, მოლოდინი კი დიდია!..

alt"კვარა", "მამარდა", ზურიკო, მიქაუტაძე - 21-წლამდელთა გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

altსანიოლის არჩევანი - იქნება რადიკალური ცვლილებები დაცვაში? მეტი დრო გაგნიძეს და მსჯელობა ორ ფორვარდზე...

alt"კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა... ივნისში ფორმის განსაზღვრა რთულია" - ვილი სანიოლი

მკითხველის კომენტარები / 26 /
ეს წიტაიშვილი არ იზრდება?)))80 წლის უკან უკრაინის 21 წლამდელებში არ გახდა მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონი?)
გიუშა
02:40 17-06-2023
1
ვაჟა ქებაძეს დააყენებს საყრდენად ულაპარაკოდ. თავდასხმაში ჯაბა გედევანიშვილი იქნება ალბათ.
2

სიახლეები პოპულარული