მარცხის "ქართული" გამოძახილი - რა მოგვცა მატჩებმა, რისი შეცვლა შეიძლება და რატომ გვაქვს პოლუსური აზროვნება...

AutoSharing Option
შეუძლებელია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ევროპირველობის მეოთხედფინალური მარცხის შესახებ ცხელ გულზე და დამშვიდებულმა მკვეთრად განსხვავებულად არ ისაუბრო. თბილისში ნამდვილი დრამა ვიხილეთ, პენალტების სერია ჩვენი გუნდის მონაწილეობით, ემოციების ზღვა და განცდა, რომელიც ისრაელის ნაკრებთან დაპირისპირებას წინ სდევდა, რომ ჩვენ ამ ბარიერის გავლა შეგვეძლო. ვნებები დაცხრა და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომელთა ჯამში, ჯგუფური ეტაპის გადალახვა იქნებ სწორედ ჩვენი მაქსიმუმი იყო. ამაზე ფიქრსა და წუწუნს უნდა მოვეშვათ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გვასწავლოს ამ ტურნირმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.

სასიამოვნო
იყო იმ ერთიანობისა და შემართების ნახვა, რაც ტურნირის განმავლობაში იგრძნობოდა. იყო დრო, როცა არ ვიცით, რამდენად ობიექტურად, არსებობდა განცდა, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმუმს არ დებდნენ. ახლა ამის გაფიქრებასაც კი ვერავინ იკადრებს, ჩანს, ბიჭები საკუთარ თავზე მაღლა ახტომას როგორ ცდილობენ. არაა დიდი დრო გასული, გულშემატკივრების ნაწილი სტადიონების სხვა დანიშნულებით გამოყენებას რომ ითხოვდა, ახლა კი ბილეთების შეძენა პრობლემური იყო და გავრცელდა ვიდეო, რომელმაც გენიალურ ფილმ "ფეოლას" კადრიც კი გაგვახსენა. ყველაფერი ეს კარგია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასათავისებელი - ის, რომ ხალხმრავლობა პირველ ტურშიც უნდა ყოფილიყო და მხოლოდ შედეგზე არ უნდა "მიებას" და მეორე - სამწუხაროდ, პოლუსური აზროვნება გარკვეულ ადამიანებში ისევ ჩვეულებრივია. ხვიჩა კვარაცხელიას როლი ქართული ფეხბურთისადმი "დაბრუნებაში", მისით საერთაშორისო დაინტერესებაში, დიდია და არ შეიძლება გაიდეალებიდან პირდაპირ ლანძღვაზე გადავიდეთ, არა! "კვარას" გადაწყვეტილების მიმართ მაქსიმალური პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ვიცით, ის ისრაელთან თამაშს მკვეთრად რომ შეცვლიდა, საქმე ხომ ამ დონის ვარსკვლავთან გვაქვს. ისიც ვიცით, ჩვენი ქვეყნისთვის მონატრებულ
გამარჯვებას რამხელა ძალა ჰქონდა, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორები, ამაზე დეტალურად გვეწერა და აღარ გავიმეორებთ. არაა 21-წლამდელთა ტურნირი უკვე შემდგარი ვარსკვლავების ასპარეზი, ეს ასე რთულად გასაგებია?! სხვებს ტიტული არ "სწყურიათო". კარგი, დაგეთანხმებით ამ მსჯელობაში, თუმცა რატომ არაა "მოწყურებული" ნორვეგიის ნაკრები, რომლის რიგებშიც ერლინ ჰოლანი არ ყოფილა?! ყველას გაქვთ უფლება, კვარაცხელია გააკრიტიკოთ, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს!..

Sportall.Ge

მატჩის შესახებ საუბარი, იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა უკეთ, სად იქნა შეცდომები დაშვებული, რა იყო შესაცვლელი მწვრთნელის მხრიდან და ა.შ. რთული არაა, თუმცა დროს უკან ვერ დავაბრუნებთ,  ეს გუნდი კი ერთად აღარასდროს ითამაშებს, ასაკობრივი ნაკრების ხვედრი ხომ ესაა. უფრო მასშტაბური ასპექტები უნდა გამოვყოთ.

როგორც უნდა გვეყურებინა საშინაო ევროსთვის, ამ ტურნირის მნიშვნელობა ორი კუთხით იყო აღსანიშნავი - სატრანსფერო ინტერესი ჩვენი მოთამაშეების მიმართ და ეროვნული ნაკრების შევსების საკადრო რესურსი. ზოგჯერ ძალიან იოლად წარმოვიდგენთ, რომ ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელით კარგი მატჩების შემდეგ ევროპის წამყვანი ქვეყნები და კლუბები დაინტერესდებიან.  ყველაფერი ასე მარტივი არაა, თანამედროვე ფეხბურთი სრულყოფილებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანაც მხოლოდ ერთი ტურნირით არ ხდება, დაკვირვება უფრო დიდი ხანი გრძელდება; გარდა ამისა, არასაფეხბურთო ამბებში ჩაძიებაც ხდება.

Sportall.Ge

შეუძლებელია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების დაცვის ხაზის თამაშით არ მოხიბლულიყავი, რაც მათ მომავალ კარიერაზეც უნდა აისახოს და სანაკრებო ყოფაზეც. კმაყოფილები ვართ საბა საზონოვის ლიდერული თვისებებით, ბრძოლისუნარიანობით, ფიზიკური სიძლიერითა და ამავდროულად, სისწრაფით. მოსკოვის "დინამოს" მცველს გრძელი პასი ახასიათებს, შეტევის წამოწყების მიმართულებით კი სასწავლი ისევ აქვს, ამაზე ეროვნულში თამაშის შემდეგაც მივუთითებდით.

ასევე, მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო ივა გელაშვილი, რომელიც თამაშს მშვენივრად კითხულობს; მატჩიდან მატჩამდე უმატებდა ალექსანდრე კალანდაძე, ოღონდ როგორც მესამე ცენტრალური მცველი და არა ფლანგელი. ახლა ამ ფეხბურთელების კარგ გუნდებთან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია. ეროვნული ნაკრების უკანა ხაზში როტაციის დრო ნამდვილადაა!..

Sportall.Ge

არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ახლა საკლუბო კარიერა სტაბილური არ აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს ბოლომდე აღმოფხვრან, უკეთეს ჩემპიონატზე ფიქრი კი შემდეგ დაიწყონ. უპირველესად, გიორგი წიტაიშვილი გვახსენდება. ისრაელთან მან ართმევებზე ძალიან კარგად იმუშავა, ერთხელ კი სახიფათოდ შეუტია. ის, რომ მისი სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს, სადაც უნდა იყოს, ფაქტია. ვნახოთ, კიევის "დინამო" იჯარით ამჯერად სად გაუშვებს. "წიტას" ფიზიკური კონდიციების გაძლიერება სჭირდება. ირაკლი აზაროვს კლუბშიც უფრო საიმედოსა და ტაქტიკურად მრავალფეროვანს ველით. ვფიქრობთ, ჯერჯერობით მთელი ყურადღება მოქმედ კლუბებზე და არა სატრანსფერო ალიაქოთზე უნდა გააკეთონ ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა...

სანაკრებო პრობლემები მოგვარებადია საყრდენ ზონაში, ფორვარდების საკითხი კი ისევ აქტუალურია. საზონოვზე ვისაუბრეთ და მადლობა იმის გამოც უნდა გადავიხადოთ, ქართული პასპორტი გიორგი მიქაუტაძესაც რომ აქვს. გამტანი თავდამსხმელები აუცილებლად უნდა გვყავდეს, შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი შოთა არველაძე ნამდვილად იყო, შემდეგ კი...

სამსჯელო, სასაუბრო, განსახილველი და საკამათო ბევრია, ყველაფერს ერთი წერილი არ ეყოფა, მთავარი ისაა, მიღწეულით არასდროს დავკმაყოფილდეთ და ყოველთვის მეტისთვის ვიღვწოდეთ!..

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altU21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...

მკითხველის კომენტარები / 58 /
ჩვენი ნაკრების თამაშების შეფასებაში სრულიად ვეთანხმები ელგუჯას [გუნდი ძალიან ცუდად უტევდა,ცუდად მოძრაობდა,ცუდად იხსნებოდა და ცუდად იხურებოდა],მაგრამ არ ვეთანხმები იმაში,რომ ამ გუნდს შემტევი ფეხბურთი უნდა ეთამაშა___ასეთ შემთხვევაში ჩვენს კარში ბურთების თვლას ვერ აუვიდოდით.გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა დაეცვა თავისი კარი ,მახსიმალურად იკეტებოდა თავის საჯარიმოში და მიუხედავად ამისა მოწინააღმდეგე ახერხებდა დასარტყმელ პოზიციებზე გასვლას და უამრავი სახიფათო მომენტის შექმნას .ადვილი წარმოსადგენია გახსნის შემთხვევაში რა მოგველოდა.ახალგაზრდულის მწვრთნელი გუნდს შემტევ ფეხბურთს ვერ ასწავლის .შეტევა მოითხოვს კარგ ფიზიკურ მომზადებას,უპირველეს ყოვლისა[სხვა კომპონენტებთან ერთად],რაზედაც მწვრთნელები ბავშვის სკოლაში მიღების პირველი დღიდანვე უნდა მუშობდეს.როდესაც ჩვენი გუნდების ევროპელებთან დაპირისპირებას ვუყურებ ,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე თითქოს მეათე კლასელები მეხუთე კლასელებს ეჯიბრებოდნენ ,ისეთი განსხვავებაა ათლეტიზმში.სავალალოა ძალიან ის რომ მხოლოდ თავდადება და ბრძოლა გვაქვს ჩვენი ახალგაზრდობის დადებითად დასახასიათებლად ,რაც ჩემი აზრით სალაპარაკოც არ უნდა იყოს რამეთუ შენი ხალხი , შენი ქვეყანა,შენი სამშობლო დგას უკან .საჭიროა თანმდევად მაღალი კლასი რაც მოაქვს სწორ მიდგომებსა და სწორ აღზრდას .ბოლო-ბოლო საჭიროა სწორი პოლიტიკა ყველა მიმართულებით ერთდროულად რამეთუ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ცალკეული შემთხვევითი გამონათებები მალევე ჩაქრობისთვისაა განწირული .
სჩინო
04 ივლისი 2023 11:44
1
რაღა დროისაა, მაგრამ მინდა მაინც დავწერო. მეორე ტაიმში, პირისპირ გავიდა, მგონი, გაგუა. ვერ გაიტანა, თან თამაშგარე დაფიქსირდა. რომ გაეტანა, ვარი გადაამოწმებდა და!!! არავითარო ოფსაიდი არ იყო, გოლი ჩაითვლებოდა. ანუ 1 დარტყმა იყო, მეკარემ აიღო. ეეეჰ. ბევრს არაფერს ცვლის, მაგრამ რომ გასული ის ბურთი, სულ სხვა ხასიათზე ვიქნებოდით!
alexandre
04 ივლისი 2023 11:32
0
საერთოდ რაზეა საუბარი როდესაც 120 წუთის განმავლობაში კარში არ დაურტყამთ
Gio
04 ივლისი 2023 11:07
2
მხოლოდ სურვილისა და თავდადების ხარჯზე არ მოდის გამარჯვება,U21-შიც ბევრია მიტმასნილი ფეხბურთელები (ფედერაციის საძმაკაცოს შვილები)
სვანსკი
04 ივლისი 2023 10:55
2
გაგუა კარგი ფეხბურთელი დადგება...
Zviads
04 ივლისი 2023 10:25
1
კვარას და მიქაუტაძეს 3 წლიანი მოკვეთა ნაკრებიდან! სანიოლის დთხოვნა, კობიაშბილი უნდა გადადგეს! ხალხმა უნდა მოვთხოვოთ საპროტესტო აქციებით!
გიორგი
04 ივლისი 2023 07:27
5
გაფიცებთ ყველაფერს, ჰოლანდიასთან და ბელგიასთან თამაში განსხვავებული არ იყო ისრაელთან შედარებით? თუ მე ვარ ბრმა ან დებილი? ფაქტია, თითქოს რაღაცა უშლიდათ ხელს. გუნდი,კარებში რომ ვერ დაარტყამს 120 წუთის განმავლობაში,აი რა უნდა დავარქვათ მაგას და იმ გუნდს? " ჩემი სიბრმავე და დებილიზმი " ???
დევდარიანი
04 ივლისი 2023 06:45
0
იმიტომ ვერ მივაღწიეთ წარმატებას რო არ გვაქვს კოლექტიური გამოცდილება ამის,ჩვენ არასოდეს გვითამაშია ფლეიოფის სტატდიაზე და არც პენალტების სერია შეგვისრულებია,ხოდა რანაირად გინდათ გამარჯვება.ზოგადად,ქვეყანას აქვს წაგებული მენტალიტეტი,ფეხბურთს რო თავი გავანებოთ,ყველა ომი წავაგეთ და აგერ,ვისაც არ ეზარება ჩვენ გიტყაპუნებს თავში. მერედა ამ თავში ტყაპუნის რეაქცია არ გაინტერესებთ,ქართველი ხალხის ნაწილი ტაშით ხვდება,ხოდა როგორ გინდა წამრატება გქონდეს? აგერ ერთი წელია,უცხოეთიდან ღარიბაშვილს ლანძღავენ,ხოდა რეაქცია ისეთია,თითქოს პირადულად იმ კაცს ლანძღავდნენ. საერთაშორისოდ,ქვეყანას წარმოადგენს მტავრობა და ამ მთავრობას პრემიერმინისტრი,გილანძღავენ პრემიერს და შენ გიხარია,ხოდა წარმატება რანაირად? როცა ზელენსკი იძახის,რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ქართველ ხალხს ე.ი. არჩევნების გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს,ხოლო ქართველ ხალხს უუნაროდ მიიჩნევს,რამეთუ არჩევნები გაუყალბეს და ვერაფერს ვერ შვება.ამ ყველაფერს გმირებად შერაცხული ახალგაზრდობა ტაშით შეხვდა,ხოდა აბა გამარჯვება რანაირად? ყველა ჩამოთვლილი არის მონური მენტალიტეტი და ფსიქოლოგია,ხოდა ფეხბურთელები აქედან არ მიდიან და თამაშობენ ნაკრებში,ხოდა რანაირად მოიგებენ რამეს ან წარმატებას რანაირად მიაღწევენ? კოლექტიურ ფსიქოლოგიას და გამოცდილებას დიდი ძალა აქვს. აგერ ლივერპულა 3-0 დაუქაჩა ბარსას,ხოდა რატომ მოხდა ეს? იმიტო რო მათ აქვთ კოლექტიური გამოცდილება. იგივეს სიტი ან პსჟ ვერ გაგიკეთებს,რადგან მათ გამოცდილება არ აქვთ ჯერ. ამიტომ ესეც საჭიროა,გამოცდილებას დრო სჭრიდება და ეს სიტაუცია რაღაც კარგში გადაიზრდება,თუ ისევ მონური მენტალიტეტით და ჯიგრული პონტებით არ გაფუჭდა საქმე.
მენტალიტეტი
04 ივლისი 2023 06:01
1
ფაქტი ერთია, ჩვენ ვერ გავედით 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენ ვერ გავედით 2024 წლის ოლიმპიადაზე,სადამდეც ერთ ნაბიჯში ვიყავით, მიზეზები თავად გამოიტანეთ, ფაქტია რომ რაღაც დავაკელით და მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება თვითკრიტიკული ვარ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ იყო. სფფ-ში უკეთ გვეტყვიან რა იყო ამის მიზეზი,იქ ხომ პროფესიონალები მუშაობენ.
საქართველო
04 ივლისი 2023 00:27
2
მეშინოდა ასეთი დასასრულის და სამწუხაროდ ასეც მოხდა . ბიჭებს მადლობა მიუხედავად მარცხისა . გაიმარჯვა ფიზიკურად , ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად უკეთ მომზადებულმა გუნდმა . არაა ეს ჩვენი ფეხბურთი , არაა ქართული ფეხბურთი ეს და რა ვქნა ? თუ ვინმეს რაიმეთი მოსწონდა ქართული ფეხბურთი , ეს იყო ლამაზი , ტექნიკური , შემტევი თამაში . ასწავლეთ მწვრთნელებო ბავშვებს თავიდანვე ყველაფერი ეს . ვერ ვიხსნებით ბურთის მისაღებად , ვერ ვმოძრაობთ უბურთოდ , არ ჩანს , რომ მეტოქის ნახევარზე რაიმე გვაქვს დაგეგმილი , ვერ ვთამაშობთ პრესინგს , დაცვის დროს საჯარიმოში ვართ ჩაკეტილი , საჯარიმოს ხაზთან თავისუფლად ვაღებინებთ მეტოქეს ბურთს . რაღა დარჩა ? მხოლოდ სურვილი და თავდადება . ამას კი ამ ბიჭებს ვერ დავუწუნებდი . არადა , მხოლოდ ამის ხარჯზე ვერ მოვა გამარჯვებები . ფიზიკა , ტაქტიკა, ფსიქოლოგია !!! წარმატებები ახალგაზრდებო მომავალში !
zaza
03 ივლისი 2023 19:40
2
მატჩებმა მოგვცა გამოცდილება, რომელსაც 30 წელია ვაგროვებთ და ამასობაში მესამე თაობა იცვლება უკვე ქართულ ფეხბურთში. ხომ არაა დროს ეს გამოცდილება შედეგში გადაიზარდოს და სადღაც რაღაცის მიღწევა მოვითხოვოთ?
ჟორა გაბრიჭიძე
04 ივლისი 2023 10:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული